- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
ნიკოლას ნიკლბი
ნაწყვეტი ჩარლზ დიკენსის მიხედვით
ნიკოლას და კეიტ ნიკლბების მამა გარდაიცვალა. ისინი წავიდნენ ლონდონში მდიდარ ძია რალფთან და სთხოვეს დახმარება. კეთილ ნიკოლასსა და რალფ ნიკლბის არ მოეწონათ ერთმანეთი. ბიძამ ძმისშვილი სამუშოდ გააგზავნა ბოროტ სკვირსთან, "დოტბოის-ჰოლის აკადემიის" პატრონთან. რომანის ამ ნაწყვეტში სკვირსის "აკადემიაა" აღწერილი.
დილა მისტერ და მისის სკვირსებთან
ორასი მილი გაიარა ნიკოლასმა. ბოლოს მივიდა ცოლ-ქმარ სკვირსებთან და უთხრა:
— გამარჯობათ,მე თქვენი ახალი მასწავლებლი ვარ.
ნიკლბი იმ საღამოს მაგარ საწოლზე დააძინეს. მას ტკბილად ეძინა, როცა მისტერ სკვირსმა დილის 7 საათზე გააღვიძა:
— აბა, ნიკლბი, ადექით, გათენდა. მაგარი ყინვაა ამ დილით.
ნიკოლასი უკვე იცვამდა.
— კარგი ამბავია! — თქვა მისტერ სკვირსმა, — წყლის ტუმბო გაიყინა — ამ დილით პირს ვერ დაიბანთ! სახეზე რამე მოისვით. ყინულს ჩავამტვრევთ და წყალს ბიჭებისთვის ვედროთი ამოვიღებთ.
დერეფანში მისის სკვირსის ხმა ისმოდა. ის მალე შემოვიდა ოთახში, ღამის პერანგი ეცვა და თავზე ჩაჩი ეხურა. ქალბატონი ხის კოვზს ეძებდა და ვერ იპოვა.
— ბიჭებს დღეს გოგირდი და ტკბილი ღვინო უნდა მივცე. ეს წამალია, სისხლს წმენდს. ისინი ავად არ გახდებიან და ჩვენც არ ვიწვალებთ. თან, გოგირდი მადას უკარგავს, სადილი და საუზმე იაფი დაჯდება. ეს მათთვისაც კარგია და ჩვენთვისაც!
ქმარი ცოლთან ერთად ეძებდა კოვზს, მაგრამ ვერ იპოვა. დაუძახეს სმაიკს. ის მოვიდა, მისის სკვირსმა ხელი ჰკრა, მისტერ სკვირსმაც დაარტყა. სმაიკმა ჩუმად იკითხა:
— ქალბატონის ჯიბეში ხომ არ არის კოვზი?..
მართლაც, კოვზი ჯიბეში იყო, მაგრამ ქალს ეს არ მოეწონა და ისევ დაარტყა სმაიკს და მკაცრად უთხრა:
— უფრო თავაზიანი იყავი და ძაღლივით გააგდო სმაიკი.
— აი, რა ქალია ჩემი ცოლი, ნიკლბი! — უთხრა ნიკოლასს ქმარმა, — ასეთი ქალი მეორე არ არსებობს. მუდამ ასე მუშაობს, ენერგიულია, ყველაფერი იცის.
— დიახ, სერ! — უპასუხა ნიკოლასმა.
— ლონდონში ყველას ვეუბნები, რომ ბიჭებისთვის ნამდვილი დედაა. არა, დედაზე მეტიც არის.
— მეც ასე ვფიქრობ, სერ! –თქვა ნიკოლასმა.
რეალურად კი მისის და მისტერ სკვირსებისთვის ბიჭები მტრები იყვნენ, მათგან მხოლოდ მაქსიმალური სარგებელი უნდოდათ. ქალს დაუფარავი ომი ჰქონდა ბიჭებთან, ქმარს კი — ფარული. საკუთარ სახლშიც კი თავს იტყუებდა და სჯეროდა, რომ კეთილი კაცი იყო.
საკლასო ოთახში
— ახლა საკლასო ოთახში წავიდეთ! — უთხრა სკვირსმა ნიკოლასს და დახმარება სთხოვა კოსტიუმის ჩაცმაში. მან ხელში ჯოხი აიღო, მერე ერთად გადაიარეს ეზო და ოთახში შევიდნენ.
ნიკოლასი გაკვირვებული უყურებდა ყველაფერს: ეს იყო ძალიან ჭუჭყიანი ოთახი, ფანჯრებზე ქაღალდები იყო გაკრული. ოთახში იდგა: ორი მერხი, სამი გრძელი სკამი და ორი კათედრა, ისინი მელნით იყო დასვრილი, კედლებიც ჭუჭყიანი იყო.
ნიკოლასმა ბავშვებს შეხედა და დაინახა გაყვითლებული, გამხდარი, ულამაზო, მშიერი, ნატანჯი და უმწეო ბავშვები. მათ ეცვათ ჭუჭყიანი ტანსაცმელი.
ბიჭები ერთად იდგნენ კუთხეში, იქვე იყო მისის სკვირსი და ხის დიდი კოვზით აძლევდა ყველას გოგირდსა და ბადაგს. ახალგაზრდა ჯენტლმენებს არ უნდოდათ ამის დალევა, მაგრამ იცოდნენ, რომ სცემდნენ.
შორს იჯდა სკვირსების ვაჟი. ის ძალიან ჰგავდა მამას. სმაიკი მას ახალ ფეხსაცმელს აცმევდა, ის კი ხელებს და ფეხებს ურტყამდა. ფეხსაცმელი ახალი მოსწავლის იყო. მოსწავლე კი კედელთან იდგა და უყურებდა მათ.
საუზმე
— აბა, ყველამ მიიღო გოგირდი და ბადაგი? — იკითხა მისტერ სკვირსმა და მერხს მთელი ძალით დაარტყა ჯოხი. ყველას ისე შეეშინდა, კინაღამ ამოხტნენ ფეხსაცმელებიდან. მისის სკვირსმა ხელები ერთ ბიჭზე გაიწმინდა და მეორე ოთახში გავიდა. იქ ცეცხლზე დიდი ქვაბი იდგა. მაგიდაზე ხის პატარა ჯამები ეწყო. მშიერმა მოსამსახურეებმა დახმარებით რაღაც ყავისფერი ფაფა ჩაასხეს, ფაფაში კი შავი პურის თხელი ნაჭერი ჩააგდეს. ეს იყო ბავშვების საუზმე. მისტერ სკვირსმა ბოლოს საზეიმოდ თქვა ლოცვა:
"გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ განგვაძღე ჩვენ!" და თვითონ წავიდა საუზმეზე.
ნიკოლასმაც ეს საშინელი ფაფა ჭამა, კიდევ — კარაქიანი პური (ის ხომ მასწავლებელი იყო!).
ბიჭები ჩუმად და ნაღვლიანად ისხდნენ, თან კანკალებდნენ. არავინ იცინოდა, არავინ ლაპარაკობდა, არც არავინ თამაშობდა. მათ ყველაფრის ეშინოდათ. მარტო სკვირსის შვილი იყო თამამად, ეცვა ახალი ფეხსაცმელი და სხვა ბიჭებს ფეხებზე ფეხს ადგამდა.
გაკვეთილი პირველ კლასში
ნახევარ საათში მისტერ სკვირსიც მოვიდა. ბავშვებმა წიგნები გადაშალეს. რვა მოსწავლეს ერთი წიგნი ჰქონდა. ჩანდა მისტერ სკვირსის ღრმად მოაზროვნე თვალები. მან პირველი კლასი გამოიძახა. გამოვიდა ექვსი ბავშვი, მათ დახეული პერანგები და შარვლები ეცვათ. ერთმა მასწავლებლის წინ დადო ძველი წიგნი.
— ნიკლბი, ეს არის პირველი კლასი ინგლისურ ორთოგრაფიაში და ფილოსოფიაში. ახლა შევქმნით ლათინურ კლასს და თქვენ ასწავლით. აბა, პირველი ბიჭი სად არის?
— სერ, ის სხვა ოთახში ფანჯრებს წმენდს.
— სწორია, მართალია, — უთხრა მისტერ სკვირსმა, — ესაა პრაქტიკული მეთოდი. აბა, გ‑ა‑წ‑მ‑ე‑ნ‑დ‑ა, ანუ გაწმენდა არის ზმნა და ნიშნავს გასუფთავებას. ფ‑ა‑ნ‑ჯ‑ა‑რ‑ა იცით. ასეა, ჯერ წიგნიდან ისწავლით, შემდეგ კი პრაქტიკულად გააკეთებთ. მეორე ბიჭი სადაა?
— ბოდიში, სერ, ბაღში მუშაობს, — უპასუხა მეორე მოსწავლემ.
— დიახ, მართალია. ბაღში პრაქტიკულად სწავლობენ ბ‑ო‑ტ‑ა‑ნ‑ი‑კ‑ა‑ს, ბოტანიკა კი მცენარეებს სწავლობს. ბოტანიკა არსებითი სახელია... ნიკლბი როგორ მოგწონთ ჩვენი მეთოდი?
— ძალიან მომწონს, — მიუგო ნიკოლასმა. სკვირსმა ირონია ვერ გაიგო.
— აბა, მესამე ბიჭო, რა არის ცხენი?
— ცხოველი, სერ, — უპასუხა მოსწავლემ.
— მართალია, ასე არ არის, ნიკლბი?
— დიახ, დიახ, მართალია, — უთხრა ნიკლბიმ.
— ცხენი არის ლათინურად "კადრპედი" ანუ ცხოველი. ეს ძალიან მარტივია. აბა, მარტო გრამატიკა რად გვინდა?
— მართლაც, რად გვინდა მარტო გრამატიკა? — თქვა ნიკლბიმ.
— კარგია, იცი, ჩემო ბიჭო, — უთხრა მოსწავლეს, — ახლა წადი და ჩემს ცხენს წყალი მიუტანე. სხვები წყალს ამოიღებენ. ხვალ რეცხვის დღეა და ქვაბები გაავსეთ.
სკვირსმა ბავშვები სამუშაოდ გაგზავნა, ნიკოლასს კი უთხრა:
— აი, ასე ვმუშაობთ ჩვენ.
— დიახ, ვხედავ, — უპასუხა ნიკლბიმ.
— ეს ძალიან კარგი მეთოდია, — გააგრძელა სკვირსმა, — ახლა ეს თოთხმეტი ბიჭი წაიყვანეთ და მოუსმინეთ, როგორ კითხულობენ.
ნიკოლასმა წაიყვანა ბავშვები და წააკითხა. ისინი ნელა, მონოტონურად კითხულობდნენ, ხშირად ჩერდებოდნენ.
პირველ საათზე მისცეს ბიჭებს ფაფა და კარტოფილი, ნიკოლასმა საჭმელი თავის მერხზე ცალკე შეჭამა. ცოტა ხანს ისევ კანკალებდნენ მოსწავლეები და შემდეგ სწავლა გააგრძელეს.
საზეიმო შეხვედრა
მისტერ სკვირსი ნახევარ წელიწადში ერთხელ მიდიოდა ლონდონში. ლონდონიდან ჩამოვიდოდა, მოსწავლეებს უყვებოდა ახალ ამბებს მათ ნათესავებზე, მეგობრებზე. ჩამოჰქონდა მოსწავლეებისთვის ოჯახის წევრების წერილები, ფული.
ეს საზეიმო შეხვედრა ტარდებოდა შუადღეს. ზოგი ბავშვი ფანჯრებს წმენდდა, ზოგი -ბაღში მუშაობდა. ყველას დაუძახეს. მისტერ სკვირსი შემოვიდა, ხელში ქაღალდები ჰქონდა, მისის სკვირსს კი ორი ჯოხი ეჭირა.
— აბა, ჩუმად იყავით! ხმა არავინ არ ამოიღოთ,–თორემ დაგსჯით. — თქვა სკვირსმა,
ოთახში სიჩუმე იყო.
— ბავშვებო, ლონდონში ვიყავი და მშვიდობით დავბრუნდი ისევ თქვენთან.
მოსწავლეებმა სამჯერ სუსტად დაიყვირეს "ვაშა".
— ზოგი ბავშვის მშობელი ვნახე. მათ ძალიან გაუხარდათ შვილების წარმატებები, მშობლებს არ უნდათ თქვენი აქედან წაყვანა. ეს ძალიან კარგია!
ეს სიტყვები მხოლოდ ორ-სამ ბავშვს არ მოეწონა. სხვები ჩუმად იდგნენ.
— ცუდი ამბავიც მაქვს, — თქვა სკვირსმა ბრაზით, — ბოლდერის მამამ ფულის ნაწილი მომცა. სად არის ბოლდერი?
ოცმა ბიჭმა ერთად დაიყვირა:
— აქ არის, სერ! — და ამით ასიამოვნეს მისტერ სკვირსს.
— გამოდი, ბოლდერ! — უბრძანა სკვირსმა ბიჭს.
მასწავლებლის კათედრასთან მივიდა გამხდარი, შეშინებული ბიჭი, სახე სულ თეთრი ჰქონდა და ხელები — მეჭეჭებით სავსე.
— ბოლდერ, — დაიწყო სკვირსმა მშვიდად, — მამაშენი ფიქრობს, რომ... ეს რა ამბავია, სერ?
მან ბიჭის ხელები დაინახა და თან ჯოხი დაარტყა.
— ჩემი ბრალი არ არის, სერ, თვითონ ამოდის მეჭეჭი, — ბიჭმა ტირილი დაიწყო,
— არ გიშველა ბოლო ცემამ?
სკვირსმა ბიჭს დიდი ჯოხით ძალიან სცემა. ბავშვი ტიროდა და სთხოვდა:
— შემიბრალეთ!
— ესეც შენ, ესეც შენ! — ეუბნებოდა ის ბავშვს.
მოსამსახურემ გარეთ გააგდო ატირებული და აკანკალებული ბავშვი. სკვირსი ისევ სკამზე დაჯდა. ახლა კობი ააყენა, ბიჭის დის წერილი ამოიღო და ჩუმად წაიკითხა. კობის და 18 პენსს უგზავნიდა, მაგრამ ფულიც მისის სკვირსს მისცა:
— კობიმ ფანჯრის მინა გატეხა და ამ ფულით ვიყიდოთ.
ამის შემდეგ გრეიმარში გამოიძახა, მისი დეიდის წერილი თვითონ წაიკითხა და ძალიან კმაყოფილი იყო. მოსწავლის დეიდა მადლობას უხდიდა, ის ამბობდა, რომ მისის სკვირსი ანგელოზი იყო, ცოლ-ქმარი კი ბავშვის ერთადერთი მეგობრები არიან. დეიდამ იცოდა, რომ კობიც კარგად მოიქცეოდა. დეიდა ბიჭს ბიბლიას უგზავნიდა:
— მერე რა, რომ ხუთნი ერთად წევხართ. ნამდვილი ქრისტიანი ამაზე არაფერს არ იტყვის!
შემდეგ მობსის დედინაცვლის წერილი წაიკითხა. ის წუხდა, რომ ბიჭს საჭმელი არ მოსწონდა. თან მასწავლებელს სთხოვდა, მობსისთვის ჯოხი დაერტყა, ჭკუას ისწავლისო. სკვირსმა ეს თხოვნა სიამოვნებით შეასრულა.
წაიკითხა მისტერ სკვირსმა წერილები. ზოგს ფული გამოუგზავნეს ნათესავებმა, ზოგს — ტანსაცმელი, ქუდი ან სხვა ნივთები, მაგრამ კეთილი ცოლ-ქმარი მათ არაფერს არ აძლევდა: ქუდი პატარა იყო, შარვალი — დიდი, მხოლოდ მათი შვილისთვის იყო ყველაფერი კარგი.
რამდენიმე გაკვეთილი კიდევ ჩაატარეს.
საღამოს ვახშამზე პური და ყველი ჰქონდათ.
სმაიკის წუხილი
ნიკოლასი ღუმელთან იჯდა. მას სძულდა ეს ჭუჭყიანი ოთახი, ეს საშინელი ცოლ-ქმარი, არ მოსწონდა მოსწავლეების ცემა და დასჯა. ისიც ხომ მასწავლებლის თანაშემწე იყო. უკვე საკუთარი თავიც კი სძულდა.
ნიკოლასმა დედას და დას თბილი წერილი მისწერა, მაგრამ არაფერს სწერდა დოთბოის-ჰოლზე. ფიქრობდა, რამე კარგს გააკეთებდა მოსწავლეებისთვის.
უცებ სმაიკი დაინახა ღუმელთან. ის ჩუმად უყურებდა, სმაიკმაც დაინახა ნიკოლასი და უკან გადახტა, თან კანკალებდა.
— ჩემი ნუ გეშინიათ, — თბილად უთხრა ახალგაზრდა ჯენტლმენმა, — გცივათ?
— ა-ა-რა.
— აბა, რატომ კანკალებთ?
— არ მცივა, აქ სულ სიცივეა.
ნიკოლასს ძალიან შეეცოდა:
— შე საცოდავო!
სმაიკმა ტირილი დაიწყო:
— ო, ღმერთო, ღმერთო! — და სახესთან ხელები მიიტანა.
— ჩუმად, — უთხრა ნიკოლასმა, — თქვენ უკვე დიდი ხართ, ნუ გეშინიათ!
— ღმერთო, ღმერთო, მეც პატარა ბიჭი ვიყავი, ამათზე პატარა... სად არიან ახლა ისინი?
— ვინ? — ჰკითხა ნიკოლასმა, — მიპასუხეთ!
— ჩემი მეგობრები... ბევრი ტანჯვა გამოვიარე.
— ყველაფერი კარგად იქნება, — დაამშვიდა ახალგაზრდამ.
— არა, მე არაფერი მეშველება.
მერე გაიხსენა ბიჭი, რომელიც აქ მოკვდა. ის ბავშვი იღიმებოდა და თავისიანებს ხედავდა.
— მე კი არავინ მყავს, არავინ გამიღიმებს, როცა მოვკვდები, — ტიროდა სმაიკი.
ზარი დაირეკა. ბიჭები ამ დროს იძინებდნენ. სმაიკს შეეშინდა და ჩუმად წავიდა.
შეწუხებული ნიკოლასი ბავშვების ჭუჭყიან საძინებელ ოთახში შევიდა.