Up

დამოუკიდებელი სამთავროები საქართველოს ტერიტორიაზე

VIII საუკუნის მიწურულს არაბები მხოლოდ თბილისსა და მის შემოგარენს აკონტროლებდნენ. საქართველოს დანარჩენი ტერიტორია ფაქტობრივად თავისუფალი იყო და აღორძინებას იწყებდა. VIII‑IX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში წარმოიშვა რამდენიმე დამოუკიდებელი ქართული სამთავრო. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე — კახეთი და ჰერეთი, დასავლეთ საქართველოში — აფხაზეთი და ტაო-კლარჯეთი. ცალკე პოლიტიკურ ერთეულად რჩებოდა არაბების მიერ დაარსებული თბილისის საამირო, რომელიც ხალიფატის დასუსტების პარალელურად თავის სიძლიერეს კარგავდა.

VIII საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა კახეთის სამთავრო. ადრე კახეთი შედიოდა ქართლის სამეფოში, ხოლო მეფობის გაუქმების შემდეგ ქართლის საერისთაოში. ქართლის ერისმთავარ ჯუანშერს მემკვიდრე არ ჰყავდა და ჯუანშერის გარდაცვალების შემდეგ კახეთის მსხვილმა ფეოდალმა გრიგოლმა კახეთი დამოუკიდებელ სამთავროდ გამოაცხადა. გრიგოლი კახეთის სამთავროს პირველი მთავარი იყო. განსაკუთრებით გაძლიერდა ტაო-კლარჯეთი დავით III დავით III კურაპალატი კურაპალატის დროს. დავითი გავლენიანი და ძლიერი პოლიტიკური ფიგურა იყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელი ქვეყნების მასშტაბითაც. ამას მოწმობს მისი მონაწილეობა ბიზანტიის იმპერიის შიდა საქმეებში. 976 წელს ბიზანტიის მცირეწლოვან იმპერატორ ბასილი II‑ის წინააღმდეგ აჯანყდა მხედართმთავარი, პოლიტიკური მოღვაწე, დიდგვაროვანი ბარდა სკლიაროსი, რომელმაც მიიტაცა მცირე აზიის დიდი ნაწილი და ემზადებოდა კონსტანტინეპოლის ასაღებად. 979 წელს ბიზანტიის სამეფო კარმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერ იოანეს (ერისკაცობაში ქართველი დიდებული თორნიკე ერისთავი) შუამდგომლობა სთხოვა დავით III კურაპალატთან, რომ დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში. დავით მეფის მიერ გაგზავნილმა ლაშქარმა თორნიკე ერისთავის მთავარსარდლობით დაამარცხა ბარდა სკლიაროსი. (იხ. ვრცლად). ეს ამბავი დაედო საფუძვლად მე-19 საუკუნის ქართველი პოეტის, აკაკი წერეთლის, ისტორიულ პოემას „თორნიკე ერისთავი“. ბიზანტიის მცირეწლოვანმა იმპერატორმა ტახტი შეინარჩუნა. მადლიერების ნიშნად ბასილი II‑მ დავით მეფეს დაუბრუნა ადრე მიტაცებული საქართველოს ისტორიული ტერიტორიები.

VII საუკუნის ბოლოსათვის ეგრისის სამეფო დასუსტდა და ფაქტობრივად ბიზანტიის იმპერიის პროვინციას წარმოადგენდა. დანაწევრებულ და დასუსტებულ ეგრისიში გაძლიერდა აბაზგიის სამთავრო. მისი მოსახლეობის უმეტესობას ქართველური ტომები შეადგენდა. ქართულ საისტორიო წყაროებში მათ აფხაზებს უწოდებენ. VIII საუკუნეში, როდესაც მთელი საქართველო დაარბია არაბმა მურვან ყრუმ, საბოლოოდ დაიშალა ეგრისის სამეფო. VIII საუკუნის ბოლოს დასუსტებული და დაქუცმაცებული ეგრისის სამეფოსა და აფხაზეთის სამთავროს გაერთიანებით დასავლეთ საქართველოში წარმოიშვა აფხაზეთის სამეფო. სწორედ ამიტომ ქართულ საისტორიო წყაროებში აფხაზეთის მეფეებს ხშირად ეგრისის მეფეებს უწოდებდნენ. აფხაზთა სამეფოს პირველი მეფე გახლდათ ლეონ II (778‑792). იგი აფხაზეთის ერისთავის, ბიზანტიის ვასალის — ლეონ I‑ის ძმისშვილი იყო. ლეონ II აუჯანყდა ბიზანტიის იმპერატორს და თავი — მეფედ, ხოლო სატახტო ქალაქად ქუთაისი გამოაცხადა.

ბიზანტიის იმპერია მუდმივად ცდილობდა თავისი გავლენის აღდგენას. ხშირად აფხაზთა სამეფოს შიდაპოლიტიკურ სეპარატიზმს და ტახტის მემკვიდრეებს შორის დაპირისპირებასაც უწყობდა ხელს.

აფხაზეთის მეფეების ძალისხმევით ქართული სამოციქულო ეკლესია, რომელიც კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, განთავისუფლდა ბიზანტიაზე დამოკიდებულებისაგან და IX საუკუნეში საბოლოოდ მცხეთის საკათალიკოსოს შეუერთდა. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სახელმწიფოს მომავალი გაერთიანებისათვის. ამ დროიდან მოყოლებული დასავლეთ საქართველოში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას მისმა საეკლესიო გაერთიანებამაც დიდად შეუწყო ხელი.

ბაგრატ III (გელათის ფრესკა)IX საუკუნის დასაწყისიდან აფხაზთა სამეფო, ისევე როგორც იმჟამინდელ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვა დამოუკიდებელი სამეფო-სამთავროები, აქტიურად ჩაება იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომლის მიზანიც გავლენებისა და ძლიერების გაფართოვება იყო, რაც საბოლოოდ ერთიანი საქართველოს ჩამოყალიბებით დასრულდა.

განსაკუთრებულია დავით III კურაპალატის დამსახურება და წვლილი საქართველოს გაერთიანების საქმეში. 975 წელს მან ქართლის მეფედ, ხოლო 978 წელს აფხაზთა მეფედ აკურთხა თავისი შვილობილი ბაგრატ III ბაგრატიონი. 978 წელი მიჩნეულია გაერთიანებული ქართული ფეოდალური სახელმწიფოს შექმნის წლად, ბაგრატი კი — ამ სახელმწიფოს პირველ მეფედ.

ბაგრატ III ბაგრატიონმა გააერთიანა საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილები, საფუძველი ჩაუყარა ერთიან სახელმწიფოს, რომელიც იმ დროიდან მოყოლებული — საქართველოდ იწოდება.