Up


Warning: include(../resource/doneebi/doneebiLevel.txt): failed to open stream: No such file or directory in /var/www/html/lego/doneebiLevel.php on line 33

Warning: include(): Failed opening '../resource/doneebi/doneebiLevel.txt' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /var/www/html/lego/doneebiLevel.php on line 33

A1 ენის გასაღები

ენის ფლობის ყველაზე დაბალი დონე, რომლის ფარგლებში შემსწავლელს აქვს კითხვის, მოსმენისა და წერის ელემენტარული უნარი. მას ასევე შეუძლია ძალიან მარტივ საუბარში მონაწილეობა.

მოსმენა

შემსწავლელს შეუძლია ქართული მეტყველებიდან საერთაშორისო სიტყვების (მაგ., ოფისი, ინტერნეტი...) გაგება.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს გარკვევით და ნელა წარმოთქმული მარტივი ტექსტიდან ნაცნობი სიტყვები და მარტივი ფრაზები.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ყოველდღიურ მეტყველებაში ხშირად გამოყენებული გარკვევით ნათქვამი მარტივი ლექსიკური ერთეულები (მაგ., დიახ, არა, გამარჯობა, ნახვამდის, ბოდიში, გმადლობთ...).

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ნელა, გარკვევით და შიგადაშიგ პაუზებით წარმოთქმული მარტივი ტექსტი.

შემსწავლელს შეუძლია პიროვნების წარდგენისა თუ გაცნობის დროს ისეთი ინფორმაციის გაგება, როგორიცაა ადამიანის ვინაობა, ასაკი, ეროვნება, სადაურობა.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ზოგიერთი სიტყვა და გამოთქმა ნელი და მკაფიო საუბრიდან, თუ მისთვის ნაცნობი თემატიკაა (მაგ., ოჯახი, საქმიანობა).

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ქართულენოვანი მოსაუბრის მიერ მასზე, მის ოჯახსა თუ საქმიანობაზე ნელა და გარკვევით ნათქვამი მარტივი წინადადება.

შემსწავლელს შეუძლია იმ მარტივი შეკითხვების გაგება, რომლებსაც პირადად მას უსვამენ.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ყოფითი ლექსიკა, თუ თანამოსაუბრე ცდილობს, რომ გარკვევით და ნელა ელაპარაკოს.

შემსწავლელს შეუძლია დროის, ფასების, ძირითადი ფერების გაგება ყოველდღიურ სიტუაციებში (მაგ., მაღაზიაში, სადგურზე, აეროპორტში...).

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ნელა და მკაფიოდ წარმოთქმული მარტივი ინსტრუქციები, შეუძლია მიჰყვეს მისთვის ნათქვამ მოკლე მითითებებს.

კითხვა

შემსწავლელს შეუძლია ტექსტში ცალკეული სიტყვების გაგება.

შემსწავლელს შეუძლია საერთაშორისო სიტყვების შემცველი ძალიან მარტივი ტექსტის გაგება.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ბლანკი / სარეგისტრაციო ფორმა / კითხვარი, რომელიც ითხოვს ინფორმაციას მის შესახებ (მაგ., სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, ოჯახური მდგომარეობა...).

შემსწავლელს შეუძლია აბრებზე დაწერილი მიმანიშნებელი ინფორმაციის გაგება (მაგ., სადგური, პარკი, შესასვლელი, გასასვლელი, შესვენება, ღიაა, დაკეტილია...).

შემსწავლელს შეუძლია მარტივი ტექსტის მთავარი არსის გაგება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას დართული აქვს ილუსტრაციები.

შემსწავლელს შეუძლია წაიკითხოს აფიშებზე, პოსტერებსა და აბრებზე დაწერილი ზოგიერთი ინფორმაცია და გაიგოს მათი ზოგადი შინაარსი.

შემსწავლელს შეუძლია მოკლე, მარტივი შეტყობინების (მაგ., შეხვედრის დრო, ადგილი) გაგება.

შემსწავლელს შეუძლია წაიკითხოს მარტივი მოსაწვევი ბარათი და გაიგოს, თუ რისთვის, სად, როდის და რომელ საათზე იწვევენ (მაგ., დაბადების დღეზე, გამოფენაზე).

შემსწავლელს შეუძლია მისთვის საჭირო ღონისძიების შესახებ ძირითადი ინფორმაციის მოძიება პროგრამებში, პოსტერებზე, ინტერნეტში... და გაგება (მაგ., რა ღირს ბილეთი, სად და როდის ტარდება ღონისძიება და მისთ.).

შემსწავლელს შეუძლია ძალიან მოკლე მარტივი ტექსტის გაგება ნაცნობი სიტყვებისა და ძირითადი ფრაზების საშუალებით, თუ მას, საჭიროების შემთხვევაში, ექნება ტექსტის ხელახლა გადაკითხვის შესაძლებლობა.

ლაპარაკი

შემსწავლელს შეუძლია მარტივი სიტყვებით მისალმება, დამშვიდობება, თანხმობის, უარყოფის, თხოვნის, მობოდიშებისა თუ მადლიერების გამოხატვა (მაგ., გამარჯობა, ნახვამდის, დიახ, არა, ბოდიში, გთხოვთ, გმადლობთ...).

შემსწავლელს შეუძლია დაასახელოს მარტივი ციფრები.

შემსწავლელს შეუძლია მარტივად საუბარი თავის თავზე, თავისი ოჯახის შესახებ (მაგ., ვინ არიან მისი ოჯახის წევრები, მათი გარეგნობის მარტივად აღწერა…)

შემსწავლელს შეუძლია ახლობელი ადამიანების / საკუთარი საცხოვრებელი ადგილის, ასევე, საკუთარი საქმიანობის შესახებ მარტივად საუბარი.

შემსწავლელს შეუძლია მარტივი ენით ახსნას ნაცნობი ობიექტის ადგილმდებარეობა, მასთან მისასვლელი გზა და საშუალება.

შემსწავლელს შეუძლია შეიძინოს / შეუკვეთოს პროდუქტები, ნივთები (მაგ., საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, ბილეთი...)

შემსწავლელს შეუძლია პასუხის გაცემა მარტივ შეკითხვებზე მარტივი სიტყვებით, გამოთქმებითა და სტანდარტული წინადადებებით.

შემსწავლელს შეუძლია მარტივი შეკითხვების დასმა (მაგ., რა არის, ვინ არის ეს /ის?).

შემსწავლელს შეუძლია თავის წარდგენა, სხვისთვის შეკითხვის დასმა ვინაობასა და ასაკთან დაკავშირებით (მაგ., შეუძლია ჰკითხოს თანამოსაუბრეს, თუ ვინ არის და რა ჰქვია მას, რამდენი წლისაა?..).

შემსწავლელს შეუძლია ლაპარაკი თავისი დაბადების თარიღისა თუ ადგილის შესახებ და სხვისთვის კითხვის დასმა ანალოგიური ინფორმაციის მისაღებად.

შემსწავლელს შეუძლია თქვას, რა ფერისაა მისი ტანსაცმელი, ესა თუ ის ნივთი, ასევე, შეკითხვა დასვას ამა თუ იმ საგნის ფერის გასაგებად.

შემსწავლელს შეუძლია თქვას ასაკი, დრო და თარიღი (რიცხვი, დღე, თვე, წელი, სეზონი...) და დასვას შეკითხვები ამ თემებთან დაკავშირებით.

შემსწავლელს შეუძლია ძალიან მარტივ დიალოგში მონაწილეობა, თუ მოსაუბრე ელაპარაკება ნელა, გარკვევით; საჭიროებისამებრ უმეორებს ნათქვამს და ეხმარება პასუხის ფორმულირებაში.

წერა

შემსწავლელს შეუძლია ლექსიკონის, სახელმძღვანელოს, სავარჯიშო რვეულის დახმარებით რამდენიმე სიტყვისგან შემდგარი მარტივი წინადადების დაწერა.

შემსწავლელს შეუძლია ფოტოებზე / ნახატებზე აღბეჭდილი საგნის აღმნიშვნელი ძალიან მარტივი სიტყვების დაწერა (მაგ., ადამიანები, ცხოველები, ნივთები...).

შემსწავლელს შეუძლია ბლანკის, სასტუმროს სარეგისტრაციო ფორმის და მისთ. შევსება (სახელის, გვარის, ასაკის, ეროვნების, მისამართის... ჩაწერა).

შემსწავლელს შეუძლია მარტივად დაწეროს / უპასუხოს შეკითხვებს / თავად დასვას შეკითხვები ვინაობის, პროფესიის, საქმიანობის, საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

შემსწავლელს შეუძლია მარტივად აღწეროს საყოფაცხოვრებო ნივთები (მაგ., მანქანის ფერი, ზომა...), ნაცნობი სივრცე.

შემსწავლელს შეუძლია ძალიან მარტივი, მოკლე წინადადებებით დაწეროს ყოველდღიური ცხოვრების (მაგ., საქმიანობა, ოჯახი, ჰობი, ნაცნობები, დღის რეჟიმი...) შესახებ.

შემსწავლელს შეუძლია ძალიან მოკლე ტექსტის (მაგ., მისალოცი ბარათები, მარტივი სტანდარტული წერილები...) დაწერა მარტივი, ერთმანეთთან აზრობრივად დაკავშირებული წინადადებებით.

შემსწავლელს შეუძლია სამუშაო გეგმებისა და ვადების შესახებ მარტივი ჩანაწერების გაკეთება პირადი მიზნებისათვის.

შემსწავლელს შეუძლია მეგობრებს მისწეროს მოკლე, მარტივი შეტყობინება, რომელიც შეიცავს შეკითხვას ან ინფორმაციას.

A2 ენის საფუძველი

ეს არის ენის ფლობის დონე, როდესაც შემსწავლელს შეუძლია საუბარში უფრო აქტიური მონაწილეობა, თუმცა იგი კვლავ მწირად ფლობს გამოხატვის ფორმებს და სჭირდება თანამოსაუბრის დახმარება. ამ დონეზე შემსწავლელს უვითარდება მონოლოგის წარმართვისა და ყოველდღიურ ყოფით თემებზე საუბრის უნარი.

მოსმენა

შემსწავლელს შეუძლია ნელა და ძალიან გარკვევით ნათქვამ ტექსტში ხშირად ხმარებული სიტყვების, ცალკეული ფრაზებისა და მოკლე წინადადებების გაგება (მაგ., გამყიდველისა და მყიდველის დიალოგი...).

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ტექსტი, რომელიც მისთვის ნაცნობ თემებს (მაგ., ოჯახი, სწავლა, სამუშაო, თავისუფალი დრო...) ეხება.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს მოკლე, მარტივი შეტყობინებების/განცხადებების დედააზრი, თუ ტექსტი ნელა და გარკვევით არის ნათქვამი და მისთვის ნაცნობ თემებს ეხება.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს საუბარი, რომელიც ეხება რაიმე ნივთის მახასიათებლებს (მაგ., ფერს, ზომას, წონას, მოცულობას).

შემსწავლელს შეუძლია მარტივი მითითების გაგება იმის შესახებ, თუ როგორ მივიდეს (ფეხითა თუ ტრანსპორტით) მისთვის სასურველ ადგილამდე.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს მოკლე ტექსტის ძირითადი ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომლებიც მას აინტერესებს.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ძირითადი ინფორმაცია სპორტული ანგარიშის, რეკლამის, ამინდის პროგნოზის შესახებ, თუ საუბრობენ ნელა და გარკვევით.

შემსწავლელს შეუძლია მიხვდეს, თუ რას ეხება შემთხვევით გაგონილი საუბარი (მაღაზიაში/ ტრანსპორტში/ ბანკში).

შემსწავლელს შეუძლია ამოიცნოს მოსაუბრეების განწყობა (როგორ ხასიათზე არიან, როგორ გრძნობენ თავს − კარგად, ცუდად, მხნედ...).

შემსწავლელს შეუძლია ნელი და მკაფიო აუდიოჩანაწერებიდან იმ ძირითადი ინფორმაციის ამოკრება და გაგება, რომელიც ყოველდღიურ ამბებს ეხება.

კითხვა

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს მოკლე, მარტივი ტექსტისა თუ შეტყობინების ძირითადი არსი.

შემსწავლელს შეუძლია ცალკეული ფრაზებისა და ხშირად გამოყენებული სიტყვების გაგება, თუ ტექსტი მისთვის ნაცნობ/საინტერესო თემას ეხება.

შემსწავლელს შეუძლია მარტივი ტექსის სტრუქტურული კომპონენტების გამოყოფა (სათაური, წინადადება, აბზაცი...).

შემსწავლელს შეუძლია მისთვის საჭირო ადვილად მისახვედრი ინფორმაციის მოძიება განრიგში, ცხრილში, მენიუში, რეკლამაში, განცხადებაში, წიგნის სარჩევში, საძიებელში, ცნობარსა და მისი ძირითადი არსის გაგება.

შემსწავლელს შეუძლია წარწერების, აბრებისა და მინიშნებების (დირექტივები, ინსტრუქციები, გაფრთხილებები) გაგება (მაგ., ქუჩაში, პარკში, რესტორანში, რკინიგზის სადგურში, აეროპორტში, მეტროში, კინოთეატრში...).

შემსწავლელს შეუძლია ამა თუ იმ ღონისძიების შესახებ ძირითადი ინფორმაციის გაგება (მაგ., ღონისძიების მოსაწვევი, კინოთეატრის აფიშები, კონცერტების/ფესტივალების პროგრამა და განრიგი...).

შემსწავლელს შეუძლია ყოველდღიური მოხმარების საგნების ინსტრუქციების ძირითადი მითითებების გაგება, თუ ისინი შეიცავს მოკლე წინადადებებსა და ილუსტრაციებს (მაგ., უსაფრთხოების ინსტრუქციები მატარებელში, თვითმფრინავში...).

შემსწავლელს შეუძლია ნაცნობ თემაზე დაწერილი მარტივი სტანდარტული წერილების გაგება (მაგ., მოთხოვნა, დაკვეთა, დადასტურება...).

შემსწავლელს შეუძლია მისთვის საინტერესო ან საყოფაცხოვრებო თემებზე თხრობითი ხასიათის მცირე ზომის, მარტივი მხატვრული ტექსტის ძირითადი შინაარსის გაგება, თუ ტექსტს მკაფიო და ლოგიკური სტრუქტურა აქვს.

შემსწავლელს შეუძლია კონკრეტული ინფორმაციის გამოყოფა მიმდინარე მოვლენების ამსახველ მარტივ ტექსტებში.

ლაპარაკი

შემსწავლელს შეუძლია მოკლედ ისაუბროს საკუთარ თავზე (მაგ., ვინაობა, მისამართი, ტელეფონის ნომერი, საიდან არის, სად მუშაობს...), საკუთარ ოჯახზე (მაგ., ვინ არიან მისი ოჯახის წევრები, რა ასაკისა და პროფესიის არიან ისინი და ა.შ.).

შემსწავლელს შეუძლია თქვას, რა არის მისი ჰობი (მაგ., სიმღერა, ცეკვა, ხატვა, ცურვა, ფეხბურთი...), ისაუბროს რომელიმე მუსიკალური ჯგუფის, სამხატვრო სტუდიის, სპორტული გუნდის… შესახებ.

შემსწავლელს შეუძლია თქვას და მარტივად დაასაბუთოს რა უყვარს / მოსწონს ან არ უყვარს / არ მოსწონს; ასევე გადმოსცეს, თუ სად (მაგ., სოფელში, ქალაქში, ზღვაზე, მთაში...) ურჩევნია ყოფნა.

შემსწავლელს შეუძლია მარტივი სიტყვებით გადმოსცეს საკუთარი ფიზიკური თუ სულიერი მდგომარეობა, მოკლედ და მარტივად ილაპარაკოს რაიმე მოვლენის, ფაქტის (მაგ., წვეულების, ექსკურსიის, გაკვეთილის...) შესახებ ამ მოვლენებისა და ფაქტების თანამიმდევრობის დაცვით და მარტივად გამოხატოს მასთან დაკავშირებული ემოციები.

შემსწავლელს შეუძლია მოკლედ ილაპარაკოს თავისი გეგმებისა (რას აპირებს კვირის ბოლოს / არდადეგებზე...) და იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავენ დღესასწაულებს მის ქვეყანაში.

შემსწავლელს შეუძლია მიპატიჟებაზე დათანხმება / უარის თქმა. მას ასევე შეუძლია მობოდიშება, მობოდიშებაზე სტანდარტული პასუხი და თავაზიანი თხოვნა გაუგებარი სიტყვის / წინადადების გამეორებაზე.

შემსწავლელს შეუძლია ყოველდღიურ პრაქტიკულ საკითხებზე მარტივად საუბარი, როდესაც უშუალოდ მას მიმართავენ და ესაუბრებიან ნელა და მკაფიოდ.

შემსწავლელს შეუძლია მარტივი შეკითხვების დასმა თავაზიანი ფორმების გამოყენებით.

შემსწავლელს შეუძლია სხვებს მოუთხროს თავისი საქმიანობის შესახებ, დასვას შეკითხვა თანამოსაუბრის საქმიანობასთან დაკავშირებით და უპასუხოს მისთვის დასმულ ანალოგიურ შეკითხვებს.

შემსწავლელს შეუძლია მოითხოვოს მომსახურება (მაგ., მაღაზიაში, ბანკში...), მიიღოს და გასცეს მარტივი ინფორმაცია (ყიდვა-გაყიდვის, მგზავრობის... შესახებ).

შემსწავლელს შეუძლია მოკლე სატელეფონო საუბრის წარმართვა (მაგ., შეხვედრის ადგილის დანიშვნა...).

შემსწავლელს შეუძლია ითხოვოს დახმარება (მაგ., მარშრუტის ჩვენება გეგმაზე ან რუკაზე...) და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, როცა მას სთხოვენ დახმარებას.

შემსწავლელს შეუძლია ჩაერთოს ნაცნობი თემატიკის განხილვის პროცესში (შესაძლოა, ინტერვიუს ფორმით), თუ საჭიროების დროს განუმარტავენ გარკვეულ სიტყვებს / გამოთქმებს / ფრაზებს... ან ეხმარებიან თავისი სათქმელის ფორმულირებაში.

შემსწავლელს შეუძლია სტანდარტული ფრაზებით ჩაერთოს ოფიციალურ მსჯელობაში, თუ საუბარი მის პროფესიულ საქმიანობას ეხება და მოსაუბრეები მეტყველებენ მკაფიოდ და ნელა. მას ასევე შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა ამა თუ იმ საკითხზე, როდესაც უშუალოდ მას მიმართავენ და საჭიროებისამებრ იმეორებენ საკვანძო მომენტებს.

შემსწავლელს შეუძლია სხვადასხვა საკითხზე სტანდარტული რეპლიკებით შეკამათება და თავისი პოზიციის წარმოჩენა.

წერა

შემსწავლელს შეუძლია თავისი ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის შესახებ მოკლე მარტივი ჩანაწერების გაკეთება / ანკეტის შევსება განათლების, ინტერესების, სპეციალური ცოდნის / უნარების შესახებ.

შემსწავლელს შეუძლია შეადგინოს სამუშაო გეგმა კვირის დღეებისა და თარიღების მითითებით. მას ასევე შეუძლია მარტივად ჩაწეროს თავის გეგმაში, როდის რა ისწავლა და კიდევ რა აქვს სასწავლი.

შემსწავლელს შეუძლია მოკლე, მარტივი წინადადებებით მისთვის ნაცნობი საგნების, ადგილების... აღწერა.

შემსწავლელს შეუძლია მარტივი სიტყვებით დაწეროს საკუთარი საქმიანობის (მაგ., სწავლის, სამსახურის, სპორტისა თუ თავისუფალი დროის...) შესახებ.

შემსწავლელს შეუძლია მარტივი ფრაზებისა და წინადადებების დაწერა ხშირად გამოყენებული კავშირებით (მაგ., და, მაგრამ, იმიტომ, რომ).

შემსწავლელს შეუძლია ახლობელს მისწეროს მარტივი შინაარსის მოსაწვევი ბარათი და წერილობით უპასუხოს მოწვევას; მარტივი სიტყვებით დაეთანხმოს / არ დაეთანხმოს მოწვევას; მისწეროს, რომ არ / ვერ ახერხებს შეხვედრაზე წასვლას / აგვიანდება / ავად არის / სხვა საქმით არის დაკავებული / გამოხატოს მადლიერება…

შემსწავლელს შეუძლია ნაცნობებსა და მეგობრებს წერილობით მისცეს საჭირო მარტივი ინფორმაცია / რჩევა (მაგ., ამა თუ იმ ნივთის ფასის შესახებ სხვადასხვა მაღაზიაში, რომელი სპორტული კლუბი / საცურაო აუზი /სილამაზის სალონი... ჯობს).

შემსწავლელს შეუძლია მოკლე წინადადებებით დაწეროს, თუ რა უყვარს/მოსწონს... არ უყვარს / არ მოსწონს.

შემსწავლელს შეუძლია მარტივი, ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული წინადადებებით აღწეროს რაიმე მოვლენა, როდის და რა ვითარებაში მოხდა იგი.

შემსწავლელს შეუძლია ნაცნობი თემების შესახებ მარტივი ტექსტების შედგენა, საკუთარი აზრის წერილობით ჩამოყალიბება, მარტივი ისტორიის მოყოლა (მაგ., ლამაზად გატარებული არდადეგების ან მომავალი მოგზაურობის, საქმიანობის შესახებ).

შემსწავლელს შეუძლია მარტივი განცხადების დაწერა, მისთვის საინტერესო / საჭირო განცხადებაზე რეაგირება, პირადი თუ ზოგადი ხასიათის, ყოველდღიურობასთან დაკავშირებული მოკლე წერილობითი ინფორმაციის შექმნა.

B1 ზღვრული დონე

ეს დონე ხასიათდება ორი განსხვავებული ნიშნით. სახელდობრ, შემსწავლელს შეუძლია:დიალოგის წარმართვა მთელ რიგ განსხვავებულ სიტუაციებში; ყოველდღიური ცხოვრებისეული ამოცანების დაძლევა, რამდენადაც მას უვითარდება სხვადასხვა მოცულობის ინფორმაციის გაცვლის უნარი. ზღვრული დონე უმეტესად უცხო ქვეყანაში მოკლე დროით ჩამსვლელებისათვისაა გათვალისწინებული.

მოსმენა

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს საუბარი, როდესაც ელაპარაკებიან ნელა და გარკვევით ყოველდღიურობაზე, თუმცა, ზოგ შემთხვევაში მან შეიძლება სთხოვოს მოსაუბრეს, რომ გაუმეოროს ან განუმარტოს ესა თუ ის სიტყვა, ფრაზა, წინადადება.

შემსწავლელს შეუძლია იმ მარტივი საინფორმაციო შეტყობინებების გაგება, რომლებიც ეხება მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ საკითხებს; ამასთანავე, შეუძლია გამოყოს მათში ძირითადი აზრი და კონკრეტული დეტალები იმ შემთხვევაში, თუ მეტყველება არის მკაფიო ან მისთვის უკვე ნაცნობი.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ისეთი დისკუსიის ძირითადი შინაარსი, რომელიც ეხება ყოველდღიურ ცხოვრებას ან/და მისთვის ნაცნობ თემებს იმ შემთხვევაში, თუ ეს დისკუსია არ მიმდინარეობს სწრაფად და არასალიტერატურო ენით.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს დეტალური მითითებები (მაგ., ფიტნესინსტრუქტორის), რჩევები (მაგ., რომელი საინტერესო ადგილები მოინახულოს უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას), რეცეპტები (მაგ., საჭმლის მომზადების).

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს მისთვის საინტერესო სატელევიზიო და რადიოგადაცემების (მაგ., ინტერვიუები, ახალი ამბები, ბუნების დაცვა, ცხოველთა სამყარო, სპორტული მიმოხილვა, კინოვარსკვლავები, რეკლამები...) მთავარი არსი და მნიშვნელოვანი დეტალები, თუ ტექსტი გადმოიცემა სალიტერატურო ენით, ნელა და გარკვევით.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს მარტივი პრეზენტაციებისა და მოხსენებების შინაარსი, თუ ისინი მისთვის ნაცნობ თემებს ეხება.

შემსწავლელს შეუძლია თავის პროფესიულ თემატიკასთან დაკავშირებული მარტივი და მკაფიო სტრუქტურის მქონე ლექციის / მოხსენების გაგება, თუ საუბრის საგანი მისთვის ნაცნობია.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს მარტივი ტექნიკური ინსტრუქციები (მაგ., როგორ გამოიყენება ესა თუ ის ხელსაწყო).

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს მარტივი ინფორმაციის დეტალები (მაგ., როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრში...).

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ქართულენოვანი მოსაუბრეების დიალოგი, თუ ისინი ლაპარაკობენ გარკვევით და მკაფიოდ.

კითხვა

შემსწავლელს შეუძლია სრულყოფილად გაიგოს ისეთი მარტივი ტექსტი, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ მასალას მისთვის საინტერესო თემაზე.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს აქტუალურ თემებზე დაწერილი სტატიები (მაგ., ბუნების დაცვა, კულტურული ქრონიკა, მშენებლობა...), ინტერვიუები.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს განცხადებების შინაარსი იმ შემთხვევაში, თუ არ ხვდება რთული აბრევიატურები.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს პირადი წერილები, რომლებიც ეხება სხვადასხვა ურთიერთობას, გრძნობებსა და ემოციებს.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს საკვების შეფუთვაზე დაწერილი ინფორმაცია (მაგ., საკვების შემადგენლობა, მომზადების წესი...).

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს სხვადასხვა სახის მოკლე ინსტრუქცია (მაგ., ელექტროხელსაწყოების, ტელეფონის, ბანკომატის...), მარტივი ენით დაწერილი უსაფრთხოების წესები, რომლებიც განთავსებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ ელექტრომოწყობილობებზე.

შემსწავლელს შეუძლია წაიკითხოს წამლების ინსტრუქცია და გაიგოს მისთვის საჭირო ძირითადი მითითებები.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს მოკლე ტექსტები მისთვის ნაცნობ თემებზე, რომლებშიც გამოთქმულია განსხვავებული მოსაზრებები (მაგ., მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებული პოლემიკა).

შემსწავლელს შეუძლია ვრცელ ტექსტებში თვალის გადავლებით იპოვოს საჭირო ინფორმაცია / შეკრიბოს ინფორმაცია ტექსტის სხვადასხვა ნაწილიდან ან სხვადასხვა ტექსტიდან.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს განსახილველი საკითხების მთავარი არსი, თუმცა, შესაძლოა ყოველთვის ვერ ჩასწვდეს დეტალებს.

ლაპარაკი

შემსწავლელს შეუძლია მოუმზადებლად ჩაერთოს ისეთ საუბარში, რომელიც ყოველდღიურობას, საყოფაცხოვრებო თემებსა და მისი პირადი ინტერესის სფეროს ეხება (მაგ., მიმდინარე პროცესები, საყიდლების ღირებულება, გაიაფება, გაძვირება, ფასდაკლება, ნივთების მოხმარების წესები, საყვარელი მუსიკალური ჯგუფები / მსახიობები / ფილმები / წიგნები...) და გამოთქვას საკუთარი აზრი.

შემსწავლელს შეუძლია არა მარტო მოყვეს რამე ამბავს, ფილმისა თუ წიგნის შინაარსს, არამედ მასთან დაკავშირებით გადმოსცეს საკუთარი მოსაზრებები. მას ასევე შეუძლია ისაუბროს ამა თუ იმ მოვლენის, შთაბეჭდილების, დაინტერესების / დაუინტერესებლობის, ემოციის (გაკვირვება, სიხარული, სევდა და მისთ.) შესახებ.

შემსწავლელს შეუძლია თანამიმდევრულად და მნიშვნელოვანი ნიუანსების გათვალისწინებით გადმოსცეს ისეთი მოვლენა თუ ფაქტი (მაგ., დაჯილდოების ცერემონია, საგზაო შემთხვევა...), რომელსაც თვითონ შეესწრო.

შემსწავლელს შეუძლია ახლობლებთან მარტივი სატელეფონო საუბრის (მაგ., საერთო ინტერესების, პირადი ცხოვრების შესახებ) წარმართვა.

შემსწავლელს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობა და საკუთარი აზრის, შთაბეჭდილებებისა თუ განცდების მოკლედ გადმოცემა, ახსნა, დასაბუთება. მას ასევე შეუძლია თითქმის სპონტანურად დაუსვას მოსაუბრეს შეკითხვები.

შემსწავლელს შეუძლია დიდი რაოდენობით ფაქტობრივი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ისეთ ნაცნობ და შედარებით იშვიათ თემებზე, რომლებიც მისი საქმიანობის სფეროს ეხება.

შემსწავლელს შეუძლია მოკლე მოთხრობის, სტატიის, დისკუსიის, ინტერვიუს ან დოკუმენტური ფილმის რეზიუმირება, მათ შესახებ საკუთარი მოსაზრების გადმოცემა და დასმულ შეკითხვებზე დეტალური პასუხების გაცემა.

შემსწავლელს შეუძლია ნაცნობ თემებზე წინასწარ მომზადებული მოხსენებისა თუ პრეზენტაციის იმდენად კარგად წარმართვა, რომ მისი აზრის გაგება სრულიად თავისუფლად იყოს შესაძლებელი; თუმცა, თუ შემსწავლელის საჯარო გამოსვლა წინასწარ არაა მომზადებული, შეიძლება რამდენადმე გაუგებარი დარჩეს მისი ნათქვამის არსი / აზრის სიზუსტე.

შემსწავლელს შეუძლია სხვისი ნათქვამის გაგება, მაგრამ, თუ მოსაუბრე ლაპარაკობს სწრაფად და ხანგრძლივად, სჭირდება, რომ გაამეორებინოს ან ხელახლა აახსნევინოს ნათქვამი. მას შეუძლია მოსაუბრეთა თვალსაზრისებზე კომენტარების გაკეთება.

შემსწავლელს შეუძლია ეტიკეტის გათვალისწინებით გამოთქვას თავისი თვალსაზრისი, დამოკიდებულება, რწმენა, გამოხატოს თანხმობა ან არ დაეთანხმოს მოსაუბრეს... მას ასევე შეუძლია გამოთქვას პრეტენზია (მაგ., მაღაზიაში რაიმე ნივთის წუნის აღმოჩენის შემთხვევაში...).

შემსწავლელს შეუძლია თანამოსაუბრეს მისცეს დეტალური მითითებები და რჩევები (მაგ., ტანსაცმლის, ტექნიკის და მისთ. საყიდლად, შესარჩევად; საჭმლის მოსამზადებლად; შინაური ცხოველის მოვლისთვის; თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ამა თუ იმ ქვეყანაში...).

შემსწავლელს შეუძლია მოკლე ინტერვიუს ჩამორთმევა, თუ კითხვები წინასწარ აქვს მომზადებული; მას ასევე შეუძლია დამატებითი შეკითხვების დასმა ხანგრძლივი დაფიქრების გარეშე. შემსწავლელს აქვს უნარი, ინტერვიუს მიმდინარეობისას აიღოს ინიციატივა (მაგ., ახალი თემის დაწყება), თუმცა დამოკიდებულია ინტერვიუერზე.

შემსწავლელი საკმაოდ კარგად იყენებს სტანდარტულ კონსტრუქციებს საუბრისას, რომელიც ეხება მის პროფესიულ საქმიანობას. მას ასევე შეუძლია მრავალფეროვანი მარტივი ენობრივი საშუალებებით სხვადასხვა სიტუაციის დაძლევა.

შემსწავლელს შეუძლია კონკრეტული, მაგრამ ზოგჯერ არაზუსტი, ინფორმაციის გაცემა (მაგ., ექიმისთვის ავადმყოფობის სიმპტომების აღწერა...).

შემსწავლელი ნაცნობ სიტუაციებში აზრს აყალიბებს საკმაოდ ზუსტად, თუმცა ემჩნევა მშობლიური ენის გავლენა. იგი ზოგჯერ უშვებს შეცდომებს, მაგრამ მისი საუბრის ზოგადი აზრი სავსებით ნათელია.

წერა

შემსწავლელს შეუძლია მოსმენის დროს ჩაინიშნოს, ჩაიწეროს მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შემსწავლელს შეუძლია წერილობითი ფორმით აზრის თანამიმდევრულად ჩამოყალიბება მისთვის საინტერესო ან/და ნაცნობ თემებზე (მაგ., საინტერესო ადგილების, პროფესიული გამოცდილებისა და საქმიანი შეხვედრის შესახებ).

შემსწავლელს შეუძლია ფორმითა და შინაარსით სტანდარტული, ძალიან მოკლე, ინფორმაციული ხასიათის თემის წერა ყოველდღიურობასა და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

შემსწავლელს შეუძლია შეკრებილი ფაქტობრივი ინფორმაციის შეჯამება და საკუთარი აზრის დამაჯერებლად ჩამოყალიბება იმ შემთხვევაშიც კი, თუ თემა არ ეხება ყოველდღიურ საკითხებს.

შემსწავლელს შეუძლია პირადი წერილის დაწერა მნიშვნელოვანი მოვლენის ან საკუთარი ემოციების (მაგ., მოგზაურობის შთაბეჭდილება, საინფორმაციო ხასიათის ახალი ამბები, მეგობრებთან ურთიერთობა...) შესახებ.

შემსწავლელს შეუძლია მარტივი ენობრივი საშუალებებით თანამიმდევრული ტექსტის (ამბავი / მოვლენა / გამოცდილება) ჩამოყალიბება.

შემსწავლელს შეუძლია წერილობითი რეაგირება მისთვის საინტერესო განცხადებაზე (მაგ., სასწავლო კურსები, არდადეგები, ბილეთის, სასტუმროს დაჯავშნა...).

შემსწავლელს შეუძლია გარკვევით აღწეროს მისთვის საინტერესო მოვლენები ან საგნები (მაგ., უნივერსიტეტის დამთავრება, მუშაობის დაწყება, თანამედროვე მოდა, სპორტის რომელიმე სახეობა, თავისი ან სხვისი ბინა / სახლი / აგარაკი...).

შემსწავლელს შეუძლია წარმოაჩინოს საგნების, მოვლენების დადებითი და უარყოფითი მხარეები და დაასაბუთოს საკუთარი აზრი მარტივი ენობრივი საშუალებებით.

შემსწავლელს შეუძლია მისთვის ნაცნობი ან საინტერესო საკითხების დაწვრილებით აღწერა მარტივი ენით, საჭირო ინფორმაციის წერილობით მოთხოვნა და ასევე ამ მიზნით კითხვარის შედგენა / შეკითხვების მომზადება.

შემსწავლელს შეუძლია ავტობიოგრაფიის დაწერა.

B2 ზღვრული განვითარებული დონე

ამ დონეზე შემსწავლელს თავისუფლად შეუძლია: კომუნიკაციის დამყარება; ბუნებრივი, ძალდაუტანებელი საუბრის წარმართვა; დაწვრილებით გაგება ყველაფერი იმისა, რასაც სალიტერატურო ენით ეუბნებიან, თუნდაც ხმაური უშლიდეს ხელს. ენის ცოდნის ამ საფეხურზე, შემსწავლელს შეუძლია გაუგებრობის გამომწვევი შეცდომების გასწორება, მას უვითარდება არგუმენტირებული დისკუსიისა და საქმიანი საუბრის წარმართვის ჩვევები.

მოსმენა

შემსწავლელს შეუძლია ქართული სალიტერტურო ენის ნორმების დაცვით წარმართული სასაუბრო მეტყველების (ცოცხალი თუ ჩანაწერი) გაგება ნაცნობ თუ უცნობ თემებზე, პირად, საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო და პროფესიულ სფეროებში ურთიერთობისას. მხოლოდ ძლიერ ფონურ ხმაურს / არასწორად აგებულ დისკურსს / რთულ იდიომატურ გამოთქმათა გამოყენებას შეუძლია იქონიოს გავლენა ნათქვამის გაგებაზე.

შემსწავლელს შეუძლია ძირითადად ყველაფერი გაიგოს აქტუალურ თემებზე სალიტერატურო ენით გადმოცემული სატელევიზიო რეპორტაჟებიდან, პირდაპირი ჩართვებიდან თუ ტოქშოუებიდან.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ხანგრძლივი საუბარი მისთვის ნაწილობრივ ნაცნობ თემებზე. მას ასევე შეუძლია გაიგოს ყველა ინფორმაცია და ახალი ამბავი მიმდინარე მოვლენებზე.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ჩვეულებრივი ტემპით წარმოთქმული განცხადება, რომელიც ეხება აბსტრაქტულ თუ კონკრეტულ თემებს.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ის მოხსენებები, რომლებიც ეხება თანამედროვე პრობლემებს და რომელთა ავტორებიც გამოთქვამენ ახალ მოსაზრებებს ან აქვთ განსხვავებული პოზიცია.

შემსწავლელს შეუძლია მიჰყვეს საკმაოდ გრძელ გამოსვლას / მოხსენებას / კომპლექსურ არგუმენტირებას, თუ თემა ასე თუ ისე ნაცნობია და მოხსენების სტრუქტურა მკაფიოდაა გამოხატული.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ფილმების პერსონაჟების საუბარი, თუ ისინი სალიტერატურო ენით მეტყველებენ.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს მისთვის საინტერესო საგნების (მაგ., კომპიუტერის, ტელეფონის, ავტომობილის...) ტექნიკური მახასიათებლებისა თუ ფუნქციების დაწვრილებითი განმარტება.

შემსწავლელს შეუძლია ამოიცნოს მოსაუბრის ტონი (საყვედურისა თუ მადლიერების...) და განწყობა (კარგი, ამაღლებული, ცუდი...), ზოგ შემთხვევაში გაიგოს ენობრივი იუმორი.

შემსწავლელს შეუძლია გარკვეული ძალისხმევის შედეგად გაიგოს მისი თანდასწრებით მიმდინარე ქართულენოვანი მოსაუბრეების მსჯელობის მნიშვნელოვანი ნაწილი; სირთულეს აწყდება მაშინ, თუ მათ საუბარში უნდა ჩაერთოს და ისინი კი თავიანთი მეტყველების სტილს არ ცვლიან.

კითხვა

შემსწავლელს შეუძლია თავის მიზნებსა და ტექსტის სტილს მიუსადაგოს კითხვის სტრატეგია და სისწრაფე, სათანადოდ აირჩიოს და გამოიყენოს დამოწმებული წყაროები; ამ დონეზე იგი ფლობს ლექსიკის მრავალფეროვან მარაგს. მცირე შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს იშვიათად ხმარებულმა იდიომატურმა გამოთქმებმა.

შემსწავლელს შეუძლია წაიკითხოს მისი საქმიანობის სფეროსა თუ ინტერესებთან დაკავშირებული ვრცელი კორესპონდენცია, ამოიცნოს ძირითადი აზრი და ზოგჯერ დეტალებიც.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ის სტატიები, რომლებიც ეხება თანამედროვე პრობლემებს და რომელთა ავტორებიც გამოთქვამენ ახალ მოსაზრებებს ან აქვთ განსხვავებული პოზიცია.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს აქტუალურ თემებზე დაწერილი სტატიები, სხვადასხვა ტიპის ტექსტები და გაიზიაროს / არ გაიზიაროს ავტორის პოზიცია.

შემსწავლელს შეუძლია სწრაფად გაერკვეს პროფესიული ხასიათის ფართო სპექტრის სტატიის შინაარსსა და აქტუალურობაში.

შემსწავლელს შეუძლია თვალი გადაავლოს დიდი მოცულობის რთულ ტექსტს და გამოყოს მნიშვნელოვანი დეტალები.

შემსწავლელს შეუძლია კომპლექსური და გრძელი ტექსტების სწრაფად გადაკითხვა მისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიების მიზნით.

შემსწავლელს შეუძლია წაიკითხოს და დეტალურად გაიგოს სხვადასხვა ხასიათისა და ტიპის ვრცელი ტექსტი (მაგ., სახელმძღვანელო, რომანი...), საჭიროებისამებრ, გამოიყენოს ლექსიკონი.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს სპეციალური სტატიები, რომლებიც სცილდება მისი საქმიანობის სფეროს, იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ლექსიკონის გამოყენების საშუალება ამა თუ იმ ტერმინის / პოლისემიური სიტყვის რომელიმე მნიშვნელობის დასაზუსტებლად.

შემსწავლელს შეუძლია მისი საქმიანობის ფარგლებში რთული ინსტრუქციების გაგება, რომლებიც შეიცავს დეტალურ აღწერილობას მოწყობილობის მოხმარებისა და უსაფრთხოების შესახებ, თუ აქვს ამ ინსტრუქციის განმეორებით გადაკითხვის საშუალება.

ლაპარაკი

შემსწავლელს შეუძლია ჩაერთოს საკმაოდ ვრცელ საუბარში თითქმის ყველა თემაზე ზოგადი ინტერესების სფეროდან; ბუნებრივად და დაუბრკოლებლად მიიღოს მონაწილეობა ხმაურიან გარემოში მიმდინარე საუბარშიც კი; შეუძლია ქართულენოვან თანამოსაუბრესთან ილაპარაკოს იმდენად გამართულად, რომ არ გამოიწვიოს გაუგებრობა / უნებლიე დაცინვა.

შემსწავლელმა შესაძლოა წინადადების აგებისას დაუშვას უმნიშვნელო ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრა თვითონვე შეუძლია. იგი არ უშვებს ისეთ შეცდომებს, რომლებიც ამახინჯებს გამონათქვამის აზრს. ზოგადად, მისი მეტყველება ხასიათდება გრამატიკული სიზუსტის მაღალი დონით. შეუძლია გადმოსცეს სხვადასხვა ხარისხის ემოცია.

შემსწავლელს შეუძლია თანამიმდევრულად და დაწვრილებით გადმოსცეს ესა თუ ის ამბავი ან პირადი განცდები, ისაუბროს შთაბეჭდილებებზე, გრძნობებზე, გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები.

შემსწავლელს შეუძლია პრობლემის კრიტიკულად აღწერა და პრობლემური სიტუაციიდან გამოსვლის დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩამოთვლა.

შემსწავლელს შეუძლია დეტალურად გადმოსცეს საკუთარი პროფესიული გამოცდილება; შეუძლია რთულ დიალოგში მონაწილეობა, ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიღება და გაცემა პროფესიული საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით; შეუძლია დაწვრილებით აღწეროს ნიუანსები და ფაქტობრივი მასალები შეადაროს ერთმანეთს.

შემსწავლელს შეუძლია ადვილად მიჰყვეს ქართულენოვან მოსაუბრეთა ემოციურ საუბარს; შეუძლია ზუსტად გადმოსცეს და დამაჯერებლად დაასაბუთოს საკუთარი აზრები და შეხედულებები რთულ თემებზე.

შემსწავლელს შეუძლია საუბრის დაწყება, აზრის გამოთქმა, საუბრის პროცესში შეკითხვების დასმა და საუბრის დასრულება; შეუძლია ინტერვიუს თავისუფლად წარმართვა წინასწარ დასახული გეგმიდან გადახვევის შემთხვევაშიც კი.

შემსწავლელს შეუძლია დისკუსიის დროს არგუმენტების, ახსნა-განმარტებებისა და კომენტარების საშუალებით საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა, დასაბუთება და დამტკიცება; ალტერნატიული შეხედულებების შეფასება; მას ასევე შეუძლია რეაგირება სხვათა არგუმენტებზე.

შემსწავლელს შეუძლია, მოხსენების წარდგენისას უპასუხოს ამ მოხსენების შესახებ დასმულ შეკითხვებს; ამასთანავე, ისე თავისუფლად ისაუბროს, რომ მსმენელს არ შეექმნას დაბრკოლება მისი ნათქვამის გაგებაში.

შემსწავლელს შეუძლია წარმატებით გაართვას თავი ისეთ სიტუაციებს (მაგ., დაჯარიმება, სასამართლოსთან ურთიერთობა, საგზაო შემთხვევები...), რომლებიც მისგან მოითხოვს სპონტანურ ენობრივ რეაგირებას.

წერა

შემსწავლელს შეუძლია მისთვის საინტერესო, აქტუალურ თემებზე ტექსტის (მაგ., ბუნებისა და ცხოველთა დაცვა, მსოფლიოს ახალი ამბები...) დაწერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის წინ წამოწევით.

შემსწავლელს შეუძლია ჰქონდეს აქტიური მიმოწერა სხვადასხვა თემაზე; შეუძლია წერილებში სხვადასხვა ემოციის გამოხატვა, პირად ინტერესებზე ხაზგასმა, კომენტარების გაკეთება იმ ადამიანის თვალსაზრისთან დაკავშირებით, რომელთანაც აქვს მიმოწერა.

შემსწავლელს შეუძლია ისეთი ტექსტის დაწერა, რომელშიც დეტალურად იქნება წარმოჩენილი მისი გამოცდილება, სხვადასხვა მოსაზრება, ემოცია.

შემსწავლელს შეუძლია კარგად ჩამოყალიბებული, დეტალური ტექსტის დაწერა წაკითხული ან მოსმენილი ინფორმაციის საფუძველზე.

შემსწავლელს შეუძლია ფილმის, წიგნის, ან სპექტაკლის შინაარსის დაწერა.

შემსწავლელს შეუძლია რაიმე ისტორიის (მაგ., მოგზაურობის ისტორია, კრიმინალური ან ფანტასტიკური ამბავი...) ვრცლად, ნათლად და ზუსტად ჩამოყალიბება.

შემსწავლელს შეუძლია არაერთი საინტერესო თემის შესახებ დეტალური ტექსტის დაწერა, სხვადასხვა პოზიციის ასახვა და ერთმანეთთან შედარება, საკუთარი აზრის მკაფიოდ გამოხატვა.

შემსწავლელს შეუძლია პრობლემის არსის გადმოცემა, სისტემურად წარმოჩენა, მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევა და წერილობითი დისკუსიის გამართვა.

შემსწავლელს შეუძლია წერილობით ტექსტებში დამოკიდებულებაზე, მიზეზებსა და შედეგებზე ვარაუდების გამოთქმა.

შემსწავლელს შეუძლია სხვადასხვა წყაროდან მომდინარე ინფორმაციისა და არგუმენტების შეფასება და განზოგადებული ტექსტის დაწერა.

შემსწავლელს შეუძლია ისეთი მოხსენების/სტატიის დაწერა, რომელშიც მტკიცებულებები წარმოჩენილია სისტემურად, ხაზგასმულია ძირითადი მომენტები და ისეთი დეტალები, რომლებიც აძლიერებს მოხსენებაში წარმოდგენილ თვალსაზრისს.

C1 პროფესიონალური დონე

ამ დონეზე შემსწავლელი ფლობს ენობრივ საშუალებათა ფართო სპექტრს და შეუძლია თავისუფალი, შეუფერხებელი მეტყველება.

მოსმენა

შემსწავლელს შეუძლია კონკრეტული ინფორმაციის გაგება საზოგადოებრივ ადგილებში (სადგურზე, სტადიონზე, თვითმფრინავში...) მიწოდებული განცხადებებიდან ხმაურისა და ცუდი სმენადობის მიუხედავად.

შემსწავლელს შეუძლია ტელე- და რადიოგადაცემების / სხვადასხვა პროგრამის / ფილმების თითქმის თავისუფლად გაგება ენის არასტანდარტული გამოყენების პირობებშიც კი, ზუსტად ერკვევა მოსაუბრეთა ურთიერთდამოკიდებულებაში.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს რთული ტექნიკური ინფორმაცია.

შემსწავლელს თავისუფლად შეუძლია ლექციების, განხილვებისა და დისკუსიების გაგება.

შემსწავლელს დაუბრკოლებლად შეუძლია გაიგოს რთული მსჯელობები ჯგუფური განხილვის / დისკუსიის დროს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თემა აბსტრაქტულია / მისთვის უცნობია.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს იდიომატური თუ სასაუბრო გამოთქმების უმეტესობა, ამჩნევს მოსაუბრეთა ურთიერთდამოკიდებულებას, საუბრის სტილის შეცვლას.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს რთული და დიდი მოცულობის მხატვრული თუ არამხატვრული ტექსტები და მათი სტილური თავისებურებები, აღიქვამს ტექსტის წვრილმან დეტალებს.

შემსწავლელს შეუძლია ზედმიწევნით გაიგოს ტექსტი აბსტრაქტულ და რთულ სპეციფიკურ თემებზე, რომლებიც მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებს სცილდება, თუმცა ზოგჯერ სჭირდება დააზუსტოს ცალკეული დეტალები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მეტყველების სტილი მისთვის უცხოა.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ვრცელი მოხსენება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ლოგიკური სტრუქტურა და აზრობრივი კავშირი, იდეებს შორის ურთიერთმიმართება მხოლოდ იგულისხმება, მაგრამ არაა ნათლად გამოხატული.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს სხვადასხვა სახისა და შინაარსის ტექსტები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც არასალიტერატურო ენითაა წარმოთქმული ან შეიცავს უცხო ტერმინოლოგიას.

შემსწავლელს შეუძლია თავისუფლად ჩაერთოს იმ ადამიანთა საუბარში, ვისთვისაც ქართული ენა მშობლიურია; ასევე ჯგუფურ დისკუსიებსა და დებატებში მაშინაც კი, თუ საუბრის თემები აბსტრაქტული, კომპლექსური ან მისთვის უცხოა.

კითხვა

შემსწავლელს შეუძლია დაწვრილებით გაიგოს დიდი რთული ტექსტები / ვრცელი ინსტრუქციები იმის მიუხედავად, მიეკუთვნება თუ არა ისინი მისი ინტერესების / პროფესიული საქმიანობის სფეროს, მაგრამ უნდა ჰქონდეს რთული მონაკვეთების განმეორებით გადაკითხვის საშუალება.

შემსწავლელს შეუძლია ნებისმიერი წერილობითი ტექსტის გაგება, თუ საჭიროების დროს ექნება ლექსიკონის გამოყენების საშუალება.

შემსწავლელს შეუძლია პრაქტიკულად ყველა სტილის წერითი მეტყველების გაგება და ინტერპრეტაცია. მისთვის შეიძლება უცნობი იყოს ნაკლებად გამოყენებული ან არქაული ფორმები და გამოთქმები, მაგრამ ეს ფაქტობრივად არ უშლის მას ხელს მთლიანი ტექსტის გაგებაში.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს რთული და დიდი მოცულობის მხატვრული და არამხატვრული ტექსტები, განასხვაოს სტილი; ამ დონეზე შემსწავლელს ესმის სტატიებისა და ტექნიკური ინსტრუქციების სპეციფიკური ენა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ტექსტი სცილდება მისი პროფესიული საქმიანობის სფეროს.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ვრცელი, რთული ტექსტები სოციალურ, პროფესიულ და სამეცნიერო საკითხებზე; შეუძლია მიხვდეს ურთიერთდამოკიდებულებებისა და თვალსაზრისების როგორც ფარულ, ისე აშკარა ნიუანსებს. შესაძლოა, რთული ტექსტის ზოგიერთი დეტალი მისთვის გასაგები გახდეს მხოლოდ განმეორებითი წაკითხვის შემდეგ; განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებს ლექსიკონს.

ლაპარაკი

შემსწავლელს შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა თავისუფლად, მოუმზადებლად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. იგი ფლობს მრავალფეროვან ლექსიკურ რეპერტუარს, რომელიც აძლევს საშუალებას დავიწყებული სიტყვა ხატოვნად ახსნას ან მისი განმარტებით / სინონიმით ჩაანაცვლოს. იშვიათად მიმართავს სირთულეების დაძლევის სტრატეგიებს, მხოლოდ საუბრის რთულ თემას შეუძლია შეუშალოს ხელი საუბრის მაღალ დონეზე წარმართვაში.

შემსწავლელს შეუძლია ილაპარაკოს პრაქტიკულად ძალდაუტანებლად, თავისუფლად და სპონტანურად. მისი მეტყველების სწორი, ბუნებრივი დინება შეიძლება შეფერხდეს მხოლოდ რთული, ნაკლებად ნაცნობი სასაუბრო თემის შემთხვევაში.

შემსწავლელს შეუძლია მრავალფეროვანი ენობრივი საშუალებებით მანიპულირება, ემოციების, ალუზიების, იუმორის მოქნილად და ეფექტურად გამოყენება.

შემსწავლელს შეუძლია რაიმე თვალსაზრისის კრიტიკული ანალიზი; საუბარი ამ თვალსაზრისის სხვადასხვაგვარ განვითარებაზე შესაფერისი მაგალითების მოყვანით.

შემსწავლელს შეუძლია მოკლე, მკაფიოდ სტრუქტურირებული მოხსენებების გაკეთება რთულ თემაზე, ზოგიერთი მტკიცებულების განვითარება საკუთარი თვალსაზრისის შესახებ საკმაოდ გავრცობილი დამატებითი მსჯელობით, დასაბუთებებით, სათანადო მაგალითებით; შეუძლია თავი გაართვას ისეთ სიტუაციას, როდესაც აწყვეტინებენ საუბარს და, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, სხარტად გააგრძელოს საუბარი ან უპასუხოს მოსაუბრის შეკითხვას.

შემსწავლელს შეუძლია ინტერვიუში თავისუფლად მონაწილეობა როგორც ინტერვიუერის, ისე რესპონდენტის როლში; თემის თავისუფლად, სხვისი დახმარების გარეშე წამოჭრა და განვითარება ისე, რომ საუბრის შეწყვეტინების შემთხვევაშიც კი არ დაკარგოს საუბრის ძარღვი.

შემსწავლელს შეუძლია მკაფიოდ, დაწვრილებით აღწეროს რაიმე და რთულ თემებზე გააკეთოს მოხსენება, ჩამოაყალიბოს მტკიცებულებათა სისტემა, ჩაუღრმავდეს ქვეთემებს, განავრცოს ცალკეული დებულება და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.

შემსწავლელს შეუძლია დისკუსიის დროს შესაფერისი გამოთქმის შერჩევა და მისი გამოყენება საუბრის დასაწყისშივე, რათა მიიღოს სიტყვის თქმის უფლება და შეინარჩუნოს მოსაუბრის პოზიცია ან მარჯვედ დაუკავშიროს თავისი რეპლიკა მოსაუბრის რეპლიკას თემის განხილვის გაგრძელების მიზნით.

შემსწავლელს შეუძლია მეტყველების ნათლად, პაუზების გარეშე აგება და მისი სწორად ორგანიზება. მას ასევე შეუძლია მეტყველებისას წამოჭრილი დაბრკოლების გადასალახავად ფორმულირების შეუფერხებლად შეცვლა. იგი მუდმივად იცავს გრამატიკული სისწორის მაღალ დონეს; იშვიათად უშვებს შეცდომებს, ხოლო პრაქტიკულად შეუმჩნეველი შეცდომის დაშვების შემთხვევაში, სწრაფადვე ასწორებს მას.

შემსწავლელს შეუძლია შეტყობინების თავისუფლად, შეუფერხებლად, ძალდატანების გარეშე გადმოცემა, შინაარსის სიღრმის სიზუსტის დაცვისათვის მახვილისა და ინტონაციის გამოყენება.

წერა

შემსწავლელს შეუძლია მკაფიოდ და ზუსტად გამოხატოს საკუთარი აზრი პირად წერილებში, თავისუფლად გამოიყენოს ენობრივი მასალა ხუმრობისთვის, ემოციებისა და მინიშნებების გადმოსაცემად.

შემსწავლელს შეუძლია კარგად სტრუქტურირებული, ორგანიზებული, ნათლად ფორმულირებული ტექსტის დაწერა ნაირგვარი ენობრივი საშუალებისა თუ ადრესატისთვის შესაფერისი სტილის გამოყენებით.

შემსწავლელს შეუძლია გასაგები, ლოგიკურად აგებული, ვრცელი არაოფიციალური ტექსტის დაწერა.

შემსწავლელს შეუძლია რთულ თემებზე / პრობლემებზე ნათელი, კარგად სტრუქტურირებული ახსნა-განმარტების დაწერა და მასში მთავარი საკითხების გამოყოფა საკმაოდ ვრცელი დამატებითი მტკიცებულებების, მაგალითებისა და არგუმენტების მოშველიებით.

შემსწავლელს შეუძლია დაწეროს დიდი მოცულობის სხვადასხვა სახის ტექსტი (წერილი, ესე, მოხსენება...), რომელშიც მისი აზრი ზუსტად, ნათლად და დეტალურად იქნება გადმოცემული, ხოლო ენობრივი საშუალებები მოქნილად და ეფექტურად გამოყენებული.

შემსწავლელს შეუძლია თვალსაზრისის, აზრის, ალბათობის ხარისხის, ეჭვის, ვარაუდის გამოხატვა.

შემსწავლელს შეუძლია ტექსტის ელემენტების დალაგება, მისი აბზაცებად დაყოფა და მართლწერის წესების დაცვა, თუმცა გამორიცხული არ არის პუნქტუაციური და ორთოგრაფიული შეცდომები.

C2 სრულყოფილი დონე

ეს დონე წარმოაჩენს სიზუსტისა და ენობრივ საშუალებათა დაუბრკოლებლად გამოყენების ძალიან მაღალ ხარისხს, თუმცა იგი მაინც არ უტოლდება მშობლიურ ენაზე მოსაუბრის ენის ფლობის სრულყოფილი დონის კომპეტენციას.

მოსმენა

შემსწავლელს შეუძლია თვალყური ადევნოს კონფერენციას მისთვის უცხო თემაზე, რომელშიც მრავლად გამოიყენება უცნობი ტერმინები, დიალექტური ფორმები, პროფესიული გამოთქმები.

შემსწავლელს შეუძლია ისეთი ლექციების / მოხსენებების / გამოსვლების გაგება, რომლებიც სპეციალურ პრობლემებს აშუქებს და რომლებშიც გამოიყენება იდიომატური გამოთქმები, მრავალფეროვანი ტერმინოლოგია.

შემსწავლელს შეუძლია ქართული ენის მატარებლისთვის ბუნებრივი სისწრაფით წარმოთქმული ნებისმიერი მეტყველების (ცოცხალისა თუ აუდიოჩანაწერის) გაგება.

შემსწავლელს შეუძლია საჯარო განცხადებების გაგება არახელსაყრელი თანმხლები პირობების შემთხვევაშიც (მაგ., როდესაც დეფორმირებულ ხმას ემატება გარე ხმაური სტადიონზე / სადგურზე).

შემსწავლელს შეუძლია თავისუფლად გაიგოს ნებისმიერი ტიპის კომპოზიციური თუ ენობრივი თვალსაზრისით რთული (ინსტრუქციები, სპეციალური სტატიები, მხატვრული ნაწარმოებები...) ან აბსტრაქტული ხასიათის ტექსტები.

შემსწავლელს შეუძლია ნებისმიერი შეტყობინების წვრილმანი ნიუანსების გაგება სირთულის გარეშე.

შემსწავლელს შეუძლია თავისუფლად გაიგოს ნებისმიერი სახის ახსნა-განმარტებები რთულ, პრობლემატურ თუ მიმდინარე საკითხებზე; საუბრის სტილიდან გამომდინარე, ზუსტად განსაზღვროს მოსაუბრის განწყობა.

შემსწავლელს, თუ საშუალება აქვს, რომ შეეგუოს მოსაუბრის აქცენტს, თავისებურ ან დიალექტურ მეტყველებას, შეუძლია ქართული ენის მატარებლის გაგება მაშინაც კი, როდესაც საუბარი ეხება აბსტრაქტულ, რთულ თემებს.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს არაფორმალური საუბარი მაშინაც კი, როცა მასში ხშირადაა გამოყენებული სასაუბრო მეტყველებისთვის დამახასიათებელი გამოთქმები.

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ფილმი, რომელშიც უხვადაა იდიომატური / სასაუბრო გამოთქმები, ჟარგონი, იუმორი, კულტურული ალუზიები.

კითხვა

შემსწავლელს შეუძლია გაიგოს და კრიტიკულად შეაფასოს ნებისმიერი სახის მხატვრული თუ არამხატვრული ტექსტი (სტრუქტურული თვალსაზრისით რთული, აბსტრაქტულ თემებზე აგებული, სალიტერატურო თუ სასაუბრო ენით დაწერილი...).

შემსწავლელს შეუძლია ფართო სპექტრის მქონე ვრცელი რთული ტექსტების გაგება, მათი სტილური ნიუანსების შეფასება.

შემსწავლელს შეუძლია ტექსტის როგორც აშკარად გამოხატული, ასევე ფარული მნიშვნელობის მიხვედრა.

შემსწავლელს შეუძლია დაბრკოლების გარეშე გაიგოს ნებისმიერი ტექსტი, რომელშიც არის რთული იდიომატური გამოთქმები და გრამატიკული კონსტრუქციები.

ლაპარაკი

შემსწავლელს შეუძლია მშვიდად და სწორად წარმართოს საუბარი, არანაირი ენობრივი ბარიერი არ გააჩნია პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ურთიერთობისას.

შემსწავლელს შეუძლია არაფორმალურ საუბარში ხანგრძლივად მონაწილეობა და სრულიად თავისუფლად, მრავალფეროვანი ენობრივი საშუალების გამოყენებით, ნებისმიერ თემასა თუ საკითხზე მსჯელობა.

შემსწავლელს შეუძლია რთული თემის დაბეჯითებით, ნათლად მიწოდება ისეთი საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც ეს თემა უცხოა და თხრობის ისეთნაირად აგება, საკითხის იმგვარად გამარტივება, როგორსაც აუდიტორია მოითხოვს. მას შეუძლია შეკითხვებზე პასუხის გაცემა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აუდიტორია მისადმი არაკეთილგანწყობილია.

შემსწავლელს შეუძლია რთული საკითხების ოფიციალური განხილვისას მკაფიო და სარწმუნო არგუმენტების ფორმულირებით კარგად წარმოაჩინოს თავისი აზრი და მის სისწორეში დაარწმუნოს აუდიტორია.

შემსწავლელს შეუძლია გამართული, კარგად სტრუქტურირებული ტექსტის ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება ლოგიკური აქცენტები და ეფექტურად დაეხმარება ადრესატს მნიშვნელოვანი მომენტების შემჩნევასა და დამახსოვრებაში.

შემსწავლელს შეუძლია, საჭიროების შემთხევევაში (ენობრივი თუ სიტუაციური სირთულის შექმნისას), ნათქვამის მსმენელთაგან შეუმჩნევლად იმგვარად ფორმულირება ან შეცვლა, რომ მოსაუბრემ ვერც კი იგრძნოს ეს.

შემსწავლელს შეუძლია ძალიან კარგად წარმართოს დიალოგი და სრულიად თავისუფლად წარმართოს საუბარი ენის მატარებელთან როგორც რესპონდენტის, ისე ინტერვიუერის როლში.

შემსწავლელი კარგად ფლობს იდიომატურ და სასაუბრო გამოთქმებს, იცის მათი კონოტაციური მნიშვნელობები, ზუსტად იყენებს სიტყვის მნიშვნელობის ელფერსა და გამოთქმათა სახეცვლილებების ნაირგვარ საშუალებას.

შემსწავლელი მუდმივად ინარჩუნებს ქართული ენის გრამატიკის ფლობის მაღალ დონეს მაშინაც კი, როცა რთული მეტყველების დროს ყურადღება ეფანტება გარკვეული მიზეზის გამო (მაგ., მომდევნო წინადადებების დაგეგმვისას, სხვების რეაქციაზე დაკვირვებისას...).

წერა

შემსწავლელს შეუძლია თავისუფლად, გასაგებად და საინტერესოდ აღწეროს თავისი გამოცდილება და სხვადასხვა ისტორია.

შემსწავლელს შეუძლია რთული ტექსტების ნათლად, ბუნებრივად წერა ტექსტისთვის შესაბამისი სტილითა და გამართული ლოგიკური სტრუქტურით, რომელიც ეხმარება მკითხველს მთავარი დებულების აღქმაში.

შემსწავლელს შეუძლია რთული მოხსენების, სტატიის, ესეს თავისუფლად და გასაგებად წერა, ლიტერატურული ნაწარმოების არგუმენტირებული/კრიტიკული შეფასება; მის მიერ შედგენილი ტექსტის ლოგიკური სტრუქტურა ეხმარება მკითხველს რთული მონაკვეთების გაგებაში.

შემსწავლელს შეუძლია სხვადასხვა წყაროში არსებული ინფორმაციისა თუ არგუმენტების განზოგადება და მათ საფუძველზე გაბმული ტექსტის შექმნა.

შემსწავლელს შეუძლია ყველა ტიპის ტექსტის დაწერა; იგი მოქნილად იყენებს მრავალფეროვან ენობრივ საშუალებებს და კარგად ერკვევა ლექსიკური ერთეულების პოლისემიაში.

შემსწავლელს შეუძლია შეკრული, აზრობრივად გამართული ტექსტის შექმნა მაორგანიზებელი სტრუქტურის მთელი არსენალისა და ენობრივი საშუალებების გამოყენებით; იგი არ უშვებს ორთოგრაფიულ შეცდომებს.

შემსწავლელს შეუძლია შეკრული, აზრობრივად გამართული ტექსტის შექმნა ლექსიკონის გამოუყენებლად, გარდა იმ შემთხვევევისა, როდესაც საქმე გვაქვს უცნობი სფეროს ტერმინოლოგიასთან.