- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
ბაგრატ III. საქართველოს გაერთიანება და ერთიან ფეოდალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს პროცესი დაიწყო VIII საუკუნის ბოლოდან და დასრულდა ბაგრატ III‑ის მეფობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ VI საუკუნიდან X საუკუნემდე საქართველო როგორც ერთი მეფის მმართველობის ქვეშ არსებული ერთიანი სახელმწიფო აღარ არსებობდა, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოს იდეა მეტად სასურველი იყო საქართველოს პოლიტიკური ელიტისათვის. ამ იდეის განმახორციელებელი გახლდათ ძვ.წ. IV‑III საუკუნეების იბერიის მეფე ფარნავაზი, ფარნავაზიანთა დინასტიის დამფუძნებელი. შემდგომი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო ვახტანგ გორგასალის მოღვაწეობა V საუკუნეში, როცა იბერიის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა დასავლეთ საქართველოს ნაწილი.
გაერთიანებულ სახელმწიფოს ერთი მეფე უნდა ჰყოლოდა, რომლის ძალაუფლებას ლეგიტიმური საფუძველი ექნებოდა. ასეთ ფიგურა გახლდათ ბაგრატ III ბაგრატიონი. ბაგრატი იყო ტაოელი ბაგრატიონების შტოს წარმომადგენლის, მეფეთ-მეფე გურგენის ძე. დედამისი გურანდუხტი გახლდათ აფხაზეთის მეფის, გიორგი II‑ის ქალიშვილი და ეგრის-აფხაზეთის უშვილო მეფის თეოდოს III‑ის და. ამას გარდა, ბაგრატი იყო იმდროინდელი საქართველოს ყველაზე ძლევამოსილი პოლიტიკური ფიგურის, დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბაგრატ III სამი სამეფოს ლეგიტიმურ მემკვიდრეს წარმოადგენდა.
ბაგრატ III 980 წლიდან დამოუკიდებლად მართავდა ქვეყანას და ნელ-ნელა აერთიანებდა საქართველოს სამთავრო-სამეფოებს. 1010 წლისთვის დასრულდა საქართველოს გაერთიანების პროცესი. მხოლოდ თბილისის საამირო დარჩა არაბების ხელში XII საუკუნემდე, ვიდრე დავით აღმაშენებელმა საბოლოოდ არ გაამთლიანა საქართველო.
ბაგრატ III‑ის (961‑1014) ტიტულატურა ასე ჟღერდა — მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, კურაპალატი. იგი დაკრძალულია ბედიის მონასტერში.