Up

ქართველები სეფიანთა ირანში

ალავერდი-ხანი უნდილაძე. ისპაჰანი.შაჰ-აბას I‑მა მემკვიდრეობით მიიღო ოსმალეთთან ომით დასუსტებული ქვეყანა. შაჰი ირანში მოღვაწე გამაჰმადიანებული ქართველების დახმარებით შეუდგა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. მან ძალიან დააფასა ირანში სახელმწიფო და სამხედრო სამსახურში მოღვაწე ქართველები. ირანში წესად ჰქონდათ, რომ ისპაჰანის მოურავი ქართველი უნდა ყოფილიყო, ირანის პროვინციების მმართველებიც ქართველები იყვნენ; ქართველებს ირანის კულტურულ ცხოვრებაშიც თვალსაჩინო ადგილი ეკავათ; განსაკუთრებული როლი შეასრულეს მათ სეფიანთა ირანის სამხედრო ძლიერების განმტკიცებაში. ირანის ისტორიაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა უნდილაძეების ოჯახმა.

ალავერდი-ხანი უნდილაძე ბავშვობაში გაუტაცებიათ საქართველოდან და ირანში აღუზრდიათ. შაჰ-აბასმა იგი მთავარსარდლად დანიშნა. უნდილაძე იყო სეფიანთა დინასტიის პირველი მთავარსარდალი და ერთ-ერთი დიდი პროვინციის, ფარსის ბეგლარბეგი (გუბერნატორი). როგორც წესი, შაჰ-აბასი ყველა პროვინციის გუბერნატორს ამოწმებდა, მაგრამ არასდროს უფიქრია ფარსში ჩასვლა, ვინაიდან შაჰი უნდილაძეს უსაზღვროდ ენდობოდა და ისე უყვარდა, მამას უწოდებდა. ალავერდი-ხანმა ირანელი ქართველებისგან შექმნა მუდმივი ჯარი და გაატარა სამხედრო რეფორმა. ამას გარდა, ალავერდი-ხანმა ააშენა მსოფლიოში ცნობილი ხიდი მდინარე ზაიანდერუდზე. იგი გახლავთ ირანის არქიტექტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობა, რომელიც დღესაც მის სახელს ატარებს. ხიდი 300 მეტრი სიგრძისაა და 33‑თაღიანია. ეს აგურის ნაგებობა ჩუქურთმებითა და ღია აივნებით არის დამშვენებული.ალავერდი-ხანის მიერ აგებული 33-თაღიანი ხიდი ისპაჰანში

ალვერდი-ხანის აშენებულია ასევე შესანიშნავი არქიტექტურის ძეგლი — შირაზის ხანის სკოლა, ქალაქ ლარის ბაზარი, სასტუმროები ისპაჰანისა და შირაზის ტერიტორიებზე... ცენტრალურ ირანში ძალიან ცუდი გადასასვლელი გზები ყოფილა და ალავერდი ხანის მეუღლის თაოსნობით გაუყვანიათ გზები. არსებობს ისტორიული მეხსიერება, რომლის მიხედვითაც უნდილაძეთა მიერ აშენებულ ჩეჰერ სუთუნის სასახლეში, რომელიც ფრესკებით იყო მოხატული, ქართული წარწერებიც ყოფილა.

სიცოცხლეში მეტად დაფასებულ ალავერდი-ხანს დაკრძალვაც პომპეზური ჰქონია. შაჰ-აბას I‑ის ბრძანებით, იგი დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში.

ალავერდი-ხანს ორი შვილი ჰყავდა — იმამყული-ხანი და დაუდ-ხანი დაუდ-ხანი უნდილაძე. კასტელის ნახატი. ირანში ისინიც მოწინავე პოზიციებზე იყვნენ. იმამყული-ხანმა მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსი, დაუდ-ხანი, ყარაბაღის ბეგლარბეგი გახდა. გარდა იმისა, რომ, იმამყული-ხანი ირანის ცნობილი სარდალი იყო, ამასთანავე, გაჰყავდა არხები, გზები, აგებდა ხიდებს, კაშხლებს. იმამყული-ხანი მფარველობდა ირანში მძევლად მყოფ ქეთევან დედოფალსა და მის მცირეწლოვან შვილიშვილებს, ქართლის მეფე ლუარსაბ II‑ს...

ყარაბაღის მმართველი დაუდ-ხანი მონაწილეობდა 1633 წელს თეიმურაზ I‑ის მეთაურობით ირანის წინააღმდეგ მოწობილ აჯანყებაში, ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი სააკაძესთან. დაუდ-ხანი ცდილობდა, რომ შაჰ-აბასი საქართველოს მიმართ ლოიალური გამხდარიყო. იმის მიუხედავად, რომ უნდილაძეები შაჰის ახლო მეგობრები იყვნენ და ირანის სახელმწიფოს მართვასა და სამხედრო საქმეში მონაწილეობდნენ, მათგან არცერთს არასდროს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია.