Up

მეფე დემეტრე II თავდადებული

დემეტრე თავდადებულის ბარელიეფი.საქართველოს მეფე დემეტრე II, შემდგომში თავდადებულად წოდებული, იყო დავით ულუსა და რაჭის ერისთავის გვანცას ვაჟიშვილი. 1260 წელს, მონღოლთა წინააღმდეგ დავით ულუს აჯანყების ჩახშობის შემდეგ, დავით ულუ დასავლეთ საქართველოში გაიხიზნა. მისი მცირეწლოვანი ვაჟი დემეტრე და მეუღლე გვანცა დედოფალი კი მონღოლებმა შეიპყრეს. ჰულაგიანთა დინასტიის დამფუძნებელმა, ჩინგიზ ყაენის შვილიშვილმა ჰულაგუ ხანმა გვანცა დედოფალი სიკვდილით დასაჯა. დავით ულუს უფროსი ვაჟიშვილი გიორგი გარდაიცვალა და შესაბამისად, დემეტრე ტახტის მემკვიდრე გახდა. 1270 წელს აღესრულა დავით ულუ და უფლისწული დემეტრე მეფობის მისაღებად ყაენთან გაემგზავრა. აბაღა ყაენმა დემეტრეს მეფობა ცნო, ხოლო მისი მცირეწლოვანება საბაბად გამოიყენა და მეურვედ, უფრო სწორად კი მეთვალყურედ, მის კარზე დაწინაურებული წარმოშობით ქურთი სადუნ მაკაბერდელი დაუნიშნა. სადუნი განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდა, ფაქტობრივად ქვეყნის გამგებელი იყო. ასე გაგრძელდა მის გარდაცვალებამდე, 1280 წლამდე.

საქართველოს, როგორც მონღოლთა ვასალსა და მოხარკე ქვეყანას, სხვა ვალდებულებებთან ერთად მონღოლთა ომებში მონაწილეობის მიღებაც ევალებოდა. ეს დემეტრე II‑ის მეფობის წლებშიც (1270-1289) გაგრძელდა. დემეტრეც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ამ ომებში.

საქართველოში კვლავ მძიმე მდგომარეობა იყო. გადასახადები უფრო და უფრო იზრდებოდა. მონღოლთა ომებში მონაწილეობის გამო შემცირდა მოსახლეობა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო აღმოსავლეთ საქართველოში. მოსახლეობის ზედა ფენებში თანდათანობით მკვიდრდებოდა მონღოლთა წეს-ჩვეულებანი და ტრადიციები. გავრცელდა მრავალცოლიანობა. თავად დემეტრეს სამი ცოლი ჰყავდა, რის გამოც არაერთხელ გაიკიცხა ქართული სამღვდელოების მიერ. მისი პირველი მეუღლე იყო ტრაპიზონის მეფის ასული. ამ ქორწინებიდან მას ხუთი შვილი, ოთხი ვაჟი და ერთი ქალი შეეძინა. მეორე ცოლი მონღოლი დიდებულის ასული იყო, რომელთანაც დემეტრეს სამი ვაჟი ჰყავდა. ხოლო მესამე — სამცხის გამგებლის ბექა ჯაყელის ასული გახლდათ. მათ შეეძინათ ვაჟი — გიორგი, მომავალში მეფე გიორგი V ბრწყინვალე.

დემეტრე ყველანაირად ცდილობდა ქვეყნის მდგომარეობის შემსუბუქებას. კარგი ურთიერთობა ჰქონდა მონღოლებთან. არღუნ ყაენის ვეზირ ბუღას თავისი ქალიშვილი რუსუდანი მიათხოვა. ასეთი დიპლომატიის შედეგად, მონღოლები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით აღარ ექცეოდნენ.

დემეტრე II. დავით-გარეჯი. უდაბნოს ხარების ეკლესიის ფრესკა. XIII ს.1289 წელს ილხანთა სამფლობელოში პოლიტიკური სიტუაცია აირია. არღუნ ყაენის წინააღმდეგ შეთქმულება გამჟღავნდა. დემეტრეს მძახალს, ვეზირ ბუღას შეთქმულების ორგანიზება დაბრალდა და სიკვდილით დასაჯეს. დასაჯეს მისი ყველა ახლობელიც. შეთქმულებაში შესაძლო ყველა მონაწილე ყაენის კარზე დაიბარეს. დემეტრე, როგორც ბუღას ცოლის მამა, დაბარებული იქნა ყაენის კარზე. დემეტრემ კარგად იცოდა, თუ რა ბედი ელოდა არღუნის კარზე. სამეფო დარბაზმა მეფეს მთიულეთში ან დასავლეთ საქართველოში გადახვეწა ურჩია, მაგრამ დემეტრემ განაცხადა, რომ თუ მას მოკლავენ, მაშინ ქვეყანა გადარჩება. მეფეს თან გაჰყვნენ აბრაჰამ კათალიკოსი, მოსე მღვდელი, ვაჟი დავითი და რამდენიმე დიდებული. დემეტრე ეახლა არღუნ ყაენს და შეეცადა დაერწმუნებინა თავის უდანაშაულობაში. უტყუარი სამხილები დემეტრეს შეთქმულებაში მონაწილეობისა ყაენს არ ჰქონდა. გარდა ამისა, ისიც იცოდა, რომ კანონიერი და უდანაშაულო მეფის სიკვდილით დასჯა შეიძლება არეულობების მიზეზი გამხდარიყო საქართველოში. ამიტომ არღუნ-ყაენი დემეტრეს შეწყალებას აპირებდა. თუმცა, ბოლოს სასატიკი გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ამისკენ მას უბიძგა სადუნ მაკაბერდელის ვაჟმა ხუტლუბუღამ, რომელიც განაწყენებული იყო დემეტრეზე, რადგან მამის, სადუნის, გარდაცვალების მერე დემეტრემ ათაბაგობა ტარსაიჭ ორბელს უბოძა. ხუტლუბუღამ ყაენი დაარწმუნა, რომ დემეტრეს სიკვდილის მერე ტახტზე დავით ნარინის ვაჟი ვახტანგი დაესვა, ამით დასავლეთ საქართველოც მის დაქვემდებარებაში იქნებოდა. 1289 წელს 12 მარტს დემეტრე მეფეს თავი მოჰკვეთეს. ყაენის ბრძანებით დემეტრეს ცხედარს დარაჯები იცავდნენ, მაგრამ აბრაჰამ კათალიკოსმა და მოსე მღვდელმა მოახერხეს ცხედრის გამოსყიდვა, თბილისელმა ვაჭრებმა კი მალულად ჩამოასვენეს საქართველოში. დემეტრე მცხეთაში, სვეტიცხოველში დაკრძალეს. სამწუხაროდ, მისი დაკრძალვის ზუსტი ადგილი უცნობია, დაკარგულია საფლავის ქვა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დემეტრე II წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 12 მარტი დაადგინა.