- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
1609 წლის ზაფხულში ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველთა ლაშქარს ქართლის მოურავი, გამჭრიახი პოლიტიკოსი და მამაცი მხედართმთავარი გიორგი სააკაძე მეთაურობდა.* ოსმალები სასტიკად დამარცხდნენ ტაშისკართან. ოსმალების დამარცხებისათვის 1601 წელს ირანში სტუმრად ჩასულ მეფე ლუარსაბ II‑ს შაჰ-აბასმა თბილისის ციხე დაუბრუნა, სადაც სპარსელები იყვნენ გამაგრებული. ლუარსაბ II‑მ 1611 წელს ცოლად მოიყვანა გიორგი სააკაძის და თეკლა. გიორგი სააკაძის სამეფო კართან დაახლოება და დაწინაურება არ მოსწონდათ წარჩინებულ თავადებს. ამიტომ მათ დაიწყეს ინტრიგების ხლართვა და ლუარსაბ II მის წინააღმდეგ განაწყვეს. 1612 წელს გიორგი სააკაძე იძულებული გახდა გარიდებოდა არსებულ სიტუაციას და ოჯახიანად ირანში გაიხიზნა. შაჰ-აბასმა დიდი პატივით მიიღო გიორგი სააკაძე. ირანის კარზე ქართველები უცხონი არ იყვნენ.
ზოგ მათგანს საკმაოდ მოწინავე პოზიციებიც კი ეკავა. შაჰ-აბასმა არაერთხელ ილაშქრა კახეთის წინააღმდეგ. მორიგი ლაშქრობის მოწყობა შაჰ-აბასმა 1625 წელს გადაწყვიტა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ. საქართველოსკენ მრავალათასიანი ლაშქარი გამოგზავნა ცნობილი სარდლის ყორჩიხა-ხანის ხელმძღვანელობით, ხოლო მრჩევლად კი გიორგი სააკაძე გამოაყოლა. ყორჩიხა-ხანს ევალებოდა ქართლ-კახეთის საბოლოო განადგურება. ამას გარდა, გიორგი სააკაძეც უნდა მოეკლათ. შაჰის ვერაგი განზრახვა ვერ შესრულდა. გიორგი სააკაძე და ქართველი დიდებულები გაერთიანდნენ და მარტყოფის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს სპარსელები. გამარჯვებულებმა ქართლ-კახეთის მეფედ თეიმურაზ I აღიარეს. გამწარებულმა შაჰ-აბასმა ირანში მძევლად დატოვებულ გიორგი სააკაძის ვაჟს, პაატას თავი მოჰკვეთა და საქართველოში გამოაგზავნა. პაატას თავი სააკაძის საგვარეული ერთაწმინდის ტაძარშია დაკრძლალული.
* თავდადებული მღვდელი თევდორე. 1609 წელს ოსმალების მოულოდნელი შემოსევის დროს ახალგაზრდა მეფე ლუარსაბი ქართლში, სოფელ ცხირეთში ისვენებდა. მას თან ახლდა მთავარსარდალი გიორგი სააკაძე. ოსმალების მიზანი იყო ლუარსაბ II‑ის შეპყრობა და ამ გზით ქვეყნის დაუფლება. გზაზე ოსმალებმა შეიპყრეს მღვდელი თევდორე და მოსთხოვეს მეფის აგარაკისკენ მიმავალი მოკლე გზა ეჩვენებინა. მღვდელმა ცხირეთს საკმაოდ დააშორა მტერი და გზა აუბნია. დიდი ხნის სიარულის შემდეგ ოსმალები მიუხვდნენ მღვდელს განზრახვას და ხმლით აკუწეს. თევდორეს საქციელმა დრო მოაგებინა ქართველებს ჯარის შესაკრებად. ქართულმა ჯარმა გიორგი სააკაძის სარდლობით ტაშისკართან დაამარცხა ოსმალები. საქართველოს ეკლესიამ თევდორე მღვდელი წმინდანად შერაცხა.
მიუხედავად მრავალგზის ლაშქრობისა შაჰ-აბასმა ვერ შეძლო ქართლ-კახეთის დამორჩილება. ბრძოლებში დიდი რაოდენობით სპარსელი დაიღუპა და შაჰმაც საქართველოსთან ბრძოლის ტაქტიკა შეცვალა. იგი ქართველებს შორის შუღლის გაღვივებას შეუდგა. შაჰმა თეიმურაზ I‑სა და გიორგი სააკაძეს შორის ინტრიგების გაბმა დაიწყო. მისმა მიზანმა შედეგი გამოიღო. თეიმურაზისა და გიორგის ურთიერთობა დაიძაბა. გიორგი სააკაძე კვლავ გაერიდა საქართველოს და ოჯახიანად ოსმალეთს შეაფარა თავი. ოსმალეთში იგი დიდი პატივით მიიღეს. გიორგი არ წყვეტდა საქართველოსთან ურთიერთობას. 1629 წელს ოსმალებმა გიორგის ღალატში დასდეს ბრალი და სიკვდილით დასაჯეს. მასთან ერთად მისი ვაჟი და მხლებლები დახოცეს.