- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
ნიკო ფიროსმანი და მსახიობი მარგარიტა
1909 წლის მარტში აფიშები გამოჩნდა თბილისში: "ყურადღება, ყურადღება! თეატრი "ბელ ვიუ". მარგარიტა დე სევრის მხოლოდ შვიდი გასტროლი თბილისში!"
ნიკო ფიროსმანმა თეატრში ნახა მარგარიტა. ის შანსონებს მღეროდა და ცეკვავდა. ნიკომ წამოიძახა:
— ქალი კი არა, მარგალიტია!
ერთ დილას სასტუმროსთან გამოჩნდა წითელი ვარდებით სავსე ბევრი ურემი, ამ სასტუმროში იყო მარგარიტა. ურმებს მიჰყვებოდა ნიკო ფიროსმანი. მას პატარა მაღაზია ჰქონდა. ის გაყიდა და ფულით ზღვა ყვავილები იყიდა...
მარგარიტამ ფანჯრიდან დაინახა ბევრი ყვავილი და ფიროსმანს გაკვირვებულმა ჰკითხა:
— შენ ყველაფერი გაყიდე და ეს მშვენიერი ვარდები მე მომართვი?
რამდენიმე დღის შემდეგ მარგარიტა ერთ მდიდარ კაცთან ერთად თბილისიდან წავიდა.
ამ ლეგენდის მეორე ვარიანტი ასეთია: ნიკალამ მსახიობ ქალს მილიონი წითელი ვარდი გაუგზავნა და თვითონ უკანასკნელი ფულით ღვინის დასალევად წავიდა. მარგარიტამ წერილი მისწერა ფიროსმანს და სთხოვდა მასთან მისვლას. წერილი ერთმა კაცმა წაიღო, მან დიდხანს ვერ იპოვა ფიროსმანი. ნიკალა სასტუმროში მივიდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მსახიობი იქ აღარ დახვდა. გასტროლები დასრულდა და მარგარიტა თბილისიდან წავიდა...
1969 წელს ლუვრში გამოფენაზე ფიროსმანის 85 ნახატი იყო. ამბობენ, რომ ნახატთან "აქტრისა მარგარიტა" ყოველდღე მიდიოდა მოხუცი ქალი და დიდხანს უყურებდა მას. ბოლოს ვიღაცამ შენიშნა, რომ ეს ქალი ნახატს ჰგავდა. დიახ, ეს მოხუცი მარგარიტა დე სევრი იყო!
ამ თემაზეა პოპულარული სიმღერა "მილიონი წითელი ვარდი".
ზოგი ამბობს, რომ, ეს ყველაფერი მხოლოდ ლეგენდაა. ფრანგი მსახიობი ქალის სიყვარულის ამბავი ლამაზი ზღაპარია და მეტი არაფერი. ზღაპარია მაღაზიის გაყიდვა, ვარდების ზღვა. ფიროსმანი მარგარიტა დე სევრს არ იცნობდა, არც უნახავს, რომ მან ეს პორტრეტი თეატრის აფიშიდან დახატა.
ნიკო ფიროსმანის ცხოვრება მთლიანად სიყვარული იყო. მისი ცხოვრების შესახებ კი ლამაზი ზღაპრები, ლეგენდები და მისი ნახატები გვიამბობენ...