Up

ფერეიდნელი ქართველები

შაჰ-აბასი არაერთხელ შემოესია საქართველოს, ანადგურებდა სხვადასხვა კუთხეს, არბევდა მოსახლეობას, ეკლესია-მონასტრებს, ირანში მიჰყავდა ტყვეები... 1614-1616 წლებში შაჰ-აბასმა გადაასახლა 200.000-მდე ქართველი, უმთავრესად კახეთიდან და ჰერეთიდან, ირანის პროვინციებში — ხორასანში, მაზანდარანში, პარსში, ისპაჰანში და ა.შ. ისპაჰანში მცხოვრები ქართველები წლების განმავლობაში გადასახლდნენ ისპაჰანის პროვინციის დასავლეთ ნაწილში — ფერეიდანში. ფერეიდანი მათი გადასახლების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ფერეიდანი მთაგორიანი რაიონია და ძალიან ჰგავს საქართველოს. ფერეიდნელმა ქართველებმა იქ ააშენეს ორი მთავარი ქალაქი — მარტყოფი და თორელი და არაერთი სოფელი. მათ შორის, ვაშლოვანი, ჩუღურეთი, აღჩა, დაშქასანი და სხვა. მათ მთებს, მინდორ-ველებს, წყაროებს ქართული სახელები აქვთ შემორჩენილი (კუს წყარო, თათარაშვილის გორა, დიდწვერი, ნაქერალი, გიორგის მაზრა, სიღვინე, ქალების ქვაბი...). დღეს ამ ქალაქებში ძირითადად ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ და ყველამ იცის თავისი ისტორია, შემორჩენილი აქვთ მოძველებული ქართული ენა.ქართველებით დასახლებული სოფლები. ფერეიდანის ქუჩებში ხშირად შეხვდებით ქართულ წარწერებს მაღაზიების აბრებზე, მანქანებზე. საინტერესოა, რომ ფერეიდანში არსებობს სასწავლო ცენტრები, სადაც ისწავლება ქართული ენა და ბავშვები, ახალგაზრდები თუ მოხუცები დიდი ინტერესით დადიან ამ კურსებზე, მონდომებითა და სიამოვნებით ცდილობენ ენის შენარჩუნებას. ფერეიდანის რაიონში ბევრ ადგილას არის ქართული რესტორნები, ქართული კაბების მაღაზიები, მომღერალთა გუნდები, რომლებიც მღერიან ქართულ სიმღერებს ქართული ხალხური ინსტრუმენტების (ფანდური, სალამური, დოლი...) თანხლებით. ფერეიდნელი ქართველები დღეს ირანის სრულფასოვანი მოქალაქეები არიან. ისინი სხვადასხვა პროფესიის ხალხია და მრავალფეროვანი საქმიანობით არიან დაკავებული. ბევრმა მათგანმა ოთხი საუკუნის მანძილზე შეინარჩუნა ქართული ენა და ზოგიერთი ტრადიცია.