- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
ტიციან ტაბიძე და ნინო მაყაშვილი
ერთ დღეს რუსი მწერალი კონსტანტინე ბალმონტი თბილისში სეირნობდა. მან დაინახა ლამაზი გოგონა, მივიდა მასთან და უთხრა:
— გოგონი, თუ გინდათ, ლექსებს წაგიკითხავთ.
ნინოს ჯერ შეეშინდა, მაგრამ მალე მიხვდა, ეს უცნობი კაცი პოეტი იყო. მათ ერთმანეთი გაიცნეს. მერე ნინომ ის სახლშიც დაპატიჟა და პოეზიის მშვენიერი საღამო გამართეს. შემდეგ ისინი ეზოში ჩავიდნენ, დაინახეს ხესთან ახალგაზრდა მამაკაცი. ბალმონტმა უთხრა გოგონებს:
— გაიცანით, ეს ჩემი მეგობარი პოეტი ტიციან ტაბიძეა.
ასე გაიცნეს ერთმანეთი ნინომ და ტიციანმა.
ერთხელ ტიციანი შეხვდა მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას, ის მიხაკებს ყიდულობდა.
— ვისთვის გნებავთ ეს თაიგული?
კონსტანტინემ უპასუხა:
— წითელი ქალიშვილისთვის.
ასე ეძახდნენ ნინოს, ალბათ იმიტომ, რომ წითელი ფერის ტანსაცმელი უყვარდა. ალბათ, კონსტანტინე გამსახურდიას ნინო მოსწონდა. ტიციანმა ერთი მიხაკი აიღო და კონსტანტინეს უთხრა:
— ამ ერთ მიხაკს მე ვაჩუქებ "წითელ ქალიშვილს" და ეს დიდ თაიგულზე ძვირფასი იქნება.
იმ საღამოს კაფეში ტიციანმა ნინოს ის ერთი მიხაკი აჩუქა და უთხრა:
— ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს, თქვენ ნინო მაყაშვილი ხართ...
ტიციანს ჰქონდა ძალიან ლამაზი, დიდი, ცისფერი თვალები და გრძელი თითები. ცოტა მსუქანი კი იყო, მაგრამ ნინოს ძალიან მოეწონა. მეორე დღესვე ისინი ახლო მეგობრები გახდნენ. პოეტი საკუთარ თავს პიეროს უწოდებდა, მისმა მეგობრებმა კი ნინოს კოლომბინა დაარქვეს. მათი სიყვარულის ამბავი მალე გაიგეს მწერლებმა. ნინომ და ტიციანმა ჯვარი დაიწერეს. ტიციანის მეგობარმა პოეტმა პაოლო იაშვილმა ბათუმიდან ძვირფასი ყვავილები ჩამოიტანა, საქორწილო სუფრის მენიუ თვითონ შეადგინა, კარგი მზარეულები მოიწვია და ლამაზად მორთო მათი ბინა. თუმცა პაოლო მილიონერი არ იყო, მთელი ფული თვითონ გადაიხადა. ასეთი მეგობრობა საქართველოში იშვიათი არ არის. ნინომ და ტიციანმა ერთად 17 წელი იცხოვრეს... მათთან უამრავი მეგობარი დადიოდა. მათ სახლში სტუმრად ხშირად ჩამოდიოდნენ ცნობილი რუსი მწერლები: ესენინი, მაიაკოვსკი, პასტერნაკი, მანდელშტამი... მათი ოჯახი იმ პერიოდის კულტურული შეხვედრების ცენტრი იყო.