- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
შეკითხვები სიყვარულის შესახებ
გოდერძი ჩოხელის მიხედვით
− ბოდიში, თქვენი სახელი?
− გოჩა.
− გვარი?
− ჩოფიკაშვილი.
− რამდენი წლისა ხარ, გოჩა?
− თექვსმეტის.
− შეყვარებული თუ გყავს?
− შეყვარებული?
− ჰო, რა იყო, რატომ იცინი?
− რა ვიცი, აბა!
− რა ჰქვია?
− ვის?
− შენს შეყვარებულს.
− არ ვიცი.
− როგორ, სახელი არ იცი?
− არა, მხოლოდ ერთხელ ვნახე და ისიც შორიდან.
− როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
− რა ვიცი, აბა! მე მგონი, ამ დროს ადამიანს ყოველთვის უნდა მისი ნახვა.
− მართა პირველი.
− ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!
− მართლა?!
− ძალიან მომწონს.
− უი, დიდი მადლობა.
− მართა, სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვას უპასუხებთ?
− უი, რას ამბობთ, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
− მაშინ მითხარით, გიყვართ ვინმე?
− არა, მე ოჯახი მაქვს და ქმარი მყავს!
− რომელ კლასში ხარ, ლადო?
− მეოთხეში.
− რა ნიშნები გყავს?
− რა ვიცი!
− შენმა კლასელმა გოგომ მითხრა, რომ ორები გაქვს. მართლა?
− ორები კი არა, ისა.
− აბა, რა ნიშნები გყავს?
− ხუთები, ოთხები და ხანდახან სამები.
− რა გვარი ხარ?
− წიკლაური.
− შეყვარებული ხომ გყავს?
− შეყვარებული არა, ისა!
− მე რომ მითხრეს, ჰყავსო?
− არა.
− შენს კლასში სწავლობს?
− ვინა?
− ის გოგო, შენ რომ გიყვარს.
− არავინ არ მიყვარს.
− მე რომ მითხრეს?
− რა გითხრეს?
− ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.
− უკან კი არა, წინ ზის, – თქვა ლადომ, სახე სულ წითელი ჰქონდა.
− მე და სიყვარული? ეგ ასაკი უკვე გავიდა.
− რა ასაკი?
− აი, კაცი რომ ფიქრობს, სიყვარული მართლა რომ არის.
− თქვენ გინდათ თქვათ, რომ...
− დიახ, დიახ, ადრეც ვფიქრობდი, რომ არსებობდა, მაგრამ ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.
− მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?
− სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, მერე ინსტიტუტში ვსწავლობდი, ის ჯარში წავიდა.
− მერე?
− მერე მე გავთხოვდი.
− რატომ, არ გიყვარდათ?
− ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?
− მაინც?
− გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, აქ სიტყვები კი არა, მთავარია უბრალო გაგება, ხომ?
− მაინც რა არის ეს უბრალო გაგება?
− მე მგონი, ბევრი რამ. რატომ მეკითხება, სად ვიყავი, გვიან რატომ მოვედი. ეს ხომ მარტივი რამეა, არა?
− რა ვიცი.
− ხომ გითხარი?
− რა მითხარით?
− ჩემი ქმარივით ლაპარაკობთ.
− შერიგება არ გინდათ?
− ვისთან, იმასთან?!..
− და კიდევ ერთი კითხვა: მაგალითად, ის ბიჭი შეგხვდათ და ძველი სიყვარულის გახსენება გთხოვათ, მერე?
− ვისზე ამბობთ?
− თქვენს კლასელზე, ალბათ უკვე ჩამოვიდა ჯარიდან.
− ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა, რომ გაიგო ქმართან არ ვცხოვრობდი. მითხრა, რომ ვუყვარვარ, უჩემოდ არ შეუძლია...
− მერე რა უთხარით?
− ვუთხარი, რომ ვიფიქრებ. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო. ვთქვით, რომ ოცდაცხრა თებერვალს შევხვდებით. ერთმანეთს და მაშინ ვეტყვი ჩემს პასუხს. მისამართი არ ვუთხარი, მან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი სხვაგან გადავედით. მოკლედ, ყველას ვთხოვე:
− არავის არ უთხრათ ჩემი ახალი მისამართი.
− რატომ?
− იმიტომ, რომ მაინტერესებს, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. არ მინდოდა მანამდე შეხვედრა, გაიგე?
− მერე?
− თებერვალი ოცდაცხრით კი არა, ოცდარვით იყო.
− და ვეღარ შეხვდით?
− მე ოცდარვა თებერვალსაც მივედი და პირველ მარტსაც.
− არ მოვიდა?
− არა... მერე შემხვდა და იცი, რა მითხრა? ბოდიში, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა, რომ ვერ მოვედი... მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.
− და სიყვარულის აღარ გჯერათ?
− არა...
− და მაინც როგორი სიყვარული გინდათ?
− რა თქმა უნდა, ერთმანეთის გაგება რომ იყოს, ისეთი.
− ბებოო?
− რაო, შვილო?
− სიყვარული რა არის?
− სიყვარული არა ხარ, ჩემო საყვარელო?
− ჩემი სახელია აპოლონი.
− გვარი?
− მღებრიშვილი.
− სად მუშაობთ?
− იქ.
− სად იქ?
− რად გინდათ?
− სიყვარულისთვის სიცოცხლეზე უარს იტყვით?
− ვინა? მეეე ქალისთვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისთვის სიცოცხლეზე უარი თქვას კაცმა.
ბოლო კითხვა, მაგრამ ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაიგეთ? სიყვარულის შესახებ ხომ იმდენი კითხვა არსებობს, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება ამ შეკითხვაზე: რა არის სიყვარული. მართალიც არის.
ყველამ უპასუხეთ ამ შეკითხვას:
− რა არის სიყვარული, როგორია იგი და გინდათ თუ არა ცხოვრება სიყვარულის გარეშე.
ამით ისევ გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა...
და თუ ვინმე მაინც იკითხავს:
− აბა, არსებობს სიყვარული?
ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარულს დამტკიცება არ უნდა. იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც არის!