- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
ოქრომრავალი კოლხეთის სამეფოს დაშლის შემდეგ, პირველი საუკუნის დასასრულს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩნდება ახალი დამოუკიდებელი სამეფო — ეგრისი. ამ სამეფოს ბერძნულ-რომაულ სამყაროში ლაზიკას უწოდებდნენ. განვითარების მწვერვალს ლაზიკის სახელმწიფომ IV-VI საუკუნეებში მიაღწია. სწორედ ამ დროს მისი საზღვრები გადაჭიმული იყო სამხრეთით — მდინარე ჭოროხიდან და ჩრდილოეთით — დღევანდელი აფხაზეთისა და სვანეთის ჩათვლით, აღმოსავლეთით კი ლიხის ქედამდე აღწევდა.
მეექვსე საუკუნის ბიზანტიელი ისტორიოგრაფი, იმპერატორ იუსტინიანე I-ის კარის იურისტი და დიპლომატი — პროკოპი კესარიელი თავის თხზულებებში გვაწვდის ცნობებს ლაზიკის სამეფოს მდებარეობის, იქ დასახლებული ხალხების, რელიგიის, მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის, მეფეების, ქალაქების, ომებისა და სხვა ამბების შესახებ. ლაზიკის მეფეები ბიზანტიის იმპერატორების ვასალებად ითვლებოდნენ, თუმცა ბიზანტიის გავლენა IV საუკუნიდან საგრძნობლად შემცირდა და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ბიზანტიისათვის მთავარი იყო, რომ იმპერიის ჩრდილოეთ საზღვრებთან დასახლებული მომთაბარე ტომებისგან დაეცვა თავი. ამ მხრივ, ლაზიკის სამეფოსა და ბიზანტიის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა.
მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა გამოცხადდა. ეგრისის სამეფოს საკუთარი მიტროპოლიტი ჰყავდა, რომლის რეზიდენციაც ფაზისში (დღევანდელი ფოთი) მდებარეობდა. საეპისკოპო ქალაქი იყო ასევე პიტიუნტი, დღევანდელი ბიჭვინთა. 325 წელს ქალაქ ნიკეაში გამართული პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების ოქმებში მოხსენიებულია პიტიუნტის ეპისკოპოსი სტრატოფილე.
ეგრისის სამეფოში განვითარებული იყო მემინდვრეობა, მევენახეობა და მეცხოველეობა. ეგრისს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებთან.მდებარეობის, III საუკუნიდან დაიწყო ქალაქური ცხოვრების აღმავლობა, დიდ სავაჭრო-სახელოსნო ცენტრებად იქცა ზღვისპირა ქალაქები (ფაზისი, სებასტოპოლისი, ბიჭვინთა), აღორძინდა ძველი და წარმოიქმნა ახალი ქალაქები. ეგრისის კულტურამ გააგრძელა ძველი კოლხური სამყაროდან მომდინარე მდიდარი ტრადიციები და იმავდროულად მიიღო ბერძნულ-რომაული კულტურის ელემენტები. ეგრისის სამეფოს კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა.*
* კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა ფუნქციონირებდა III-VI საუკუნეებში ფაზისის (ახლანდელი ფოთის) მახლობლად. ერთადერთი ინფორმაცია ამ სასწავლებლის შესახებ არის ბერძენი ფილოსოფოსის თემისტიოსის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მის მამას, ევგენიოსს და თვითონ თემისტიოსს ამ სასწავლებელში მიუღიათ განათლება. იგი არ ასახელებს კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლის დამაარსებელს, თუმცა მას „ბრძენსა“ და „სათნოს“ უწოდებს. კოლხეთს კი ელადას ადარებს. თემისტიოსი იმასაც ამბობს, რომ სკოლის აღსაზრდელები რიტორიკულ ხელოვნებაში იმდენად კარგად იწრთობოდნენ, რომ ელინთა დღესასწაულებზე ბრწყინავდნენ. ეს ცნობა ცხადყოფს, რომ აქ აღზრდილები კარგად ფლობდნენ ბერძნულ ენასა და კლასიკურ ბერძნულ ლიტერატურას.
ეგრისის, იმავე ლაზიკის სახელმწიფოზე გავლენის მოპოვებას ბიზანტიის გარდა იმ პერიოდისათვის ძლიერი სასანიდური ირანიც მუდმივად ცდილობდა. VI საუკუნის შუა პერიოდისათვის ეგრისის ტერიტორიაზე ირანის ჯარი შეიჭრა. რა თქმა უნდა, ბიზანტია არ აპირებდა საკუთარი პოზიციების დათმობას, რასაც დაახლოებით ოცწლიანი ომი მოჰყვა. საბოლოო გამარჯვებაც ბიზანტიამ მოიპოვა. ეს ომი საქართველოს ისტორიოგრაფიაში „ლაზიკის ომად“ ან „ეგრისის დიდ ომად“ იწოდება. ამ ოცწლიანი ბრძოლის შესახებ პროკოპი კესარიელიც იძლევა ცნობებს.
VII საუკუნის ბოლოს ეგრისის სახელმწიფოს უკვე დაკარგული ჰქონდა ძლიერება და ბიზანტიის იმპერიის პროვინციას წარმოადგენდა. მე-8 საუკუნეში სამეფოს შეესია არაბთა ლაშქარი მურვან ყრუს მეთაურობით. დაანგრია დედაქალაქი ნოქალაქევი, გაწყვიტა მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაარბია სოფლები და დასახლებული პუნქტები. მურვან ყრუს შემოსევამ დაცემის გზაზე დამდგარ ეგრისის სახელმწიფოს დაქუცმაცებას შეუწყო ხელი. საბოლოოდ ეგრისის (ლაზიკის) სახელმწიფო მე-8 საუკუნის ბოლოს აფხაზეთის სამეფოს ნაწილი გახდა.