- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
მითი არგონავტების შესახებ ძალიან პოპულარული იყო ანტიკურ საბერძნეთში. მიჩნეულია, რომ პირველი ცნობები იასონსა და მის მეგობრებზე გამოჩნდა დაახლოებით ძვ.წ. 1300 წელს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მითებისა და ლეგენდების ციკლი, რომელიც სხვადასხვა ამბავს ერთი სიუჟეტური ჩარჩოთი კრავს. ამ ციკლში შედის მითი იასონის წარმომავლობის შესახებ, ამბავი ოქროს საწმისზე, იასონის მოგზაურობა კოლხეთში და უკან დაბრუნება საბერძნეთში (იხ. ვრცლად). მითოლოგიური სიუჟეტები გადაამუშავა ელინისტური ხანის პოეტმა აპოლონიოს როდოსელმა და შექმნა ეპიკური პოემა „არგონავტიკა“, რომელიც დღემდე პოპულარობით სარგებლობს.
მეოცე საუკუნის ბრიტანელმა გეოგრაფმა, მოგზაურმა და მწერალმა ტიმ სევერინმა 1984 წელს გააცოცხლა არგონავტების მითი. მან გვიანი ბრინჯაოს ხანის ხომალდის მოდელის მიხედვით ააგო 12-ნიჩბიანი ხომალდი, რომელსაც „არგო“ უწოდა. მისი მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ 3000 წლის წინ იასონის მეთაურობით დაწყებული მოგზაურობა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად, რეალურად შესაძლებელი იყო. შეკრიბა მეზღვაურთა გუნდი და გაიარა ის გზა, რომელიც მითოლოგიურმა იასონმა და მისმა მეგობრებმა განვლეს ოქროს საწმისის დასაბრუნებლად. მეოცე საუკუნის არგონავტებმა ღუზა ასწიეს ეგეოსის ზღვაში. გამოიარეს დარდანელის სრუტე, მარმარილოს ზღვა, ბოსფორის სრუტე და შავი ზღვის გავლით მიაღწიეს ქალაქ ფოთს. ,,არგო” საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ამ ქვეყნების მენიჩბეებმა გამოაცილეს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კი ისინი ქართველმა მენიჩბეებმა შეცვალეს. „არგოს“ შეეგება იახტა ,,კოლხიდა” და შეუძღვა ფოთის ნავსადგურში. სანაპიროზე უამრავი ხალხი ელოდა სტუმრებს. ექსპედიციას საყვირებით ესალმებოდნენ გემები. თანამედროვე არგონავტების ჩამოსვლა დიდ ეროვნულ ზეიმად იქცა. ფოთიდან „არგო“ კვლავ ნიჩბებით აუყვა მდინარე რიონს. მდინარეზე მოგზაურებს სირთულეები შეექმნათ კაშხალების, ხიდების, მეჩეჩებისა და სხვა დაბრკოლებების გამო. ამას დაერთო კოკისპირული წვიმები, უამინდობა, მდინარის ადიდება. ადიდებულ მდინარეს თან მოჰქონდა ქვა-ღორღი, ხის მორები და საშიშროება ექმნებოდათ მოგზაურებს. ბოლოს, ხომალდმა, რომელმაც სამიათასი მილი გამოიარა, მშვიდობით დაასრულა მოგზაურობა სოფელ ჭყვიშში. იქიდან ტიმ სევერინი ეწვია ქალაქ ვანს და გამოთქვა იმედი, რომ ვანის არქეოლოგიური მონაპოვარი მას დიდად დაეხმარება არგონავტების მითის რეალურობის საბოლოოდ დამტკიცებაში. მან მოინახულა ასევე ნოქალაქევი და სვანეთი, სადაც ადგილობრივებმა გააცნეს, თუ როგორ მოიპოვებდნენ ოქროს მათი წინაპრები ცხვრის ტყავის საშუალებით. მომდევნო წელს ტიმ სევერინმა გამოსცა წიგნი „იასონის მოგზაურობა“. მასში ასახულია თანამედროვე არგონავტების მოგზაურობა საბერძნეთიდან საქართველომდე. ამასთანავე, მოცემულია შესაბამისი ფრაგმენტები აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკიდან“. ამგვარი შედარებების საფუძველზე ავტორი ამტკიცებს, რომ მისი მოგზაურობა იასონის მოგზაურობის ანალოგია. წიგნში ვრცლად არის წარმოჩენილი თანამედროვე არგონავტების საქართველოში ჩამოსვლა, მასპინძლების დახვედრა, სხვადასხვა არქეოლოგიური მნიშვნელობის მქონე ადგილის მონახულება, სვანეთში მოგზაურობა. ცალკე თავი ეძღვნება ოქროს საწმისის ლეგენდასა და მის წარმომავლობას.
30 წლის შემდეგ, 2014 წლის ზაფხულში, ტიმ სევერინი და 1984 წლის ექსპედიციაში მონაწილე ათი „არგონავტი“ ამჯერად საჰაერო გზით ჩამოვიდა საქართველოში. მათ მოინახულეს ისტორიული ადგილები და მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში — „არგო 2014 — ლეგენდის გაცოცხლება“.