Up

გონიო-აფსაროსი

გონიო-აფსაროსი

აჭარა საქართველოსა და მთელი შავი ზღვისპირეთის ძალიან ლამაზი მხარეა. ბათუმი, მისი დედაქალაქი, კი მართლაც მშვენიერი ქალაქია. ბათუმიდან დასავლეთისკენ მანქანით 10−15 წუთის სავალზე, მდინარე ჭოროხის შავი ზღვის შესართავთან, დგას ისტორიულ ციხესიმაგრე. ეს გონიოს ციხესიმაგრეა. სახელწოდება „გონიო“ გვიანდელია, დაახლოებით XII საუკუნიდან გვხვდება.

არგონავტების თქმულების მიხედვით, სადღაც აქ მიაბარა მიწას კოლხეთის ლეგენდარულმა მეფე აიეტმა თავისი ვაჟიშვილი აფსირტე, რომელიც მითის ერთი ვერსიით იასონმა მოკლა, ხოლო მეორე ვერსიით — თავად მედეამ. აფსირტე მედეას და არგონავტებს დაედევნა, რათა გატაცებული ოქროს საწმისი დაებრუნებინა.

ბერძნულ-რომაულ წყაროებში გონიო სხვადასხვა სახელითაა ცნობილი. მაგალითად, პირველი საუკუნის რომაელი მწერალი და გეოგრაფი პლინიუსი — აფსარუსად მოიხსენიებს. იგი წერს, რომ ტრაპიზონიდან აღმოსავლეთით არის მდინარე აფსარუსი და ამ მდინარის ნაპირზე გაშენებულია იმავე სახელწოდების ციხე. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ციხის აშენება რომაელი მხედართმთავრის, პომპეუსის, სახელს უკავშირდება. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, არავინ იცის. დანამდვილებით კი ისაა ცნობილი, რომ II საუკუნეში ამ ტერიტორიაზე რომაელთა რამდენიმე კოჰორტა იყო განლაგებული. რომის აღმოსავლეთ საზღვრებს დაცვა ესაჭიროებოდა. ეს ციხე-ქალაქი კი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი ყოფილა.

გონიოს ციხეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. იგი იცავდა ჭოროხის შესართავის მარცხენა მხარეს მოსალოდნელი საფრთხისაგან. გადმოცემის თანახმად, ასეთ საფრთხედ უძველესი დროისათვის ზღვის მეკობრეები ითვლებოდნენ. საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიული ციხესიმაგრისადმი.გონიოს ციხესიმაგრე ბიზანტიის დაცემის მერე ციხესიმაგრე თურქების ხელში გადავიდა. 1878 წლის ბოლოდან კი აჭარა და შესაბამისად, გონიო-აფსაროსის ციხეც რუსეთის იმპერიაში აღმოჩნდა. ამჟამად გონიოს ისტორიული ციხესიმაგრე კვლავ საქართველოს კუთვნილებაა. დღეს მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც ინახება ექსპონატები, დათარიღებული ძველი წელთაღრიცხვიდან XIX საუკუნის ბოლომდე. 2015 წლის არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა რომაული პერიოდის ყაზარმის ნაშთები, მინის ნაწარმი, მონეტები, აგრეთვე პირველი საუკუნის მეორე ნახევრის აბანოს ნაშთები, აბანოს მოზაიკა, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემები, ქვაფენილები...

გონიოს ციხესიმაგრე რთული ნაგებობაა. მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთი აღდგენა-რესტავრაცია განიცადა, ძირითადად მაინც შეინარჩუნა თავისი პირველსახე.