Up

XIX საუკუნე − XX საუკუნის დასაწყისი და ბოლო

XIX საუკუნიდან მოყოლებული რუსეთის იმპერიამ ეტაპობრივად დაასრულა საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ სამეფოების რუსეთის იმპერიაში მოქცევის პროცესი. დაიწყო ქვეყნის მმართველობის რუსულ ყაიდაზე გადასვლის ეტაპი. 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც საქართველოს გუბერნია. 1840 წლიდან რუსეთის იმპერიამ დასავლეთ საქართველოს ანექსიაც მოახერხა და შეიქმნა საქართველო-იმერეთის გუბერნია, რომლის ადმინისტრაციულ ცენტრს ტიფლისი წარმოადგენდა. საქართველო-იმერეთის გუბერნიაში 11 მაზრა შედიოდა.

ადმინისტრაციული ცვლილებები მხოლოდ ქვეყნის საერო სფეროს როდი შეეხო. 1811 წელს რუსეთის იმპერიამ იმპერატორისა და სინოდის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიაც გააუქმა და რუსეთის ეკლესიას დაუქვემდებარა. საქართველოს ეკლესიას აღარ მართავდნენ ქართველი პატრიარქები. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი — ეგზარხოსი ითვლებოდა საქართველოს ეკლესიის მეთაურად.

ბაგრატოვანთა სამეფო გვარის ოჯახის წარმომადგენლები თანდათანობით გაასახლეს საქართველოდან, რათა იმპერიის წინააღმდეგ შესაძლო გამოსვლების შემთხვევაში საქართველოს ტახტის კანონიერი მემკვიდრეები ქვეყნაში არ ყოფილიყვნენ და საპროტესტო მოძრაობას სათავეში არ ჩადგომოდნენ. 1801 წელს რუსეთში გაასახლეს საქართველოს უკანასნელი მეფის, გიორგი XII‑ს ვაჟები. ასევე გაასახლეს ერეკლე II‑ს მეუღლე დარეჯანი. გიორგი XII‑ს მეუღლე მარიამი უარს აცხადებდა ქვეყნის დატოვებაზე. გენერალმა ლაზარევმა იძულებით დააპირა მისი ქვეყნიდან წაყვანა, რაც ლაზარევს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. სასახლეში შეჭრილი გენერალი დედოფალმა მარიამმა სიცოცხლეს გამოასალმა. საბოლოოდ მაინც მიაღწია რუსეთმა მიზანს და საქართველოს სამეფო ტახტის თითქმის ყველა კანონიერი მემკვიდრე რუსეთში იქნა გასახლებული. გადასახლებას მხოლოდ ისინი გადაურჩნენ, ვინც საქართველოში არ იმყოფებოდა.

რუსეთის იმპერიამ გუბერნიის სამართავად სპეციალური თანამდებობა — საქართველოს მთავარმმართველი დააწესა. 1801 წლიდან 1844 წლამდე საქართველოს რუსეთიდან მოვლენილი მთავარმმართველები განაგებდნენ, რომლებიც ქვეყნის მთავარსარდლის ფუნქციასაც ითავსებდნენ. მთავარმმართველის თანამდებობის გაუქმების შემდეგ დაწესდა კავკასიის მეფისნაცვლის პოსტი. საქართველო დამოუკიდებლობის დაკარგვის დღიდან ვერ ეგუებოდა შექმნილ ვითარებას და ქვეყანაში დამპყრობელი იმპერიის წინააღმდეგ პერიოდულად აჯანყებები ფეთქდებოდა. აჯანყებები მოხდა 1802 წელს კახეთში. 1804 წელს აჯანყდა მთიულეთი. 1812 წელს ისევ აჯანყდა კახეთი და მის მეფედ ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე გამოაცხადეს. 1819-1820 წლებში აჯანყდა იმერეთის მოსახლეობა, განმათავისუფლებელი მოძრაობა რაჭასაც მოედო. 1832 წლის შეთქმულებას ქართველი თავადაზნაურობის მოწინავე წარმომადგენლები ჩაუდგნენ სათავეში. 1841 წელს გურია მძლავრმა ანტირუსულმა აჯანყებამ მოიცვა. სამწუხაროდ, ვერცერთმა ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო. ეს არც იყო გასაკვირი. მსოფლიოს ერთ მეექვსედზე გადაჭიმულ მძლავრ იმპერიას პატარა, საუკუნეების განმავლობაში ომებისგან თუ შიდაარეულობისგან დასუსტებული საქართველო ვერაფერს დააკლებდა. თუმცა დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა არ განელებულა.

თერგდალეულები

XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპი. ამ მოძრაობას სათავეში ე.წ. „თერგდალეულები“ ჩაუდგნენ. თერგი მდინარეა, რომელიც ჩრდილოკავკასიიდან იღებს სათავეს და საქართველოში მოედინება. ვინც ეს მდინარე გადაკვეთა, ჩავიდა რუსეთში და იქ მიიღო განათლება, „თერგდალეულები“ უწოდეს. მათ შორის იყვნენ საქართველოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ლიტერატურული თუ კულტურული განვითარების მესვეურები ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე, სერგი მესხი, გიორგი წერეთელი და სხვები. (იხ. ვრცლად). განსაკუთრებული მნიშვნელობა განათლებას ენიჭებოდა. სწორედ ამისთვის ილია ჭავჭავაძის თაოსნობით 1879 წელს დაარსდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“.ნოე ჟორდანია გაიხსნა გამომცემლობები, გამოიცა სახელმძღვანელოები, დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის შეგროვება და მოვლა-პატრონობა. ქართველებს ყოველთვის სწამდათ, რომ ადრე თუ გვიან, ქვეყანა დამოუკიდებლობას აღიდგენდა და ამ დამოუკიდებლობისათვის მზად უნდა ყოფილიყვნენ. ასეც მოხდა, როცა რუსეთის ძლევამოსილი იმპერია დაიშალა. 1917 წლის თებერვალში პეტერბურგში დაიწყო მასობრივი გამოსვლები სახელმწიფოს მმართველი რომანოვების დინასტიის წინააღმდეგ. რუსეთის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. რუსეთის იმპერიის ფარგლებში შემავალი ამიერკავკასიის გუბერნიებიდან შეიქმნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა. მის შემადგენლობაში შედიოდა — საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. ეს რესპუბლიკა დაიშალა 1918 წლის 26 მაისს. ამავე დღეს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნოე ჟორდანია.

1921 წლის 25 თებერვალი. საბჭოთა არმიამ დაიკავა თბილისი.

სამწუხაროდ, დამოუკიდებლობა ხანმოკლე აღმოჩნდა. რუსეთის დაშლილ იმპერიაში მოვლენები დრამატულად განვითარდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციას მოჰყვა ოქტომბრის რევოლუცია, რომელმაც სათავეში ლენინის მეთაურობით ბოლშევიკები მოიყვანა. რუსეთში სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ომის მსვლელობის პერიოდში სახეცვლილ და ბევრად უფრო სასტიკ იმპერიას, რომელსაც უკვე საბჭოთა რუსეთი ერქვა, დამოუკიდებელი საქართველოსათვის ნაკლებად ეცალა. მაგრამ, როგორც კი ბოლშევიკებმა ძალაუფლება განიმტკიცეს, ყოფილი რუსეთის იმპერიის ფარგლებში შემავალი მიწების უკან დაბრუნება დაიწყეს. საქართველო ისევ პირისპირ აღმოჩნდა რუსეთთან. დასავლეთის სახელმწიფოებმა კვლავ ვერ გადადგეს ქმედითი ნაბიჯები საქართველოს დასახმარებლად, რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას კვლავ ყველა ერიდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა თავად რუსეთმა აღიარა 1920 წელს, ამ ფაქტმაც ვერაფერი შეცვალა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმია შემოიჭრა საქართველოში. საბჭოთა არმიამ დაიკავა თბილისი.დამოუკიდებლობის გამოცხადება. 1991 წლის 9 აპრილი ქვეყნის მთავრობა ჯერ ბათუმში გაიხიზნა, ხოლო შემდეგ ქვეყანა დატოვა და ემიგრაციის გზას დაადგა. დამოუკიდებელმა საქართველომ არსებობა შეწყვიტა და კვლავ რუსეთის შემადგენლობაში მოექცა ახლა უკვე საბჭოთა რესპუბლიკის სახით. ეს მდგომარეობა გაგრძელდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. დაშლას კი წინ უძღვოდა მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან ეროვნული მოძრაობის გააქტიურება. ქართველი ახალგაზრდობის საპროტესტო აქციები კომუნისტური რეპრესიით დასრულდა 1989 წლის 9 აპრილს, მაგრამ ეროვნული მოძრაობა უფრო გაძლიერდა. 1990 წლის ოქტომბერში ჩატარდა საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები, ხოლო 1991 წლის 9 აპრილს ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა.