Up

გიორგი V ბრწყინვალე

დემეტრე თავდადებულმა არაფრად ჩააგდო ქრისტიანული წესი — სიყვარულით გახელებულმა, ბექა ჯაყელის ასული ნათელა მოიტაცა და ცოლად შეირთო მაშინ, როცა ჯვარდაწერილი ცოლი უკვე ჰყავდა.გიორგი V ბრჭყინვალე ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და თვით კათალიკოსი ნიკოლოზი ამაოდ ცდილობდა დემეტრე თავდადებულის უზნეობის მხილებას. საქმე იქამდე მივიდა, რომ კათალიკოსმა კათალიკოსობაც კი მიატოვა და უბრალო ბერად გააგრძელა სასულიერო მოღვაწეობა. ერიც და ბერიც მრუშობად უთვლიდა საქციელს მეფეს, მაგრამ ამ თითქოსდა უფლისათვის მიუღებელი კავშირის შედეგად დაიბადა გიორგი მეხუთე, რომელსაც შთამომავლობამ „ბრწყინვალე“ უწოდა. გიორგი V‑ს მეფობის პერიოდი საქართველოს ძლიერების და რაც მთავარია, ერთიანობის უკანასკნელი პერიოდია. ამის შემდეგ ქვეყნის ბედი უკუღმა დატრიალდა, რასაც არაერთი მიზეზი ჰქონდა.

გიორგი ბრწყინვალე დაიბადა 1286 წელს. მამამისი, დემეტრე II, მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს 1289 წლის 12 აგვისტოს. მცირეწლოვანი გიორგი დედამ, ნათელა ჯაყელმა, თავისი მამის — სამცხის მმართველის, ბექა ჯაყელის სამფლობელოში წაიყვანა. სამცხე ამ პერიოდში დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა, რომელიც უშუალოდ მონღოლთა ვასალი იყო. ბექა გამჭრიახი და ბრძენი პოლიტიკოსი გახლდათ. მიუხედავად ოფიციალური დამოუკიდებლობისა, სამცხე მაინც დაკავშირებული იყო საქართველოსთან. ამის მაგალითია ის, რომ ბექა ჯაყელი საქართველოს სამოხელეო ტიტულის — მანდარტუხუცესის მფლობელი იყო. გიორგი ბექას კარზე აღიზარდა.

დემეტრე მეორეს სიკვდილით დასჯის შემდეგ მონღოლებმა ტახტზე დავით ნარინის ვაჟი, ვახტანგი აიყვანეს. მიზანი მარტივი და ვერაგი იყო. დავით ნარინის გარდაცვალების მერე ვახტანგი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მეფე გახდებოდა და მონღოლთა ბატონობაც დასავლეთში ავტომატურად გავრცელდებოდა. თუმცა, მათ გეგმებს განხორციელება რამდენიმე მიზეზის გამო არ ეწერა: ვახტანგი 1292 წელს გარდაიცვალა, ხოლო მომდევნო წელს — დავით ნარინი. მონღოლებმა ვახტანგის ნაცვლად დასავლეთ საქართველოში მისი უმცროსი ძმა, კონსტანტინე გაამეფეს. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში — დემეტრე თავდადებულის ვაჟი დავითი, რომელიც დემეტრეს ახლდა ურდოში, როცა იგი სიკვდილით დასაჯეს.

დავით VIII ყველანაირად ცდილობდა ქვეყანაში მდგომარეობის გამოსწორებას, ჩრდილოეთ კავკასიიდან ოსების თარეშის ალაგმვას. ურდოში წარმოქმნილ ნებისმიერ შიდაარეულობასა და გაურკვევლობას სათავისოდ იყენებდა და ყაენის წინააღმდეგ დიდებულებთან კავშირს აბამდა.

1297 წელს დავითი ყაზან-ყაენმა დაიბარა. დავითი არ დაემორჩილა მის ბრძანებას და მთიულეთში გადავიდა. შემდეგ ილხანთა მოწინააღმდეგე ოქროს ურდოს ყაენს ყაზან-ყაენის წინააღმდეგ ერთიანი ძალით გამოსვლა შესთავაზა. ამ მიზნით დავითმა ოქროს ურდოში თავისი ძმა, ვახტანგი მიავლინა. ყაზან-ყაენმა დავითის დასასჯელად საქართველოში ლაშქარი გამოაგზავნა. ამასთანავე, ოქროს ურდოდან საქართველოსკენ მობრუნებული ვახტანგი შეიპყრო, დავითის წინააღმდეგ გადაიბირა და მეფედ ცნო. ყაენი ძმების გადაკიდებით საქართველოს დანაწევრებას ცდილობდა. ასეც მოხდა. ქვეყნის მოსახლეობის ნაწილმა დავითის მხარე დაიჭირა და ნაწილი კი ვახტანგს მიემხრო. ვახტანგი 1308 წელს გარდაიცვალა. მონღოლებმა ვერ შეძლეს დავითის დამორჩილება და ხელში ჩაგდება, თუმცა გაუთავებელმა ბრძოლამ და დევნილობამ დააავადმყოფა მეფე.

მონღოლებმა დავითის წინააღმდეგ მისი მცირეწლოვანი ძმა გამოიყენეს. 1299 წელს გიორგი V გაამეფეს. ამ დროისათვის გიორგის ძალაუფლება ძალიან შეზღუდული იყო.

ძმების, დავითისა და ვახტანგის სიკვდილის მერე გიორგი ხელმეორედ, ანუ მემკვიდრეობის უფლების ძალით გახდა მეფე. დანაწევრებული, გავერანებული და აოხრებული ქვეყანა ერგო მემკვიდრეობით მეფეს. გიორგიმ გამჭრიახობა გამოიჩინა და ჯერ ქვეყნის შიდა მდგომარეობის გამოსწორება დაისახა მიზნად. მონღოლებისგან მოიპოვა უფლება და ხარკს თავად კრეფდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობის სიმშვიდისათვის; შეაჩერა ჩრდილოეთიდან ოსების შემოსევები; დაიმორჩილა ურჩი ფეოდალები და შესაბამისად გაიძლიერა ხელისუფლება.

დასავლეთ საქართველოში ამ დროს ტახტზე იჯდა დავით ნარინის ძე კონსტანტინე. კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ ტახტი ცოტა ხნით ეკავა მის ძმას მიქაელს, რომლის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟის, მცირეწლოვანი ბაგრატის გამეფებას დიდებულებმა მხარი არ დაუჭირეს. ეს მდგომარეობა გამოიყენა გიორგი V‑მ, დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ყველა ციხე და ქალაქი დაიკავა. მცირეწლოვანმა ბაგრატმა წინააღმდეგობა არ გაუწია. სანაცვლოდ, მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს და შორაპნის ერისთავობა უბოძეს. დასავლეთ საქართველოს შემოერთების შემდეგ გიორგიმ დედულეთის, ანუ სამცხის შემოერთებაც მოახერხა. თავისი ბიძის — სამცხის მმართველის, სარგისის გარდაცვალების შემდეგ, ბიძაშვილი ყვარყვარე თავად დაამტკიცა სამცხის მმართველად, რაც მონღოლთა პრეროგატივა იყო. შესაბამისად, საქართველოს მეფის ძალაუფლება სამცხეზეც გავრცელდა და საქართველოს გაერთიანებაც დასრულდა.

1335 წელს ურდოში ისევ შიდაარეულობა სუფევდა. ძალაუფლებისათვის ერთმანეთს ებრძოდნენ მონღოლი დიდებულები. გიორგიმ კარგად გამოიყენა შექმნილი ვითარება, მონღოლებს ხარკი შეუწყვიტა და მათი ჯარიც ქვეყნიდან გააძევა. მონღოლებმა რამდენჯერმე სცადეს ძალაუფლების დაბრუნება, მაგრამ მათმა ლაშქრობებმა შედეგი ვერ გამოიღო.

მონღოლთა ბატონობის მოშორებამ, ჩრდილოეთიდან ოსების თარეშის დასრულებამ და, რაც მთავარია, საქართველოს გაერთიანებამ შესაბამისი ეკონომიკური შედეგიც გამოიღო. ქვეყანა წელში გაიმართა. განვითარდა ვაჭრობა, ხელოსნობა. გიორგიმ ფინანსური რეფორმაც გაატარა და საკუთარი ფულიც მოჭრა.

გიორგი ბრწყინვალეს ურთიერთობა ჰქონდა ევროპის ქვეყნებთან. შემორჩენილია მისი მიმოწერა რომის პაპთან, კათოლიკე მისიონერებთან, საფრანგეთის მეფე ფილიპე VI‑სთან. გიორგი ბრწყინვალე მზადყოფნას გამოთქვამდა მონაწილეობა მიეღო სირიისა და პალესტინის ურჯულოთაგან გათავისუფლებაში. გიორგი ბრწყინვალეს, როგორც ძლევამოსილ მონარქს, დიდ ანგარიშს უწევდნენ არაქრისტიანი მმართველებიც.

გიორგი V ბრწყინვალე 1346 წელს გარდაიცვალა.