Up


იავნანამ რა ქნა?!
იაკობ გოგებაშვილის მიხედვით

ბედნიერი ოჯახი

თბილისიდან აღმოსავლეთით იყო ერთი დიდი და ლამაზი სოფელი — ვაშლოვანი. სოფელში იყო ვენახები, ტყე, მთა და ყინულივით ცივი წყარო.

ტყის ახლოს იდგა მშვენიერი ორსართულიანი სასახლე. იქ ცხოვრობდა მდიდარი და კეთილი თავადი ზურაბ ქართველაძე. მას ძალიან კარგი ცოლი ჰყავდა, სახელად მაგდანი. ის ეხმარებოდა ყველა ავადმყოფს, ღარიბსა და ობოლს. მას ჰქონდა კარგი ხმა და მისი სიმღერა ყველას მოსწონდა.

ზურაბს და მაგდანს ჰყავდათ ერთადერთი შვილი ქეთო. ქეთო იყო სამი წლის ლამაზი და მხიარული ბავშვი. პატარა გოგონას ძალიან უყვარდა დედის სიმღერა და ხშირად უსმენდა მას. ზურაბისა და მაგდანისათვის ერთადერთი შვილი ყველაზე ძვირფასი იყო.

ლეკები კახეთში

კახეთში მაშინ ხშირად დადიოდნენ ლეკები. ისინი აქ ვაჭრობდნენ.

დაღესტანსა და საქართველოს შორის დიდი მეგობრობა იყო, მაგრამ ზოგიერთი ლეკი ცუდად იქცეოდა...

ერთხელ ვაშლოვანში სავაჭროდ ორი ღარიბი ლეკი ჩამოვიდა. ერთმა უთხრა მეორეს:

— ზურაბ ქართველაძე ხომ ძალიან მდიდარია?

— ჰო, მდიდარია, მაგრამ მერე რა? — უპასუხა მან.

— მას ხომ ძალიან უყვარს თავისი შვილი?

— უყვარს, მერე?

— ჩვენ იმ ბავშვს ჩუმად წავიყვანთ დაღესტანში. ქართველაძე ბევრ ფულს გადაიხდის, მას შვილი ძალიან უყვარს!

ასე მოიფიქრა ორმა ლეკმა.

ქეთოს მოტაცება

ერთხელ პატარა ქეთო და ძიძა ტყესთან სეირნობდნენ. ბავშვმა ხის ქვეშ ჩიტი დაინახა და იქით გაიქცა. ჩიტი გაფრინდა. ქეთოც მისდევდა. ქეთო შორს წავიდა ტყეში, ძიძაც იქვე იყო. უცებ გამოჩნდა ერთი ლეკი, ქეთო ხელში აიყვანა და გაიქცა. მეორე ლეკმა თავში რაღაც ჩაარტყა ქეთოს ძიძას და ქალი მიწაზე დაეცა. ძიძა გონს რომ მოვიდა, სახლში გაიქცა და ბავშვის მშობლებს უამბო, როგორ წაიყვანეს ლეკებმა ქეთო.

სულ მალე ქართველაძეების სახლის წინ ოცამდე ვაჟკაცი მოვიდა. ისინი ზურაბ ქართველაძესთან ერთად ცხენებით წავიდნენ და ქეთოს ეძებდნენ.

ქეთოს მდიდარი ლეკი ყიდულობს

ბავშვი დაღესტანში წაიყვანეს. იქ ერთ სოფელში ცხოვრობდა მდიდარი ლეკი. მისი ცოლი ნაზი და კეთილი ქალი იყო. ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყავდა. მათ უნდოდათ ბავშვის შვილად აყვანა. იმ ქურდებმა ქეთო მიუყვანეს მათ, მაგრამ სიმართლე არ უთხრეს:

— ეს ბავშვი ტყეში ვნახეთ და წამოვიყვანეთ.

ცოლ-ქმარს ბავშვი მაშინვე შეუყვარდა. ქალმა ჰკითხა ლეკებს:

— რამდენი გინდათ ფული ამ ბავშვის ნაცვლად?

— არაფერი, ქალბატონო, ჩვენი საჩუქარი იყოს, — უთხრეს ლეკებმა.

მდიდარმა კაცმა მათ მაინც ბევრი ოქრო აჩუქა. მისი ცოლი ძალიან გახარებული იყო და ქეთო გულში ჩაიკრა. ლეკებმა მადლობა გადაუხადეს და წავიდნენ.

ქეთო დაღესტანში

პირველად ქეთო ხშირად ტიროდა, მერე კი ყველაფერი დაავიწყდა. მალე ლეკური ენაც კარგად ისწავლა და ქართული აღარ ახსოვდა.

ზურაბი მთელ დაღესტანში ეძებდა თავის შვილს, მაგრამ ვერ იპოვა. დიდი ხნის შემდეგ ნაცნობმა ლეკმა უთხრა:

— ერთ მდიდარ კაცს ჰყავს შენი გოგონა და საკუთარი შვილივით ზრდის.

ზურაბმა ამ კაცს შეუთვალა:

— ეგ გოგონა ჩემი შვილია, ის მომტაცეს. დამიბრუნეთ და რასაც მთხოვთ, მოგცემთ.

დაღესტნელმა კაცმა უარი თქვა:

— ვერ მოგცემთ გოგონას, მეც და ჩემს ცოლსაც ეს ბავშვი ყველაზე მეტად გვიყვარს, მასაც ძლიერ ვუყვარვართ. თქვენ შესახებ ყველაფერი დაავიწყდა.

ქეთო სულ სახლში ჰყავდათ. ის მარტო არსად არ დადიოდა.

ქეთოს დაბრუნება

გავიდა ათი წელი ქეთოს მოტაცებიდან. ზურაბი ათი ვაჟკაცით ჩუმად მივიდა იმ სოფელში. მას გაზა ლეკმა მეგობარმა ასწავლა.

ქეთო ყოველ დილით თავის მეგობართან დადიოდა. შორიდან გამოჩნდა გოგონა. მას ლეკური ტანსაცმელი ეცვა... მამას ძალიან გაუხარდა ქეთოს დანახვა. გოგონა შეშინდა.

— ნუ გეშინია, შვილო, შენი მამა ვარ. მოვედი და დედასთან წაგიყვან, - უთხრა ზურაბმა შვილს და ტყისკენ გაიტაცა.

ეს ამბავი გაიგო ქეთოს მამობილმა, დაედევნა, მაგრამ ბავშვი ვერ დაიბრუნა.

ქეთოს დარდი

გოგონა ძალიან დარდობდა, სულ ტიროდა, ღამე არ ეძინა, საჭმელს არ ჭამდა. დედ-მამა თავისი მტერი ეგონა.

მაგდანი ეუბნებოდა:

— შენი დედა ვარ, შვილო! ესეც შენი მამაა. აი, სახლი. აქ დაიბადე და დადიოდი პატარა. აი, შენი საყვარელი სათამაშოები...

მაგრამ ქეთო არც უსმენდა, სულ ტიროდა და ტიროდა.

დედამ სარკის წინ დააყენა, ქართული ტანსაცმელი ჩააცვა, მაგრამ ქეთომ ვერაფერი ვერ გაიხსენა. ის ქართულ საუბარსაც ვერ იგებდა.

იავნანამ რა ქნა?!

გავიდა აპრილი, დადგა მაისი. მაგდანი ჩაფიქრებული იყო და უცებ თავისთვის დაიწყო იავნანას სიმღერა. ქეთოს დაკარგვის შემდეგ ის არ მღეროდა. მაგდანი ფანჯარასთან იჯდა, ქეთო კი — პატარა ტახტზე, ოთახის კუთხეში. მაგდანი ჯერ დაბალი ხმით მღეროდა, მერე ხმამაღლა გააგრძელა.

ქეთო უსმენდა და რაღაც ახსენდებოდა. უცებ წამოხტა ტახტიდან და დაიძახა:

— დედა, დედა! — მერე მაგდანს მოეხვია და დაუწყო კოცნა მალე ზურაბი შემოვიდა. ქეთო ახლა მამას მოეხვია. მოშორდა სარკეს, შეირბინა მეორე ოთახში, ყუთიდან ამოიღო თავისი ახალი ქართული ტანსაცმელი და ჩაიცვა. თოჯინებსაც მიეფერა.

ერთმა მოგონებამ მეორე გამოიწვია, მეორემ — მესამე, მესამემ — მეოთხე... ნელ-ნელა ქართულად ლაპარაკიც დაიწყო.

სოფელში ყველას გაუხარდა ეს ამბავი.

ქეთო ბედნიერი ქალია

გავიდა დრო. ქეთოს თავისი დედობილ-მამობილის ნახვა ძალიან უნდოდა.

დედამ უთხრა:

რთველში მოვიწვიოთ შენი დედობილ-მამობილი.

მართლაც, დედობილი და მამობილი შემოდგომაზე ჩავიდნენ რთველში. ისინი ძალიან დამეგობრდნენ და ხშირად იყვნენ ერთად.

ქეთო გათხოვდა ერთ კარგ ქართველ ვაჟკაცზე, მას ძალიან უყვარდა ქართველებიც და ლეკებიც, საქართველოც და დაღესტანიც.