Up


ბებიას წერილი ქალაქში შვილიშვილებს
რევაზ ინანიშვილის მიხედვით

ჩემო დათუნა და მზია, ბებო გენაცვალოთ თქვენ! სადა ხართ, შვილებო, რატომ არ ჩამოდიხართ, ძალიან მენატრებით. აქ ყველაფერი მწიფეა: მსხალიც ბევრია, ქლიავიც, ყვითელი ატამიც, თხილიც არის. ჩირის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ადგილი არაა. თან შარშან რაც გავაკეთე, ისიც არის ჯერ. ხეზე უნდა დაკრეფა და დაკრეფს? მთელ ჩვენს უბანში სულ მოხუცები ვართ. ფეფელა, ნიკა ძია, აირუმი, ნატაშა, ალექსანდრე, მისი ცოლი ნინა, დარეჯანი და მე. ჩვენც დავინახავთ ერთმანეთს და დავიწყებთ: "შენთან არავინ ჩამოვიდა, დარეჯან?" "შენებისა ხომ არაფერი იცი, ელისაბედ?" არაფერს ვამბობთ, მაგრამ მერე ჩუმად ვტირით.

გუშინ ღამით დიდი წვიმა იყო, ქარი, ჭექა-ქუხილი, ცოტა სეტყვაც... დილით ბაღში გავედი და რას ვხედავ: მთელი მსხალი მიწაზეა, მწვანე ბალახში... ავიღე ერთი, მერე მეორე, მესამე... მაგრამ ვიფიქრე, ვისთვის მინდა. მე ერთ მსხალს თუ შევჭამ მთელ დღეს. მეზობლებს ჩემზე მეტი აქვთ... ჩავჯექი ბალახებში და დავიწყე ტირილი. რისთვის იმუშავა ამდენი ამ ბაღში თქვენმა პაპამ?

მერე მურა ჩუმად მოვიდა ახლოს. მარტო ეს მყავს მეგობარი, მას ველაპარაკები. მოხუცია უკვე, შავი ცხვირი ახლა სულ თეთრი აქვს...

ჩვენს კატას თავისი საქმე აქვს. ოთხი კნუტი ჰყავს. მათ ოდნავ წითელი და ჭრელი თვალები აქვთ... დადის ახლა ეს ოთხი კნუტი. სახელები არა აქვთ, ჩამოდით და თქვენ დაარქვით.

თქვენმა ინდაურმა ფეხი მოიტეხა ღობეზე, შევუხვიე მაგრად და უკვე არ სტკივა. ცოტა კოჭლობს.

დილით ადრე ისმის მამლების და მერცხლების ხმა...

თაფლი ამოვიღეთ, თორმეტი კილო იქნება. ყურძენიც მწიფეა. ღამით რაღაც ფრინველი მოდის ხოლმე, კაკალზე ზის და მთელი ღამე მისი ხმა მესმის, ვერ ვიძინებ და ვუსმენ.

ჩამოდით, შვილებო, გამახარეთ... თქვენთვისაც დიდი სიხარული იქნება. სოფლის ჰაერი არ ჯობია ქალაქის ჰაერს? მანდ არაფრის ჭამა არ შეიძლება.

ჩამოდით, შვილებო, მამასა და დედას თუ დრო არა აქვთ, თქვენ ჩამოდით. ყველაფერი გვაქვს, ბებო გენაცვალოთ თქვენ! სულ ახალ-ახალი კარაქი გექნებათ, ნინა დეიდას მეორე ძროხასაც ხბო ჰყავს. კვერცხებსაც დებენ ჩვენი ქათმები. წიწილებიც დაიზარდნენ. ჩამოდით, შვილებო, ბავშვების ფეხი უნდა ჩვენს ეზოსაც, თორემ ყველგან ბალახი ამოვა.