Up

კოლხეთი

თანამედროვე საქართველოს ფიზიკურ რუკას თუ შევხედავთ, შავი ზღვის აღმოსავლეთით სამკუთხედის ფორმის დაბლობს დავინახავთ. ეს არის კოლხეთის დაბლობი. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ აქ მდებარეობდა პირველი ქართული სახელმწიფო, რომელსაც ანტიკური სამყარო კოლხეთის სახელით იცნობდა. მის შესახებ მოიპოვება როგორც ისტორიული, ასევე მითური ცნობები. მითური ცნობებიდან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კოლხი მედეას სახელი გვახსენდება, რომელიც არგონავტებს გაჰყვა საბერძნეთში. მითური კოლხეთი ოქრომრავალი ქვეყანა იყო, რომელსაც ჰყავდა მდიდარი და მრისხანე მეფე აიეტი. აიეტის მამა ჰელიოსი გახლდათ, ხოლო მისი და გრძნეული კირკე იყო, რომლის კუნძულზეც აღმოჩნდა ტროის ომის შემდეგ სახლისკენ მიმავალი ოდისევსი. კოლხეთის დედაქალაქს აია ერქვა. მითურ აიაში მითური მდინარე ფაზისი მიედინებოდა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ აია დღევანდელი ქუთაისია, ხოლო ფაზისი კი მდინარე რიონია. ამორძალებიც მითურ კოლხეთში ცხოვრობდნენ.

ბერძენი ავტორები პინდარე და ესქილე იცნობდნენ კოლხეთს. მის შესახებ წერს ჰეროდოტეც თავის „ისტორიაში“. ჰეროდოტეს მიაჩნდა, რომ კოლხებს საკუთარი სახელმწიფო ჰქონდათ. თუმცა წარმომავლობით ეგვიპტელები იყვნენ. კოლხეთის შესახებ ინფორმაციას ლურსმულ წარწერებშიც ვხვდებით. ასურელები შავ ზღვას „დიდ ზღვას“ ეძახდნენ. მის სანაპიროზე დასახლებულ ხალხებს კი კოლხებს.

კოლხეთს ბერძნები უწოდებდნენ შავი ზღვის აღმოსავლეთ რეგიონს, რომელიც დღევანდელი საქართველოს ტერიტორიებიდან აფხაზეთს, სამეგრელოს, გურიას, სვანეთს, აჭარას მოიცავდა. ამას გარდა, მასში შედიოდა თანამედროვე თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილი,’კოლხური კერძოდ რიზეს, ტრაპიზონის, ნაწილობრივ ართვინის ტერიტორიები და დღევანდელი რუსეთის სოჭის რეგიონი. კოლხეთის არსებობას მეცნიერები ძვ.წ. XII საუკუნიდან ვარაუდობენ. კოლხეთის სამეფო დამოუკიდებელ და მაღალგანვითარებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა, მეტალურგია, ოქრომჭედლობა. სამეფოს გააჩნდა საკუთარი ფულის ერთეული — კოლხური თეთრი.

ძვ.წ. VI საუკუნიდან იწყება ბერძნების მიერ კოლხეთის ტერიტორიების კოლონიზაცია და ბერძნული ქალაქების დაარსება. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბერძნული კოლონიებია: პიტიუნტი — დღევანდელი ბიჭვინთა, დიოსკურია — დღევანდელი სოხუმი, ფაზისი — დღევანდელი ფოთი.