- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
გიორგი ბრწყინვალეს გარდაცვალების შემდეგ, 1346 წელს გაერთიანებული საქართველოს ტახტზე ადის გიორგის ვაჟი დავით IX ბაგრატიონი. მისი მეფობის შესახებ მწირი მონაცემები მოგვეპოვება. ცნობილია, რომ 1349‑50 წლებში საქართველოში შემოიჭრა ირანის მონღოლი ყაენი ანუშირვანი. საქართველო იძულებული გახდა დიდძალი ხარკი გადაეხადა მისთვის. საისტორიო წყაროების მიხედვით, ხარკის ოდენობა 400 000 დინარს შეადგენდა. 1356 წელს ქვეყანა დალაშქრა მელიქ აშრაფმა, თავრიზის ჩობანიდთა დინასტიის მმართველმა. ცნობილია ასევე, რომ 1348 წელს ქვეყანაში შავი ჭირის ეპიდემია გავრცელდა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. დავით IX გარდაიცვალა 1360 წელს. დაკრძალულია გელათის მონასტერში.
1360 წელს საქართველოს სამეფო ტახტს იკავებს დავით IX‑ის ვაჟი, ბაგრატ V ბაგრატიონი. ბაგრატ V საქართველოს მართავდა 1360‑1393 წლებში. საისტორიო წყაროები მას ბაგრატ V დიდის სახელით მოიხსენიებენ. ბაგრატს ჰყავდა ორი მეუღლე. პირველი — ელენე, 1366 წელს საქართველოში გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიის მსხვერპლი გახდა. მათ ორი ვაჟი, დავითი და კონსტანტინე დარჩათ. თავად ელენეს წარმომავლობის შესახებ ცნობები არ შემონახულა, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ იგი ტრაპიზონის იმპერატორის, ბასილი დიდი კომნენოსის ასული იყო. ელენეს გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატი მეორედ დაქორწინდა ტრაპიზონის იმპერატორის იოანე-ალექსი III‑ის ასულ ანაზე. ამ ქორწინებაში ბაგრატს მესამე ვაჟი დავითი გაუჩნდა.
კაცობრიობის ისტორიაში არცთუ ცოტა ისტორიული პიროვნებაა, რომელთა სახელიც შიშისმომგვრელია საუკუნეების შემდეგაც. მათ შორის ერთ-ერთი უდავოდ თემურ თემურიდთა იმპერიის დამაარსებელი. „ლენგი“ სპარსულად კოჭლს ნიშნავს. ლაშქრობის დროს თემური ფეხში დაჭრეს და დაკოჭლდა, ამიტომაც მას თემურ კოჭლს, ანუ თემურ ლენგს ეძახდნენ. მისი ევროპეიზებული სახელია — ტამერლანი. განუწყვეტელი დაპყრობითი ომების შედეგად თემურ ლენგმა მოახერხა უზარმაზარი იმპერიის შექმნა, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ირანი, ერაყი, ავღანეთი, ცენტრალური აზიის ნაწილი. თემური განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა დაპყრობითი ომების დროს. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, მისი ბრძანებით ააშენეს კოშკი, საშენ მასალად კი დახოცილთა თავის ქალები გამოიყენეს.
1386 წელს საქართველოს დიდი უბედურება დაატყდა თავს. ქვეყანას დიდძალი ლაშქრით თემურ ლენგი შემოესია. ეს იყო მისი პირველი გამოჩენა საქართველოში. თემურმა საქართველო რვაჯერ დალაშქრა. ბაგრატ V‑მ დიდი წინააღმდეგობა გაუწია დამპყრობელს, იგი თბილისში გამაგრდა. თემური უშუალოდ ხელმძღვანელობდა თბილისის წინააღმდეგ ბრძოლას. მან ქალაქს ალყა შემოარტყა და საბრძოლო მანქანებისა და ზარბაზნების გამოყენებით საბოლოოდ მოახერხა თბილისში შეჭრა. როგორც ყველგან, აქაც თემურის ლაშქარმა განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინა. გადაწვა თბილისი, დახოცა მოსახლეობა, გაიტაცა ძვირფასი ნივთები და თვით სამეფო ბიბლიოთეკაც. ბაგრატ V მეუღლითა და ვაჟიშვილით ტყვედ აიყვანა. ქალაქში საკუთარი ჯარი ჩააყენა და უკან გაბრუნდა. თემურმა ბაგრატს ქრისტიანობის უარყოფა და ისლამის მიღება მოსთხოვა. ბაგრატი ჯერ უარზე იყო, თუმცა მერე ტაქტიკური სვლა გამოიყენა და დათანხმდა. მან იცოდა, რომ თუ სარწმუნოებას არ შეიცვლიდა, თემური მას არ გაათავისუფლებდა და უმეფოდ დარჩენილი ქვეყანა უფრო მეტად დაზარალდებოდა. თემურმა გაათავისუფლა ბაგრატი, მეფედ ცნო და საქართველოში დიდძალი ლაშქარი გააყოლა, რათა მეფის მსგავსად, საქართველოც გამაჰმადიანებულიყო. ბაგრატ V-მ მოახერხა და საქართველოში თემურის ჯართან ერთად შემოსვლამდე საკუთარი შიკრიკი აფრინა შვილებთან. ბაგრატი სთხოვდა მათ ჯარით დახვედროდნენ. ასეც მოხდა, გიორგი ბატონიშვილი ჩაუსაფრდა თემურის ლაშქარს, მოულოდნელად დაესხა თავს, მამა ტყვეობიდან იხსნა და დამპყრობლებიც გარეკა.
თემური საშინლად განრისხდა და 1387 წელს მეორედ შემოესია საქართველოს. მართალია, ქართველები ელოდნენ თემურის ლაშქრობას და მოემზადნენ კიდეც — მოსახლეობა მთებში გახიზნეს, ციხესიმაგრეები და ქალაქები შეძლებისდაგვარად გაამაგრეს, მაგრამ მრავალრიცხოვანმა მტერმა მაინც მოახერხა ქართველების დამარცხება. თემურმა ამჯერად საქართველო მალე დატოვა, რადგან შუა აზიაში მოუწია დაბრუნება. სასტიკი დამპყრობელი 1394 წლამდე სხვა ომებით იყო დაკავებული.
1393 წელს გარდაიცვალა ბაგრატ V. საქართველოს ტახტზე ავიდა მისი ძე გიორგი VII ბაგრატიონი.
1394 წელს თემური ორჯერ შემოესია საქართველოს. ჯერ სამცხე-საათაბაგოს დაესხა თავს, მეორედ — არაგვის ხეობას.
1399 წლის შემოდგომაზე თემურის ლაშქარმა ჰერეთი და კახეთი მოაოხრა. საქმე ის იყო, რომ 1398 წელს სამხრეთ კავკასია აუჯანყდა თემურს, რომელიც ამ დროს ინდოეთთან ომობდა. აჯანყებულებთან კავშირი ჰქონდა გიორგი VII‑ს და დახმარებაც კი გაუწია მათ. როგორც კი აჯანყების შესახებ გაიგო, თემური ინდოეთიდან სამარყანდში დაბრუნდა. მან აჯანყებულების დასჯა დაიწყო, სასტიკად დაარბია კახეთი და ჰერეთი და ბოლოს, დიდძალი ნაძარცვით უკან გაბრუნდა.
1400 წელს თემურ ლენგმა მეექვსედ გამოილაშქრა საქართველოზე. გაზაფხულზე მოადგა ქვეყნის საზღვრებს და გიორგი VII‑ს ელჩის პირით სრული მორჩილება მოსთხოვა. ასევე მოითხოვა მის წინააღმდეგ მებრძოლი აჰმედ ჯალაირის ვაჟიშვილი — თაჰერი, რომელიც ქართველებმა გადაარჩინეს თემურის ტყვეობას. გიორგი VII‑მ სასტიკი უარი შეუთვალა თემურს. თემურის რისხვამაც არ დააყოვნა. იგი დიდძალი ლაშქრით შემოიჭრა საქართველოში. ბრძოლა გოგჩის ტბის (დღევანდელი სევანის ტბა) მახლობლად გაიმართა. ქართველებმა ვერ გაუძლეს მრავალრიცხოვანი მტრის ზეწოლას, უკან დაიხიეს და ქვემო ქართლში გამაგრდნენ. თემურის ლაშქარმა აქაც მოახერხა მათი დამარცხება. ბოლოს თბილისამდე მოვიდა და მისი აღებაც შეძლო. თემურს მეფე გიორგის დატყვევება სურდა, მაგრამ ვერ ჩაიგდო ხელთ. მეფე დასავლეთ საქართველოში გადავიდა. თემურ ლენგის ლაშქარი ქსნის ხეობისკენ დაიძრა და სასტიკად დაარბია ყველა და ყველაფერი, რაც კი გზად ხვდებოდა. ქსნის ხეობიდან ქართლში გადავიდნენ. დიდი ბრძოლა მოხდა გორის ციხის მიდამოებში. ქართველთა წინააღმდეგობის მიუხედავად, თემურმა ციხე აიღო. დასავლეთ საქართველოში გახიზნული მეფის დადევნება თემურმა ვერ გაბედა, სამაგიეროდ სამცხეს დაატყდა თავს. გადაწვა და დაარბია, რასაც კი მისწვდა. არავის და არაფერს არ ინდობდა. განსაკუთრებული სისასტიკით გადაწვა ქვათახევის მონასტერი და იქ შეფარებული მოსახლეობა, მონაზვნები ცეცხლში დაწვა. ბოლოს მცხეთაში შევარდა და სვეტიცხოველი დაარბია. თემურმა ტყვედ 60 ათასი კაცი წაიყვანა. გიორგი მეფე იძულებული გახდა ზავი დაედო თემურთან და ხარკზეც დათანხმდა. შემდეგ პირობა გატეხა და თემურმაც არ დააყოვნა — 1401 წელს კვლავ მოაოხრა საქართველო.
1403 წელს თემურ ლენგმა მერვედ ილაშქრა საქართველოზე. მეფე გიორგი ეცადა დიპლომატიური გზებით მოეგვარებინა კარს მომდგარი უბედურება. თემურს ელჩები გაუგზავნა, საჩუქრებიც აახლა. თემურმა არ ისურვა მოლაპარაკება და საჩუქრებიც კი არ მიიღო. მან გიორგის გამუსლიმება მოსთხოვა და ამის სანაცვლოდ შეწყალება აღუთქვა. მეფემ დროის გაყვანა სცადა, თუმცა არც ეს გამოუვიდა. თემური შემოიჭრა აღმოსავლეთ საქართველოში. შემდეგ გადაწყვიტა დასავლეთ საქართველოშიც გადასულიყო და მთელი საქართველო მოეოხრებინა. დასავლეთ საქართველოში გადასვლის დროს გზად თემურის ლაშქარმა შვიდასამდე სოფელი მოაოხრა, გააპარტახა ბაღები და ვენახები, გაწყვიტა მოსახლეობა, რომელმაც ვერ მოასწრო გახიზვნა. ქართველები წინააღმდეგობას უწევდნენ თემურ ლენგის ლაშქარს, რის გამოც ისინი ნელა მიიწევდნენ წინ. ამასობაში ზამთარი ახლოვდებოდა და თემურმა გადაიფიქრა დასავლეთ საქართველოსკენ გალაშქრება. თემურ ლენგმა და მეფე გიორგიმ ზავი დადეს. ზავის მიუხედავად, თემურმა თბილისი კიდევ ერთხელ დაარბია და სამარყანდისკენ გაემართა. 1405 წელს თემურ ლენგი გარდაიცვალა.
17 წლის განმავლობაში თემურ ლენგის მიერ რვაჯერ დალაშქრული საქართველო დაინგრა, გაპარტახდა და გაუბედურდა. მაგრამ ამ სისხლისმსმელმა დამპყრობელმა მაინც ვერ მოახერხა საქართველოს სრული განადგურება და ვერც მისი გამუსლიმება.
თემურ ლენგის გარდაცვალების შემდეგ გიორგი VII დაბრუნდა აღმოსავლეთ საქართველოში და დაიბრუნა თემურის მიერ დაპყრობილი ციხესიმაგრეები. გიორგი VII გარდაიცვალა 1407 წელს, დაკრძალულია სვეტიცხოველში.