- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
საქარველოს სამეფოებს შორის არსებული ერთობა, რა თქმა უნდა, არც ოსმალეთს და არც სპარსეთს არ აწყობდა. ირანი ქართლს მუდამ საკუთარი ინტერესების სფეროდ განიხილავდა. სწორედ ამიტომ სეფიანთა ირანის შაჰმა თამაზ I‑მა საქართველო რამდენჯერმე დალაშქრა: 1541 წელს თბილისი აიღო; 1546 სამცხე დაარბია; 1551 წელს ისევ სამცხესა და ქართლში შემოიჭრა, დაანგრია და გაძარცვა ვარძია; 1554 წელს ისევ ქართლს შეუტია. ამის მერე კახეთის სამეფო მოაოხრა. 1555 წელს ირანის შაჰმა თამაზ I‑მა და ოსმალეთის სულთანმა სულეიმან I‑მა საქართველოს ტერიტორია გადაინაწილეს — ქალაქ ამასიაში ხელი მოაწერეს ზავს, რომლის თანახმადაც დასავლეთ საქართველო (იმერეთის სამეფო, გურიის სამთავრო, სამცხე საათაბაგო) ოსმალეთის იმპერიაში შევიდა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო (ქართლის სამეფო და კახეთის სამეფო) ირანის მფლობელობაში გადავიდა. ქართლის მეფე ლუარსაბ I არ აღიარებდა ამ ზავის პირობებს და ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ირანს. ამიტომაც 1556 წელს შაჰ-თამაზმა ისევ გადაწყვიტა საქართველოს დამორჩილება და დიდი ლაშქარი გამოაგზავნა. ქართველებმა ლუარსაბის ვაჟის — სიმონის მეთაურობით სპარსელები სასტიკად დაამარცხეს. ბრძოლაში მოხუცებული ლუარსაბიც მონაწილეობდა. მეფე ლუარსაბი ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა.
1578 წელს ოსმალებმა ამასიის ზავი დაარღვიეს. დარღვეული ზავის გამო ოსმალებსა და ირანს შორის თურქეთის ტერიტორიაზე გაიმართა ბრძოლა. ოსმალებმა დაამარცხეს სპარსელები და მერე ქართლში შეიჭრნენ. ოსმალთა ჯარის მეთაურმა მუსტფა ლალ ფაშამ თბილისი აიღო. ოსმალებმა თბილისი საფაშოდ გამოაცხადეს. ირანი არ აპირებდა პოზიციების დათმობას. ირანის შაჰმა ისმაილ II‑მ 1578 წელს სასწრაფოდ გაათავისუფლა სიმონ მეფე ალამუტის ციხიდან და ქართლის მეფედ ცნო. სიმონი საქართველოში დაბრუნდა და ქვეყნის ოსმალებისგან გასათავისუფლებლად ბრძოლა დაიწყო. ოსმალებმა ვერაფრით ვერ მოახერხეს სიმონ მეფის ვერც ხელში ჩაგდება და ვერც მისი განეიტრალება. 1582 წელს ოსმალებმა დიდძალი ლაშქარი გამოგზავნეს ქართლში. წლების შემდეგ მეფე სიმონი დაუზავდა ოსმალებს და ხარკის გადახდა დაიწყო, ხოლო ოსმალებმა იგი ქართლის მეფედ აღიარეს. 1590 წელს ოსმალეთმა და ირანმა ახალი საზავო ხელშეკრულება დადეს. კავკასია ამჯერადაც ოსმალეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა. სიმონი აგრძელებდა ბრძოლას ოსმალების წინააღმდეგ. ამ მიზნით 1595 წელს სპარსეთი, ქართლი და კახეთი ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდნენ. სიმონ I‑მა აიღო გორის ციხე, მაგრამ შემდეგ ოსმალებმა დიდი ლაშქარი გამოგზავნეს საქართველოში. ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. ოსმალებმა მეწყერში ჩავარდნილი მეფე შეიპყრეს. იგი სტამბოლში იედიყულეს ციხესიმაგრეში მოათავსეს. 1611 წელს გმირი მეფე სიმონი იედიყულეს საპყრობილეში გარდაიცვალა. ქართველებმა დიდ საფასურად მოახერხეს მისი ცხედრის სამშობლოში დაბრუნება. სიმონი სვეტიცხოველში დაკრძალეს. ამ დროს არის შექმნილი ხალხური ლექსი, რომელიც დიდ იმედს, რწმენასა და სიმონ I‑ის უტეხ სულს ასახავს: „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი,
ისე არ ამოწყდებიან, ჯავრი შასჭამონ მტრისანი!“
მეოცე საუკუნეში ეს ხალხური ლექსი გახდა შთაგონების წყარო მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილისათვის, რომლის სკულპტურული კომპლექსი „კიდევაც დაიზრდებიან“ (დედა ორი ყრმით) დაიდგა სწორედ ალგეთის ტერიტორიაზე.
XVI საუკუნეში პოლიტიკური აშლილობა განსაკუთრებით გამწვავდა დასავლეთ საქართველოში. იმერეთის სამეფო დაიყო სამთავროებად. საუკუნის შუახანებიდან მთავარი დადიანი განაგებდა სამეგრელოს. მაშინ აფხაზეთიც სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში იყო. აფხაზმა ფეოდალებმა შერვაშიძეების მეთაურობით დაიწყეს ბრძოლა, რომელიც XVII საუკუნის დამდეგს აფხაზეთის ცალკე სამთავროს ჩამოყალიბებით დასრულდა.
ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოში თავი იჩინა საშინელმა ფეოდალურმა მოვლენამ, რაც საისტორიო წყაროებში „ტყვეთა სყიდვის“ ტერმინით მოიხსენიება. ფეოდალური წყობისათვის ყმებისა თუ გლეხების გაყიდვა ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. ბატონსა თუ თავადს ყველანაირი უფლება ჰქონდა განეკარგა საკუთარი ყმების ბედი — გაეჩუქებინა, გაეყიდა, გაეცვალა და ა. შ. თუმცა „ტყვეთა სყიდვამ“ ყველაზე საშინელი ფორმები XVI საუკუნიდან მიიღო. დასავლეთ საქართველოს მთავრები საკუთარ ყმებს უცხოეთში ყიდდნენ. ქართველი ვაჟები თუ ქალები ძვირად ფასობდნენ ოსმალეთის ტყვეთა ბაზრებზე. დასავლეთ საქართველოდან დატყვევებულები ოსმალეთში ზღვით გადაჰყავდათ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველანაირად ცდილობდა წინ აღდგომოდა ამ მახინჯ მოვლენას. მეფე ბაგრატ III‑მ საეკლესიო კრება მოიწვია. კრების გადაწყვეტილებით ტყვეებით ვაჭრობა სიკვდილით ისჯებოდა. ბაგრატ III ყველა ღონეს ხამარობდა იმერეთის ერთიანობის შესანარჩუნებლად. ოსმალეთიისა და სპარსეთის ქიშპობა საქართველოზე პოლიტიკური გავლენის გამო ძვირად უჯდებოდა ქვეყანას. ოსმალები ყველანაირად ხელს უწყობდნენ სამცხე-საათაბაგოს სეპარატისტულ მისწრაფებებს.
„ათაბაგი“ თურქულიდან შემოსული ტერმინია. ოსმალეთის იმპერიაში ათაბაგი მაღალი სამოხელეო ტიტული იყო, რომელსაც ტახტის მემკვიდრის აღზრდა და მეურვეობა ევალებოდა. საქართველოს ისტორიაში პირველი ათაბაგი — ივანე I მხარგრძელი (XII‑XIII საუკუნე) უფლისწულ ლაშა-გიორგის აღმზრდელი გახლდათ.
საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისტორიულ მხარეს — სამცხეს ჯაყელების საგვარეულო მართავდა. ჯაყელები დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მეფის ხელისუფლების წინააღმდეგაც არც თუ იშვიათად იბრძოდნენ. ჯაყელთა სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ XV საუკუნეში წარმატებით დასრულდა. ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ სამცხე-საათაბაგო დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდა. სამცხე-საათაბაგოს ტერიტორია მოიცავდა საქართველოს ისტორიულ მხარეებს — ტაოს, შავშეთს, კლარჯეთს, სპერს, სამცხე-ჯავახეთს. რა თქმა უნდა, იგი ყოველთვის წარმოადგენდა ირანისა და ოსმალეთის დაპირისპირების საგანს. ამასიის ზავის (1555 წ.) მიხედვით, ოსმალებმა და სპარსელებმა სამცხე-საათაბაგო ერთმანეთში გადაინაწილეს. დასავლეთი ნაწილი ოსმალეთს დარჩა, ხოლო აღმოსავლეთი ირანს. თუმცა, ოსმალები ცდას არ აკლებდნენ, რომ მთლიანად ჩაეგდოთ ხელში სამთავროს ტერიტორია. მოახერხეს კიდეც, ამასიის ზავის დარღვევის შემდეგ, სპარსეთ-ოსმალეთი ისევ დაუპირისპირდა ერთმანეთს. 1578 წელს ოსმალებმა სამცხე-საათაბაგოს აღმოსავლეთ ნაწილიც დაიპყრეს და ახალციხის საფაშო ჩამოაყალიბეს. დაიწყო მოსახლეობის გათურქების პოლიტიკა. სამცხე-საათაბაგოს მმართველები ყვარყვარე IV (1574‑1581) და მანუჩარ II (1581‑1614) ათაბაგები ცხდილობდნენ ამ პროცესისათვის ხელის შეშლას, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაფერს გახდნენ. მანუჩარ II იძულებული იყო მუსლიმობაც კი მიეღო, რათა ძალაუფლება შეენარჩუნებინა. მან ფარულად ქართლის მეფე სიმონ I‑თან დაამყარა კავშირი და ყველანაირად ეხმარებოდა მას ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში. მისივე ხელმძღვანელობით, 1582 წელს ახალციხის საფაშო აჯანყდა. აჯანყებულებმა მცირე ხნით მოახერხეს დამოუკიდებლობის მოპოვება, მაგრამ ოსმალეთმა ისინი კვლავ დაიმორჩილეს. 1590 წელს ირანმა და ოსმალეთმა ახალი საზავო ხელშეკრულება დადეს. ირანმა აღიარა ოსმალეთის უფლებები ახალციხის საფაშოზე. სამხრეთ საქართველო 300 წლის განმავლობაში ოსმალთა გავლენის ქვეშ მოექცა. ოსმალებმა დაპყრობილ ტერიტორიაზე აღწერა ჩაატარეს, რომლის შედეგებიც აისახა წიგნში „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“. ვილაიეთი ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეულის აღმნიშვნელი არაბული წარმომავლობის ტერმინია. როგორც წიგნის დასახელებიდან ჩანს, ამ დროისათვის ოსმალეთის იმპერია საქართველოს, კერძოდ კი სამცხე-საათაბაგოს საკუთარ ვილაიეთად, ანუ პროვინციად მიიჩნევდა.
საქართველოს მდიდარი ბუნებრივი პირობები ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობის განვითარებას. ისევე, როგორც წინა საუკუნეებში, XVI საუკუნეშიც აღმოსავლეთ საქართველოსა და სამცხე-საათაბაგოში ხორბლეულის (პურის) კულტურა იყო განვითარებული. დასავლეთ საქართველოში კი ძირითადად ღომი მოჰყავდათ. განვითარებული იყო ასევე ბრინჯის კულტურაც. მევენახეობა-მებაღეობა ყოველთვის პოპულარული იყო, განსაკუთრებით კახეთში. კახეთი მდიდარე მხარეა. იქ ტყეებშიც კი იზრდებოდა ხეხილი. კახეთიდან მეზობელ ქვეყნებში დიდი რაოდენობით კაკალი გაჰქონდათ. ხილით მდიდარი იყო ქართლიც. დასავლეთ საქართველოში სხვა ხილთან ერთად ციტრუსებიც — მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი — ხარობდა. მისდევდნენ მეაბრეშუმეობას. ქართული აბრეშუმი ხომ განთქმული იყო. კარგად იყო განვითარებული შინამრეწველობა — ქსოვილების დამზადება, ტყავის დამუშავება. სელს, კანაფს და ბამბას ქსოვილების დასამზადებლად იყენებდნენ. ქსოვდნენ ფარდაგებსა და შალის ნაწარმს. მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მადნეულს, რკინას.
აღმოსავლეთის ქვეყნებში განთქმული იყო განსაკუთრებული ჯიშის ცხენები — კახური ბედაურები. განვითარებული იყო მეცხვარეობა, განსაკუთრებით საქართველოს ერთ მშვენიერ კუთხეში — თუშეთში. ქართველები მისდევდნენ აგრეთვე მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მოშენებას, მაგრამ მტრის დაუსრულებელი შემოსევების შედეგად დაიწყო სოფლის მეურნეობისა და ხელოსნობის თანდათან დაქვეითება. ოსმალები გაბატონდნენ შავ ზღვაზე, რამაც გამოიწვია საქართველოს ლოკალიზაცია. შეფერხდა ვაჭრობა. სხვა კუთხეებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა კახეთი. აქ კვლავ ვითარდებოდა სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა, ქალაქები ახლოს იყო სავაჭრო-საქარავნო გზასთან და ამდენად, კავშირი ჰქონდა სხვა ქვეყნებთან. კახეთის მნიშვნელოვანი ქალაქი იყო ბაზარი (ზაგემი), გაძლიერდა ქალაქი გრემი, თავის მნიშვნელობას ინარჩუნებდა თელავი. იმ პერიოდში კახეთი ძლიერი სამეფო იყო.