- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
კავკასია და კერძოდ, საქართველო, ის ადგილია, სადაც ადამიანი უხსოვარი დროიდან ცხოვრობდა. ქართველები მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ხალხია, რომლის წარმოშობისა და ჩამოყალიბების პროცესი ათასწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა. სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ქართული ეთნოსის ჩამოყალიბების ხანგრძლივი პროცესი უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ძვ.წ. III ათასწლეულში ქართველური ეთნოსი უკვე არსებობდა, როგორც მყარად ჩამოყალიბებული ეთნიკურ-ენობრივი ერთობა საკუთარი დამოუკიდებელი კულტურულ-ისტორიული ტერიტორიით. ეს ერთობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მის თანადროულ ცივილიზაციებთან. საქართველოში ძირითადად ოთხ რეგიონშია აღმოჩენილი ძველი ქვის ხანის (პალეოლითის ეპოქის) ნამოსახლარები. ესენია: მდინარეების — რიონ-ყვირილის აუზი, იორ-ალაზნის აუზი, შავი ზღვისპირა ზოლი და შიდა ქართლი. საგულისხმოა, რომ კვლევების გარდა, ქართველთა ავტოქტონობის შესახებ არსებობს ისტორიული მეხსიერების ფაქტები. იორ-ალაზნის აუზში უძველესი ქართული ეთნიკური წარმონაქმნების არსებობაზე მიგვანიშნებს დღევანდელი ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში შემორჩენილი ამბები. მაგალითად, სოფელ პატარძეულის მოსახლეობა უდაბნოს ტერიტორიაზე ერთ-ერთ მაღალ მთას დღესაც „ნაომარ გორას“ უწოდებს. ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ძვ.წ. IV — III საუკუნეებში დიდ ბრძოლაში აჩეხილი მეომრების სამარხები და მათ პატივსაცემად აღმართული სამლოცველოს ნაშთები. ეს კი პირდაპირ მიგვითითებს დღევანდელი მოსახლეობის უშუალო კავშირზე 2400 წლის წინ მომხდარ ფაქტთან.
2018 წელს მთა „ნაზარლებზე“ (შირაქი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) წარმოებულმა ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იორ-ალაზნის აუზში უძველესი კულტურის არსებობა. ნამოსახლარის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური საველე სამუშაოების პროცესში დიდი რაოდენობის ბრინჯაოს სამეურნეო და საკულტო ნივთებისგან შემდგარი უნიკალური განძი გამოვლინდა, რომელიც გვიანი ბრინჯაო — ადრე რკინის ხანის ნაქალაქარის ციტადელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საკულტო ნაგებობის ინტერიერში, დასავლეთ კედელთან იყო დაუნჯებული (იხ. ვრცლად).
შიდა ქართლი აღმოსავლური და დასავლური ქართული კულტურის ცენტრს წარმოადგენდა. ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოდან აღმოსავლეთის კულტურა მომძლავრდა ისე, რომ მისი ელემენტები კოლხურ კულტურაშიც შევიდა. ამ პერიოდში შეიქმნა ქართველური ტომების დიდი გაერთიანება, რომლის ძეგლებიც მოწმობს ბრინჯაოსა და შემდეგ რკინის ძლიერ განვითარებას. ხელოსნობის მაღალმა დონემ, სავაჭრო ურთიერთობებისა და მეურნეობის ინტენსიურმა განვითარებამ და კიდევ სხვა ფაქტორებმა განაპირობა ნიადაგის მომზადება ადრინდელი კლასობრივი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად ძვ.წ. I ათასწლეულის I ნახევრის მიწურულისთვის.
ასე, რომ სამხრეთ კავკასიის, მათ შორის საქართველოს, ტერიტორიაზე ქვის ხანის უძველესი ეტაპიდან დაწყებული, ერთმანეთს ენაცვლებოდა სხვადასხვა კულტურა — ნეოლითური, ენეოლითური, მტკვარ-არაქსის,* ალაზან-ბედენური, თრიალეთისა თუ კოლხეთის, რის შემდეგაც დაიწყო ადრინდელი კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი. ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულსა და I ათასწლეულის დასაწყისში ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ჩამოყალიბდა ორი დიდი გაერთიანება — დიაოხი და კოლხა. დიაოხი ადრინდელი კლასობრივი სახელმწიფო, საუკუნეების მანძილზე არსებული მყარი გაერთიანება უნდა ყოფილიყო. იგი გაანადგურა ურარტუს სახელმწიფომ, რის შემდეგაც ურარტუს უშუალო საზღვარი გაუჩნდა ჩრდილოეთის მეორე დიდ გაერთიანებასთან — კოლხასთან (კოლხეთის სამეფო).
* ადამიანის პირველ საცხოვრისს გამოქვაბული წარმოადგენდა. თავიდან ბუნებრივი გამოქვაბულები საცხოვრებლად გამოიყენებოდა. დროთა განმავლობაში ადამიანებმა ქვაში არქიტექტურულად რთული ტაძრების, საკულტო ნაგებობების, თავდაცვითი კომპლექსების კვეთა დაიწყეს. მსოფლიოში მრავალი ქვაში ნაკვეთი ქალაქია ცნობილი. ბევრი მათგანი შეტანილია იუნესკოს კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის სიაში. საქართველოს ტერიტორიაზეც არაერთი კლდეში ნაკვეთი ქალაქი და ნაგებობაა: უფლისციხე, ვარძია, დავით-გარეჯი. მათ შორის უძველესია უფლისციხე. იგი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქური ტიპის დასახლებაა. ქალაქი ქვაშია ნაკვეთი. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. საისტორიო წყაროებისა თუ არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ქალაქის უძველესი ფენა ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება. ძვ.წ. II ათასწლეულის მიწურულსა და I ათასწლეულის დასაწყისიდან აქ დაიწყო ხუროთმოძღვრული კომპლექსის შენება, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა. ძვ.წ. IV საუკუნეში უფლისციხე უკვე ქალაქს წარმოადგენდა. ელინისტურ ხანაში იგი მსხვილი დასახლებული ცენტრია. ქალაქში არსებობდა საცხოვრებელი შენობები, ტაძრები, საფორტიფიკაციო ნაგებობები, წყალგაყვანილობის სისტემა. ქალაქის განვითარება დაკავშირებული იყო სავაჭრო გზებთან, რომლებიც იბერიის სამეფოზე გადიოდა. უფლისციხეს დღესაც ეტყობა ბორბლიანი ტრანსპორტის კვალი. ელინისტური პერიოდის უფლისციხის ნაგებობებს ხშირად ადარებენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქვაში ნაკვეთ ქალაქს — პეტრას, რომელიც იორდანიაში მდებარეობს. ქრისტიანობის გავრცელებამდე უფლისციხე საკულტო ცენტრსაც წარმოადგენდა. ანტიკურ პერიოდში უფლისციხეში 700-მდე გამოქვაბული უნდა ყოფილიყო. დღეისათვის მხოლოდ 150 არის გადარჩენილი. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ წარმართული ძეგლების უმეტესობა განადგურდა და მათი ადგილი ქრისტიანულმა საკულტო ნაგებობებმა დაიკავა.
დროთა ვითარებაში უფლისციხის მნიშვნელობა სუსტდებოდა. XII საუკუნეში ქალაქი განუახლებია თამარ მეფეს. მონღოლების შემოსევის შემდეგ უფლისციხემ საბოლოოდ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა. უფლისციხეს განსაკუთრებული სისასტიკით მოექცა ჩინგის ყაენის შვილიშვილი ჰულაგუ, რომელმაც დაარბია ქალაქი, გადაწვა ქრისტიანული სალოცავები და ამოხოცა მღვდელ-მონაზვნები. XIV საუკუნიდან მოყოლებული უფლისციხეს მხოლოდ მტრისგან გახიზნული მოსახლეობის დროებითი თავშესაფრის ფუნქცია ჰქონდა.
დღეისათვის ეს უძველესი ქვაში ნაკვეთი ქალაქი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ძეგლია.