Up


ბესარიონ ქებურია

ბესარიონ ქებურია

ბესარიონ ქებურია იყო პირველი ქართველი მფრინავი და ავიაკონსტრუქტორი. იგი დაიბადა 1870 წელს ერთ პატარა სოფელში. ერთხელ 14 წლის ბესარიონი ფოთში ჩავიდა. მე-19 საუკუნის ბოლოსათვის ფოთი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი იყო ამიერკავკასიაში. ამ დროს უკვე ფუნქციონირებდა თბილისისა და ფოთის დამაკავშირებელი რკინიგზა. ბაქოს ნავთობიც ამ რკინიგზის საშუალებით გაჰქონდათ. რკინიგზის ნახვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბესარიონზე. იგი ფოთში დარჩა, რკინიგზაზე დაიწყო მუშაობა, თან სწავლობდა. სულ მცირე ხანში რუსული ისე კარგად ისწავლა, რომ პეტერბურგის საგზაო ინსტიტუტში ჩააბარა გამოცდები ექსტერნად და მიიღო რკინიგზის უფროსი ინჟინრის წოდება. აშენებდა რკინიგზებს. მუშაობდა თბილისის რკინიგზის სახელოსნოში. შემდეგ დაინტერესდა ავიაციით. საქართველოში უკვე იცოდნენ ფრანგი ავიატორის ლუი ბლერიოს ფრენების შესახებ. ბესარიონმა საკუთარი სახლის სხვენში საფრენი აპარატის პლანერის აწყობა დაიწყო. მისი პლანერი ბიპლანის ტიპის იყო, ფრთების სიგანე 7,5 მეტრი ჰქონდა. თბილისის განაპირას, დღევანდელი საბურთალოს ტერიტორიაზე პირველი საჰაერო ფრენები მოაწყო და საკუთარი პლანერით 200 მეტრი იფრინა.

1909 წელს ფრანგმა ავიატორმა ლუი ბლერიომ პირველად ავიაციის ისტორიაში ლა-მანშს გადაუფრინა. ეს ამბავი მთელ მსოფლიოში ელვის სისწრაფით გავრცელდა და საქართველომდეც მოაღწია. ამ დროს ბესარიონს უკვე ჰყავდა ოჯახი — მეუღლე და ორი ვაჟი. ბესარიონზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლა-მანშის გადაფრენის ამბავმა, რომ ყველაფერი გაყიდა და მოგროვილი თანხით პარიზში ბლერიოს საავიაციო სკოლაში სასწავლებლად გაემგზავრა. ავიატორთა სკოლაში სწავლა ძალიან ძვირი იყო. გარდა ამისა, სასწავლო ფრენების დროს დაზიანებული აეროპლანების რემონტის თანხასაც მოსწავლე-ავიატორი იხდიდა. ბესარიონმა სხვა ხერხს მიმართა. იყიდა მონოპლანი „ბლერიო XI”, აეროდრომს რამდენჯერმე შემოუფრინა და საპილოტაჟო პროგრამა სრულად შეასრულა. გაოცებულმა ბლერიომ ბესარიონს მონოპლანის სათადარიგო ნაწილები აჩუქა. 1910 წელს ბესარიონმა ბლერიოს სკოლა წარმატებით დაამთავრა და ავიატორის დიპლომიც მიიღო.

ბესარიონის პარიზული ცხოვრება სავსე იყო ლამაზ-ლამაზი ლეგენდებით. არავინ იცის, სად და როდის ისწავლა ფრანგული, თუმცა პარიზში უკვე კარგი ფრანგულით მოლაპარაკე ჩავიდა და საავიაციო სკოლის მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა. იმ დროს პარიზში ქართველი მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე იმყოფებოდა. იაკობი როდენის მოწაფე იყო და მის სახელოსნოში ცხოვრობდა. იაკობი და ბესარიონი დამეგობრდნენ. ქებურია ხშირად დადიოდა სტუმრად იაკობთან როდენის სახელოსნოში, ხოლო იაკობი ავიატორთა საჩვენებელი ფრენების სანახავად აეროდრომებს სტუმრობდა.

ერთხელ თურმე ბლერიო და ქებურია რესტორანში ისხდნენ. ამ დროს რესტორანში ანა ახმატოვა და ამადეო მოდილიანიც სადილობდნენ. ანა ახმატოვა მოგონებებში იხსენებს, რომ ლუი ბლერიოს ახლდა კავკასიელი, რომელიც მას ცეცხლოვან თვალებს არ აშორებდა.

1910 წელს ბესარიონი სამშობლოში დაბრუნდა და დაიწყო აქტიური მუშაობა ავიაციის განვითარებისათვის. იგი ხშირად ატარებდა საჩვენებელ ფრენებს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, კითხულობდა ლექციებს. ნელ-ნელა ხალხი შეეჩვია ამ სიახლეს, აღარც უკვირდათ და არც ეშინოდათ მფრინავი აპარატის.

პოეტი იოსებ გრიშაშვილი ერთ მხიარულ ამბავს იგონებს: თბილისელ მედუქნეს, სახელად უტრუხუნეს, მტკვრის ნაპირას ჰქონდა დუქანი დიდი აივნით. დიდი აივნის გამო თბილისელები ამ შენობას „აეროპლანს“ ეძახდნენ. დუქნის პოპულარიზაციის მიზნით, უტრუხუნემ ნიკო ფიროსმანს დუქნის კედელზე აეროპლანის დახატვა შეუკვეთა. გარდა ამისა, ბესარიონს ორი ტომარა ბატიბუტი გაუგზავნა იმ პირობით, რომ ერთ-ერთი გაფრენის დროს აეროპლანიდან გადმოყრიდა, ხალხი გამხიარულდებოდა და დაინახავდა, რომ ცაში ფრენა სულაც არ არის საშიში. მართლაც, ფრენის დროს, ბესარიონმა გადმოყარა ეს ბატიბუტი. აეროპლანის სანახავად მისული ზღვა ხალხი მიესია ბატიბუტს და აეროპლანისთვის დასაჯდომი ადგილი აღარ დარჩა აეროდრომზე. ბესარიონმა ძლივს მოახერხა და მინდვრის ბოლოში დასვა თვითმფრინავი, თუმცა ღობეს დაეჯახა ბორბლით, აყირავდა და მინდორზე დაეცა. ბესარიონმა ნეკნი გაიტეხა. ხალხმა იგი აეროპლანიდან გადმოიყვანა და ასე ხელში აყვანილი მიიყვანეს სახლამდე.

1923 წელს ქებურიამ შექმნა ამიერკავკასიის საფრენოსნო საზოგადოება, ხელმძღვანელობდა საქართველოში პირველი აეროდრომების მშენებლობას, დააარსა პირველი საფრენოსნო სკოლა. ბესარიონ ქებურიას საბჭოთა კავშირში პირველს მიანიჭეს დამსახურებული მფრინავის წოდება.