Up

თამარ მეფე

თამარის გულსაკიდი ჯვარითბილისში, ხელოვნების მუზეუმში, ინახება ერთი მცირე ზომის ექსპონატი. ეს გახლავთ უმშვენიერესი გულსაკიდი ჯვარი, რომელსაც აქვს ოთხი ზურმუხტი, ხუთი ლალი და ექვსი მსხლის ფორმის დღემდე ცოცხალი მარგალიტი. და რომ არა ჯვრის ზურგზე დატანილი წარწერა, ექსპონატი XII საუკუნის ოქრომჭედლური ოსტატობის ნიმუშად დარჩებოდა. ასომთავრული წარწერა გვამცნობს: „ძელო ჭეშმარიტო, ძალო ჯვარისაო, შენითა წინა ძღომითა, ყოვლადვე შემწე და მფარველ ექმენ მეფეს და დედოფალს თამარს“. როგორც წარწერიდან ჩანს, გულსაკიდი ჯვარი ეკუთვნოდა „მეფესა და დედოფალს“ — თამარს.

თამარის ფრესკა. ვარძია თამარი გამორჩეული მეფეა ბაგრატოვანთა დინასტიაში. პირველ ყოვლისა, ქალის მეფედ მოხსენიება და მით უფრო მეფედ ყოფნა XII საუკუნეში განსაკუთრებული შემთხვევა იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დანარჩენი სამყაროსთვისაც. მისი მმართველობის პერიოდს „საქართველოს ოქროს ხანას“ უწოდებენ.

თამარი დაიბადა 1160 წელს. მისი მშობლები იყვნენ მეფეთ-მეფე გიორგი III, დავით აღმაშენებლის შვილიშვილი და ოსთა მეფის ასული ბურდუხანი. მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ — თამარი და რუსუდანი. რადგან ვაჟიშვილი არ ჰყავდათ, 1179 წელს მამამ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა და ერთად მართავდნენ სახელმწიფოს. 1184 წელს თამარ მეფე საქართველოს მონარქი გახდა. „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. *

* თამარმა ორჯერ იქორწინა. მისი პირველი ქმარი იყო რუსეთის დიდი მთავრის, ანდრია ბოგოლუბსკის ვაჟი, ნოვგოროდის მთავარი იური ბოგოლიუბსკი. მას ქართველ დიდგვაროვან ფეოდალთა მხოლოდ ნაწილი უჭერდა მხარს. ქართულ საისტორიო წყაროებში თამარის პირველი მეუღლე „გიორგი რუსის“ სახელით იხსენიება. ეს ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. თამარმა მეორედ დავით სოსლანზე იქორწინა. დავითი იყო ოსეთის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი. თამარ მეფეს და დავით სოსლანს ჰყავდათ ვაჟი — ლაშა-გიორგი და ქალიშვილი — რუსუდანი. დავით სოსლანს ქვეყნის თავდაცვის საქმე ჰქონდა ჩაბარებული.

ამ დროისთვის საქართველო უძლიერესი სახელმწიფო იყო კავკასიაში. ქვეყანაში სიმშვიდე სუფევდა, თუმცა თამარს მაინც მოუწია რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლის გადახდა. მათ შორისაა შამქორის ბრძოლა, რომელიც 1195 წელს გაიმართა ქართველებსა და ადარბადაგანის (დღევანდელი აზერბაიჯანი) მმართველის აბუ-ბაქარის ჯარებს შორის. აბუ-ბაქარმა დალაშქრა შირვანი, რომელიც საქართველოს ვასალი ქვეყანა იყო. შირვანშაჰმა დახმარება ითხოვა. ქართველებმა შეკრიბეს ლაშქარი და თამარის მეუღლე დავით სოსლანის ხელმძღვანელობით შამქორისკენ დაიძრნენ, სადაც მოწინააღმდეგის ლაშქარი იყო დაბანაკებული. ქართველებმა გაიმარჯვეს, რამდენიმე ათასი ტყვე და დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს ხელთ. აბუ-ბაქარმა გაქცევით უშველა თავს.

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა თურქ-სელჩუკთა რუმის სასულთნო. 1203 წელს რუმის სულთანმა, რუქნადინმა, გადაწყვიტა საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობა. მან მუსლიმთა კოალიციური ლაშქარი შეკრიბა და დაახლოებით 400 ათასი მეომრით ბასიანში (ისტორიული მესხეთის ნაწილი, დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) დაბანაკდა. ბასიანის ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პოზიციების გამყარებისა და საზღვრების გამაგრების თვალსაზრისით.

თამარის მმართველობის დროს მოხდა ერთი საინტერესო ისტორიული ფაქტი. კერძოდ, გიორგი III‑ის გარდაცვალების შემდეგ დიდგვაროვანთა გარკვეული ნაწილი თამარის პოლიტიკური მმართველობის წინააღმდეგ გამოვიდა. მათ ხელმძღვანელობდა მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ-არსლანი. მოწინააღმდეგენი მოითხოვდნენ „დარბაზის“ პარალელურად ქვეყანაში შექმნილიყო დამოუკიდებელი პოლიტიკური სტრუქტურა „კარავი“. მეფეს არ უნდა მიეღო კარავის საქმიანობაში მონაწილეობა. თანამედროვე ტერმინოლოგიით თუ ვიმსჯელებთ, XII საუკუნის საქართველოში სახელმწიფო ძალაუფლების გადანაწილებას მოითხოვდა პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი. მაგრამ ეს იდეები ნაადრევი აღმოჩნდა. ყუთლუ-არსლანი დააპატიმრეს. ამან მისი მომხრეების აღშფოთება გამოიწვია. მათ მეფის სასახლეზე იერიშის მიტანა გადაწყვიტეს. თამარმა აქ გამოიჩინა პოლიტიკური ალღო და ბრძოლას მოლაპარაკება არჩია. მოლაპარაკებები გამართა ორმა ქალბატონმა: ქართლის ერისთავის დედამ ხუაშაქ ცოქალმა და სამცხელი ფეოდალის დედამ კრავაი ჯაყელმა. XII საუკუნეში ქალთა ელჩობა თითქოს საკვირველია, თუმცა ქვეყანაში, სადაც ქალი მეფობდა, ეს ფაქტიც ალბათ ჩვეულებრივად აღიქმებოდა. მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. თამარმა სამეფო ძალაუფლება შეინარჩუნა. დარბაზს გაეზარდა უფლებები სახელმწიფოებრივი საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

XII-XIII საუკუნეებში ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი ფეოდალური საქართველოს განათლებამ და კულტურამ მაღალ დონეს მიაღწია. ქართულმა კულტურამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საქმეში. ქვეყნის მაღალ განვითარებას განსაზღვრავდა განათლების დონე. თამარის დროს საქართველოში ბევრი რიტორიკული სკოლა იყო. ისინი ძირითადად ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა.

პეტრიწონის მონასტერი

თამარის დროს საქართველოს აკადემიებში, ისევე როგორც იმდროინდელი ბიზანტიის უმაღლეს სასწავლებლებში, ისწავლებოდა მეცნიერების შვიდი ძირითადი დარგი: გრამატიკა, ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია. არსებობს მოსაზრებები იმის შესახებ, რომ საქართველოს იმდროინდელ აკადემიებში ისწავლებოდა მედიცინაც. XIII საუკუნის დასაწყისისთვის საქართველოში ნათარგმნი იყო „წიგნი სააქიმოჲ“. თამარ მეფის მმართველობის პერიოდში საქართველოს საზღვარგარეთაც ჰქონდა თავისი საგანმანათლებლო კერები. მათგან აღსანიშნავია: ივერთა მონასტერი ათონის მთაზე, მონასტერი შავ მთაზე (სირიაში), პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში და სხვა (იხ. ვრცლად).

XII საუკუნის დასასრულსა და XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოში განსაკუთრებით განვითარდა ხუროთმოძღვრება. ამ პერიოდში აიგო ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი ტაძარი, რომლებშიც უკვე მკაფიოდ ჩანდა ახალი სტილი. ქართულ სამონასტრო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრა კლდეში გამოკვეთილ სამონასტრო კომპლექსს — ვარძიას. *

* ვარძია მდებარეობს ისტორიული სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე. კომპლექსის მშენებლობა დაიწყო გიორგი III‑ის მმართველობის დროს და დასრულდა თამარის ეპოქაში. იგი მრავალსართულიანი ქვაში ნაკვეთი კომპლექსია. ოთახებისა და გამოქვაბულების საერთო რაოდენობა 600‑ს აჭარბებს. ოთახი-გამოქვაბულები ერთმანეთთან გვირაბებითა და საიდუმლო გადასასვლელებით არის დაკავშირებული. სიგანეში კომპლექსი დაახლოებით ერთ კილომეტრამდეა, ხოლო კლდის სიღრმეში დაახლოებით 50 მეტრამდე აღწევს. მტრის შემოსევის დროს გამოქვაბულებში 20 ათასამდე ადამიანი თავისუფლად აფარებდა თავს. კომპლექსის ტერიტორიაზე იყო დარბაზები, ბიბლიოთეკა, საცხოვრებელი ადგილები, გადასასვლელი დერეფნები, აბანოები, აფთიაქი... თავდაცვითი დანიშნულების გარდა, ვარძია მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის სასულიერო ცხოვრებაში. ვარძიის ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე ეკლესია-მონასტერი. ცენტრალურ ნაწილში გამოკვეთილია ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც უნიკალური ფრესკებით არის დაფარული. იქაა თამარ მეფისა და გიორგი III‑ის ფრესკები. სრულიად ახალგაზრდა, გასათხოვარი თამარის გვერდით მამამისი, გიორგი III დგას. ვარძიის ფრესკა განსაკუთრებული სილამაზითა და ნატიფი მხატვრობით გამოირჩევა.

საქართველოში თამარ მეფის სულ რამდენიმე გამოსახულებაა შემორჩენილი. ბეთანიასა და ყინწვისში თამართან ერთად გიორგი III და მისი ვაჟი ლაშა-გიორგი არიან გამოსახული. ბერთუბნის მონასტრის ფრესკაზე კი თამარი და ლაშა-გიორგია.

XIII საუკუნის დასაწყისში მიწისძვრის შედეგად ჩამოიშალა კომპლექსის წინა ნაწილი. ჩამოშლილი ნაწილის სიგანე დაახლოებით 15 მ უნდა ყოფილიყო. კომპლექსმა დაკარგა თავისი პირვანდელი — თავდაცვითი დანიშნულება, რადგანაც ხილული გახდა. ვარძიამ არაერთ გამანადგურებელ შემოსევას გაუძლო. საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადასვლის შემდეგ ვარძიაში აღდგა ღვთისმსახურება, რომელიც საქართველოს გასაბჭოებამდე გრძელდებოდა. საბჭოთა პერიოდში ვარძიას მხოლოდ კულტურულ-ისტორიული ფუნქცია ჰქონდა. XX საუკუნის მიწურულს, როცა საქართველომ კვლავ დაიბრუნა არაერთხელ წართმეული დამოუკიდებლობა, ვარძიაში აღდგენილ იქნა ღვთისმსახურება.

ვარძია

თამარის ეპოქის მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობები იყო წყალსადენი და ხიდები. კარგად განვითარდა ციხესიმაგრეების მშენებლობა. ისინი ძნელად მისასვლელ ადგილებში შენდებოდა. ამ პერიოდში უფრო დაიხვეწა და განვითარდა ასევე ფერწერის რამდენიმე მიმართულება. XII საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ფართოდ ვითარდება საერო მწერლობა, შეიქმნა საერო პოეზია. მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში შევიდა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ (იხ. ვრცლად).

თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს. თამარის პერიოდის საისტორიო წყაროების მიხედვით იგი გელათშია დაკრძალული, თუმცა მისი დაკრძალვის ზუსტი ადგილი უცნობია, რაც დღესაც მრავალრიცხოვანი ლეგენდის, ვერსიისა და თეორიის საფუძველია.