Up
თბილისის თეატრები

თბილისის თეატრები

თბილისი ქართული კულტურის ცენტრია. აქ ბევრი თეატრია: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი, მუსიკისა და დრამის თეატრი, გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრი, პანტომიმის თეატრი, თოჯინების თეატრი; მარიონეტების თეატრი, თითების თეატრი, ხელის ჩრდილების თეატრი და სხვა.

თბილისის თეატრები1

პანტომიმის თეატრი. პანტომიმა უსიტყვო სპექტაკლია: პლასტიკით, ჟესტით და მიმიკით. პანტომიმა დიდი ხნის წინ იყო ძველ ეგვიპტეში, ჩინეთში, საბერძნეთში, რომში და ბევრ სხვა ქვეყანაში.

XX საუკუნეში პანტომიმის ცნობილი ოსტატი იყო ინგლისელი ჩარლი ჩაპლინი, შემდეგ – ფრანგები: ჟან ლუი ბარო და მარსელ მარსო.

საქართველოში 1963 წელს ამირან შალიკაშვილმა შექმნა პანტომიმის თეატრი. ის იყო თეატრის პირველი რეჟისორი. პანტომიმის თეატრის სპექტაკლებია: „ესეც ასე“, „ქუჩის სურათები“, „ქალის ცხოვრება“, ევრიპიდეს ტრაგედია „ელექტრა“, „ფიროსმანი – მეფე“, „დონ ჟუანი“, „შექსპირის სონეტები“, „ქრისტე“, „ტერენტი გრანელი“, „ბლეფი“.

თეატრს გასტროლები ჰქონდა რუსეთში, უკრაინაში, საბერძნეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთში, პოლონეთში. მან მიიღო ბევრი პრემია და დიპლომი.

თბილისის თეატრები2

1980 წლიდან თბილისში არის მარიონეტების თეატრი. ის ძველ თბილისშია, შავთელის ქუჩაზე. თეატრის მთავარი რეჟისორია რევაზ გაბრიაძე. თეატრს ბევრი კარგი სპექტაკლი აქვს: „ალფრედი და ვიოლეტა“, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“, „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა“. მარიონეტების თეატრი ხშირად დადის გასტროლებზე.

ერთხელ გაბრიაძემ თქვა: მინდა თეატრში კაფე და დარბაზში — ყავის არომატი. მართლაც, 1988 წელს თეატრის გვერდით გაიხსნა კაფე. მისი ინტერიერის დიზაინი რევაზ გაბრიაძისაა: ჭერი, იატაკი, კედლები, სურათები, აფიშები, სკულპტურები, მაგიდები, სკამები და ფარდებიც კი. იქ კამერული სიტუაციაა და კაფეს ყოველთვის ბევრი სტუმარი ჰყავს.

თბილისის თეატრები3

ძალიან ორიგინალური და საინტერესოა ხელის ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა“. ეს თეატრი შექმნა რეჟისორმა და მსახიობმა გელა კანდელაკმა 1982 წელს თბილისში. მათ სპექტაკლები აქვთ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მცირე სცენაზე.

ხელის ჩრდილების თეატრი არის საბალეტო და საოპერო ხელოვნების, პანტომიმის, ანიმაციის და კლასიკური დრამატული თეატრის სინთეზი. მისი სპექტაკლებია: „წელიწადის ოთხი დრო“, „რა საოცარი დღეა“, ერთი ჯაზური პიესა, დუეტი მოცარტის ოპერიდან „პაპაგენა და პაპაგენო“ და სხვა.

თეატრი იყო ბევრ საერთაშორისო ფესტივალზე საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკაში, თურქეთში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ინდონეზიაში და ირანში. მას გასტროლები ჰქონდა გერმანიაში (ბერლინი, დრეზდენი, მიუნხენი) და ლიტვაში (ვილნიუსი, კაუნასი, კლაიპედა...).

თბილისის თეატრები4

1998 წელს ბათუმში, ხელოვნების სტუდიაში, შეიქმნა მსოფლიოში პირველი თითების თეატრი. ეს იყო რეჟისორ ბესო კუპრეიშვილის იდეა. დღეს მსახიობები თბილისში, მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, მუშაობენ. ისინი თითებით ასრულებენ ეტიუდებს.

მათი პირველი სპექტაკლი იყო „ექსტრავაგანსა“. საინტერესოა შექსპირის „ჰამლეტი“ და ჯოაკინო როსინის ოპერა. თეატრი იყო 22 ფესტივალზე უცხოეთში, გასტროლები ჰქონდა ევროპის, აზიის და აფრიკის 15-ზე მეტ ქვეყანაში. თითების თეატრი არის ექსტრავაგანტური და ორიგინალური კამერული თეატრი.

თბილისის თეატრები5