- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ, 1223 წელს, ტახტზე მისი და, რუსუდანი ავიდა. მართალია, ლაშა-გიორგის ჰყავდა ვაჟიშვილი დავითი, მაგრამ იგი კანონიერ მემკვიდრედ არ ითვლებოდა და სამეფო ტახტიც რუსუდანს დარჩა.
1225 წელს ქვეყანას ახალი დიდი უბედურება დაატყდა თავს. საქართველოში ხვარაზმის შაჰი ჯალალედინი შემოიჭრა. როდესაც ხვარაზმი მონღოლებმა გაანადგურეს, ხვარაზმშა ჯალალედინი ჯერ ინდოეთში გაიქცა, შემდეგ ირანის ნაწილის დამორჩილება შეძლო, დაიკავა აზერბაიჯანი და საქართველოზეც გამოილაშქრა. როცა ჯალალედინი თბილისს მოადგა, თბილისი საკმაოდ კარგად გამაგრებული ქალაქი იყო და წინააღმდეგობის გაწევაც შეეძლო. ჯალალედინმა მოისყიდა თბილისელი მუსლიმები. მას თბილისში შემოსასვლელი კარი გაუღეს და მისი ლაშქარი მშვიდობიან მოსახლეობას დაერია. ხოცავდნენ უმოწყალოდ ყველას — ქრისტიანებს, მუსლიმებს, არ ინდობდნენ ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს. ჯალალედინის ბრძანებით ქრისტიანებს რჯულის უარყოფა მოსთხოვეს. წინააღმდეგობის შემთხვევაში, თავს ჭრიდნენ. საისტორიო წყაროების მიხედვით, 100 ათასმა კაცმა უარი თქვა რჯულის შეცვლაზე და მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. მიუხედავად თბილისის მოოხრებისა, ქართველები მაინც უწევდნენ წინააღმდეგობას და პერიოდულად თავს ესხმოდნენ ჯალალედინის რაზმებს. ჯალალედინი თითქმის ხუთ წელიწადს დათარეშობდა საქართველოში, მაგრამ ქვეყნის მთლიანი დაპყრობა ვერ მოახერხა. 1230 წელს, როდესაც ჯალალედინს აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოემართნენ მონღოლები, მან საქართველო დატოვა.
ჯალალედინის თავდასხმას მძიმე შედეგები მოჰყვა: ჩამოიშალა ქვეყნის ცენტრალიზებული მმართველობა. გავერანდა ქალაქები და სოფლები. მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიღუპა, გადარჩენილები მთებში გაიხიზნენ. მოიშალა სოფლის მეურნეობა. რუსუდანს გაუჭირდა ქვეყნის მართვა. 1235 წელს საქართველოში მონღოლები შემოიჭრნენ. მონღოლებმა დაიკავეს შამქორი და გარდაბანი. რუსუდანმა თბილისის გადაწვა ბრძანა და თავად ქუთაისში გადავიდა. ჯალალედინის მიერ რამდენიმე წლის წინ მოოხრებული და უკვე გადამწვარი თბილისი მონღოლებმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს. აღმოსავლეთ საქართველო ფაქტობრივად მონღოლთა ხელში აღმოჩნდა. მონღოლებმა დასავლეთ საქართველოში გადასვლა ვერ მოახერხეს, რადგანაც აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ყველანაირად ცდილობდა მათ შეჩერებას. რუსუდანმა რომის პაპსაც კი სთხოვა დახმარება, მაგრამ ამაოდ. რუსუდანის ერთადერთი იმედი რუმის სასულთნო იყო. რუმის სულთანს რუსუდანის ქალიშვილი ჰყავდა ცოლად, მაგრამ 1243 წელს მონღოლების ჯარებსა და რუმის სასულთნოს ლაშქარს შორის გამართული ბრძოლა მონღოლების გამარჯვებით დასრულდა. რუმის სასულთნო მონღოლებს დაუზავდა და ხარკის გადახდა დაეკისრა.
რუსუდანს მოლაპარაკების და ზავის თხოვნის გარდა სხვა გზა არ დარჩა. ასეც მოხდა. ზავის პირობებით რუსუდანმა შეინარჩუნა ძალაუფლება. თუმცა, მისი მეფობა უნდა დაედასტურებინა ყაენს. თბილისი და აღმოსავლეთ საქართველო რუსუდანის გამგებლობაში დარჩა. ქვეყანაში მონღოლთა ჯარი განლაგდა. გარდა ამისა, საქართველოს დიდძალი ხარკი უნდა გადაეხადა და მონაწილეობა უნდა მიეღო მონღოლთა ლაშქრობებში. ყარაყორუმში გაგზავნეს რუსუდანის ვაჟი დავითი, რათა მისი მემკვიდრეობა ოფიციალურად დამტკიცებულიყო. 1245 წელს გარდაიცვალა რუსუდანი. დავითი ჯერ არ იყო დაბრუნებული საქართველოში და გარკვეულ ხანს ქვეყანა უმეფოდ დარჩა. ამით ისარგებლეს მონღოლებმა, ადმინისტრაციული რეფორმა ჩაატარეს და ქვეყანა დუმნებად — სამხედრო ერთეულებად დაყვეს. დუმნებს სათავეში ნოინები ჩაუდგნენ.
ქვეყნის უმეფოდ ყოფნა შეუძლებელი იყო და რადგან რუსუდანის ვაჟის — დავითის შესახებ არაფერი იცოდნენ, ყარაყორუმში მეფედ დასამტკიცებლად ლაშა-გიორგის ვაჟი — დავითი გაგზავნეს. აღმოჩნდა, რომ რუსუდანის ძის მეფედ ცნობა ყაენის გარდაცვალების გამო გადაიდო. 1246 წელს მონღოლებმა ახალი ყაენი აირჩიეს. ახალმა ყაენმა საქართველოს მეფეებად ორივე დავითი ცნო. უპირატესობა დავით ლაშა-გიორგის ძეს ერგო. დავით ლაშა-გიორგის ძეს „ულუ“ უწოდეს, რაც მონღოლურად „უფროსს“ ნიშნავს. დავით რუსუდანის ძეს კი „ნარინი“ შეარქვეს, რაც „უმცროსს“ ნიშნავს. 1247 წელს დავით ულუ და დავით ნარინი საქართველოში დაბრუნდნენ და 1249 წლამდე ერთად უძღვებოდნენ ქვეყანას. დავით ნარინი 1249 წელს დასავლეთ საქართველოში გადავიდა. მან მონღოლთა წინააღმდეგ შეთქმულება დააპირა, მონღოლებმა შეიტყვეს და დააპატიმრეს. დავითმა პატიმრობიდან თავი დააღწია. მონღოლებმა ვერ შეძლეს დასავლეთში გადასვლა და დავით ნარინი დასავლეთ საქართველოს დამოუკიდებლად მართავდა. საქართველო ორად იყო გაყოფილი. ეს კი ქვეყნისთვის დიდ პოლიტიკურ მარცხს ნიშნავდა.
მონღოლთა ბატონობა მძიმედ ტვირთად აწვებოდა ქვეყანას. ქართველები ვერ ეგუებოდნენ ვასალურ მდგომარეობას და აჯანყებებს ამზადებდნენ. * 1260 წელს დავით ულუ აჯანყდა. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს ახალდაბასთან გამართულ ბრძოლაში მონღოლთა ჯარი. თუმცა შემდგომი ბრძოლები მონღოლთა გამარჯვებით დასრულდა. დავით ულუ სამცხეში გადავიდა. მონღოლები დაელოდნენ მაშველ ჯარს და მომდევნო წელს შეესივნენ სამცხეს. დავით ულუ იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. დავით ნარინმა დიდი პატივით მიიღო იგი. აღმოსავლეთ საქართველო უპატრონოდ დარჩა. დავით ულუმ სცადა მონღოლებთან შერიგება. იგი 1262 წელს გაემგზავრა ყარაყორუმში. ყაენმა შეუნდო დავით ულუს, რადგან თავადაც პრობლემები ჰქონდა და ერჩივნა დავით ულუს სახით სამხედრო მოკავშირე ჰყოლოდა. დავით ულუმ განაგრძო მონღოლთა გაუთავებელ ომებში მონაწილეობის მიღება.
* საქართველოს დიდებულები შეიკრიბნენ აჯანყების თაობაზე სათათბიროდ. მაგრამ მოღალატემ შეთქმულება გასცა და მონღოლებმა დაატყვევეს ისინი. შეთქმულები წაიყვანეს ანისში და ნოინს წარუდგინეს. შეთქმულებმა ბრალდება უარყვეს, მაგრამ ნოინის ბრძანებით ტყვეები გააშიშვლეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მცხუნვარე მზეზე დაყარეს, რათა ასეთი წამებით გამოეტეხათ ისინი. დაპატიმრებას გადაურჩა ცოტნე დადიანი, ვინაიდან ის ჯარის შესაკრებად იყო წასული. როგორც კი გაიგო შეთქმულების ამბავი, მაშინვე ანისში ჩავიდა და თავისი ნებით გაიზიარა მეგობრების მძიმე ხვედრი. ნოინმა თავისთან მიიხმო ცოტნე დადიანი და მიზეზი ჰკითხა. ცოტნემ უპასუხა — ჩემი მეგობრები უდანაშაულონი არიან და თუ უდანაშაულოთა დასჯა შეიძლება, დაე, მეც მათთან ერთად დავისაჯოო. ცოტნე დადიანის თავდადებამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნოინზე, რომ ბრძანა ქართველი დიდებულების გათავისუფლება. ტყვეობიდან დაბრუნებული ქართველი დიდებულები ახალი ძალით შეუდგნენ ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლას.
1266 წელს საქართველოს გამოეყო სამცხე, რომელიც უშუალოდ ყაენის დაქვემდებარებაში გადავიდა. ფაქტობრივად, საქართველო უკვე სამ პოლიტიკურ ერთეულად დაიშალა.