- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
მეფე გიორგი I. ბაგრატ III‑ის გარდაცვალების შემდეგ, 1014 წელს ტახტი დაიკავა მისმა ძემ გიორგი I‑მა (998-1027). საქართველოს საბოლოო გაერთიანებას მხოლოდ თბილისის საამიროს დამოუკიდებლობა უშლიდა ხელს. თუმცა, ქვეყნის ერთიანობის სხვა საფრთხეებიც არსებობდა. გიორგი ტახტზე მცირეწლოვანი ავიდა. იგი მხოლოდ 12 წლის იყო. ამით ისარგებლეს კახეთ-ჰერეთის დიდგვაროვნებმა და დამოუკიდებლობა აღიდგინეს. გიორგი I‑მა არ გაართულა ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება და კახეთ-ჰერეთის საკითხის გადაწყვეტა ბიზანტიასთან ურთიერთობის გარკვევამდე გადადო. გიორგი I ბიზანტიასთან ომისთვის ემზადებოდა და შიდაარეულობა არ აწყობდა. ბიზანტიაში არსებული პოლიტიკური ვითარება ხელსაყრელი იყო ამ ომის დასაწყებად. ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II‑ს ბულგარელები აუჯანყდნენ და მათ დასამარცხებლად რამდენიმე წლის განმავლობაში იბრძოდა. სწორედ ამით ისარგებლა გიორგი I‑მა და ტაოში შეიჭრა. დაიკავა ტერიტორიები, რომლებიც დავით III კურაპალატის მფლობელობაში იყო და მისი სიკვდილის მერე ბიზანტიამ მიიტაცა. როგორც კი ბიზანტიამ ბულგარელებთან საქმე მოაგვარა, გიორგის ტერიტორიების დაბრუნება მოსთხოვა. გიორგი I‑მა უარი განაცხადა და დაიწყო ბიზანტიასა და საქართველოს შორის 1021-1023 წლების ომი. გიორგი I წარმატებული დიპლომატი გახლდათ. მან მოახერხა, რომ ამ ომში მის მხარეს ყოფილიყვნენ ანისის მეფე და ანისის სამეფოს ვასალი. გიორგიმ ეგვიპტესთანაც შეძლო კავშირის დამყარება, რომლის ხალიფებსაც საკუთარი ანგარიშები ჰქონდათ ბიზანტიასთან. მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ განდგომილი კახეთ-ჰერეთის მეფეც გიორგის ეხმარებოდა. მიუხედავად გიორგის დიპლომატიური წარმატებებისა, ერთობლივი საომარი კოალიციის შექმნა და ბიზანტიის წინააღმდეგ გალაშქრება ვერ მოხერხდა, რასაც ხელი ეგვიპტის ხალიფა ალ-ჰაკიმის გარდაცვალებამაც შეუშალა. ეს ომი ბიზანტიის გამარჯვებით დასრულდა. გიორგი I იძულებული გახდა სადაო მიწები ბიზანტიისთვის დაეთმო და ტახტის მემკვიდრე, მცირეწლოვანი ბაგრატ IV ბიზანტიაში 4 წლით მძევლად გაეგზავნა. გიორგი I გარდაიცვალა 1027 წელს, დაკრძალულია ქუთაისში.
მეფე ბაგრატ IV. გიორგი I‑ის გარდაცვალების მერე, 1027 წელს, საქართველოს ტახტს იკავებს მისი უფროსი ძე, მცირეწლოვანი უფლისწული ბაგრატ‑IV. 1028 წელს ბიზანტიის იმპერატორმა, კონსტანტინე VIII‑მ ბასილი II‑სა და გიორგი I‑ს შორის 1022 წელს დადებული ზავი დაარღვია, საქართველოს შემოესია და მოაოხრა ტაო. შეეცადა კლდეკარის (დღევანდელი საქართველოს შიდა ქართლისა და ქვემო ქართ ლის საზღვარი) ციხის აღებას, მაგრამ ვერ მოახერხა. კლდეკარის ციხის მფლობელმა, კლდეკარის ერისთავმა, ლიპარიტ ბაღვაშმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ბიზანტიელებს და სასტიკად დაამარცხა მათი არმია. 1030 წელს ბიზანტიასა და საქართველოს შორის დაიდო მორიგი ზავი. სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართა ბაგრატის დედამ, მარიამ დედოფალმა, რომელიც ამალასთან ერთად კონსტანტინეპოლს ესტუმრა. ამასთანავე, ბიზანტიის იმპერატორმა რომანოზმა ბაგრატს ცოლად შერთო თავისი ძმისშვილი ელენე და კურაპალატობა უბოძა. სამწუხაროდ, დედოფალი ელენე მალე გარდაიცვალა და ამის შემდეგ ბაგრატ IV‑მ ცოლად მოიყვანა ოსთა მეფის ასული ბორენა.
1030 წლიდან იწყება ბრძოლა თბილისის შემოერთებისათვის. ამ საქმეში ბაგრატს კლდეკარის ერისთავი ლიპარიტი ეხმარებოდა. ძლევამოსილი ფეოდალი ფაქტობრივად საქართველოს გამგებელი იყო ბაგრატ IV‑ის მცირეწლოვანების გამო. 1032 წელს ლიპარიტ ბაღვაშმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზასძემ თბილისის ამირა ჯაფარი დაატყვევეს, ბაგრატს მიჰგვარეს და თბილისზე გალაშქრება შესთავაზეს. ბაგრატს ლიპარიტის უფრო მეტად გაძლიერების შეეშინდა და ამჯერად ამირა გაუშვა. თუმცა, რამდენიმე წლის მერე, 1038 წელს, ისევ ლიპარიტის რჩევით შეუტია ამირას და თბილისი ალყაში მოაქცია. თბილისი 2 წლის განმავლობაში ალყაში იყო. ბაგრატმა ამჯერადაც ბოლომდე არ მიიყვანა დაწყებული საქმე და თბილისის საამირომ დამოუკიდებლობა კვლავ შეინარჩუნა. ეს გახდა ლიპარიტ ბაღვაშსა და ბაგრატ IV‑ს შორის დაწყებული მრავალწლოვანი განხეთქილებისა და ქიშპობის მიზეზი. კლდეკარის ერისთავი თავისი დროის უძლიერესი პოლიტიკური მოღვაწე იყო. მის ავტორიტეტსა და ძლიერებას ბიზანტია კარგად იყენებდა ბაგრატ IV‑ის წინააღმდეგ როგორც ფარულად, ასევე ღიად.
XI საუკუნის შუა წლებიდან წინა აზიაში ახალი პოლიტიკური ძალა — თურქ-სელჩუკები გამოჩნდნენ. მომთაბარე სელჩუკები აზიიდან დაიძრნენ, დაიპყრეს ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბიზანტიასაც შეუტიეს. ბიზანტია იძულებული გახდა საქართველოსთან ერთად საერთო მტრის წინააღმდეგ ებრძოლა. სწორედ თურქებთან ბრძოლის დროს ჩავარდა ტყვედ ლიპარიტ ბაღვაში 1048 წელს. ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე IX მონომახმა დიდძალი გამოსასყიდი შესთავაზა სელჩუკებს ლიპარიტის გამოსახსნელად. გათავისუფლების შემდეგ ლიპარიტი საქართველოში დაბრუნდა. ბიზანტია ყველანაირად მფარველობდა ლიპარიტს და ასეთი საშუალებით ერეოდა საქართველოს შიდა საქმეებში. 1054 წელს ლიპარიტი მთელი სამხრეთ საქართველოს ფაქტობრივი გამგებელი გახდა. 1058 წელს ბაგრატ IV‑ის ერთგულმა დიდებულებმა შეიპყრეს ლიპარიტი და მეფეს მიჰგვარეს. ბაგრატ IV‑მ აიძულა ლიპარიტი, ბერად შემდგარიყო. ასე დასრულდა მათი ქიშპობა. მიუხედავად იმისა, რომ ლიპარიტი თითქმის 20 წლის მანძილზე ებრძოდა ბაგრატ IV‑ს, სამეფო ტახტის უზურპაცია არასდროს არ უფიქრია. იგი ყოველთვის კანონიერი პრეტენდენტების გამეფებას ცდილობდა ბაგრატის მაგივრად. ჯერ ბაგრატის ნახევარძმა დემეტრეს უპირებდა გამეფებას, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ბაგრატის ვაჟის, გიორგის ტახტზე აყვანას ცდილობდა. ლიპარიტ ბაღვაშის ბერად შედგომა ბაგრატის გამარჯვებასა და საქართველოში ბიზანტიის პოლიტიკის მარცხს ნიშნავდა. ბიზანტიასთან ურთიერთობები მოწესრიგდა. ბაგრატ მეფემ 1065 წელს თავისი ასული მართა ბიზანტიის იმპერატორის ძეს, მიხეილს, მიათხოვა. მეფის ასული მართა, შემდგომში ბიზანტიის დედოფალი გახდა მარიამის სახელით. მარიამი ცნობილი იყო თავისი სილამაზითა და განათლებით. იგი გახლდათ თავისი დროის უგანათლებულესი დედოფალი ბიზანტიისა.
1064 წლიდან დაიწყო თურქ-სელჩუკთა შემოსევები საქართველოში. ბაგრატი იბრძოდა კახეთის შემოსაერთებლად, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან 1068 წელს თურქთა ლაშქარი სულთან ალფ-არსლანის მეთაურობით მეორედ შემოესია საქართველოს და ბაგრატს კახეთისათვის აღარ ეცალა. სულთანმა აღმოსავლეთ საქართველო მოაოხრა, მაგრამ ბაგრატმა ხარკის გადახდაზე უარი განაცხადა. სულთანმა საპასუხოდ რუსთავი და თბილისი განჯის ამირას, ფადლონს უბოძა. ფადლონმა სასტიკი მარცხი განიცადა, როგორც კი ქართლში შემოვიდა. ბაგრატმა თბილისი საამიროს დაუბრუნა და ყოველწლიური ხარკის დაკისრებით თბილისის ამირა ფაქტობრივად მისი ვასალი გახდა.
ბაგრატ IV გარდაიცვალა 1072 წელს.
მეფე გიორგი II. ბაგრატ IV‑ის გარდაცვალების შემდეგ, 1072 წელს, საქართველოს მეფე გახდა მისი ვაჟი გიორგი II ბაგრატიონი. ვერც გიორგიმ აიცდინა ფეოდალების განდგომა. გიორგი II‑მ დიპლომატიურად მოაგვარა ეს პრობლემა და ქვეყანა შინაარეულობისა და ძმათამკვლელი ომისგან იხსნა. საქართველოსთვის ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც ქვეყანას უფრო მძიმე განსაცდელი ემუქრებოდა. 1072 და 1074 წლებში თურქ-სელჩუკები საქართველოში შემოიჭრნენ. გიორგიმ დაამარცხა სელჩუკები და გაითვალისწინა რა ბიზანტიის იმპერიის დასუსტება, საქართველოს დაუბრუნა კლარჯეთის, ჯავახეთისა და არტაანის მიწები. ასევე დაიბრუნა 1032 წელს ბიზანტიელების მიერ მიტაცებული ქალაქი ანაკოფია (დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია).
1079-1080 წლებში თურქები ისევ შემოესივნენ საქართველოს. 1080 წელს ყველის ციხესთან გამართულ ბრძოლაში გიორგი II დამარცხდა. იგი ერთხანს აჭარაში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ აფხაზეთს შეაფარა თავი. ქვეყანა მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. ქართულ საისტორიო წყაროებში ამ პერიოდს „დიდი თურქობა“ ეწოდება. თურქები მთელ საქართველოში დათარეშობდნენ. მოაოხრეს ქართლი, შავშეთი, კლარჯეთი, აჭარა, სამცხე. გადაწვეს ქუთაისი. მოსახლეობა ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მტრისაგან თავის დასაცავად ხალხი მთებში გაიხიზნა. შესაბამისად, მოიშალა სოფლის მეურნეობა, ქვეყანაში შიმშილმა დაისადგურა. გიორგი II ქვეყნის გადარჩენის მიზნით 1083 წელს ისპაჰანში ეახლა სულთანს. მემატიანის ცნობით, მელიქ-შაჰმა შეიწყალა გიორგი, დაზავდა მასთან და საქართველოს დარბევები შეაჩერა. თუმცა ამის სანაცვლოდ დიდძალი ხარკის გადახდა დაავალა. ხარკს ქვეყანა 1099 წლამდე იხდიდა. მიუხედავად ზავის მძიმე პირობებისა, გიორგის სულთანთან ვიზიტს დადებითი მხარეც ჰქონდა. ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა. ცბიერმა შაჰმა გიორგის ხელით კახეთ-ჰერეთის საკუთარ დაქვემდებარებაში მოქცევაც გადაწყვიტა და ამისათვის გიორგის კახეთ-ჰერეთის შემოსაერთებლად ჯარი გამოაყოლა. თუმცა გიორგიმ მოახერხა, რომ თურქ-სელჩუკებს კახეთ-ჰერეთის აოხრებაში არ დახმარებოდა. კახეთ-ჰერეთის მეფე თავად ეახლა მელიქ-შაჰს, ერთგულების ნიშნად ქრისტიანობა უარყო და ამ გზით საკუთარი მმართველობის განმტკიცება შეძლო.
რთულ პოლიტიკურ ვითარებას სტიქიური უბედურებებიც დაემატა. საისტორიო წყაროების მიხედვით, 1088 წელს მოხდა დიდი მიწისძვრა, რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დააქცია სოფლები და ქალაქები. 1089 წელს გამეფდა გიორგი II‑ის ვაჟი, რომელიც შემდგომში დავით IV აღმაშენებლის სახელით დარჩა ისტორიაში.