- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
1918 წლის 8 თებერვალს დაარსდა კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი ამასთანავე პირველი ქართული უნივერსიტეტი იყო. 8 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და მასთან ერთად მთელი საქართველო აღნიშნავს „დავითობას“ — წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. უნივერსიტეტის დამაარსებლებმა სპეციალურად აირჩიეს ეს დღე, რადგანაც დავით აღმაშენებელი სრულიად გამორჩეული ფიგურაა საქართველოს ისტორიაში. არაფერი დარჩენილა ქვეყნის განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელი, დავით აღმაშენებელს რომ არ განეხორციელებინა.
დავით გიორგის ძე ბაგრატიონი დაიბადა 1073 წელს. მამამისმა, გიორგი II-მ, 16 წლის დავითი აფხაზთა და ქართველთა მეფის ტახტზე აიყვანა 1089 წელს. დავით IV‑ს განსაკუთრებული სახელმწიფო მოღვაწეობის გამო „აღმაშენებელი“ შეერქვა.
ახალგაზრდა მეფეს მძიმე მემკვიდრეობა ერგო — გავერანებული ქვეყანა თურქ-სელჩუკთა გაუთავებელი ლაშქრობების გამო; მთებში გახიზნული ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთა ადგილი მომთაბარე სელჩუკებს ჰქონდათ დაკავებული; სრულიად მოშლილი სოფლის მეურნეობა, ვინაიდან სელჩუკებს სახნავ-სათესი მიწები საძოვრებად გადაექციათ; ცენტრალიზებული მმართველობის არარსებობა — რეალურად მეფის ძალაუფლება მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა, კახეთის სამეფო დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, თბილისში ისევ არაბი ამირა იჯდა; პრობლემას ქმნიდნენ დაუმორჩილებელი ფეოდალები; დავითი კვლავ უხდიდა ხარკს სელჩუკებს.
დავითის მიზანი იყო ქვეყნის გამთლიანება-გაძლიერება. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ტახტზე ასვლისთანავე დაიწყო მან თანამიმდევრული, ზუსტად და სწორად გააზრებული ქმედებები. 1092 წელს გარდაიცვალა სელჩუკთა სულთანი მელიქ-შაჰი და სასულთნო პატარ-პატარა ემირატებად დაიშალა. 1096 წელს დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობები, რამაც მნიშვნელოვნად შეასუსტა სელჩუკთა პოზიციები. ჯვაროსნებმა 1098 წელს დაიპყრეს ანტიოქია, ხოლო 1099 წელს კი იერუსალიმი დაიკავეს და ევროპული ტიპის ქალაქი-სახელმწიფო დააარსეს. საგულისხმოა ის, რომ ქალაქში არსებული მართლმადიდებლური ტაძრები ლათინებმა დაიკავეს, თუმცა ქართულ ჯვრის მონასტერს ხელი არ ახლეს და დამოუკიდებლობა შეუნარჩუნეს. მკვლევრები ამ ფაქტს დავით მეფისა და ჯვაროსნების ერთმანეთისადმი პატივისცემით ხსნიან. არსებობს საისტორიო ცნობა, რომლის მიხედვით, დავით IV და იერუსალიმის მეფე ბოლდუინ II უშუალოდ იცნობდნენ და ხვდებოდნენ ერთმანეთს.
სელჩუკთა დასუსტებულ სახელმწიფოს რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა გაუჭირდა. ამ ხელსაყრელი საგარეო ვითარებით ისარგებლა მეფე დავითმა და სელჩუკებს ხარკის გადახდა შეუწყვიტა.
1089-1104 წლები საქართველოს ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი პერიოდია, როცა სელჩუკებისაგან დატანჯული ქვეყანა და მისი მოსახლეობა, გათავისუფლდა დამპყრობთა უღლისაგან და მისი განვითარება აღმავლობის გზით წავიდა. შემდგომში დაიწყო დავით IV‑მ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
ქვეყანას, რომელსაც გამუდმებით უხდებოდა ბრძოლა, ესაჭიროებოდა კარგად ორგანიზებული არმია. მეფე დავითმა ასეთ სტრატეგიას მიმართა — რეგულარული ჯარის შესაქმნელად მან 40 000 ყივჩაღი ოჯახი ჩამოასახლა საქართველოში. ყივჩაღები კავკასიონის ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ მდინარე დონიდან დაწყებული კასპიის სანაპირომდე. ისინი განთქმულნი იყვნენ საბრძოლო უნარებით. ასეთი დიდი მიგრაციის უსაფრთხოდ განხორციელებისათვის დავით IV თავად გაემგზავრა ოსეთს, რათა უზრუნველეყო ყივჩაღებისთვის ოსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მგზავრობა. საისტორიო წყაროების მიხედვით, მეფე დავითს ოსეთში დიდი პატივით დახვდნენ. ყივჩაღთა გადმოსახლება დაახლოებით 1118 — 1119 წლებში მოხდა. გადმოსახლებულ ოჯახებს გადაეცათ მიწის ნაკვეთები. თითოეული ოჯახის ვალდებულება იყო საჭიროების შემთხვევაში ერთი მეომარი გამოეყო ჯარისათვის. ამდენად, ყივჩაღები უბრალოდ დაქირავებული მეომრები კი არ იყვნენ, არამედ ქვეყნის სრულუფლებიანი მცხოვრებლები შესაბამისი ვალდებულებებით. ყივჩაღები ნელ-ნელა გაქრისტიანდნენ და ასიმილირდნენ. ყივჩაღთა გარდა, დავით IV-ს საკუთარი გვარდიაც ჰყავდა დაახლოებით 5 ათასამდე მეომრით. ამგვარად, დავითს ნებისმიერ დროს შეეძლო ბრძოლის ველზე მინიმუმ 45 ათასი მეომრის გამოყვანა. ქვეყანამ გაიჩინა რეგულარული არმია.
რა თქმა უნდა, დავითის მიერ შევიწროვებულ და არაერთხელ დარბეულ სელჩუკებს არ სურდათ პოზიციების დათმობა. 1121 წლის გაზაფხულზე თბილისის, დმანისის და განჯის სელჩუკი მმართველები ერაყში ჩავიდნენ და სულთან მაჰმუდს დახმარება სთხოვეს. სულთანი თავადაც დაინტერესებული იყო მზარდი და ყოველმხრივ განვითარებადი ქართული სახელმწიფოს განადგურებით. თუმცა ისიც კარგად ესმოდა, რომ დავითთან ბრძოლა ადვილი არ იქნებოდა. ამიტომ მან სრულიად სამაჰმადიანო მობილიზება გამოაცხადა და მრავალრიცხოვან ლაშქარს მოუყარა თავი. უზარმაზარი ლაშქარი, დაახლოებით 300 ათასი მეომარი, საქართველოში თრიალეთის გზით შემოვიდა 1121 წლის აგვისტოში. ბრძოლა გაიმართა დიდგორის ველზე 1121 წლის 12 აგვისტოს. დიდგორის ბრძოლაზე ცნობები შემონახულია არაბულ, სომხურ, ევროპულ წყაროებში. სომხური წყაროს მიხედვით, დავით აღმაშენებლის ლაშქარი შედგებოდა 40 ათასი ქართველისაგან, 15 ათასი ყივჩაღისაგან, 500 ოსისა და 100 ევროპელი ჯვაროსნისაგან. დიდგორის ბრძოლაში ჯვაროსანთა მონაწილეობის ფაქტს არაერთი საისტორიო წყარო აღნიშნავს. ყველა წყარო და საისტორიო ცნობა ადასტურებს, რომ ძალთა თანაფარდობა დიდი უპირატესობით სელჩუკთა მხარეს იყო.
დიდგორის ბრძოლა დავით IV‑ის გამარჯვებით დასრულდა. საბრძოლო სტრატეგიის თვალსაზრისით ეს ბრძოლა გამორჩეულია მსოფლიო მასშტაბით. დიდგორში გამარჯვებით დავით აღმაშენებელი ისეთი სარდლების რიგში დგას, როგორებიც არიან: ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონი, იულიუს კეისარი...
ამ ბრძოლაში გამოვლინდა დავით IV‑ის მხედართმთავრული და სტრატეგიული ნიჭი. მან ზუსტ ტაქტიკურ ხერხს მიმართა და საბრძოლველად დიდგორის ველი აირჩია, შემოიტყუა მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვანი არმია დიდგორის ვიწრო ხეობაში, სადაც მტერი თავისი რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებას ვერ შეძლებდა. ასევე მნიშვნელოვანი და, ერთი შეხედვით, ძალიან მკაცრი იყო დავითის გადაწყვეტილება — მან ბრძოლის ველიდან გასაქცევი გზა ჩახერგა, რითაც ქართულ ჯარს უკან დასახევი საშუალება წინასწარვე მოუსპო. ქართველებს ბრძოლა უნდა მოეგოთ, სხვა შემთხვევაში საქართველოს მომავალი არ ჰქონდა. მეფეც და ლაშქარიც ერთიანი იყო ამ გადაწყვეტილებაში. * ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს მტერი. კოალიციური ლაშქრის მმართველი ილღაზი მძიმედ დაიჭრა და თავს გაქცევით უშველა.
* ფრანგი მემატიანე, ანტიოქიის სამთავროს კანცლერი, გოტიე, თავის ქრონიკაში „ანტიოქიის ომები“ აღწერს დავით აღმაშენებლის მეთაურობით დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვებას და იგონებს მეფის მოწოდებას ჯარისადმი ბრძოლის დაწყების წინ: „ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ჩვენ, ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ.“
დიდგორის გამარჯვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსათვის. დავითს აღარაფერი უშლიდა ხელს და 400 წლის მანძილზე მტრის მიერ დაპყრობილი თბილისი 1122 წელს გაათავისუფლა. დედაქალაქი ქუთაისიდან ისევ თბილისში გადმოიტანა. 400 წლის განმავლობაში, სანამ თბილისი საქართველოს მოწყვეტილი იყო, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქის ეთნიკური შემადგენლობა, იგი რელიგიურადაც საკმაოდ მრავალფეროვანი ქალაქი გახდა. თბილისში ცხოვრობდნენ გრიგორიანი სომხები, მართლმადიდებელი ქართველები, იუდეველები, მუსლიმები. არაბული წყაროები იუწყებიან, რომ დავითმა დაპყრობილი ქალაქის მცხოვრებლები ერთი წლით გადასახადებისაგან გაათავისუფლა. ამას გარდა, ყველა მცხოვრებს მკაცრად მოეთხოვებოდა განსხვავებული რელიგიური მრწამსის პატივისცემა. მაგალითად, ქრისტიანებს და სომხებს ეკრძალებოდათ მუსლიმთა და იუდეველთა უბნებში ღორის დაკვლა.
თბილისის დაბრუნების შემდეგ დავითმა 1124 წელს ქალაქი დმანისიც დაიბრუნა, რომელსაც ასევე არაბი ამირა განაგებდა. ამავე წლის ზაფხულში დავითმა დალაშქრა სომხეთის დედაქალაქი ანი, გაათავისუფლა თურქ-სელჩუკებისაგან და საქართველოს შემოუერთა. შემოდგომაზე კი დავითმა ილაშქრა შირვანზე, გაათავისუფლა სელჩუკებისაგან, ციხეებში საკუთარი ჯარის ნაწილები ჩააყენა. ამ დროიდან მოყოლებული დავითს შირვანშაჰის ტიტულიც დაემატა.
განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო საეკლესიო რეფორმა, რომელიც დავით აღმაშენებელმა გაატარა. ამ მიზნით მან მოიწვია დიდი საეკლესიო კრება, რომელიც საისტორიო წყაროებში რუის-ურბნისის კრებად მოიხსენიება, იმ ტაძრების სახელწოდების შესაბამისად, სადაც გაიმართა ეს კრება. იგი სავარაუდოდ, უნდა ჩატარებულიყო, 1103-1105 წლები. კრებას ხელმძღვანელობდა დავითის აღმზრდელი და ერთგული მოკავშირე, ბერი გიორგი მწიგნობართუხუცესი. ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო მმართველობისათვის დავით აღმაშენებელს მოკავშირედ მართლმადიდებელი ეკლესია სჭირდებოდა. კრებაზე მიღებული იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები: გადააყენეს დაკავებული სასულიერო თანამდებობებიდან უღირსი და ურჩი მღვდელმთავრები; მათი ადგილები მეფისა და სახელმწიფოს ერთგულმა მოკავშირეებმა დაიკავეს; მოწესრიგდა და მკაცრად განისაზღვრა საეკლესიო ქონებისა და ეკლესიის მესვეურთა ძალაუფლების საკითხები.
აღსანიშნავია ადმინისტრაციული რეფორმები, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის მომავალი ძლიერებისათვის. დავითმა შემოიღო ახალი სახელმწიფო თანამდებობა — მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი. მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობები ცალ-ცალკე მანამდეც არსებობდა. ერთი საერო იყო, ხოლო მეორე სასულიერო. ამ ორი ინსტიტუტის გაერთიანებით დავითმა ფაქტობრივად შექმნა თანამდებობა, რომელიც თავის თავში აერთიანებდა სასულიერო და საერო ხელისუფლებას. მან შექმნა ცენტრალიზებული სახელმწიფოს მართვის უწყებები, რომლებსაც უხუცესები მართავდნენ. ქვეყნის შიდა პოლიტიკას მანდატურთუხუცესი განსაზღვრავდა. ფინანსების მართვა მეჭურჭლეთუხუცესს ევალებოდა. სამხედრო უწყებას ამირსპასალარი ხელმძღვანელობდა. მნიშვნელოვანი იყო სასამართლო რეფორმებიც. ამ მიზნით დავითმა შემოიღო ე.წ. „საჯარო კარი“, რაც მუდმივმოქმედი სასამართლო დაწესებულება იყო. აქ განიხილებოდა სადაო საკითხები, უპოვართა და დაჩაგრულთა სარჩელები და სხვა.
მიუხედავად დაუსრულებელი ომებისა და ლაშქრობებისა, დავით აღმაშენებელი დიდ ყურადღებას უთმობდა ქვეყანაში განათლებისა და კულტურის აღორძინების საქმეს. თავადაც ფრიად განათლებული ადამიანი იყო. საისტორიო წყაროების მიხედვით, იგი კარგად ერკვეოდა რელიგიურ საკითხებში. იცოდა არაბული და ყურანს ორიგინალის ენაზე კითხულობდა. არაბი ისტორიკოსი სიბტ იბნ ალ-ჯაუზი გვაწვდის ცნობას, რომ დავითი და მისი ვაჟი დემეტრე დადიოდნენ მეჩეთში და მონაწილეობას იღებდნენ მუსლიმი ღვთისმეტყველების კამათსა თუ განსჯაში.
მეფე საკუთარი სახსრებით ახალგაზრდებს ბიზანტიაში აგზავნიდა განათლების მისაღებად, რათა შემდგომში საქართველოში დაბრუნებულებს ქვეყნის განათლებაში წვლილი შეეტანათ.
დავით აღმაშენებელი — საქართველოს უდიდესი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, უზადოდ განათლებული ადამიანი იყო. იგი კარგად იცნობდა მსოფლიო ლიტერატურის როგორც ქრისტიანულ, ასევე მუსლიმურ ნიმუშებს, იცოდა არაბული და სპარსული ენები, ფლობდა ისტორიულ მწერლობას. მეფე დავითმა დიდი წვლილი შეიტანა ასევე ქართულ მწერლობაში, უფრო ზუსტად კი, ჰიმნოგრაფიაში. მან შექმნა პოეტური ნაწარმოები „გალობანი სინანულისანი.“
დავითმა ქუთაისთან ახლოს ააშენა გელათის მონასტერი; დააარსა გელათის აკადემია; სპეციალურად მოიწვია სწავლულები.
გელათის აკადემია მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი იყო საქართველოში. იქ ისწავლებოდა ფილოსოფია, რიტორიკა, გეომეტრია, გრამატიკა, არითმეტიკა, მუსიკა, ასტრონომია. აკადემია დაარსდა 1106 წელს. გელათის აკადემიაში მოღვაწეობდნენ ფილოსოფოსები — იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით მოღვაწეობა განაგრძო იყალთოს აკადემიაში (იხ. ვრცლად).
დავითის ოჯახის შესახებ ცნობები მწირად არის შემონახული. ცნობილია, რომ მას ჰყავდა ორი ცოლი. პირველი ცოლისგან შეეძინა სამი შვილი — დემეტრე (მომავალი მეფე დემეტრე I) და ორი ქალიშვილი. დემეტრე უფლისწული დავითის მეფობის დროს აქტიურად იყო ჩაბმული სახელმწიფოს მართვაში. ეხმარებოდა დავითს სამხედრო საქმეებში. საინტერესოა დემეტრეს პოეტური მემკვიდრეობა. მას ეკუთვნის რამდენიმე იამბიკო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია და დღემდე პოპულარობით სარგებლობს იამბიკო „შენ ხარ ვენახი“. ამ საგალობლის რამდენიმე ვარიანტია შემონახული
შენ ხარ ვენახი / Thou Art a Vineyard
შენ ხარ ვენახი (ქარლთ-კახური)
შენ ხარ ვენახი (გურული)
დავითის ერთი ქალიშვილი შირვანში იყო გათხოვილი, ხოლო მეორე ბიზანტიაში. მეორე ცოლისგანაც ჰყავდა დავითს ერთი ვაჟი და ქალიშვილები.
დავით IV აღარ ატარებდა ბიზანტიურ საკარო ტიტულებს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ იგი ბიზანტიის თანასწორად მიიჩნევდა თავს. დავითის ტიტულატურა ასე ჟღერს — მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა.
გარდაიცვალა დავით აღმაშენებელი 1125 წელს. დაკრძალულია მისსავე აშენებულ გელათის მონასტერში. დავითის ანდერძის თანახმად, იგი დაკრძალეს გელათის მონასტრის შესასვლელში, რათა ყველას ვინც იქ მივიდოდა, მის საფლავზე დაებიჯებინა ფეხი.