Up
   სულხან-საბა

ძუნწი და ოქროს ფული
სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით

ივანემ ბევრი ოქროს ფული ჩადო მიწაში. მას ყოველდღე უნდოდა ფულის ნახვა და მიდიოდა იქ.

ეს დაინახა ნიკომ და თქვა:

— ნეტა რა აქვს ივანეს მიწაში? ნიკო მივიდა ღამით, მიწა ამოიღო, ნახა ოქროს ფული და სახლში წაიღო. ოქროს ადგილზე ნიკომ დიდი ქვა ჩადო.

მეორე დღეს ივანე ისევ წავიდა იქ, ამოიღო მიწა და რას ხედავს: ფულის ადგილზე დიდი ქვა დევს. მან დაიწყო ტირილი. მივიდა ნიკო და ჰკითხა ივანეს:

— რატომ ტირი?

ივანემ უპასუხა:

— ოქროს ფული ჩავდე, მისი დახარჯვა არ მინდოდა. ვიღაცამ წაიღო და დიდი ქვა ჩადო.

ნიკომ უთხრა:

— შენ ხომ ფულის დახარჯვა არ გინდოდა! ოქროს კი მიწაში რა ფასი აქვს?! სულერთია, იქ ოქრო იქნება თუ ქვა.