Up

წმინდა ნინო და საქართველოს გაქრისტიანება

საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში. ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად IVმოციქული ანდრია საუკუნის დასაწყისში გამოცხადდა. საქართველოზე ადრე ქრისტიანობა მიიღეს ბერძნებმა და სომხებმა. თუმცა, არსებობს გადმოცემა, რომ ქრისტიანობა საქართველოში, კერძოდ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად ანდრია მოციქულმა იქადაგა I საუკუნეში. სწორედ ამიტომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სამოციქულო ეკლესიად მოიხსენიება. ლეგენდის თანახმად, ანდრია მოციქული ქრისტიანობის გავრცელების მიზნით საქართველოში წმინდა მარიამ ღვთისმშობელმა გამოაგზავნა, თავად უკვე დაუძლურებული იყო და ეს მისია ანდრია პირველწოდებულს დააკისრა. IV საუკუნეში კი, იბერიის სამეფოში ქრისტიანობა წმინდა ნინომ იქადაგა. (იხ. ვრცლად) მოციქულთასწორი, ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო სხვადასხვა საისტორიო წყაროების მიხედვით კაბადოკიაში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) დაიბადა III საუკუნის მიწურულს. მამამისი, ზაბულონი, წარჩინებული ოჯახიდან იყო და იმპერატორ მაქსიმიანეს კარზე მსახურობდა. გაქრისტიანების შემდეგ იერუსალიმში გადავიდა საცხოვრებლად. დედა — სუსანა კი იერუსალიმელი პატრიარქის იუვენალის და გახლდათ. ზაბულონი და სუსანას ერთადერთი ქალიშვილი — ნინო ჰყავდათ. სუსანა იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ტაძარში მსახურობდა. ზაბულონი კი იორდანიის უდაბნოში წავიდა და ქრისტეს მსახურების გზას დადგა. ნინომ ბავშვობიდან იცოდა იმ ქვეყნის არსებობა, სადაც, გადმოცემის თანახმად, ქრისტეს კვართი ებრაელებმა ჩაიტანეს. ერთხელაც ღვთისმშობელი ესიზმრა. სიზმარში ჯვარი გადასცა და იბერიაში ქრისტეს მოძღვრების გავრცელება დაავალა. გამოღვიძებულ ნინოს ხელში მართლაც ეჭირა ჯვარი. ნინომ ეს ამბავი პატრიარქს უამბო და მანაც მოციქულთასწორი საქმის განხორციელებისათვის დალოცა.

მირიან მეფე და დედოფალი ანა და წმინდა ნინო (ხატი).

იბერიაში ჩამოსული ნინო მცხეთაში, მეფის მებაღის ოჯახში გაჩერდა. ამ დროს იბერიის მეფე გახლდათ მირიანი, ხოლო დედოფალი — ნანა. ნინო ავადმყოფებს კურნავდა, გლახაკებს ეხმარებოდა. ძალიან მალე გაითქვა სახელი და ბევრიც მოაქცია ქრისტიანობაზე. მან დედოფალი ნანაც განკურნა და ამის შემდეგ ნანამ იწამა ქრისტიანობა. მიუხედავად ნანას სასწაულებრივი განკურნებისა, წარმართი მირიანი მაინც მტკიცედ იდგა თავის რწმენაზე. ერთხელაც სანადიროდ წავიდა. გზაში უეცრად სეტყვა წამოვიდა, მზე დაბნელდა და მირიანსაც თვალთ დაუბნელდა. შეშინებული მირიანი წარმართ ღმერთებს ევედრებოდა შველას, მაგრამ ამაოდ. ბოლოს გაახსენდა ნინოს ღმერთი, შესთხოვა დახმარება. სასწაული მოხდა, გარემო განათდა და მირიანსაც თვალის ჩინი დაუბრუნდა. მეფემ იწამა ნინოს ღმერთი. მცხეთაში დაბრუნებული მაშინვე წმინდა ნინოს სანახავად გაეშურა. მოუყვა, რაც გადახდა თავს. მერე ელჩები გააგზავნა საბერძნეთში, რომ მღვდლები გამოეგზავნათ ქრისტიანული ღვთისმსახურების აღსრულებისათვის. ლეგენდის თანახმად, სწორედ მცხეთაში ააგეს პირველი ქართული ქრისტიანული ტაძარი. ამის შემდეგ წმინდა ნინომ იბერიის სხვა კუთხეებშიც იმოგზაურა და ქრისტიანობა იქადაგა. ბოლოს კახეთში ჩავიდა, იქ დასახლდა და იქვე გარდაიცვალა. ეს მოხდა ბოდბეში. მირიანმა მოინდომა ნინოს მცხეთაში გადმოსვენება, მაგრამ ისევ სასწაული მოხდა და კუბო, რომელშიც ნინოს ცხედარი იყო ჩასვენებული ადგილიდან ვერ დაძრეს. ნინო ბოდბეში დაკრძალეს. დაკრძალვის ადგილას მირიან მეფემ ტაძარი ააგო.

ბოდბის მონასტერი ქართული საისტორიო წყაროების, ასევე ლეგენდებისა და თქმულებების მიხედვით, ბოდბეში პირველი ეკლესია წმინდა ნინოს გარდაცვალებისთანავე ააშენა მირიან მეფემ IV საუკუნეში.

ეკლესია აიგო უშუალოდ იმ ადგილას, სადაც წმ. ნინოს ცხედარი იყო დასვენებული. საფლავი ეკლესიის შიგნით, მიწის სიღრმეში მოაქციეს. ტაძარი წმინდა გიორგის სახელზე ააგეს. IV საუკუნის დროინდელი ტაძარი, სამწუხაროდ, არ შემორჩა. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა განაახლა და გააფართოვა იგი. ტაძარი არც ამ სახით შემორჩა. დღეს არსებული ნაგებობა VII‑IX საუკუნეებისაა. არქიტექტურულად ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა. როდის მოხდა უშუალოდ მონასტრის დაარსება ძნელი სათქმელია. VI საუკუნიდან წერილობით წყაროებში ბოდბის საეპისკოპოსო უკვე იხსენიება.

ბოდბის მონასტერიბოდბის მონასტერი დროთა განმავლობაში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად იქცა აღმოსავლეთ საქართველოსათვის. XII საუკუნიდან მონასტრის ტერიტორიაზე იყო სასულიერო სასწავლებელი. სასწავლებელში თეოლოგიისა და საღვთისმეტყველო საგნების გარდა, საერო დისციპლინებსაც ასწავლიდნენ. მონასტერში ფუნქციონირებდა ბიბლიოთეკა. მოციქულთასწორი ნინოს საფლავზე აგებული ტაძრის დანგრევა და მონასტრის დაქცევა მონღოლებმაც კი ვერ გაბედეს.

თეიმურაზ I‑ის (1589-1663) მეფედ კურთხევას ბოდბის მონასტერში ძლევამოსილი შაჰ-აბას I დასწრებია. თუმცა რამდენიმე წლის მერე მოაოხრა და დაანგრია იქაურობა. მონასტრის აღდგენას დიდი ღვაწლი დასდო თეიმურაზ პირველმა. აღდგენილ მონასტერში განახლდა სასულიერო სემინარია. იმ დროს ბოდბეში მამათა მონასტერი იყო.

XIX საუკუნის 30-იან წლებში ბოდბის ეპარქია გაუქმდა, რადგანაც საქართველო ამ დროს უკვე რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. გაუქმებული ეპარქიის მონასტერიც ნელ-ნელა გაუკაცრიელდა და მხოლოდ მცირერიცხოვანი ბერების ამარა არსებობდა. სემინარიამაც შეწყვიტა ფუნქციონირება. 1899 წელს საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III. იმპერატორმა კახეთში იმოგზაურა. განსაკუთრებით სიღნაღი და მისი შემოგარენი მოეწონა. ბოდბეში კი დედათა მონასტრის გახსნა ბრძანა. იმ დღიდან მოყოლებული ბოდბეში დედათა მონასტერი ფუნქციონირებდა 1924 წლამდე. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მონასტერი დახურეს. ის მხოლოდ 1991 წელს აღადგინეს, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა. ბოდბის დედათა მონასტერი ამჟამად მოქმედია.

ჯვარი ვაზისა მსოფლიოში ბევრი სხვადასხვანაირი ჯვარი არსებობდა და არსებობს. ზოგიერთი სულაც არ უკავშირდება ქრისტიანობას, მაგალითად, ძველეგვიპტური ანხი. თუმცა I საუკუნიდან მოყოლებული ჯვარი უმთავრესად ქრისტიანობასთან ასოცირდება. ჯვარი ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ზემოხსენებული ძველეგვიპტური ანხიც კოპტურ ქრისტიანულ სიმბოლოს წარმოადგენს ქრისტეშობის შემდეგ. არსებობს კათოლიკური, მართლმადიდებლური, სომხური, ბიზანტიური, სლავური ჯვრები. სიმბოლურად ყველას ერთი და იგივე დანიშნულება აქვს, მხოლოდ ფორმებშია სხვაობა.

ქართველებსაც აქვთ ასეთი ჯვარი. ეს ჯვარი ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორი ნინოს სახელს უკავშირდება. მას განსაკუთრებული, გამორჩეული ფორმა აქვს. წმინდა ნინოს ჯვარი.ჯვარი ვაზის რტოებისგან თმით არის შეკრული. მისი ფრთები დაბლაა დაშვებული. ერთი ვერსიით, ჯვარი ღვთისმშობელმა მისცა ნინოს იერუსალიმში. მეორე ვერსიის თანახმად, საქართველოში ჩამოსულმა ნინომ, მცხეთაში ყოფნის დროს, თვითონ შეკრა ჯვარი. განსაკუთრებულად სიმბოლურია ეს ჯვარი ქართველებისთვის, რადგან ის ვაზის რტოებისგან არის შექმნილი. საქართველო ხომ ღვინის სამშობლოა და ეს ქრისტიანობის ერთ-ერთ სიმბოლოზეც აისახა.

ცნობებს ამ ჯვრის შესახებ IV საუკუნიდან ვხვდებით საქართველოს საისტორიო წყაროებსა თუ ლეგენდებში. თავდაპირველად ჯვარი მცხეთაში ინახებოდა. გადმოცემის თანახმად, შემდეგ სომხეთში წაიღეს და სხვადასხვა ქალაქში ინახავდნენ. ბოლოს კი ანისში აღმოჩნდა. საქართველოში მისი დაბრუნების ორი ვერსია არსებობს. ერთის მიხედვით, ანისის აღების შემდეგ დავით აღმაშენებელმა დააბრუნა ჯვარი მცხეთაში. მეორე ვერსია კი ჯვრის დაბრუნებას თამარ მეფის ასულის, რუსუდანის, სახელს უკავშირებს.

სიონის საკათედრო ტაძარი. თბილისი.მეფე ვახტანგ III‑მ ჯვრისთვის სპეციალური კიდობანი გააკეთებინა. კიდობანზე წმინდა ნინოს ცხოვრების სცენებია გამოსახული. XVII‑XVIII საუკუნეებში ჯვარი ჯერ ყაზბეგში ინახებოდა, მერე ანანურში. შემდეგ ნინოს ჯვარი მოსკოვში აღმოჩნდა. აქაც ორი ვერსია არსებობს. ერთის მიხედვით, ჯვარი მოსკოვში გორის მიტროპოლიტმა რომანოზმა ჩაიტანა 1740 წელს. მეორე ცნობით, მეფე არჩილმა წაიღო თან 1688 წელს. შემდეგ ჯვარი ნიჟეგოროდის გუბერნიაში გადაიტანეს. 1801 წელს კი რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე I მიართვეს საჩუქრად. 1802 წელს ალექსანდრეს ბრძანებით ჯვარი საქართველოში დააბრუნეს. ამ დროს საქართველო უკვე რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. მას მერე წმ. ნინოს ჯვარი თბილისში სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.