Up

საქართველო და ქართველები

საქართველოსა და ქართველებზე ბევრი რამ არის დაწერილი. საუკუნეების მანძილზე არაერთ უცხოელს სამშობლოსავით შეჰყვარებია ეს ქვეყანა და მისი ხალხი და უფრო მეტიც, სამუდამოდ დარჩენილა აქ საცხოვრებლად. საქართველოსა და ქართველებს ყოველთვის ბევრი მოყვარე ჰყავდათ*, მაგრამ სამწუხაროდ, არც მტერი აკლდათ არასდროს ერთობ მიმზიდველი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო.

* „ქართველები — კოლხები, კახელები, იმერლები, გურულნი, სვანები და სხვანი, ერთ მშობლიურ ენაზე — ქართულად მეტყველებენ დასაბამიდან და ეს იყო მათი ენა აყვავების ხანაშიც, როცა კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე, თერგიდან არაქსამდე მეფობდნენ“, — წერდა ფრიდრიხ ბოდენშტედტი.

„ამ ხალხს (ქართველებს) თუ დაუახლოვდები და გაიცნობ, მათში დაინახავ მომხიბვლელ პოეზიას, გასაოცარ და უზომო სიმამაცეს, დიდებისა და სახელის მოხვეჭის სურვილს, რაც ასე ამაღლებს მათ. ყველა ამ ღირსებას ახლავს რაღაც გულუბრყვილობა, მოულოდნელობა, თავისებურება, სიდიადე და სისადავე... გრძნობითა და ეშხით მღერიან როგორც გლეხნი, ისე დიდგვაროვანნი, რაინდთა და ტრუბადურთა ნაშთი... საქართველოს ისტორია ერთი უწყვეტი ომია, რომელიც საუკუნეები გრძელდებოდა“, — წერდა ფრანგი არქეოლოგი და მოგზაური ბარონ დე ბაი.

XIII საუკუნის დასაწყისში ფრანგი კარდინალი, ისტორიკოსი, ჟაკ დე ვიტრი წერდა: ,,აღმოსავლეთში არის კიდევ ერთი ქრისტიანი ხალხი... მეტად მებრძოლი, ომში მამაცი, მძლავრი აღნაგობის და ძლევამოსილი, ჰყავს ურიცხვი მეომარი, შიშის ზარს სცემს სარკინოზებს... ამ ხალხს გეორგიელებს უწოდებენ, რადგან განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმიდა გიორგის, თავიანთ მფარველად და მედროშედ მიაჩნიათ ის ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლაში...“

„ევროპაში წარმოდგენაც არ აქვთ ქართველთა სილამაზეზე. განსაკუთრებით ლამაზი ტანადობა და სიარული აქვთ მამაკაცებს. სულ უბრალო მსახურსაც კი თავადიშვილის იერი აქვს“, — წერდა ალექსანდრე დიუმა.

საქართველო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული და პოლიტიკური სივრცის დაპატრონება და მასზე გაბატონება იყო და არის საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიული ქმედებების მიზეზიც და მიზანიც. ამ ვითარების გამო, საქართველოს ისტორიული გეოგრაფია* მუდმივ ცვლილებებს განიცდიდა და ეს დღესაც გრძელდება.

* ისტორიული გეოგრაფია, როგორც მეცნიერების დარგი, ემყარება კარტოგრაფიულ, წერილობითსა და არქეოლოგიურ წყაროებს, ტოპონიმიკას და საფუძველს ამზადებს ისტორიული რუკების შედგენისათვის. ანტიკურ პერიოდში ამგვარ მონაცემებს მითური ხასიათი ჰქონდა. ამის დასტურია კოლხი მედეასა თუ პრომეთეს ამბები ბერძნული მითოლოგიიდან. მარკო პოლოს შორეულ აღმოსავლეთში მოგზაურობის ჩანაწერებიც ხომ ისტორიული გეოგრაფიის ნიმუშია. კოლუმბი ამ წიგნითაც ხელმძღვანელობდა, როცა ინდოეთში ახალი გზის გასაკვალად გაემგზავრა და ამერიკაში აღმოჩნდა.

საქართველოში ისტორიული გეოგრაფია, როგორც სამეცნიერო დარგი, მე-18 საუკუნიდან იწყება ვახუშტი ბატონიშვილი/ბაგრატიონის მნიშვნელოვანი ნაშრომით „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (1745 წ). მეოცე საუკუნეში ისტორიული გეოგრაფიის ქართული სკოლის დამაარსებელი იყო ნიკო ბერძენიშვილი.

ქართული კულტურისათვის უმთავრეს ღირებულებას მევენახეობა-მეღვინეობა წარმოადგენს. ვაზი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ქართველი კაცის წარმოდგენაში ვაზი წმინდა მცენარეა. პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ მევენახეობა-მეღვინეობის მნიშვნელობა ქართველი ერისათვის იქიდანაც ჩანს, რომ ქვეყნის ტერიტორიას ორ მთავარ გეოგრაფიულ და აგრონომიულ ნაწილად ყოფდნენ.საქართველო და ქართველებისადამდეც მევენახეობა იყო შესაძლებელი, იქამდე ქვეყანა ბარად მიიჩნეოდა, ხოლო სადაც ვაზის მოყვანა შეუძლებელი ხდებოდა, იმ ხაზიდან მოყოლებული, მთად ითვლებოდა. ამ მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი კი იმდენად დიდი იყო საქართველოს ეკონომიკისთვის, რომ დამპყრობლები ხშირად ვენახებს ანადგურებდნენ, რათა ქვეყანა ეკონომიკურად დაესუსტებინათ და ადვილად დაემორჩილებინათ. საქართველოში ყურძნის 500 ჯიში არსებობდა. ცხადია, შემთხვევითი არ ყოფილა, რომ 2017 წელს საფრანგეთში, ბორდოს ღვინის მუზეუმის პირველი გამოფენა გახლდათ „საქართველო — მევენახეობის აკვანი“.

მანამდე კი, 1999 წლის ზაფხულში, ლონდონში გაიხსნა დიდი გამოფენა — ღვინის ქალაქი „ვინოპოლისი“. საქართველო და ქართველებიიგი ღვინის ისტორიას მიეძღვნა. „ვინოპოლისის“ პავილიონებში წარმოდგენილია მსოფლიოში კულტურული მევენახეობისა და მეღვინეობის ჩასახვისა და განვითარების რვაათასწლიანი საინტერესო და მდიდარი ისტორია. ექსპოზიცია საქართველოს პავილიონით იწყება. მისი სახელწოდებაა „ღვინის აკვანი“. „საქართველო ის ქვეყანაა, საიდანაც მევენახეობა დასავლეთ ევროპაში გავრცელდა... ამ ქვეყანაში რვა ათასი წლის წინათ მზადდებოდა ჩვენი დროის შესაფერი ხარისხის ღვინოები“, — აღნიშნავდა იტალიის მევენახეობისა და მეღვინეობის აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ჯ. დელმასო. დიახ, ამ გამოფენებზე საქართველო მსოფლიოს წინაშე წარსდგა როგორც კულტურული მევენახეობისა და მეღვინეობის ჩასახვის კერა, ვაზის სამშობლო, სადაც ადამიანმა პირველად მოაშინაურა გარეული ვაზი და დააყენა ღვინო.

საქართველო და ქართველებიფრანგი მოგზაური ჟან შარდენი საქართველოს აღწერისას აღნიშნავდა, რომ „საქართველოში კარგი ჰავაა. ჰავა მშრალია, ზამთარში — ძალიან ცივი, ზაფხულში — ცხელი. მაისიდან ნოემბრის დამლევამდე კარგი დარებია. იქაურ მიწას მორწყვა უხდება; თუ მოირწყა, აღმოაცენებს ყოველგვარ მარცვალს, მწვანილსა და ხილს. საქართველო ძალიან ნაყოფიერი ქვეყანაა... ისეთი მშვენიერი პური მოდის, სხვაგან არსად იცის ასეთი პური. ხილიც ძალიან კარგი იცის. ევროპის არცერთ ადგილას არ მოდის უკეთესი ვაშლი და მსხალი; აზიაშიც არსად მოდის უკეთესი ბროწეული... როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილფეხა საქონელი მრავალია და ძალიან კარგი ჯიშისაა... მტკვარში მრავალ თევზს იჭერენ და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ქვეყანა არსად არ არის, სადაც შეიძლებოდეს ამისთანა კარგი სანოვაგის შოვნა, როგორც საქართველოში*.

* საქართველო თავისი მდებარეობით, უხვმოსავლიანი მიწებით, ლამაზი ბუნებით, მთებითა და ზღვით, სტუმართმოყვარე ხალხით ოდითგანვე იპყრობდა ყურადღებას. ალბათ ეს ყოველივე გახდა ლეგენდის საფუძველი, რომლის მიხედვით, სამყაროს შექმნის შემდეგ, ღმერთს შეუკრებია ყველა ერი და გადაუწყვეტია მათთვის ქვეყნიერების განაწილება. ამ შეკრებაზე ქართველებს დაჰგვიანებიათ მისვლა და როდესაც მიეახლნენ ღმერთს, მან აუწყა, რომ უკვე განაწილებული ჰქონდა სამყარო. ქართველები გამოუტყდნენ, რომ ქეიფობდნენ, ღმერთის სადიდებელ სადღეგრძელოს სვამდნენ და ამიტომ შეაგვიანდათ შეკრებაზე. ამის შემდეგ ღმერთმა ქართველებს თავისთვის შემონახული პატარა სამოთხე უბოძა.

საქართველო და ქართველებიდიახ, საქართველოში მრავალი ჯიშის ხორბალი იყო გავრცელებული. უძველესმა მიწათმოქმედმა ქართველებმა სხვადასხვა ტიპის სახვნელი იარაღი შექმნეს, რაც ინტერსს იწვევს მთელ მსოფლიოში. ესენია: გუთანი, ანეულის გუთანი, დიდი გუთანი, მუხრანული გუთანი, აჩაჩა გუთანი, არონა, ჯილღა, ჯილღა-გოგორა, კავი, ღენცვიში, კავწერა... ქართველურ ტომებს დიდი წვლილი მიუძღვით მადნეულის მოპოვებასა და დამუშავებაში. ძვ.წ. IV-III ათასწლეულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექნიკურ-კულტურული მიღწევა იყო მეტალურგიისა და ლითონდამუშავების განვითარება.

მევენახეობა-მეღვინეობის, მარცვლეული კულტურების, მეტალურგიისა და ზოგადად კულტურის უძველესმა კერამ — საქართველომ ისტორიული განვითარების რთული და საინტერესო გზა განვლო. საქართველოს ისტორია უმეტესად ომების ისტორიაა, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ იგი ერთგვარი ბუფერული ზონა იყო, რომლიც აღმოსავლელ დამპყრობლებს გზას უკეტავდა ევროპისაკენ.