- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
გზაზე ბიჭი მიდიოდა
ვოვა კიკილაშვილის მიხედვით
ბიჭმა გაიღვიძა და მამის ფეხის ხმა გაიგონა. ფანჯარას შეხედა, მინაზე ყინულის ნახატები იყო.
— ეგეც შენ! — გაიგონა ეზოდან მამის ხმა.
— ხომ გითხარი, გუშინ საღამოთი რატომ არ ამოიტანე შეშა? იყავი ახლა ცივ ოთახში.
"რამდენჯერ მივხვდი საკუთარ შეცდომას!.. მაგრამ აი, ვზივარ ცხელ ღუმელთან, ვკითხულობ საინტერესო წიგნს და ამ დროს გარეთ წვიმს, ეზოში გასვლა და შეშის მოტანა არ მინდა... ეჰ, არა, არ შემიძლია... აი, დღეს მთელი კვირის შეშას ამოვიტან!" — გულმა კი უთხრა: "ამდენი ადგილი სადაა სახლში? ყველგან შეშას ხომ არ დადებ?" — "კარგი, მაშინ ყოველ საღამოს ამოვიტან!" — ამბობდა ბიჭი, გული კი ამბობდა: "რა ვიცი, რა ვიცი!"
— ავდგები! — გადაწყვიტა ბიჭმა და გაახსენდა, რომ ტანსაცმელი მეორე ოთახში იყო.
— უჰ, უჰ! — იატაკი ცივი იყო და ქუსლებით მივიდა სავარძელთან.
— კიდევ კარგი, ქუსლებზე არ მცივა!
ბიჭი კანკალებდა და იცვამდა ყველაფერს ერთად.
— ერთად გავიხადე და ერთად რატომ ვერ ჩავიცვამ? — ბრაზობდა იგი, — ოჰ, ეს მშობლები... ყველაფერი იციან და გეუბნებიან:
"ჯერ შარვალი გაიხადე, მერე — სვიტრი, მერე — პერანგი... დილით მალე ჩაიცვამ"... ეჰ, რატომ არ ვცხოვრობ აფრიკაში... არც ღუმელი გინდა იქ, არც პერანგი... იქნები ბანანის ქვეშ: მოწყვეტ ბანანს, შეჭამ და ზღვაში იბანავებ...
— ჰა, აფრიკაზე ფიქრობ ხომ? იქ გინდა ცხოვრება? — გააღო მამამ კარი და შეშა შემოიტანა.
— ყველაფერს ბოლო წუთს აკეთებ ხომ? წიგნებიც მაგიდაზეა, ფეხსაცმელი არ გაწმინდე, დადიხარ ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით. კაცის ფეხსაცმელი უნდა ბრწყინავდეს! ეჰ, რამდენ ხანს ვიცოცხლებ მე, ამაზე ფიქრობ?
არა, მე ამაზე არ ვფიქრობ! მამაც და დედაც სულ ცოცხლობენ და ჩვენზე ზრუნავენ: ყიდულობენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, მოაქვთ საჭმელი, სასმელი, დადიან ჩვენს სკოლაში, ეკითხებიან მასწავლებლებს ჩვენს ამბებს...
ჰო, ყიდულობენ ფეხსაცმელს, მაგრამ? ჩემს მეგობარ სანდრიკას ახალი ჩინური კედები აქვს, ჩემი კი ლიტვურია...
უცებ მამა მეუბნება:
— აჰა, შვიდი მანეთი! ხვალ წადი ბაზრობაზე და ჩინური კედები იყიდე!
"ვაჰ, ჩემს გულში იჯდა?" — გაუხარდა ბიჭს და იფიქრა, — "აი, ორშაბათ დილას მივალ სკოლაში ახალი ჩინური კედებით, შევალ საკლასო ოთახში. თხუთმეტი მოსწავლე წამოხტება და მეტყვის: " მშვიდობაში! მშვიდობაში!"
აიღო ბიჭმა ჩანთა და საუზმე: ცოტა ყველი, პური და ყურძენი.
— ეგაა შენი საუზმე? — შეეკითხა მამა.
— სადილამდე მეყოფა! — უპასუხა ბიჭმა და სკოლისკენ წავიდა.
სკოლის გზა ცხოვრების გზის ერთი ნაწილია: ხან ადვილი, ხან კი — მძიმე. დილით მძიმეა გზა სახლიდან სკოლისაკენ, სკოლიდან სახლისაკენ კი — ადვილი.
გუშინ, ხუთშაბათს, ცუდი ამინდი იყო, წვიმდა... ხუთშაბათი ყველაზე ცუდი დღეა, შვიდი გაკვეთილი გვაქვს, ბევრი დავალება და ცუდი მასწავლებლები. ყველაზე კარგი დღე პარასკევია. ოთხი გაკვეთილი, თან მეორე დღეს შაბათია!
...ვფიქრობ ჩემს კლასელებზე. სოსოიას ყველაზე მდიდარი მამა ჰყავს, არითმეტიკას 25, 50, 100-მანეთიანებით სწავლობს, ჩვენ კი — ხურდა ფულებით. ჩვენ, 14 ბიჭი, დიდ დასვენებაზე სკოლის ბუფეტში თითო ფუნთუშას ვყიდულობთ. სოსოს კი ყოველდღე 25-მანეთიანი მოაქვს მებუფეტესთან. ქალს ხურდა არა აქვს:
— ბანკის მოლარესთან წადი! — ეუბნება სოსოს.
ხშირად 25-მანეთიანის ხურდა არც მოლარეს არა აქვს და იცინის:
— სად ნახე ეს ძველი ფული?
გავიდა დრო... ყველა აქეთ-იქით წავიდა...
ახლა 50-50 წლის ვართ და ჩვენს სოფელში ხშირად ჩავდივართ. ცოტათი სხვანაირები ვართ, სოსო კი, როგორიც იყო, ისეთია. არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ ახლა მამამისივით ქარხნის დირექტორია. მასაც ქვევრში ბევრი ფული აქვს და ყოველ წელს ახალ სახლს აშენებს თავის ეზოში.
აი, ასეთი იყო გზის ერთი პატარა ნაწილი, რომელსაც სკოლის რამდენიმე დღე ჰქვია. ის სხვა გზაა, არც ერთი კილომეტრია, არც ორი... ესაა ჩვენი ბავშვობა, სკოლა, თამაში და ლამაზი მოგონებები.