Up

ერთიანი სამეფოს დაშლა

კონსტანტინე I1407 წელს გარდაიცვალა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი III. სამეფოს სათავეში ჩაუდგა მისი ძმა, ბაგრატ I‑ს ვაჟი კონსტანტინე I ბაგრატიონი. ქვეყანა საშინელ მდგომარეობაში იყო თემურ ლენგის გაუთავებელი და დამანგრეველი ლაშქრობების შემდეგ. კონსტანტინე ყველანაირად ცდილობდა დასუსტებული და გავერანებული სახელმწიფოს აღდგენა-გამაგრებას, თუმცა ქვეყანას ამისათვის არც საკმარისი ძალები აღმოაჩნდა და არც თავად მეფეს დასცალდა ამ მიზნის განხორციელება. ამ პერიოდში გაძლიერდა ირანის აზერბაიჯანის მმართველი ყარა იუსუფი. ყარა იუსუფმა 1411 წელს შირვანის დაპყრობა გადაწყვიტა. შირვანელებმა საქართველოს სთხოვეს დახმარება. კონსტანტინე პირველმა დახმარების ხელი გაუწოდა შირვანელებს და ორიათასიანი ლაშქრით ყარა იუსუფის წინააღმდეგ ჩალაღანთან (დღევანდელი ელდარის ველი, ადგილი მტკვარსა და ალაზანს შორის) ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა. ყარა იუსუფმა კონსტანტინე სიკვდილით დასაჯა. მემატიანეს ცნობით ყარა იუსუფმა პირადად მოჰკვეთა თავი კონსტანტინე I‑ს.

გიორგი IIIკონსტანტინე I‑ის შემდეგ საქართველოს ტახტზე 1412 წელს ადის მისი ვაჟიშვილი ალექსანდრე I დიდი (1412-1442). მამის მსგავსად, ალექსანდრეც ცდილობდა დასუსტებული ქვეყნის გაძლიერებას. გაატარა საგადასახადო რეფორმები; აღადგინა ციხეები, ეკლესიები და მონასტრები; განაახლა და მატერიალური დახმარება გაუწია ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ ეკლესია-მონასტრებს; ეცადა ურჩი მთავრების ძალაუფლების შესუსტებას. ამ მიზნით გადააყენა ზოგიერთი ერისმთავარი და მათ ადგილას ბატონიშვილები დანიშნა, რამაც, სამწუხაროდ, საპირისპირო შედეგი გამოიღო. მეფის ერთპიროვნული ძალაუფლების გაძლიერების ნაცვლად ბატონიშვილებმა საკუთარი უფლებების განმტკიცება დაიწყეს და ქვეყნის ცენტრალიზებული მართვა საგრძნობლად შესუსტდა. ალექსანდრემ ტახტი ნებაყოფლობით დატოვა და ბერად აღიკვეცა. 1445 წელს ჯერ კიდევ ერთიანი საქართველოს ტახტზე ავიდა ალექსანდრე I‑ის ვაჟი, ვახტანგ IV ბაგრატიონი, მაგრამ მალე გარდაიცვალა. 1446 წელს ტახტი დაიკავა ვახტანგ IV‑ის ძმამ, გიორგი III ბაგრატიონმა.

ამ პერიოდში მსოფლიო ისტორიაში მოხდა ფაქტი, რამაც ძირეულად შეცვალა არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპის, და შეიძლება ითქვას მსოფლიოს ისტორიაც. 1453 წელს ოსმალეთის იმპერიის სულთანმა მეჰმედ II‑მ აიღო კონსტანტინეპოლი. აღმოსავლეთ რომის იმპერიამ — ბიზანტიამ არსებობა შეწყვიტა. ოსმალებმა ქალაქს სახელი შეუცვალეს, სტამბოლი უწოდეს და ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადეს. „ქართლის ცხოვრება“ ასე გადმოგვცემს ამ ფაქტს: „და ოდეს აღიღეს კონსტანტინეპოლი, მას ჟამს დაბნელდა მზე“. ოსმალები დაეპატრონენ ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს. ნელ-ნელა და თანამიმდევრულად დაიპყრეს ტრაპიზონის სამეფო, შავი ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი. ევროპა იძულებული გახდა აღმოსავლეთის ქვეყნებისადმი მიმავალი ახალი სავაჭრო გზების ძიება დაეწყო. ქრისტიანული საქართველო მუსლიმი მეზობლების გარემოცვაში აღმოჩნდა.

გიორგი IIII‑ს მეფობის პერიოდში ერთიანი საქართველოს დაშლის პროცესი უფრო და უფრო ღრმავდებოდა და 1490 წლისათვის ერთიანი საქართველო შემდეგ ნაწილებად დაიშალა: ქართლი — მეფე კონსტანტინე II ბაგრატიონი, იმერეთი — მეფე ალექსანდრე II ბაგრატიონი, კახეთი — მეფე გიორგი I ბაგრატიონი და სამცხე-საათაბაგო, რომელსაც ჯაყელთა საგვარეულო ედგა სათავეში.