Up

XVIII საუკუნე − XIX საუკუნის დასაწყისი
(ქართლისა და კახეთის სამეფოები, დასავლეთ საქართველო)

მეფე გიორგი XI‑ის გარდაცვალების შემდეგ ქართლის მეფედ შაჰმა გიორგის ძმისშვილი ქაიხოსრო II დაამტკიცა და ამავე დროს, სპარსეთის სპასალარობა უბოძა. ქაიხოსროს, როგორც სპასალარს, ირანის წინააღმდეგ აჯანყებულ ავღანელებთან ბრძოლა უნდა გაეგრძელებინა. იგი ავღანელებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიღუპა.ვახტანგის კანონები 1703 წელს ქართლის მმართველად შაჰმა გიორგი XI‑ის ძმისშვილი, ვახტანგი, შემდგომში ქართლის მეფე ვახტანგ VI დაამტკიცა. ვახტანგი შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი და ქვეყნის წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. მის სახელს უკავშირდება ქართლის სამეფოში მეტ-ნაკლებად წარმატებული პოლიტიკური, კულტურული და აღმშენებლობითი რეფორმების გატარება (იხ. ვრცლად). ვახტანგმა კარგად გამოიყენა ირანში არსებული შიდაპოლიტიკური თუ საგარეო არეული მდგომარეობა და ქართლში რეფორმების განხორციელებას შეუდგა. ძალზე მნიშვნელოვანია მისი ხელმძღვანელობით შექმნილი კანონთა კრებული — ვახტანგის კანონები.

1712 წელს, როდესაც ვახტანგი ირანში დაიბარეს მეფედ დასამტკიცებლად, მას თან ახლდა თავისი გამზრდელი მწერალი, ლექსიკოგრაფი და დიპლომატიური მოღვაწე, სულხან-საბა ორბელიანი (იხ. ვრცლად). ქართლის ტახტის დაკავებისათვის ქრისტიანობის უარყოფა და ისლამის მიღება აუცილებელი პირობა იყო. ვახტანგმა უარი განაცხადა რჯულის შეცვლაზე და სულხან-საბა ორბელიანი საგანგებო დავალებით გააგზავნა ევროპაში. სულხან-საბა შეხვდა საფრანგეთის მეფეს — ლუი XIV‑ს, რომის პაპს — კლიმენტი XII‑ს, მაგრამ ამ ვიზიტს შედეგი არ მოჰყოლია, ევროპიდან ვერავითარი დახმარება ვერ მიიღო ქართლმა. ვახტანგს სხვა გამოსავალი არ რჩებოდა გარდა იმისა, რომ ქრისტიანობაზე უარი ეთქვა და მუსლიმობა მიეღო. 1716 წელს ირანის შაჰმა ჰუსეინ I‑მა ვახტანგი ქართლის მეფედ აღიარა.

ევროპიდან დახმარების მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა საქართველოსათვის. ამას არაერთი მეფე ცდილობდა, მაგრამ ყველა ძალისხმევა ამაო იყო. ისლამურ სახელმწიფოთა გარემოცვაში მყოფ პატარა ქრისტიანულ სახელმწიფოს სხვა გზა არ ჰქონდა და დახმარებისათვის რუსეთს მიმართავდა. ამ მხრივ არც ვახტანგ VI აღმოჩნდა გამონაკლისი. XVIII საუკუნეში რუსეთი უკვე ძლიერი და მზარდი იმპერია იყო, რომელსაც საკუთარი ინტერესები ჰქონდა მსოფლიოს ყველა მიმართულებით. XVII საუკუნის ბოლოდან XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში რუსეთს რეფორმატორი მეფე პეტრე I განაგებდა. ვახტანგ VI‑ისა და პეტრე I‑ის ურთიერთობა ჯერ კიდევ ირანში ვახტანგის ყოფნის დროს დაიწყო, ირანში რუსეთის ელჩის საშუალებით. თავისი მმართველობის ბოლო პერიოდში, 1722 წელს, პეტრე I‑მა ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად ვახტანგ VI‑საც მოუწოდა. ვახტანგმა ჯარი შეკრიბა და რუსეთის ჯარის მოსვლამდე განჯაში დაბანაკდა. სამწუხაროდ, რუსებმა მხოლოდ დარუბანდი დაიკავეს და ირანის წინააღმდეგ ბრძოლა აღარ გააგრძელეს. მეფე ვახტანგის მდგომარეობა გართულდა. შაჰ-თამაზმა მას ქართლის მეფობა ჩამოართვა და კახეთის მეფეს, ერეკლე I‑ის ვაჟს, გამუსლიმებულ კონსტანტინე II‑ს უბოძა. ვახტანგ VI იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და დიდი ამალით 1724 წელს რუსეთში გაემგზავრა, საიდანაც აღარც დაბრუნებულა.* ქართველთა მოსკოვში დასახლების კვალი დღესაც ჩანს მოსკოვის ცენტრში არსებული ქუჩების სახელწოდებებში: ბოლშაია გრუზინსკაია (დიდი ქართული გზა), მალაია გრუზინსკაია (მცირე ქართული გზა), გრუზინსკი ვალ (ქართული სიმაგრე), ვახტანგ VI‑ის მიერ დაარსებული ეკლესია ვსეხსვიატსკოე (ყოვლადწმინდა)...

* ვახუშტი ბატონიშვილი/ბაგრატიონი (1696-1757), შემდგომში გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი, ქართლის მეფის, ვახტანგ VI‑ის უკანონო შვილი გახლდათ. ვახუშტი ახალგაზრდობიდანვე აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვახტანგ VI‑მ განჯაში გამგზავრებისას ვახუშტი ბატონიშვილი დატოვა ქართლის გამგებლად. 1724 წელს საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო რუსეთში გადასახლებულ ვახტანგ VI‑ს თან გაჰყვა მისი ვაჟი, ვახუშტი.

ვახუშტი ბატონიშვილი თავის ძმებთან ერთად სამეფო კარზე იზრდებოდა და მის აღზრდაში მონაწილეობას იღებდნენ პირველი ქართველი ლექსიკოგრაფი და დიდი მწიგნობარი სულხან საბა ორბელიანი, დეკანოზი იესე და მისი ძმა გიორგი გარსევანიშვილები, თბილისში მყოფი კათოლიკე მისიონერები. მშობლიური ენის გარდა, იგი ფლობდა ბერძნულ, ლათინურ, ფრანგულ, თურქულ, რუსულ და სომხურ ენებს. ვახუშტი თავისი დროისათვის საქართველოს ერთ-ერთ უგანათლებულეს ადამიანად ითვლებოდა. იგი იყო გეოგრაფი და ისტორიკოსი, რომლის ნაწერებში წარმოდგენილია მეცნიერების არაერთი დარგი: გეოგრაფია, გეოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ისტორიოგრაფია, ეთნოგრაფია, ანთროპოლოგია და ამ დარგების სხვადასხვა მიმართულება.

სწორედ მოსკოვში ყოფნისას დაასრულა ვახუშტი ბატონიშვილმა მეტად ღირებული ნაშრომი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, რომელშიც მოთხრობილია საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XVIII საუკუნის შუა ხანებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაშრომი თითქმის 300 წლისაა, თხზულება მაინც ინარჩუნებს მეცნიერულ ღირებულებას. იმ ეპოქის კარტოგრაფიული ხელოვნების შედევრია ვახუშტის მიერ შედგენილი საქართველოს შვიდი და კავკასიის ორი გეოგრაფიული ატლასი. ფრანგმა გეოგრაფმა ჟოზეფ-ნიკოლა დე ლილმა ფრანგულად თარგმნა და პარიზში გამოსცა ვახუშტის რუკები. მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე კავკასიის გეოგრაფიის გაცნობა მხოლოდ ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი რუკებით ხდებოდა.

1997 წელს, იუნესკოს ეგიდით, საზეიმოდ აღინიშნა ვახუშტის დაბადებიდან 300 წლისთავი. ამ თარიღთან დაკავშირებით გამოიცა მისი თხზულება და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული „საქართველოს ატლასი“, რომელიც შევიდა მსოფლიო კულტურის საგანძურში.

XVIII საუკუნეში კახეთს ჩრდილოკავკასიელი მეზობელი ტომები, განსაკუთრებით კი ლეკები გამუდმებით ესხმოდნენ თავს, აწიოკებდნენ და ძარცვავდნენ მოსახლეობას. ქართლ-კახეთის მეფეები დროდადრო ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ ლეკებთან გამკლავებას, თუმცა მათი თარეშის საბოლოო ალაგმვა რთული იყო. 1724 წელს ქართლში ოსმალები შემოიჭრნენ, აიღეს თბილისი და ქვეყნის ოსმალიზაცია დაიწყეს. მალე ვითარება შეიცვალა და აღმოსავლეთ საქართველო ისევ ირანის მფლობელობაში აღმოჩნდა.

მრავალწლიანი შინააშლილობის და ოსმალეთთან გამუდმებული ომების გამო, ირანის სახელმწიფო თანდათან სუსტდებოდა. მდგომარეობა მას შემდეგ გამოსწორდა, რაც ირანის ტახტი ნადირ-შაჰმა დაიკავა. მან ნელ-ნელა განდევნა ოსმალები დაპყრობილი ტერიტორიებიდან და რუსეთთანაც გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწია.თეიმურაზ II 1735 წელს ნადირ-შაჰი თბილისში შემოვიდა. თეიმურაზ II‑მ ირანის მხარე დაიჭირა. მიუხედავად ამისა, ნადირ-შაჰმა მას მძევლები მოსთხოვა და ირანში გაბრუნებულმა თან თეიმურაზის ვაჟიშვილი ერეკლე (შემდგომში ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II) და ქალიშვილი ქეთევანი გაიყოლა.ერეკლე II ერეკლე ნადირ-შაჰს ახლდა ინდოეთის ლაშქრობაში, სადაც ახალგაზრდა უფლისწულმა დიდად ისახელა თავი. ძალიან ბევრი წლის შემდეგ, ნადირ-შაჰმა ქრისტიანი მეფეები დაამტკიცა საქართველოში: თეიმურაზ II — ქართლის მეფედ და ერეკლე II — კახეთის მეფედ. მათი მეფეებად კურთხევის ცერემონია 1745 წელს სვეტიცხოვლის ტაძარში ჩატარდა.

ქართლისა და კახეთის სამეფოები ერთი ოჯახის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. მამა-შვილი ერთმანეთს ყველანაირად ეხმარებოდა. მტრების წინააღმდეგ ერთიანი ძალებით გამოდიოდნენ. საგარეო პოლიტიკასაც ერთმანეთთან შეთანხმებით ატარებდნენ. ქართლ-კახეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა.

1746 წელს ნადირ-შაჰმა საქართველოს დიდი გადასახადი დააკისრა, რამაც ქვეყანა აჯანყებამდე მიიყვანა. ამის გამო შაჰმა ერეკლე დაიბარა ირანში, თუმცა ერეკლეს მაგივრად ისპაჰანში თეიმურაზ II წავიდა. სანამ იგი გზაში იყო, ირანის სამეფო კარზე გადატრიალება მოხდა, ნადირ-შაჰი მოკლეს და ირანის ტახტზე თეიმურაზის სიძე, ქეთევანის მეუღლე ალი ყული-ხანი ავიდა. სიძემ დიდი პატივით მიიღო სიმამრი. თუმცა ალი ყული-ხანის, იგივე ადილ-შაჰის მმართველობა დიდხანს არ გაგრძელდა, იგი ტახტიდან ჩამოაგდო საკუთარმა ძმამ, რომელიც ასევე დიდი პატივით ეპყრობოდა თეიმურაზს. 1749 წელს თეიმურაზი საქართველოში დაბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართლ-კახეთმა ფაქტობრივად ირანის ვასალობას თავი დააღწია, გარეშე მტერთან ბრძოლები მაინც ხშირად უწევდათ ქართლ-კახეთის მეფეებს. განსაკუთრებით მძიმე იყო მოსახლეობისთვის ჩრდილოკავკასიელი ტომების თარეში. 1760 წელს თეიმურაზ II რუსეთში გაემგზავრა. მისიის მიზანი რუსეთისგან დახმარების მიღება იყო. სამწუხაროდ, არც ამ დიპლომატიურმა მისიამ გამოიღო შედეგი. გაწბილებული თეიმურაზი სამშობლოსკენ გამოემართა, თუმცა ვეღარ ჩამოაღწია. იგი გზაში გარდაიცვალა. თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ ერეკლე II‑მ თავი ქართლ-კახეთის მეფედ გამოაცხადა. ირანის მმართველმა ქერიმ-ხანმა ერეკლეს მეფობა აღიარა და ამით ქართლ-კახეთის გაერთიანებაც ცნო. საქმე ის იყო, რომ ერეკლემ მოახერხა ქერიმ-ხანის მეტოქის აზატ-ხანის დატყვევება და ირანში გაგზავნა. ქერიმ-ხანმა სამსახური დაუფასა და ქართლ-კახეთის გაერთიანების წინააღმდეგ არ წავიდა.

ერეკლე ენერგიულად შეუდგა რეფორმების გატარებას. დაიმორჩილა თავნება თავადები, გააძლიერა ქვეყნის საზღვრების დაცვა, დაასახლა ხალხი შემოსევების შედეგად დაცარიელებულ ადგილებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარებას, შექმნა მორიგე ჯარი (მორიგე ჯარმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩრდილოკავკასიელი მეზობლების შემოსევების წინააღმდეგ ბრძოლაში), რითაც საფუძველი ჩაუყარა მუდმივი ჯარის არსებობას... მისი მეფობის დროს გაიზარდა და გალამაზდა თბილისი, რომელიც ნელ-ნელა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად ყალიბდებოდა.

1768 წელს რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II‑მ ომი გამოუცხადა ოსმალეთს და დახმარება სთხოვა ოსმალეთის მიერ დაპყრობილ ქრისტიან ხალხებს — ბერძნებს, სერბებს, ბულგარელებს, ბოსნიელებს, ხორვატებს... მაგრამ ოსმალეთის შიშით ისინი ომში არ ჩაერთნენ. ერეკლემ კი რუსეთის მხარე დაიჭირა. ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე შემოვიდა რუსეთის ბატალიონი გენერალი ტოტლებენის მეთაურობით, რომელსაც ერეკლეს ჯარი შეუერთდა და ერთიანი ძალებით ახალციხისკენ გაემართნენ. ერეკლეს საკუთარი მიზანი ამოძრავებდა — მესხეთის ოსმალებისგან გათავისუფლება. მოულოდნელად ტოტლებენმა მიატოვა მეფე ერეკლე. მიუხედავად ამისა, ერეკლემ თავისი სწორი სტრატეგიით სძლია ოსმალებს. ბრძოლა 1770 წელს ასპინძის მიდამოებში გაიმართა. ახალციხის ფაშამ სასტიკი მარცხი განიცადა. მოგვიანებით ერეკლემ ადრე და განვითარებული შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი, ციტადელი ხერთვისიც დაიბრუნა. ერეკლე II‑ის 65‑წლიანი მეფობა მტრებთან გამუდმებული ომებით ხასიათდება. მან მრავალი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ასპინძის ომმა გამოავლიანა მეფის დიდი სამხედრო ხელოვნება. ევროპაში მას „ასპინძის გმირი“ შეარქვეს.

მიუხედავად მეტ-ნაკლები მშვიდობისა, აღმშენებლობისა თუ ეკონომიკური წარმატებებისა, ქვეყანის მდგომარეობა მაინც მძიმე იყო. ქართლ-კახეთის მოსახლეობა საუკუნის მიწურულისათვის 700-800 ათასამდეღა იყო დარჩენილი. ომიანობის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანას ფიზიკურად გადაშენების საფრთხე ემუქრებოდა. ირანისა და ოსმალეთის მეზობლობა ქვეყანაში სიმშვიდისა და თანამიმდევრული განვითარების იმედს არ იძლეოდა. ამიტომ ერეკლე, ისევე როგორც მისი წინამორბედი მეფეები, რუსეთიდან მოელოდა დახმარებას. 1782 წელს ერეკლემ უშუალოდ მიმართა ეკატერინე II‑ს ქართლ-კახეთის რუსეთის მფარველობაში გადასვლის თხოვნით. ქვეყნებს შორის ურთიერთობის ოფიციალურად გასაფორმებლად რუსეთში დაიწყო ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა, რომელიც 1783 წელს დასრულდა და გამოეგზავნა ერეკლეს. ხელშეკრულების მიხედვით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის ქვეშევრდომი ხდებოდა. 1783 წელს გეორგიევსკის ციხესიმაგრეში (ჩრდილო კავკასია) ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს თავადებმა — იოანე მუხრან-ბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ. რუსეთის მხრიდან ტრაქტატს ხელი მოაწერა გენერალმა პავლე პოტიომკინმა. ტრაქტატი ძალაში შევიდა 1784 წელს ეკატერინე II‑ის რატიფიკაციისა და ერეკლე II‑ს ხელმოწერის შემდეგ. ტრაქტატის მიხედვით, რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო საქართველოს საშინაო საქმეებში. ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრეები ერეკლეს შთამომავლები უნდა ყოფილიყვნენ. რუსეთი მხოლოდ სამხედრო დახმარებას გაუწევდა ქვეყანას საჭიროების შემთხვევაში. ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე უნდა განლაგებულიყო რუსეთის არმიის ორი ბატალიონი. ამ ორმა ბატალიონმა 1783 წელს გადმოლახა კავკასიონის ქედი და თბილისში ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, არც ირანსა და არც ოსმალეთს არ გამოჰპარვია ქართლ-კახეთისა და რუსეთის იმპერიის ურთიერთობა. არცერთ მათგანს არ აწყობდა სამხრეთ კავკასიაში ძლიერი იმპერიის დამკვიდრება.

ერეკლეს წინააღმდეგ მთელი სამაჰმადიანო სამეზობლო გაერთიანდა. ორი ბატალიონი არ იყო საკმარისი, მაგრამ რუსეთს არ სურდა დამატებითი ჯარის გამოგზავნა, ერეკლეს დახმარება და ქართლ-კახეთის გაძლიერება. გარდა ამისა, ოსმალეთსა და ირანსაც უწევდა ანგარიშს. 1785 წელს კახეთს დაღესტნის მმართველის ომარ-ხანის მრავალრიცხოვანი ჯარი მოადგა. ერეკლემ ქართლიდან ლაშქარი ვერ გამოიხმო, რადგან ახალციხიდან ოსმალთა შემოტევას ელოდა. მცირერიცხოვანი ლაშქრით თელავში გამაგრდა. მოსახლეობა მთებში გაიხიზნა. ომარ-ხანმა სასტიკად დაარბია და გაძარცვა ქვეყანა. მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური ზარალიც. ომარ-ხანმა ვერცხლისა და სპილენძის დიდი მარაგი გაიტაცა. 1787 წელს ქართლ-კახეთი რუსეთის ჯარმა დატოვა.

1794 წელს ირანის ტახტს ყაჯართა დინასტიის დამაარსებელი, აღა-მაჰმად ხანი დაეპატრონა. ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ აღა-მაჰმად-ხანმა დაპყრობითი ლაშქრობებისთვის მოიცალა. 1795 წელს დაიპყრო აზერბაიჯანი, ყარაბაღის, განჯისა და შირვანის სახანოები. ბოლოს ქართლ-კახეთის ჯერიც დადგა. აღა-მაჰმად-ხანი პრეტენზიას აცხადებდა ქართლ-კახეთზე და რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტასაც მოითხოვდა. ერეკლეს კარგად ესმოდა, რომ ირანის შაჰთან ბრძოლა გარდაუვალი იყო.აღა-მაჰმად ხანი ასეც მოხდა, 1795 წლის სექტემბერში აღა-მაჰმადი 35 ათასიანი ლაშქრით საქართველოსკენ გამოემართა. რუსეთის მხრიდან დახმარების იმედი ისევ გაუცრუვდა მეფე ერეკლეს და ისიც შეძლებისდაგვარად მოემზადა მტერთან ბრძოლისათვის. მისი ლაშქარი 5 ათას მეომარს ითვლიდა. იმერეთის მეფე სოლომონ I თავისი 2 ათასი მებრძოლით ასევე მონაწილეობდა ბრძოლაში. 10 სექტემბერს ბრძოლა ქართველებმა მოიგეს. უკან გაბრუნებულ აღა-მაჰმად ხანს მოღალატეებმა შეატყობინეს, რომ სინამდვილეში ერეკლეს მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა და რუსებიც არ ეხმარებოდნენ. მან ჯარი შემოაბრუნა და გადამწყვეტი ბრძოლა თბილისთან ახლოს, კრწანისის ველზე გაიმართა. აღა-მაჰმად ხანმა სასტიკად დაამარცხა ქართველები. 75 წლის მეფე ერეკლე ბრძოლის ველიდან ძლივს გამოიყვანეს და მთიულეთში გახიზნეს. შაჰმა თბილისი აიღო. აღა-მაჰმად-ხანი განთქმული იყო ისეთი სისასტიკით, რომელსაც თბილისიც ვერ გადაურჩა. მან დაარბია და გადაწვა ქალაქი, გაჟლიტა მოსახლეობის უმეტესობა. არ დაინდო არც ქალები, არც ბავშვები და არც მოხუცები. გადარჩენილები ტყვედ წაასხა. აღა-მაჰმად ხანთან დამარცხებამ გამოუსწორებელი ზარალი მიაყენა ქართლ-კახეთს. კრწანისში განცდილი მარცხის მერე მოხუცი მეფე ერეკლე აღარც დაბრუნებულა თბილისში. თელავში დასახლდა და იქვე გარდაიცვალა 1798 წელს. იგი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარშია დაკრძალული.*

* მეფე ერეკლე II-მ სიცოცხლის დიდი ნაწილი ომებში გაატარა და უმეტესად ჩვეულებრივი ჯარისკაცივით ცხოვრობდა. ხალხი სიყვარულით მას „პატარა კახს“ უწოდებდა. ასეთი ხალხური ლექსია შემორჩენილი:

„ეს ჩვენი მეფე ერეკლე
ერთი პატარა კახია,
ჯაჭვის პერანგი ჩააცვეს,
გაჰკრა ხელი და გახია.“

მისი ძეგლი თელავში.

ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გახლდათ ერეკლეს ვაჟიშვილი გიორგი XII. გიორგის არ გააჩნდა რეალური ძალაუფლება. რუსეთის იმპერიას საკუთარი გეგმები ჰქონდა ქართლ-კახეთთან და ზოგადად, საქართველოსთან მიმართებაში.გიორგი XII 1800 წლის 18 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა და რუსეთის შემადგენლობაში შევიდა. 28 დეკემბერს კი გარდაიცვალა გიორგი XII. 1801 წლის 18 იანვარს პავლე I‑მა ქართლ-კახეთის დროებით გამგებლად გიორგის ძე დავითი დანიშნა. იმავე წლის მარტში პეტერბურგში მოკლეს იმპერატორი პავლე I. საიმპერატორო ტახტი მისმა ვაჟმა ალექსანდრე I-მა დაიკავა. ალექსანდრეს ბრძანებით საქართველოში მმართველად დანიშნულმა და გამოგზავნილმა გენერალმა კარლ ფონ კნორინგმა სამეფოს გამგებლობა დავითს ჩამოართვა და მის ადგილას გენერალი ლაზარევი დანიშნა. 1801 წლის სექტემბერში ალექსანდრე I‑მა გამოსცა მანიფესტი, რომლის ძალითაც ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა. 1802 წლის აპრილში აღნიშნული მანიფესტი სიონის ტაძარში შეკრებილ ქართლ-კახეთის თავადაზნაურობას გააცნეს.

***

XVIII საუკუნის დასაწყისში იმერეთის სამეფო, გურიისა და სამეგრელოს სამთავროები ოსმალეთს ექვემდებარებოდა. დასავლეთ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ოსმალთა გარნიზონი იდგა. შავი ზღვის მთელ სანაპიროს თურქები აკონტროლებდნენ. იმერეთის მეფე ალექსანდრე V ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთთან კავშირზე ფიქრობდა.სოლომონ I მისი გარდაცვალების შემდეგ იმერეთის ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა სოლომონ I‑მა. მას მძიმე მემკვიდრეობა ერგო — შიდაპოლიტიკური არეულობა, ოსმალთა შეუზღუდავი ბატონობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, წარჩინებულ ფეოდალთა და თავადთა შორის გამუდმებული ქიშპი და მტრობა. სოლომონი გამჭრიახი მმართველი აღმოჩნდა. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ტყვეთა სყიდვის აკრძალვა იყო. 1754 წელს მან კანონი გამოსცა, რომელიც კრძალავდა ტყვეებით ვაჭრობას. ოსმალთა 30 ათასიანი ლაშქარი საქართველოში 1757 წელს შემოვიდა და ხრესილთან (დღევანდელი ტყიბულის ტერიტორია) დაბანაკდა. სოლომონი კარგად მოემზადა ბრძოლისათვის. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს ოსმალეთის არმია. 1758 წელს სოლომონ I‑მა და ქართლისა და კახეთის მეფეებმა ხელშეკრულება დადეს ერთმანეთის დახმარების შესახებ.

1760 წელს ახალციხის ფაშამ ტყვეთა სყიდვის აღდგენა მოსთხოვა სოლომონს. სოლომონმა სასტიკი უარი განაცხადა. პასუხად ფაშამ იმერეთს 20 ათასიანი ლაშქარი მიუსია. სოლომონმა ოსმალები ამჯერადაც დაამარცხა. 1765 წელს ოსმალებმა გურია და სამეგრელო დაარბიეს, შემდეგ იმერეთში გადავიდნენ და სოლომონის ბიძაშვილი თეიმურაზი დასვეს მეფედ. სოლომონმა მოახერხა ტახტის დაბრუნება, ხოლო თეიმურაზი თურქეთში გაიქცა.

1768 წელს სოლომონმა რუსეთში ელჩები გაგზავნა დახმარების თხოვნით. სამაგიეროდ კი ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლებში დახმარებას ჰპირდებოდა. რუსეთს საკუთარი ინტერესები ჰქონდა დასავლეთ საქართველოსთან მიმართებაშიც. ქართლ-კახეთში გამოგზავნილი გენერალი ტოტლებენი 1769 წელს საკუთარი რაზმით იმერეთში გადავიდა და შემდეგ იმერეთიც დატოვა. რუსეთ-თურქეთის ომების საზავო ხელშკრულებით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობის ქვეშ მოიაზრებოდა. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს — იმერეთის სამეფოს, გურიისა და ოდიშის სამთავროებს, ისინი კვლავ ოსმალეთის გავლენის სფეროს წარმოადგენდნენ.

სოლომონ II

1790 წელს იმერეთის, ქართლის, კახეთის მეფეებმა, გურიისა და ოდიშის მთავრებმა დადეს ხელშეკრულება (ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართა), რომლის მიხედვითაც თანხმდებოდნენ მტრების წინააღმდეგ ერთიანი ძალებით ებრძოლათ. ამას გარდა, შეთანხმების მონაწილე მხარეები აღიარებდნენ ერეკლე II‑ის უპირატესობას და მასვე ანდობდნენ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, თუმცა არ უერთდებოდნენ 1883 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს.

ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ რუსეთმა დასავლეთ საქართველოსთვის მოიცალა. სოლომონ II ყველანაირად ეცადა სამეფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას დიდი სახელმწიფოების დაპირისპირებების ფონზე, მაგრამ 1804 წელს იგი იძულებული გახდა ხელი მოეწერა ხელშეკრულებისათვის რუსეთსა და იმერეთის სამეფოს შორის. ხელშეკრულების მიხედვით იმერეთი რუსეთის ქვეშევრდომი ხდებოდა. იმერეთის ტახტი სოლომონის შთამომავლებს უნდა გადასცემოდა. სამეფოს შიდა საქმეებში რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო. იმერეთში განლაგდებოდა რუსეთის ჯარი, რომლის შენახვაც იმერეთის სამეფოს ევალებოდა. ამის მიუხედავად, 1810 წელს რუსეთმა იმერეთის სამეფო გაუქმებულად გამოაცხადა. მეფე სოლომონი რამდენჯერმე შეეცადა სამეფოს აღდგენას, მაგრამ უშედეგოდ. 1812 წელს რუსეთმა მოიგო ომი ნაპოლეონთან და ალექსანდრე I‑ის არმია მთელი ევროპის გავლით პარიზში ჩავიდა. ამას გარდა, დასრულდა რუსეთ-თურქეთის 1806-1812 წლების ომი. ხელი მოეწერა ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ოსმალები აღიარებდნენ დასავლეთ საქართველოს რუსეთის მფლობელობაში გადასვლას.