- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
სწორედ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა კოლხეთისა და ეგრის-ლაზიკის სამეფოების მნიშვნელოვანი ქალაქები. ნაწილმა ამ ქალაქებიდან დღემდე მოაღწია. ზოგმა სახელწოდება მეტ-ნაკლებად იცვალა ან თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა. ზოგი კი დღესაც მნიშვნელოვან საზღვაო თუ საპორტო ქალაქს წარმოადგენს.
ნოქალაქევი (ციხეგოჯი — არქეოპოლისი) საქართველოს ერთ-ერთ დასავლეთ რეგიონში, სამეგრელოში, ქალაქ სენაკთან ახლოს მდებარეობს. თავად სახელი „ნოქალაქევი“ მიანიშნებს იმას, რომ ოდესღაც ამ ადგილას ქალაქი არსებობდა. მართლაც ასე იყო. ეს გახლდათ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქართული სახელმწოფოს — ეგრისის დედაქალაქი IV-VIII საუკუნეებში. ბერძნები მას არქეოპოლისს, ანუ ძველ ქალაქს უწოდებდნენ. ქართველები კი — ციხეგოჯს.
ციხეგოჯის აშენების ამბავს IX საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მოგვითხრობს. იგი ყვება, რომ ქრისტეშობამდე III საუკუნეში იბერიის მეფემ, ფარნავაზმა, (იხ. ვრცლად) ეგრისისა და სვანეთის ერისთავობა უბოძა ვინმე ქუჯის, რომელმაც ააშენა ქუჯის ციხე. სწორედ ქუჯის მიერ აშენებული ციხეგოჯი IV საუკუნიდან იქცა ეგრისის, ანუ ლაზიკის დედაქალაქად.
ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილია ციხის გალავნის ნაშთები, რომელთა ზომების მიხედვით ნათელი ხდება, რომ აქ მდებარეობდა კარგად გამაგრებული ქალაქი. ციხის კედლების სიმაღლე 5 მეტრამდე იყო. სიგანე კი ოთხ მეტრს აღწევს. ციხეს ორი შესასვლელი ჰქონდა. ერთი სახმელეთო, აღმოსავლეთის მხარეს, და ერთიც საზღვაო, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, სამდინარო. ციხესიმაგრეს მდინარე ტეხურა ესაზღვრება. გალავანში სამეთვალყურეო კოშკებიც იყო ჩაშენებული. ნოქალაქევი საკმაოდ კარგად განვითარებული ქალაქი გახლდათ. აღმოჩენილია სასახლეები, აბანოები, ქრისტიანული სალოცავები, წყალსაცავი, საიდუმლო გვირაბების სისტემა. გვირაბი ქალაქს მდინარესთან აკავშირებდა, რასაც არა მხოლოდ წყლის მომარაგების, არამედ თავდაცვითი ფუნქციაც ჰქონდა.
ბიზანტიასა და სპარსეთს შორის მიმდინარე ე.წ. ლაზური ომების დროს სპარსელებმა რამდენჯერმე სცადეს ნოქალაქევის ხელში ჩაგდება და ბოლოს, 554 წელს აიღეს კიდეც. თუმცა ბიზანტია-სპარსეთის ხანგრძლივ დაპირისპირებაში საბოლოოდ ბიზანტიამ გაიმარჯვა და ნოქალაქევიც ბერძნების გავლენის სფეროში აღმოჩნდა.
არაბული სახელმწიფოს — ხალიფატის გაძლიერების შემდეგ, საქართველოზე გავლენის მოპოვებას უკვე ხალიფატი და ბიზანტია ეცილებოდა ერთმანეთს. არაბებმა ციხეგოჯი პირველად 697 წელს დაიკავეს, როცა ეგრისის ერისმთავარი სერგი ბიზანტიის კეისარს ლეონტიოსს განუდგა. ხოლო VIII საუკუნის პირველ ნახევარში არაბმა სარდალმა, მურვანმა, დაიპყრო სომხეთი და აღმოსავლეთ საქართველო. შემდეგ დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ნოქალაქევიც დაარბია. სამწუხაროდ, ამის შემდეგ ქალაქი ვეღარ გაიმართა წელში და თანდათანობით დაკარგა თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა. XVI-XVIII საუკუნეებში ნოქალაქევი სამეგრელოს მთავრების — დადიანების რეზიდენციას წარმოადგენდა.
ზოგიერთი მკვლევრის აზრით, სწორედ აქ იყო მითური ქალაქი აია, რომელსაც ასევე მითური ხელმწიფე აიეტი მართავდა. სწორედ ამ ქალაქში უნდა ყოფილიყო ოქროს საწმისი, რომელიც იასონმა მოიტაცა აიეტის ქალიშვილის — მედეას დახმარებით. დღეს ამ ისტორიული ქალაქის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მუზეუმ-ნაკრძალი.
ფაზისი — ფოთი. ისტორიული ეგრისის, ანუ ლაზიკის ტერიტორიაზე მდებარეობს საქართველოს უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქი — ფოთი. მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის. ფოთისა და ფაზისის იდენტობის საკითხი საბოლოოდ არ არის დადგენილი. მეცნიერებს განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ. ასევე საკამათოა ფაზისის ზუსტი ადგილმდებარეობა.
ფოთში მდინარე რიონი მიედინება. უფრო ზუსტად, ფოთი მდინარე რიონისა და შავი ზღვის შესართავთან, ზღვის ნაპირზე, პალიასტომის ტბის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მდებარეობს. მდინარე რიონი კარგად იყო ცნობილი ანტიკური სამყაროსთვის. ბერძნები ჩინებული გეოგრაფები და მოგზაურები იყვნენ და შავი ზღვის აუზის მდინარეებსაც იცნობდნენ. მდინარე რიონს ძველი ბერძნები ფაზისს უწოდებდნენ. ჰესიოდე „თეოგონიაში“ (ძვ.წ. VIII-VII საუკუნეები), სხვა მდინარეებთან ერთად, ფაზისსაც მოიხსენიებს. უფრო მოგვიანებით, ძვ.წ. VI-V საუკუნეების ბერძენი მოგზაური სკილაქე გვიყვება ელინური ქალაქის, ფაზისის შესახებ. სტრაბონიც იცნობს ამ ქალაქს და ამბობს, რომ მის გარშემო არის ზღვა, მდინარე და ტბა.
ის ფაქტი, რომ საქართველო მთელ სამხრეთ კავკასიასთან ერთად წარმოადგენს სასაზღვრო ზოლს ევროპასა და აზიას შორის, უძველესი დროიდანვე უწყობდა ხელს აქ სავაჭრო-სამიმოსვლო გზების არსებობას. ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში საქართველოზე გადიოდა ინდოეთიდან შავი ზღვისკენ მიმავალი გზა. ადრინდელ და შუა საუკუნეებში საქართველოში განვითარებული იყო სამდინარო ტრანსპორტი. განსაკუთრებით ფართო ხასიათი ჰქონდა მდინარე რიონზე ნაოსნობას. ქალაქი ფაზისი ევროპა-აზიის საზღვაო-სამდინარო-სახმელეთო სატრანზიტო მაგისტრალის მთავარი პუნქტი იყო. სწორედ აქედან გადიოდა უცხოეთში ოქრო, რკინა, საამშენებლო ხე, სელი, სელის ზეთი, თაფლი, ღვინო...
ფაზისი საქართველოს გაქრისტიანების შემდგომაც ბევრჯერ გვხვდება საისტორიო წყაროებსა თუ ლეგენდებში. პირველ საუკუნეში სწორედ ფაზისში იქადაგა ქრისტიანობა ანდრია პირველწოდებულმა. ადრეულ შუასაუკუნეებში არსებობდა ფაზისის საეპისკოპოსო, რომელიც ჯერ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, ხოლო X საუკუნიდან უკვე ავტოკეფალური ქართული ეკლესიის დაქვემდებარებაშია.
XVII საუკუნის ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის თხზულებაში „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის ქვეყნებში“, რომელშიც საქართველოში მოგზაურობაც არის აღწერილი, მოხსენიებულია ფაზისი, მაგრამ არა როგორც ქალაქი, არამედ როგორც მდინარე. შარდენი გვიყვება მდინარეების — კორაქსისა და ფაზისის შესახებ. იქვე ამბობს, რომ ეს მდინარეები იცოდნენ „ძველმა ისტორიკოსებმა“ და „დღეს კოდორისა და რიონის სახელწოდებით არიან ცნობილი“.
XV საუკუნეში ფოთში იყო გენუის სავაჭრო ფაქტორია. თანამედროვე გაგებით, ფოთის, როგორც საპორტო ქალაქის განვითარება XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება. დაიგეგმა და აშენდა ნავსადგური. მოეწყო საბაჟოები. საუკუნის ბოლოს ბაქოს ნავთობი ევროპაში ფოთის პორტიდან გაჰქონდათ. დღეს ფოთი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეგმენტია.