Up

ერისმთავრების ინსტიტუტი

VI საუკუნის დამდეგიდან საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე პერიოდი დაიწყო. 502 წელს უჯარმაში გარდაიცვალა იბერიის მეფე ვახტანგ გორგასალი. ვახტანგის სიკვდილის შემდეგ ქართლის სამეფო ჩაიბარა მისმა ძემ, დაჩიმ.

ირანი კვლავაც არ იშურებდა ძალებს ქართლის დასამორჩილებლად. ამ მიზნის მისაღწევად ქრისტიანობის მოშლას და ქვეყანაში ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელებას ცდილობდა. ქართლის სამეფო შეძლებისდაგვარად ეწინააღმდეგებოდა ირანს. თუმცა, ირანის წინააღმდეგ ბრძოლა საბოლოოდ ქართლში მეფობის გაუქმებით დასრულდა. მცხეთა, ჯვრის მონასტერი, ინტერიერი.VI საუკუნის პირველი მეოთხედიდან მოყოლებული, საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად და ქვეყნის კონტროლის მიზნით სასანიდური ირანი ქართლში გამგებლად და ფაქტობრივად, ქვეყნის მმართველად, მარზპანს ნიშნავდა. მარზპანი სპარსული სიტყვაა და სიტყვასიტყვით საზღვრის მცველს ნიშნავს. მარზპანი უშუალოდ ირანის შაჰს ემორჩილებოდა.

VI საუკუნეში ქართულ საისტორიო წყაროებში ქვეყნის, უფრო სწორად კი ფეოდალური სახელმწიფოს მეთაურის აღსანიშნავად ჩნდება ტერმინი — ერისმთავარი. სამეფო ინსტიტუტის გაუქმების შემდეგ, ქვეყნის მართვასა და განვითარებაზე ზრუნვასა და ბრძოლას იწყებენ ქართლის ფეოდალები. * VI საუკუნის ბოლოს, ქართლის სამეფოს ერისმთავრად ისტორიულ დოკუმენტებში მოიხსენიება გუარამ პირველი კურაპალატი (575-600). კურაპალატი ბიზანტიის სამეფო კარის ტიტული იყო, რომლითაც უცხო ქვეყნის წარჩინებულებსაც აჯილდოვებდნენ. პირველი ქართველი კურაპალატის, გუარამის სახელს უკავშირდება ქართლში ტაძრების მშენებლობა. თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის ადგილას მდგარი პირველი ეკლესია ვახტანგ გორგასლის დროს უნდა ყოფილიყო აგებული. მშენებლობა გრძელდებოდა ტახტის მემკვიდრის დაჩისა (499-514) და შემდეგ, ქართლის ერისმთავრის, გუარამ კურაპალატის (514-599) დროსაც. გუარამმა დიდი ამაგი დასდო ასევე მცხეთის ჯვრის ტაძარს. ქრისტიანობის მიღებისთანავე, IV საუკუნის 30-იან წლებში მცხეთის ჯვრის ტაძარის ადგილას მეფე მირიან III-მ ხის ჯვარი აღამართინა, რომელსაც მოგვიანებით, გარდა ქართველებისა, თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრისტიანებიც. VI საუკუნის II ნახევარში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ამ ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა. იმავე საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში გუარამის ძემ — ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა სხვა ერისმთავრების თანამონაწილეობით მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიაში).

* VI საუკუნის 40-იან წლებში, როცა ქართლში მეფობა გაუქმებული იყო, აქ მოვიდნენ სირიიდან სასულიერო პირები. მათ ასურელი მამები ეწოდათ. ასურელი მამების მიზანი იყო იმ მძიმე ვითარებაში, რომელშიც ქართლი იმყოფებოდა, განემტკიცებინათ ქრისტიანობა. ასურელმა მამებმა საფუძველი ჩაუყარეს სამონასტრო ცხოვრებას საქართველოში. მათ მიერ დაარსებული სამონასტრო კერები, მოგვიანებით ქართული მწიგნობრობის და კულტურის მძლავრ კერებად იქცა. ასურელ მამათა შორის იყო წმ. დავით გარეჯელი. იგი გარეჯის უდაბნოში დასახლდა და საფუძველი ჩაუყარა მონასტერს. მონასტერს შემდგომში დავითის ლავრა ეწოდა. დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცენტრია, სადაც დაკრძალულია წმ. დავით გარეჯელი.

დავით გარეჯელის მოწაფეებმა და მისი საქმის გამგრძელებლებმა თავადაც დააარსეს და ააშენეს მონასტრები, რომლებიც დღეისათვის დავით გარეჯის ერთიან სამონასტრო კომპლექსში შედის. კომპლექსი წარმოადგენს ქვაში ნაკვეთ ტაძრებს, სენაკებს, საწყობებს, ოთახებს, სატრაპეზოს... გადაჭიმულია გარეჯის სერზე, მისი სიგრძე დაახლოებით 25 კმ-ია.

გარეჯის მონასტერი დაარსების დღიდან მნიშვნელოვან რელიგიურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. XI საუკუნეში დავითის ლავრაში მოეწყო ტერასული ეზო, აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზო და ეკლესია. ამავე პერიოდისაა წყლის რეზერვუარი და მასთან დაკავშირებული არხები. XII საუკუნეში დავით აღმაშენებელმა დავით გარეჯის მონასტერი სამეფო საკუთრებად გამოაცხადა, გაათავისუფლა გადასახადებისგან და ყველანაირად ხელს უწყობდა მის განვითარებას.

1268 წელს მონღოლებმა ბერექა-ყაენის სარდლობით დაარბიეს მონასტერი. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალეს ხელშეწყობით გარეჯის მონასტერმა დაიბრუნა ძველი დიდება და ამასთანავე, მძლავრი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი გახდა.

თემურ ლენგის შემოსევებსა და დაწიოკებას ვერც გარეჯის მონასტერი გადაურჩა და სამონასტრო ცხოვრება სრულიად მოიშალა. 1625 წელს კი შაჰ-აბასმა სასტიკად დაარბია, დახოცა ბერ-მონაზვნები. მონასტერმა ფუნქციონირება შეწყვიტა. იგი მხოლოდ თეიმურაზ I-ის ძალისხმევით აღდგა.

გარეჯში შეიქმნა თვითმყოფადი სამშენებლო ტრადიცია, ფრესკული მხატვრობის გამორჩეული, საკუთარი სკოლა; მონასტერში განვითარებული იყო საგანმანათლებლო მიმართულებაც; დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია; სამონასტრო კომპლექსმა შემოგვინახა რამდენიმე ქართველი მეფის ქტიტორული გამოსახულება. ბერთუბნის ეკლესიაში იყო თამარ მეფისა და მისი ძის ლაშა-გიორგის ფრესკები. უდაბნოს მონასტრის ხარების ეკლესიის მოხატულობამ დემეტრე თავდადებულის ქტიტორული ფრესკა შემოგვინახა. სამონასტრო კომპლექსის ფრესკები გამორჩეულია თავისი სიმდიდრით, გრანდიოზულობითა და ფერთა განსაკუთრებული გამით.

დღეისათვის სამშენებლო ხელოვნების ნიმუშს — დავით გარეჯის მოქმედ სამონასტრო კომპლექსს, გრანდიოზული მასშტაბების, ისტორიულ-კულტურული თუ მხატვრული ღირებულებების გამო განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლებს შორის.

ქართლის ერისმთავრების დამოუკიდებლობა სიმბოლური ხასიათის იყო. ისინი ხან ირანის შაჰებს ემორჩილებოდნენ და ხან ბიზანტიის კეისრებს. ხოლო VII-VIII საუკუნეებში უკვე არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძოდნენ. განსაკუთრებით მძიმე იყო VIII საუკუნეში არაბთა სარდლის, შემდგომში ომაიანთა ხალიფა მურვანის ლაშქრობები. მურვანმა მთელი საქართველო (აღმოსავლეთით იბერიის სამეფო, დასავლეთით ლაზიკის სამეფო) დალაშქრა და მოაოხრა.

ქართლის უკანასკნელი ერისმთავარი იყო კურაპალატი. ტაო-კლარჯეთის სამეფოს დამაარსებელი. ბაგრატიონთა დინასტიის პირველი მეფე. ქართულ წყაროებში იგი აშოტ დიდის სახელით მოიხსენიება.