- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
1991 წელს, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა ქალაქ დმანისში*, აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხის ნაშთები, რომლებიც დაახლოებით 1 800 000 წლისაა. ეს არის ევრაზიელი ჰომინიდის უძველესი ნაშთები. მასთან ახლოს ნაპოვნი იყო იარაღები და ცხოველების (ცხენი, ანტილოპა, ვეფხვი, სპილო, ქვეწარმავლები, მგელი, აფთარი, მარტორქა, ირემი, შველი, ჟირაფი, სირაქლემა, ცხვარი...) ძვლები. ეს აღმოჩენა იძლევა შესაძლებლობას, რომ ზუსტად აღდგეს ის გარემო, რომელშიც ცხოვრობდა უძველესი ადამიანი. მოგვიანებით, 2001 წელს კი იმავე ტერიტორიაზე საერთაშორისო ექსპედიციამ აღმოაჩინა ადამიანის ჩონჩხის ნაწილები, თავის ქალები, ყბები. 2001 წლის არქეოლოგიური აღმოჩენა მსოფლიო სენსაციად იქცა. არტეფაქტების თითქმის ერთწლიანი შესწავლის შემდეგ საბოლოოდ დადგინდა მათი ასაკი — დაახლოებით 1.8 მილიონი წელი. ამ აღმოჩენამ ახალი საფიქრალი გაუჩინა მეცნიერებს.
* დღევანდელი დმანისი მდებარეობს ქვემო ქართლში, მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე. არქეოლოგიური თუ ისტორიული ფაქტების მიხედვით ამ ტერიტორიაზე ადამიანის კვალი ბრინჯაოს ხანიდან დასტურდება. დმანისთან ახლოს არის VI-VII საუკუნეების ნაქალაქარი. საკუთრივ ქალაქი დმანისი IX საუკუნიდან მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში. ამ დროს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში არაბები ბატონობდნენ. დმანისიც ხალიფატის ნაწილი იყო XII საუკუნემდე. 1123 წელს დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა დმანისი და ქალაქმაც განაგრძო განვითარება თემურ-ლენგის შემოსევამდე. მე-14 საუკუნეში თემურმა თითქმის მთლიანად გაწყვიტა დმანისის მოსახლეობა და ქალაქიც მოაოხრა.
როგორც ცნობილია, ანთროპოლოგია ადამიანის განვითარების რამდენიმე ეტაპს გამოჰყოფს: ავსტრალოპითეკი — მიჩნეულია ჰომო საპიენსის ყველაზე შორეულ წინაპრად. ცხოვრობდა აფრიკის ტერიტორიაზე დაახლოებით 4 მლნ წლის წინ და ადამიანისმაგვარ მაიმუნს ჰგავდა, ორ ფეხზე გადაადგილდებოდა. დღევანდელი ადამიანისგან განსხვავებით, თავის ტვინი უფრო მცირე ზომის ჰქონდა. ჰომო ჰაბილისი (მარჯვე ადამიანი) — ასევე აფრიკაში ცხოვრობდა დაახლოებით 2 მლნ წლის წინ. მისი ტვინი ავსტრალოპითეკის ტვინზე უფრო დიდი იყო. არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანის განვითარების სწორედ ამ ეტაპზე მოხდა მეტყველების ფორმირებაც. ჰომო ერექტუსი (წელში გამართული ადამიანი) ცხოვრობდა დაახლოებით 1 მლნ წლის წინ აფრიკაში და იქიდან გადასახლდა აზიასა და ევროპაში. ნეანდერტალელი — მისი თავის ქალა აღმოჩნდა 1856 წელს გერმანიაში, დიუსელდორფთან ახლოს, ხეობა ნეანდერტალში. ეს სახეობა ცხოვრობდა დაახლოებით 230 ათასი წლის წინ. ჰომო საპიენსი (მოაზროვნე ადამიანი) — თანამედროვე ადამიანია. მის წარმოშობას მეცნიერები დაახლოებით 200 ათასი წლის წინ ვარაუდობენ. 15-20 ათასი წლის წინ ჰომო საპიენსი უკვე მთელ დედამიწაზე განსახლდა. მეცნიერები დღემდე დადასტურებულად ვერ ამბობენ, თუ სად გაჩნდა პირველად ჰომო საპიენსი და როგორი იყო მისი მიგრაცია.
დმანისში აღმოჩენილი თავის ქალის პარამეტრებიდან გამომდინარე, ის აშკარად ჰომო ერექტუსის უნდა ყოფილიყო. თუმცა, ასეთი პატარა ზომის თავის ქალის მქონე ჰომინიდი მხოლოდ აფრიკაში იყო ნაპოვნი. გამოდიოდა, რომ აფრიკიდან წამოსული ჰომინიდი საქართველოს გავლით მთელ ევროპასა თუ აზიაში განსახლდა. დღეისათვის მიჩნეულია, რომ დმანისში აღმოჩენილი ნაწილები ეკუთვნის ჰომო ერექტუსების სახეობას. უფრო კონკრეტულად კი ჰომო ჰაბილისსა და ჰომო ერექტუსს შორის გარდამავალი საფეხურია. მისთვის ახალი ტერმინი შემოიღეს — ჰომო გეორგიკუსი (ლათ. — Homo georgicus) — ქართველი ადამიანი.
აღმოჩენილი ნაწილების მიხედვით მეცნიერებმა აღადგინეს მამაკაცისა და ქალის სავარაუდო გამოსახულება. ფრანგმა მოქანდაკემ ელიზაბეტ დენიმ მათი სკულპტურული პორტრეტები შექმნა. ამ უძველეს წყვილს ქართული სახელები — ზეზვა და მზია დაარქვეს.