- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
ატამს კურკა აქვს?
ვოვა კიკილაშვილის მიხედვით
არჩილა და აპალონა ჩვენს სოფელში ცხოვრობდნენ. ადრე ვფიქრობდი — ორივე გოლიათი იყო. სიმაღლე: ორ-ორი მეტრი, წონა: თითო — 120 კილოზე მეტი. ისინი 15-16 ლიტრ ღვინოს სვამდნენ, თან ერთ ბატკანსაც ჭამდნენ. არჩილას და აპალონას უყვარდათ ქეიფი. ისინი ხშირად სვამდნენ საქართველოს სადღეგრძელოს და ბევრ რამეს ამბობდნენ სამშობლოს შესახებ.
არჩილას და აპალონას ეცვათ ფართო შარვლები და ჩექმები. ისინი დიდები და კეთილები იყვნენ. მათ ძალიან უყვარდათ ხუმრობა.
ერთხელ აპალონამ არჩილაზე მეტი ღვინო დალია. არჩილა მივიდა მასთან თავისი ძველი მანქანით.
— ბიჭო, აპალონ, ხომ იცი, ღამე სოფელში წვიმა იყო და ჩემს ბაღში ატამი გაფუჭდება. წავიდეთ მოვკრიფოთ.
— კარგი, ოღონდ ერთი ვედრო შენი იქნება, ერთი — ჩემი! — უთხრა აპალონამ.
ბაღში შევიდნენ. არჩილამ უთხრა აპალონას:
— აპალონ, მე ხეზე ავალ, მოვკრეფ ატამს, ჩავაწყობ ვედროებში და მოგაწოდებ. გუშინ საღამოს შენ ბევრი დალიე... თან ჩემზე ათი კილოთი მეტი ხარ, ხე მოტყდება.
არჩილა ხეზე ავიდა, ვედროები თან ჰქონდა და ნელ-ნელა კრეფდა. ქვემოთ მკვახეებს დებდა, თან ლაპარაკობდა. ასე გაავსო ერთი ვედრო და აპალონას მიაწოდა. შემდეგ მეორე ვედრო გაავსო. შარვლის ჯიბეებშიც ჰქონდა ხუთ-ხუთი ატამი. ძირს ჩამოვიდა და აპალონას ვედროს ჩახედა. ის ცარიელი იყო, მიწაზეც ვერ დაინახა ხილი. აპალონას შეხედა, — ის იჯდა და თვალები დახუჭული ჰქონდა.
— ბიჭო, აპალონ, ატამი სადაა? — ჰკითხა არჩილამ.
— რა ატამი, კაცო? რომელი ატამი?! — უთხრა აპალონამ და ატმის ფოთლებში შემოსულ მზის სხივებს შეხედა.
— ბიჭო, კურკა მაინც სადაა? — უთხრა არჩილამ.
— იი, ატამს კურკა აქვს? — თქვა აპალონამ ღიმილით.