Up

მე ახლა ბედნიერი კაცი ვარ
გურამ რჩეულიშვილის მიხედვით

ჩემი ოჯახი

ახლა მე ოცდახუთი წლის ვარ, ჩემი გვარია — ჯანდიერი, სახელი — ვაჟა; მყავს ოთხი წლით უმცროსი ცოლი, კრავაი. დედაჩემი, ქეთო, ორმოცდახუთი წლისაა, ხოლო მამა, ლეო — ორმოცდარვის. ჩემი შვილი, პატარა ვამეხი, სამი წლისაა. ბავშვი ყველაფერში ძალიან ნიჭიერია. მაგალითად, ამბობს, დედა უფრო მიყვარს, ვიდრე მამა... იცის ოთხი ლექსი; ამბობს რამდენიმე სიტყვას: "დედა", "მამა ვაჟა", "ბებო ქეთო" და "პაპა ლევან". იმიტომ, რომ ყველაზე ძალიან ჩვენ ვუყვარვართ!..

ვამეხის ბებო ქეთო ჩემი დედაა. ვამეხმა რამდენიმე სიტყვა თქვა და დედაჩემს ბებო დაუძახა.

— ბებოოო, ბებოოო, არ მინდააა, მინდააა.

ახლა დედას ყველა ბებოს ვეძახით, ბაბუა ლევანიც კი.

დედაჩემიც თავის დედამთილს ბებოს ეძახდა:

— ბებო საშა და ბებო საშა.

ბებოს კი ეცვა შავი ტანსაცმელი და დადიოდა მოხრილი.

"საკრამენტო", — ეუბნებოდა ბრაზით შვილიშვილებს.

ბებოს ჩემ გარდა კიდევ ცხრა შვილიშვილი ჰყავდა. მას ყველა ძალიან უყვარდა.

პაპა ცუდად მახსოვს. პაპა ორი წელი სიღნაღში მუშაობდა, ჩვენც წელიწადში რამდენიმე თვე მასთან ვიყავით; იქ დავჯექი ვირზე პირველად. მაშინ ძალიან მინდოდა საკუთარი ვირი; მის მერე ძალიან არ შევიცვალე: მხოლოდ ახლა საკუთარი მანქანა მინდა! მაგრამ ჩემი ოცნება არ ასრულდა.

ომი

ერთხელ თელავში დედა თმას მვარცხნიდა, მე კი ვტიროდი. კიბეზე ნელა ამოვიდა ჩვენი ნათესავი ქალი, დაჯდა მაგიდასთან და რაღაცას ყვებოდა. მამაც და დედაც უსმენდნენ. მე ჩქარა ჩავედი კიბეზე, ეზოში სირბილი დავიწყე. არავინ არ მეძახდა და მომწყინდა. ავედი ისევ აივანზე. დედას შეშინებული სახე ჰქონდა, მამას კი გაზეთი გვერდით ედო.

— მაშ, მართალია? — შეეკითხა მამა.

— ჰო, ლევან, ახლა გავიგე, — უპასუხა სტუმარმა.

— გაზეთში რომ არაფერია?

— ალბათ დღეს იქნება.

მე ჩუმად ვიჯექი. მერე დედამ მუხლებზე დამისვა.

— მაშ დაიწყო ომი, — თქვა მამამ.

— დაიწყო, დაიწყო, — უპასუხა ნათესავმა.

უცებ მეგობრების ხმა მომესმა:

— ვაჟა! ვაჟა! ჩქარა, ჩქარა!

მე უფროსებს შევხედე და ბიჭებს დავუძახე:

— რა გინდათ?

— ჩქარა, ომობანა ვითამაშოთ!

— რატომ? ჯერ ხომ საღამო არ არის? — გამიკვირდა მე, ომობანას საღამოს ვთამაშობდით.

— რას ამბობ, ჩქარა, ომია! ნამდვილი ომი!

აივანზე მურაზი ამოვარდა, ხელი მომკიდა:

— ადე, ბიჭო, მამაჩემი ომში მიდის, ჩვენც წავიდეთ.

დედაჩემმა მურაზს თავზე ხელი გადაუსვა და სახლში გაუშვა.

— დიდი უბედურებაა, — თქვა მამამ.

— ჰო, ძალიან დიდი, — თქვა დედამ.

ცოტა ხნის შემდეგ მამა ნათესავ ქალთან ერთად ქალაქის ცენტრში წავიდა. მე კი ადრე დამაძინეს.

გადიოდა დრო.

იმ დღის შემდეგ ყველგან, ყოველთვის ომზე ლაპარაკობდა ხალხი. მამა ჯარში არ წაიყვანეს, მაგრამ ორივე ბიძა იქ იყო. ბებიაჩემს ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა. თბილისიდან თელავში ჩამოვიდნენ ჩვენი ნათესავები. ბებო ხან რეცხავდა, ხან სადილს აკეთებდა. ყოველ საღამოს ბებო კარგ ამბებს გვიყვებოდა, თან ჭურჭელს რეცხავდა.

პაპა ლევანი

გადიოდა დრო. ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით. მე მქონდა წითელა და მაღალი ტემპერატურა. ბებო ჩამოვიდა. ის ჩუმად ტიროდა. მერე ჩვენს სახლში ხალხი მოდიოდა. მამა არ ჩანდა. მესამე დღეს ტირილის ხმა გავიგონე. მერე კიბეზე რაღაცა ჩაიტანეს. ხალხით გაივსო ჩვენი სახლი; მე სიცხემ ამიწია. მეორე დღეს ქუჩაც აივსო ხალხით.

ჩემს საწოლთან დეიდა იჯდა.

— ქეთო! — ჩუმი ხმით დაუძახა თავის დას.

— რა, ნათელა?

— ვანახოთ ბავშვს?

— რად უნდა. სიცხე აქვს.

— ვანახოთ, გაიზრდება და ჩვენზე იქნება ნაწყენი.

დედამ ხელები აიფარა თვალებზე და მეორე ოთახში გავიდა. მახსოვს, დეიდამ საბანში გამახვია.

— ახლა შენ ბავშვი აღარ ხარ, — ჩუმად მითხრა.

მე ვერაფერი გავიგე.

— ვაჟა, პაპაშენი აღარ არის.

ხელში აყვანილი გამიყვანა. ოთახში ბევრი ხალხი ისხდა, ზოგიც იდგა. მერე დავინახე პაპაჩემი, რომელიც უმოძრაოდ იწვა კუბოში. ჩემთან ბებო მოვიდა და მაკოცა, იმ ღამეს სიცხემ კიდევ უფრო ამიწია. მეორე დღეს სახლი დაცარიელდა. მხოლოდ ბებო იჯდა ჩემთან და მიყვებოდა ზღაპარს.

ომი დამთავრდა

გადიოდა დრო.

ომის წლები სოფელში გავატარე. როცა ომი დამთავრდა, უკვე თბილისში ვიყავით.

ერთხელ მეზობლის ფანჯარა ჩავამტვრიე და დედამ დამსაჯა. მაშინ გაიგო ხალხმა ომის დამთავრების ამბავი. მეზობელმა დამალული ბურთი მომცა და მითხრა:

— მოდი, ნამცხვარს გაჭმევ! თუ გინდა, კიდევ ჩაამტვრიე ორი ფანჯარა...

სკოლის წლები

გადიოდა წლები.

ბებო გაზაფხულზე მიდიოდა კახეთში, ჩვენ — ზაფხულში. შემოდგომაზე ხილს გვიგზავნიდა და ზამთარში ისიც ჩამოდიოდა.

ბებოს ჩამოსვლა ყველასთვის დღესასწაული იყო.

ერთხელ ქუჩაში გოგონებთან ერთად მოვდიოდი. უცებ დავინახე, რომ ბებო მიყურებდა და გავწითლდი. როცა ოთახში შევედი, ბებომ მითხრა:

— "საკრამენტო"! — და ღიმილით გადამისვა თავზე ხელი, მერე გაიხსენა თავისი გათხოვების ამბავი:

— ლამაზი არ ვიყავი და მიკვირს, პაპაშენმა როგორ წამიყვანა...

გადიოდა დრო. ვცხოვრობდი ბედნიერად. მყავდა დედა, მამა და ბებო. ასე ვცხოვრობდით დიდხანს. კვირაში ორჯერ დედას იბარებდნენ სკოლაში, ორ კვირაში ერთხელ — მამას, იშვიათად — ბებოს ძმა გიორგისაც იბარებდნენ.

გავიდა დრო. ჩვენს კლასში უკვე გოგოებზე ვლაპარაკობდით. ჯერ დიდების სიყვარულზე ვსაუბრობდით, მერე მეზობელ სტუდენტებზე, ბოლოს — საკუთარ გოგოებზეც. რამდენიმე ბიჭი ჩვენი კლასიდან შაბათ-კვირას ვიღაც გოგოებთან ერთად მიდიოდა კინოში. მე არავინ მომწონდა მაშინ და ამით ვამაყობდი.

გადიოდა დრო. მე ვიზრდებოდი. ოჯახში ყველაფერი ისევ ისე იყო.

ბიჭები უკვე ხშირად ლაპარაკობდნენ ქალებზე. მეც მომეწონა ვიღაც გოგო, ველაპარაკებოდი, მაგრამ მამამ სანადიროდ წამიყვანა და მისი არსებობა დამავიწყდა.

ახალი ცხოვრება

დრო კი გადიოდა.

მე გავიზარდე.

მალე წვერის პარსვა დავიწყე.

დავამთავრე სკოლა.

შევედი ინსტიტუტში.

დაიწყო ახალი ცხოვრება. სახლში გვიან ვბრუნდებოდი.

ახლა ისე ხშირად აღარ მკოცნიდნენ ნათესავები. სახლისთვისაც უცხო გავხდი, იქ ისევ ბავშვივით მიყურებდნენ და ეს არ მომწონდა. ბიჭებში მთელი დღე ისმოდა: გუშინ ამდენი არაყი დავლიე, ამდენი ლუდი, ამდენი ღვინო; სახლში ცოტას ვკითხულობდი. სუფრაზე კი ბევრს ვლაპარაკობდი ლექსებზე, მოთხრობებზე.

„მტკვარი ახლოა“

აი, ახლა კი მართლა წავიდა დრო.

პირველი კურსი ისე გავიდა, ვერ გავიგე.

უფრო მეტს ვკითხულობდი.

მომწონდა ბაირონი, ლერმონტოვი, ვაჟა-ფშაველა, მერე — მაიაკოვსკი, ესენინი.

მინდოდა ღვინო, ლექსები... ზოგჯერ — გოგოებიც.

ღვინის დალევის მერე ვიმეორებდი ესენინის "ხულიგანის სიყვარულს"... და აქ ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ტიციან ტაბიძე...

ერთხელ ძალიან ბევრი დავლიე. ვიღაც გიტარაზე უკრავდა. გამახსენდა ბაირონის ცხოვრება, მერე ვიღაცამ ლექსი დაიწყო ესენინზე. ვფიქრობდი: "ესენინმაც ხომ თავი მოიკლა, მაიაკოვსკიმაც". ჭიქა ავიღე და ღვინო შევისხი. "იმათ მოიკლეს, იმათ, მე რა ვარ, მე რა ვარ...მე, მე წერა კი არა, კითხვაც არ შემიძლია...".

კიდევ დავლიეთ არაყი. მე ნელა ავდექი. გარეთ გამოვედი. მტკვარზე პირველი სხივი ანათებდა. ნელა მივედი წყალთან და შევედი.

როცა აზრზე მოვედი, საწოლში ვიწექი. არავინ იყო. მეორე ოთახიდან ვიღაცის ხმა ისმოდა:

— ვა, დალია, სად წავიდა, რა უნდოდა, ვა?

კარში ვიღაცის დიდი თავი გამოჩნდა, უცებ ვიცანი მედუქნე და ყველაფერი გამახსენდა.

სიცოცხლე მინდა

დრო მიდიოდა.

სიკვდილზე აღარ ვფიქრობდი.

მიხაროდა, რომ მყავდა დედა, მამა და ბებო, რომლებსაც მე ვუყვარდი. მათთვის ღირდა ეს სიცოცხლე. ბებო მალე ოთხმოცი წლის იქნებოდა და ეს საუკეთესო მაგალითი იყო ჩემთვის.

ჯერ ჩემგან სიკვდილი შორს იყო.

მინდოდა სიცოცხლე.

ღვინოს იშვიათად ვსვამდი. მერე ისევ დავიწყე... ოჯახი ისევ მოწყენილი იყო. მაშინ ღვინომ მოიტანა სულელური აზრები თავის მოკვლაზე, ახლა ღვინით დავივიწყე ეს აზრები. არ ვფიქრობდი სიკვდილზე. მყავდა დედა, მამა, ბებო, ცუდზე ფიქრის დრო არ მქონდა. დავიწყე გოგოებთან სიარული, მაგრამ ვიცოდი, რომ ცოლი არ მინდოდა, მხოლოდ დროს ვატარებდი.

ერთხელ ოჯახმა სადილის დროს დამიწყო ლაპარაკი.

— ვაჟა, — მითხრა ბებომ, — ახლა უკვე მეორე კურსს ამთავრებ.

— ჰო, — ვთქვი მე.

— რატომ სვამ ამდენს, ბიჭო?

— მთელი დღე სახლში არა ხარ.

— თქვი, რა ხდება? — მეკითხებოდნენ ისინი.

— ნამდვილად უყვარს ვინმე, — თქვა ბებომ.

— ჰო, ჰო, მართალია, — თქვა ბებომ.

— არა, ბებო, — ვამბობდი მე, — არავინ არ მიყვარს, არც ცოლი მინდა.

ამ დროს ზარი დარეკეს, ოთახში პაპა გიორგი შემოვიდა, ახალი პოლიტიკური ამბები შემოიტანა. ამ თემაზე ლაპარაკი შეწყდა. მე კი კარგად ვიცოდი, ცოლი არ მინდოდა.

პაპა გიორგი

დრო კი გადიოდა. ახლა უკვე ძალიან სწრაფად.

მეორე კურსს ვამთავრებდი.

მახსოვს:

სამი დღე წვიმდა. პირველ მაისს კარგი ამინდი იყო. დილით გრილოდა. შუადღისთვის ქალაქში დაცხა. მზეზე დგომა აღარ შეიძლებოდა.

დაღამდა.

ზარმა სამჯერ დარეკა.

ოთახში აღელვებული შემოვიდა ნათესავი:

— გიორგის პულსი გაუჩერდა, — თქვა მან.

დედა და მამა სწრაფად ავიდნენ ზევით. სახლში მე დავრჩი. ცოტა ხნის შემდეგ დედა მოვიდა ტირილით და თქვა:

— პაპა გიორგი აღარ არის.

ნელა მოვიდა ჩემთან, ტიროდა. მეც ვტიროდი.

სასწრაფოდ გავგზავნეთ დეპეშა ბებოსთან.

იმ ღამეს ვერ დავიძინე. ბებოს ძმის სიკვდილი ჩემთვის ძნელი იყო. ჩემს ცხოვრებაში რაღაცა ახალი და საშინელი შემოვიდა, ვერ ვისვენებდი. მეორე დღეს ბებოს დავხვდი... ცრემლს მალავდა...

ერთი კვირის შემდეგ ბებო ისევ თელავში წავიდა. უფრო შემიყვარდა ჩემი კარგი ბებო. ვიფიქრე: "ჩემი ცოლი მას უნდა ჰგავდეს". მერე ვიფიქრე: მე ხომ ცოლი არ მინდა! წავიდა ბებო. თვე-ნახევრის შემდეგ ჩვენც წავალთ.

მე უფრო კარგად ვმეცადინეობდი. ცოტას ვსვამდი. გვიან ღამემდე ვმუშაობდი და დრო გადიოდა.

ჩემი ბებო

მე გამოცდები ჩავაბარე.

იმ ზაფხულს თელავში ვიყავით. შემოდგომაზე ჩვენ წამოვედით. ბებომ ხილი გამოგვიგზავნა ყველას. მალე ისიც ჩამოვიდოდა.

ერთხელ გვიან დავიძინე. ვფიქრობდი ბებიაჩემზე, რა ძლიერი ქალი იყო. დილით ადრე ვიღაცამ დარეკა ზარი.

— ადექით, ადექით, ალბათ, ბებო ჩამოვიდა, — ვთქვი მე. საბანი ავიღე და ჩქარა ავდექი. რადიოში იყო რაღაც და ვიცინოდი, ოთახში ნელა შემოვიდა დედა. ვერაფერს ამბობდა, ტიროდა.

— ბებო, — თქვა მხოლოდ.

ჩქარა მივედი ჩემს საწოლთან, თავზე საბანი დავიხურე, ზევიდან — ბალიში ავტირდი. "ბებო... ბებო", მესმოდა ხმები. თითქოს ჩემთან მოვიდა და ნაზად მელაპარაკებოდა. ახლა უკვე ხმამაღლა ვტიროდი: "ბებო მოკვდა, ბებო მოკვდა, ბებო, ბებო, ბებო აღარ არის" გავიფიქრე. ბებო სხვასთან არასოდეს ტიროდა, მაგრამ ვტიროდი მთელი ხმით. არავინ მაჩუმებდა. ყველა ხმამაღლა ტიროდა.

მეორე დღეს ჩამოასვენეს.

დედა ძალიან სუსტად იყო და მე დამყავდა საფლავზე. დიდხანს ვრჩებოდით იქ. დედა ყვავილებს რგავდა, მე ვეხმარებოდი. მერე ვისხედით ჩუმად.

შავი ფიქრები

აცივდა.

ახლა შინ ვისხედით. მე გარეთ აღარ დავდიოდი, არ ვსვამდი. სადილზე ჩუმად ვიყავით დედა, მამა და მე. ბებო აღარ იყო. ვუყურებდი ბებოს ადგილს და ვფიქრობდი, რომ ის მოკვდა, აღარ არის. ვათვალიერებდი ბებოს სურათებს. ჩემი კეთილი და საყვარელი ბებო არ იყო! ვფიქრობდი, რომ ისევ თელავში ცხოვრობდა. არავის ნახვა არ მინდოდა. სახლში დავრჩით — დედა, მამა და მე.

ოჯახი> მე ახლა ბედნიერი კაცი ვარ (გურამ დოჩანაშვილის მიხედვით), ლამაზი გოგონა

მზიანი დღე იყო. მე ფანჯარასთან ვიდექი და სიგარეტს ვეწეოდი.

— დღეს კარგი ამინდი იქნება, — ვთქვი ჩემთვის.

— კარგი კი არა, — დედამ შავი ღრუბლები დაინახა. მალე ისევ აცივდა.

პირდაპირ ეზოდან ლამაზი გოგონა გამოვიდა, სტუმრად იყო.

— ვინ არის? — ვიკითხე მე.

— ანდრონიკაშვილია.

— აქ ცხოვრობენ?

— ჰო, ახალი მეზობლები არიან.

მეზობელი სარკესთან მივიდა, თმა გაისწორა.

— რა ჰქვია?

— არ ვიცი, ვაჟა.

— ლეილა, ლეილა! — ეძახდნენ გოგონას მოპირდაპირე სახლიდან. ეზოდან ლამაზი, თეთრთმიანი ქალი გამოვიდა. მან გოგონას რვეული მისცა.

გოგონამ აკოცა დედას. მერე სწრაფად წავიდა...

სავარძელში ჩავჯექი.

"ანდრონიკაშვილი ლეილა, ლეილა ანდრონიკაშვილი", — ვიმეორებდი ჩემთვის. მივედი ფანჯარასთან. დიდხანს ვიყურებოდი მეორე ეზოსკენ, ვიმეორებდი: "ლეილა, ლეილა", მერე რატომღაც ეს სახელი არ მომეწონა. "მე კრავაის დავუძახებ, — ვიფიქრე, — კრავაი კარგი სახელია, "კრავაი ანდრონიკაშვილი, კრავაი".

— დედა, — ვთქვი სადილის შემდეგ, — მე გავალ.

— კარგი, შვილო, ოღონდ გვიან ნუ მოხვალ, — დედას ცოტა გაუხარდა, რომ გარეთ გავდიოდი.

ციოდა... ნელი ნაბიჯებით მივყვებოდი ჩვენს ქუჩას. "ნეტა ბიჭები სად არიან", — გავიფიქრე. რუსთაველის ქუჩაზე გავედი.

— სადა ხარ, ბიჭო?

— სად დაიკარგე?

— რა მოხდა, ვისი ბებო არ კვდება?..

— კარგი ერთი.

ბიჭები იღიმებოდნენ.

— ასე უნდა, ვაჟა?

— მოკითხვა გადაეცი დედას!

— მოდი ჩვენთან სტუმრად...— მეუბნებოდნენ გოგონები.

...სიამოვნებას ვგრძნობდი. თან სულ კრავაის თვალებს ვხედავდი.

მეორე დღეს ისევ დავინახე "კრავაი".

— ვაჟა, ახალი მეზობელი ჩემი მეგობარია, იცი? — თქვა დედამ სადილზე.

— ვინ? — მე ჩუმად დავდე ხორცი უკან ტაფაზე.

— ნუცია ანდრონიკაშვილი. ერთად ვსწავლობდით ქუთაისში. მშვენიერი ბავშვი ჰყავს, სულ დედას ჰგავს. არ ვიცოდი, თუ ასე დიდი შვილი ჰყავდა.

მე გავწითლდი, მერე ჭიქა ავიღე და წყლისთვის გავედი.

ოჯახი გაიზარდა

დრო კი გადიოდა.

დავამთავრე მესამე კურსი.

ვიყავით სახლში დედა, მამა და მე.

დრო კი ისევ გადიოდა.

გადავედი მეოთხე კურსზე.

ახლა ჩვენი ოჯახი გაიზარდა.

მე ცოლი მოვიყვანე: დედას სკოლის მეგობრის შვილი, ჩემზე ოთხი წლით უმცროსი კრავაი ანდრონიკაშვილი.

ახლა სახლში ვიყავით კრავაი, დედა, მამა და მე.

პატარა ვამეხი

დრო გადიოდა.

მალე ბავშვიც გაჩნდა, იზრდებოდა.

პატარას ვამეხი ჰქვია, ეს სახელი დიდი ხანია მომწონდა.

ახლა სახლში ვიყავით: ვამეხი, კრავაი, დედა, მამა და მე. ბავშვმა სიარული დაიწყო, უკვე ცოტ-ცოტას ლაპარაკობდა და ჩემს დედას "ბებო ქეთო" დაუძახა. მალე ჩვენც ასე ვეძახდით. "ბებო" და "ბებო" — ისმოდა მთელი დღე სახლში. ბებოც არ ისვენებდა: რეცხავდა, კერავდა, შვილიშვილს ამბებს უყვებოდა.

ჩემს ცოლს ყველა კრავაის ეძახდა.

ახლა მე ოჯახის კაცი ვარ: მყავს დედა, მამა, ცოლი კრავაი და ვამეხი, სამი წლის ვაჟი. დილით სამსახურში მივდივარ, სადილობისას ვბრუნდები. "ბებო" ათას საქმეს აკეთებს. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ დედას ბებოს ვეძახი.

ღამე ყველანი ბავშვს ვეფერებით და მერე ვიძინებთ. ბავშვი კი ხან ტირის, ხან იცინის და ესაა მისი "ჭკუა". ჩვენ — დედა, მამა, ჩემი ცოლი კრავაი და მე — ძალიან ვამაყობთ პატარა ვამეხით.

ჩვენს ოჯახში ისევ სამი თაობაა.

მე ახლა ბედნიერი კაცი ვარ.