- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
სიმონ ჩიქოვანი და მარიკა ელიავა
ლეგენდა სიყვარულზე
მეოცე საუკუნის ფუტურისტი პოეტები — სიმონ ჩიქოვანი, აკაკი ბელიაშვილი, ბესო ჟღენტი, ნიკოლოზ და დემნა შენგელაიები — უცნაური ადამიანები იყვნენ. ისინი იცვამდნენ სხვანაირად. ისინი კითხულობდნენ უცნაურ ლექსებს და ხალხის ყურადღებას იქცევდნენ. სიყვარულიც სრულიად განსხვავებული იცოდნენ...
მაშინ სოფლიდან თბილისში ახალჩამოსული იყო სიმონ ჩიქოვანი. ის იყო ნიჭიერი, პროვინციელი ახალგაზრდა პოეტი, ფუტურისტების ლიდერი. ის ერთხელ რუსთაველზე სეირნობდა და უცებ დაინახა გამხდარი, 16-17 წლის გოგონა მშვენიერი სუსანა ელიავას გვერდით.
— ვინაა ეს ანგელოზი? — იკითხა სიმონმა.
— ეს გოგონა სუსანას და, მარიკაა, — ღიმილით უპასუხა ნიკოლოზ შენგელაიამ.
— ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება! — თქვა სიმონმა. მეგობრებმა გაიცინეს:
— როგორ გამოგყვება ელიავას ქალი ცოლად?
— მე მთელი ცხოვრება მხოლოდ მასთან ერთად მინდა.
იმ დღიდან სიმონი ყველაფერს აკეთებდა, რომ გოგონას მოსწონებოდა. ესაა ერთი ნახვით შეყვარების რომანტიკული ისტორია.
სიმონმა 7 წლის მერე აიხდინა ოცნება. ის სპეციალურად მარიკასთვის წერდა ლექსებს და ყველგან თან დასდევდა მას. მარიკა ხშირად ავადმყოფობდა. როცა ის საავადმყოფოში იწვა, სიმონი მთელი დღეები მის ფანჯრებთან იდგა ყვავილებით და ლექსებს უკითხავდა. ქალი კი ხშირად ებუტებოდა და არ ელაპარაკებოდა შეყვარებულ პოეტს...
ერთხელ მარიკა ქობულეთში ისვენებდა, სიმონიც იქ ჩავიდა. თან რევოლვერი ჰქონდა. სიმონმა ის გოგონას გაუწოდა:
— აჰა, ნახე, რა კარგი რევოლვერი მაქვს!.
მარიკამ დაათვალიერა რევოლვერი. მერე უკან დაუბრუნა. სიმონმა უთხრა:
— ახლა მე ამით თავს მოვიკლავ და ჩემი სიკვდილი შენი ბრალი იქნება.
შვიდი წლის შემდეგ სიმონი და მარიკა დაქორწინდნენ. მარიკა ოცდასამი წლის იყო, სიმონი — ოცდაათის. მარიკა იყო პოეტ სიმონ ჩიქოვანის ცოლიც და მისი პოეზიის მუზაც.
მთელი ცხოვრება უყვარდათ სიმონსა და მარიკას ერთმანეთი. სიცოცხლის ბოლო წლებში სიმონს დიაბეტი ჰქონდა, უკვე ძალიან ცუდად ხედავდა, მაგრამ მარიკას არ ეუბნებოდა. ცოლიც არ ეუბნებოდა მას თავის მძიმე ავადმყოფობას. სიმონი სულ დაბრმავდა. ავადმყოფი მეუღლე მისი თვალი და ხელი გახდა: სიმონს უკითხავდა, მისი კარნახით წერდა, ასეირნებდა... ერთხელ მარიკამ უთხრა:
— რომ იცოდე, სიმონ, როგორ დავბერდი. უკვე არა ვარ ლამაზი...
სიმონმა უპასუხა:
— არა, ეგ ასე არაა! თუ მართლა ასეა, კარგია, რომ დავბრმავდი...
ოცდაათ წელზე მეტი იცხოვრეს ერთად მარიკამ და სიმონმა. ჯერ სიმონი გარდაიცვალა. ის მთაწმინდაზე დაასაფლავეს. ორი წლის შემდეგ მარიკაც აღარ იყო. მან სიკვდილამდე თქვა: "დამწვით და ფერფლი ჩემი ქმრის საფლავს მოაყარეთ. ასე სულ მასთან ვიქნები".
მარიკას შეუსრულეს სურვილი. მათი სიყვარულის ამბავი ლეგენდად იქცა.