„აღმართი“ B2+ (ზღვრული განვითარებული დონის გაძლიერებული საფეხური) განკუთვნილია იმ შემსწავლელებისათვის, რომლებიც უკვე საფუძვლიანად ფლობენ ენის ზღვრულ განვითარებულ დონეს. ქართული ენის B2+ დონეზე დაუფლების შემდეგ შემსწავლელს შეეძლება: ხმაურიან გარემოში სალიტერატურო ენით მიმდინარე საუბრის დაწვრილებით გაგება; იმ სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების, ინტერვიუების, თემატური პროგრამების, სპექტაკლებისა და მხატვრული ფილმების უმეტესების გაგება, რომელთა პერსონაჟები მეტყველებენ სალიტერატურო ენით; მხატვრული ნაწარმოებების, სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომების, ასევე რეკლამების, ინსტრუქციებისა და განცხადებების კითხვა; მათი შინაარსის გადმოცემა, ძირითადი თემებისა და სხვადასხვა თვალსაზრისის კომენტირება, მათ განხილვაში მონაწილეობა; ზოგად თემატიკაზე დაწერილი ვრცელი ტექსტებიდან ძირითადი შინაარსის გაგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ტექსტში არის იშვიათად გამოყენებადი გამოთქმები და უცნობი სიტყვები; საუბრის თავისუფლად დაწყება, გაგრძელება და დასრულება; დაწვრილებითი ინფორმაციის გადმოცემა ენობრივი დაბრკოლების გარეშე; სხვადასხვა საკითხზე გამართულ ზოგადი ხასიათის ხანგრძლივ საუბარში აქტიური მონაწილეობა; ნაცნობ თემაზე მიმდინარე არაოფიციალურ საუბრებში აქტიურად ჩართვა და საკუთარი თვალსაზრისის მკაფიოდ გამოხატვა; სხვადასხვა ტექსტის (ესეები, შეტყობინებები, რეფერატები) ნათლად და დაწვრილებით წერა, სტატიის შინაარსის ან ზოგად თემებზე დისკუსიის შესახებ მოკლე რეზიუმეს წერა; სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიება და დამუშავება მისი გამოქვეყნების ან მოხსენებაში გამოყენების მიზნით.
სახელმძღვანელო შემსწავლელს აძლევს გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნას ისეთი მოცულობით, როგორიც საჭიროა ენობრივი უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის B2+ დონის შესაბამისად და ამზადებს ენის ფლობის შემდეგ დონეზე სწავლის გასაგრძელებლად.