Up
geo eng

ქართული როგორც უცხო ენა

GEORGIAN AS A FOREIGN LANGUAGE

რატომ უნდა ვისწავლო ქართული ენა

geo eng tr

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კავკასიაში მდებარეობს.საქართველოს გარდა, ქართული ენა გავრცელებულია მეზობელ ქვეყნებში − თურქეთში, ირანში, აზერბაიჯანსა და რუსეთში.

ქართული მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე განვითარებული და მდიდარი ენაა.იგი ერთ-ერთი ნაკლებ გავრცელებული, მაგრამ უნიკალური და საინტერესოა. ქართული ენის განვითარების სამი საფეხური − ძველი (V-XI სს.), საშუალი (XII-XVIII სს.) და ახალი (XIX ს-დან დღემდე) ერთმანეთისგან ძირეულად არ განსხვავდება. თანამედროვე ქართულის მცოდნე ადამიანს შეუძლია გაიგოს ძველი და საშუალი ქართულით შექმნილი როგორც სასულიერო, ისე საერო მწერლობის ნიმუშები.

ქართული ანბანი მსოფლიოს უძველეს ანბანთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ანბანია.თანამედროვე ქართულში 33 ასო-ბგერაა − 5 ხმოვანი და 28 თანხმოვანი. თითოეულ ბგერას თავისი შესატყვისი ასო აქვს. ქართულმა დამწერლობამ განვითარების პროცესში სამჯერ იცვალა სახე და, შესაბამისად, ასოთა მოხაზულობის სამი ვარიანტი არსებობს: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული − ნუსხურისა. „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ − ამ დასახელებით შევიდა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ანბანის სამივე სახეობა 2016 წელს.

ქართული ენა სხვა კავკასიურ ენებთან ერთად ქმნის კავკასიურ ენათა ოჯახს.ესაა ძველი დამწერლობის მქონე ერთადერთი ენა ქართველურ და კავკასიურ ენათა შორის. ქართული ანბანი გამოყენებული იყო ჩრდილო კავკასიური ენებისათვის VIII − XV საუკუნეებში. ქართული ენა არის იდეალური და უნიკალური გასაღები, რომელიც ფართოდ ხსნის კარს კავკასიურ ენათა სამყაროში.

ქართულ ენაზე V საუკუნიდან არსებობს ბიბლიური წიგნების თარგმანები.ქართული ენის უძველესი წერილობითი ძეგლები − წარწერები, ხელნაწერები, საისტორიო, იურიდიული და საარქივო დოკუმენტები მდიდარ მასალას იძლევა არა მხოლოდ ქართული ყოფის, სალიტერატურო ენის, ქართული კულტურის ისტორიის შესასწავლად, არამედ იმ ქვეყნების კულტურათა შესასწავლადაც, რომლებთანაც საუკუნეთა მანძილზე ჰქონდა საქართველოს ურთიერთობა.

უძველესი წარწერები მონასტრებსა და ტაძრებზე IV − IX საუკუნეებით თარიღდება.

უძველესი წერილობითი ძეგლებია ხელნაწერები, რომელთაგან 1000-ზე მეტი V – XIII საუკუნეებს განეკუთვნება.

ფილოსოფიური და საისტორიო ხასიათის ხელნაწერები X − XII საუკუნეებისაა, იურიდიული დოკუმენტები − XI საუკუნიდან არის შემონახული.

ქართული მწერლობა მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.საქართველოს თხუთმეტსაუკუნოვანი ლიტერატურა აქვს: როგორც სასულიერო, ასევე საერო. ადრეული შუასაუკუნეებიდან ქართულ მწერლობას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ბიზანტიურ, აღმოსავლეთ ქრისტიანულ და ზოგადად აღმოსავლურ, შემდგომში კი დასავლურ ლიტერატურასთან. ბევრი ძეგლი ითარგმნა ბერძნულიდან და აღმოსავლური ენებიდან. ქართულიდანაც სრულდებოდა თარგმანები სხვა ენებზე. იმის გამო, რომ ბერძნულიდან თუ აღმოსავლური ენებიდან ნათარგმნი ზოგიერთი თხზულების დედანი აღარ არის შემორჩენილი, მათ ქართულ თარგმანებს ორიგინალის მნიშვნელობა ენიჭება.

ქართული − XII საუკუნის კლასიკოსი პოეტის − შოთა რუსთაველის ენაა.რუსთაველი იყო შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. მისი პოემა „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.

ქართული ენა საუკუნეების განმავლობაში კულტურათა დიალოგის აქტიური მონაწილეა.საქართველო და ქართული ენა განუყოფელი ნაწილია საერთო ქრისტიანული სამყაროსი, რომლის ფასეულობებზეც აღმოცენდა ევროპული კულტურა და საფუძველი დაედო გლობალიზაციის პროცესს.

საქართველო საინტერესო ქვეყანაა არქეოლოგებისთვის.საქართველოში ათიათასობით ხუროთმოძღვრული თუ ისტორიული ძეგლია, რომელთა დიდი უმრავლესობა უნიკალურია და მსოფლიო საგანძურში შედის.

საქართველო ტურისტული ქვეყანაა.აქ არის როგორც სამთო, ისე საზღვაო კურორტები. საქართველოში შეგიძლიათ იხილოთ ისტორია და თანამედროვეობა. საქართველო ვაზისა და ღვინის, სიმღერისა და ცეკვის ქვეყანაა.

ანბანი