- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ, 1213 წელს ტახტზე ადის მისი ვაჟიშვილი ლაშა-გიორგი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ დროისათვის კავკასიაში უძლიერესი სახელმწიფო იყო, ვასალმა სახელმწიფოებმა დაიწყეს ურჩობა. თამარის გარდაცვალების შემდეგ განძის ათაბაგმა საქართველოს ხარკის გადახდა შეუწყვიტა. ლაშა-გიორგიმ არ დააყოვნა და გაილაშქრა მის წინააღმდეგ. განძის ათაბაგი იძულებული შეიქნა კვლავ საქართველოს ვასალად გამოეცხადებინა თავი.
ლაშა-გიორგის შესახებ საისტორიო წყაროებში ურთიერთგამომრიცხავი ცნობებია მოცემული. ერთი ნაწილის მიხედვით, ლაშა-გიორგი იყო ბრძენი და ჭკვიანი მმართველი, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, იგი იყო უზნეო, ქალების მოყვარული და ამპარტავანი. ცხადია, მეფის, როგორც სახელმწიფოს მმართველის და ქვეყნის მომავალზე მზრუნველის, ერთ-ერთი მოვალეობა ცოლის შერთვა და მემკვიდრის ყოლა იყო. ლაშა-გიორგის შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა. მას საერთოდ არ ჰყავდა კანონიერი მეუღლე, რადგან დაბალი წრის წარმომადგენელი გათხოვილი ქალი შეუყვარდა. მისი გრძნობა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ეს ქალი სასახლეში მიიყვანა. თუმცა არც ეკლესიამ და არც სამეფო კარის დიდებულებმა მეფეს არ მისცეს დაბალი წრის და თანაც განათხოვარ ქალზე ქორწინების უფლება. ლაშა-გიორგი საერთოდ აღარ დაქორწინდა. ველისციხელი ქალისგან გაუჩნდა ვაჟი დავითი, რომელიც კანონიერ მემკვიდრედ არ ცნეს.
ლაშა-გიორგის ურთიერთობა ჰქონდა ჯვაროსნებთან და რომის პაპთანაც. იგი აპირებდა ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობას და იერუსალიმის გათავისუფლებას. სამწუხაროდ, მის გეგმებს განხორციელება არ ეწერა. საქართველოს საზღვრებთან ახალი მტერი გამოჩნდა. ესენი იყვნენ მონღოლები.
XIII საუკუნის დასაწყისში მომთაბარე მონღოლების ერთ-ერთი ტომის ბელადმა ჩინგიზ-ყაენმა, მოახერხა ძალაუფლების ხელში ჩაგდება, მომთაბარე ტომების გაერთიანება და სახელმწიფოს შექმნა. ჩინგიზ-ყაენი და მისი მემკვიდრეები ფართომასშტაბიან დამპყრობლურ ომებს აწარმოებდნენ. მათ დაიპყრეს ცენტრალური აზია, რუსეთი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ჩინეთი, ტიბეტი, მიაღწიეს აღმოსავლეთ ევროპამდე და შექმნეს მონღოლთა უდიდესი იმპერია.
საქართველოში მონღოლები პირველად 1220 წელს გამოჩნდნენ. ლაშა-გიორგი დამარცხდა მათთან ბრძოლაში. მიუხედავად გამარჯვებისა, მონღოლები უკან გაბრუნდნენ. ლაშა-გიორგი ბრძოლაში დაიჭრა და 1223 წელს გარდაიცვალა. ძლიერი საქართველო დასუსტებას იწყებდა.