Up

ვახტანგ I გორგასალი

გორგასლიან-დავითიანი დროშა

საქართველოს სამეფო დროშა XI‑XVI საუკუნეების ქართულ ისტორიული წყაროებში მოიხსენიება, როგორც გორგასლიან-დავითიანი. ეს დროშა საქართველოს ერთიანობის სიმბოლო იყო.ვახტანგ გორგასლის ძეგლი თბილისში ამ დროშის ქვეშ იბრძოდნენ ქართველები საუკუნეების განმავლობაში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. დროშის სახელწოდება უკავშირდება ორ დიდ მეფეს — ვახტანგ გორგასალსა და დავით აღმაშენებელს.

ვახტანგ I გორგასალი დიდი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ. თუ შეიძლება, რომ ისტორიული პიროვნება ამავე დროს ლეგენდარულიც იყოს, ეს სწორედ მეფე ვახტანგზე ითქმის. მისი დიდი მიღწევები საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, საოცარი ფიზიკური ძალა, გარეგნობა, სიმაღლე (2 მ. და 40 სმ.) ლეგენდებისა და გადმოცემების უშრეტ წყაროს წარმოადგენდა. ვინც თბილისში ერთხელ მაინც ყოფილა, ან რამე გაუგია ამ ქალაქზე, აუცილებლად მოსმენილი ექნება ვახტანგ გორგასლის მიერ თბილისის დაარსების ლეგენდა.*

* თბილისის დაარსება და დედაქალაქის გადმოტანა მცხეთიდან თბილისში ვახტანგ გორგასლის სახელთანაა დაკავშირებული.

ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული. ერთ-ერთი ვერსიით, ქართველ მეფეს ნადირობის დროს შველი დაუჭრია. შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცეულა. სხვა ვერსიით, მეფის მიმინო თავს დასხმია ხოხობს, ბრძოლის დროს ცხელ წყალში ჩაცვენილან და ორივე დაფუფქულან. სწორედ ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ხელსაყრელი მდებარეობის გამო, მეფემ გადაწყვიტა ამ ადგილას ქალაქის აშენება. ქალაქს სახელწოდება „თბილისი“ („ტფილისი“) თბილი (ძველი ქართულით — "ტფილი") წყაროების გამო უწოდეს. შემდგომში სწორედ თბილი წყლების უბანში გაშენდა გოგირდის აბანოები. დღეს ეს ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია.

ვახტანგს სპარსელებმა შეარქვეს გორგასალი, რაც „მგლისთავას“ ნიშნავს. საისტორიო წყაროების მიხედვით, მის საომარ მუზარადზე მგლის თავი იყო გამოსახული. ლეგენდის მიხედვით, ბრძოლის ველზე ვახტანგის გამოჩენით შეშინებული სპარსელები ყვიროდნენ „დურ აზ გოგრასარ“, რაც იმას ნიშნავდა, რომ „მგლისთავას“ უნდა მორიდებოდნენ. ვახტანგი ხომ უბადლო სიმამაცითა და სიძლიერით იყო განთქმული.

დაახლოებით 449 წელს, როცა ვახტანგი მხოლოდ 7 წლის იყო, გარდაიცვალა მამამისი — ქართლის მეფე — მირდატი. მეფის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის მართვა მისმა მეუღლემ, წარმოშობით ირანელმა საგდუხტ დედოფალმა ითავა. ვახტანგი ტახტზე 15 წლის ასაკში ავიდა, დაახლოებით 458 წელს. იგი 45 წელი მართავდა ქვეყანას. ვახტანგ გორგასალი ბრძოლის დროს მიღებული სასიკვდილო ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა 502 წელს.

ვახტანგ მეფე 20 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი პირველი მეუღლე — დედოფალი ბალენდუხტი, სპარსეთის შაჰის ჰორმიზდ III‑ის ასული იყო. მათ ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინათ, მაგრამ დედოფალი მშობიარობას გადაჰყვა. ვაჟს დაჩი დაარქვეს. იგი მამის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა. მეფობდა დაახლოებით 502‑514 წლებში. ვახტანგის მეორე მეუღლე — დედოფალი ელენე, ბიზანტიის კეისრის ლეონ I‑ის ასული იყო. მათ სამი ბიჭი და ორი გოგონა შეეძინათ. დაჩის გამეფების შემდეგ დანარჩენი ძმები ერისთავთა მთავრები გახდნენ.

ვახტანგ I‑ის მეფობის დასაწყისში იბერია, ანუ ქართლის სამეფო მძიმე მდგომარეობაში იყო. ვახტანგ მეფემ პოლიტიკური კურსის ძირითად მიმართულებად ქვეყნის კონსოლიდაცია და დამოუკიდებლობის აღდგენა დაისახა.

იალბუზივიდრე ვახტანგ I ქვეყნის განთავისუფლებას დაიწყებდა ირანისაგან, მან პირველ რიგში ჩრდილოეთ კავკასიის მომთაბარეები დაიმორჩილა. ეს სერიოზული პრობლემა იყო, ვინაიდან ოსები და ჰუნები საქართველოს სიძლიერესა და დამოუკიდებლობას ჩრდილოეთის მხრიდან დიდ ზიანს აყენებდნენ. ამ ლაშქრობის შემდეგ ხალხმა ვახტანგ მეფეს „იალბუზის გმირი“ (იალბუზი კავკასიონის მთათა სისტემის უმაღლესი მწვერვალია) შეარქვა და სიყვარულით მიუძღვნა ლექსი, რომელიც ყოველი ქართველისთვის ბავშვობიდანვეა ცნობილი:

ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,
ციდან ჩამოესმა რეკა,
იალბუზზე ფეხი შედგა,
დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.

კავკასიის დამორჩილების შემდეგ ვახტანგ მეფე გადავიდა აფხაზეთში, განდევნა იქიდან ბიზანტიელები, ეგრისის დიდი ნაწილი და კლარჯეთი შემოიერთა, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო ერთ სახელმწიფოდ გააერთიანა, ადმინისტრაციულად მოაწესრიგა და ქართველ მეფეთა შორის პირველმა, მთელი კავკასია თავის პოლიტიკურ თვალსაწიერში მოაქცია. ვახტანგ გორგასლის გადაწყვეტილებით იმ პერიოდის დიდი ეროვნულ-პოლიტიკური და ეკონომიკური აღმავლობის პროცესს მოჰყვა უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი — ქვეყნის ცენტრის გადმოტანა მცხეთიდან თბილისში. ეს გახდა საფუძველი, რომ თბილისი ამიერკავკასიის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი გამხდარიყო. ამ ფაქტის ისტორიული აუცილებლობა საქართველოს მთელმა შემდგომმა ისტორიამ დაადასტურა.

ქვეყნის გაერთიანების საქმეს ემსახურებოდა ვახტანგ გორგასლის ეროვნულ-კულტურული მოღვაწეობაც. მან ააგო ციხე-ქალაქები — უჯარმა, ბოჭორმა, ხორნაბუჯი, ჭერემი, რაც ქვეყნის აღმოსავლეთიდან დაცვას ემსახურებოდა. მისი აგებულია არტანუჯის ციხე. ვახტანგ მეფის ბრძანებით აშენდა საეპისკოპოსო ეკლესიები — ნიქოზის, ნინოწმინდის, ჭერემის, ჩელეთის, ახიზის, უჯარმის, არტანუჯის, სვეტიცხოვლის ბაზილიკა, ბოლნისის ბაზილიკა. მის დროსვე ჩამოყალიბდა ღვთისმსახურების გარკვეული წესი და ითარგმნა ადრეული ბიზანტიური ე.წ. იერუსალიმური პერიოდის ლიტურგიკული თხზულებანი. მისი მეფობის დროს შეიქმნა ქართული სასულიერო მწერლობის ისეთი ბრწყინვალე ძეგლი, როგორიცაა იაკობ ცურტაველის „წამებაი წმიდისა შუშანიკისი“, (იხ. ვრცლად) რომელშიც აღწერილია ვახტანგ გორგასალის პერიოდის საქართველოს ბრძოლა ირანის წინააღმდეგ.

ვახტანგ გორგასლის ძალისხმევით გატარდა საეკლესიო რეფორმა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალური (დამოუკიდებელი) გახდა და დაარსდა 12 საეპისკოპოსო.

ვახტანგ გორგასლის სვეტიცხოვლის ფრესკის ასლივახტანგ გორგასალი 60 წლისა აღესრულა, დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.ვახტანგ გორგასლის ხატი სვეტიცხოველში ვახტანგ გორგასალის ფრესკაც არსებობდა XIX საუკუნის შუა პერიოდამდე, მაგრამ დღეს მისი გამოსახულება დაკარგულია, შემორჩენილია მხოლოდ ასლი. სამწუხაროდ, არც მისი ლეგენდარული მუზარადი გადაურჩა დროთა დინებას. გადმოცემის მიხედვით, მუზარადი და მისი ჯაჭვის პერანგიც თურმე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ინახებოდა.

ვახტანგ გორგასალმა დიდ ეროვნულ წამოწყებას – ერთიანი, კონსოლიდირებული ეროვნული სახელმწიფოს შექმნას იმდენად მკვიდრი საფუძველი ჩაუყარა, რომ შემდგომ საუკუნეებშიც, მიუხედავად ხანგრძლივი საგარეო გართულებებისა (ირანის ექსპანსია VI ს., არაბობა VII ს. შუა წლებიდან), ეს პროცესი ფაქტობრივად აღარ შეწყვეტილა და X საუკუნის II ნახევარსა და XI საუკუნის დასაწყისში წარმოიქმნა ფეოდალურ-ეროვნული ერთიანი მონარქია "საქართველო". ფეოდალური ხანის ეროვნული ისტორიოგრაფია ვახტანგ გორგასალს დავით აღმაშენებლის გვერდით აყენებდა, როდესაც ქართულ ეროვნულ დროშას „დავითიანის“ და „გორგასლიანის“ ეპითეტით ამკობდა. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ვახტანგ I გორგასალი წმინდანად შერაცხა.