Up

აშოტ დიდი კურაპალატი

786-809 წლებში ქართლის (იბერიის) ერისმთავარი იყო აშოტ I ბაგრატიონი. ამ დროს საქართველო დანაწევრებული იყო — ქართლი არაბებს ჰქონდათ დაკავებული, თბილისი — ამირას, აღმოსავლეთ საქართველო კახეთის მთავრების ხელში იყო, ხოლო დასავლეთ საქართველოს აფხაზეთის მეფე მართავდა.

არტანუჯის ციხეაშოტ I ცდილობდა ქართლის განთავისუფლებას არაბების ბატონობისგან. თუმცა ამ ბრძოლაში მარცხი განიცადა და იძულებული გახდა ბიზანტიაში წასულიყო. შემდეგ აშოტ დიდი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ჩავიდა. კერძოდ, შავშეთ-კლარჯეთში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) დაფუძნდა. მან აღადგინა ვახტანგ გორგასალის მიერ დაარსებული ქალაქი არტანუჯი და სამეფოს რეზიდენციად გამოაცხადა; განაახლა ვახტანგ გორგასალის აშენებული არტანუჯის ციხე, ტაო-კლარჯეთის სამეფო რომელიც მურვან ყრუს შემოსევის დროს განადგურდა; ციხის ტერიტორიაზე ააგო ტაძარი პეტრე და პავლე მოციქულების სახელზე. ბიზანტიის იმპერატორმა მას იმპერატორის შემდგომ ყველაზე მაღალი — კურაპალატის ტიტული უბოძა. ასე დაიწყო კიდევ ერთი ახალი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ტაო-კლარჯეთის ისტორია.

ტაო-კლარჯეთის სამეფო თანდათან ძლიერდებოდა როგორც ეკონომიკურად, ასევე კულტურული თვალსაზრისით. ამ პერიოდის ამბები აღწერილია ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ ბრწყინვალე ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (იხ. ვრცლად). ნაწარმოები დაიწერა გრიგოლის გარდაცვალებიდან 90 წლის მერე — 951 წელს. მისი ავტორია გიორგი მერჩულე. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ ვგებულობთ, რომ აშოტ კურაპალატმა საუკეთესო მიწები უბოძა გრიგოლ ხანძთელს ეკლესია-მონასტრების ასაშენებლად. ამ დროს აშენდა ხანძთის, შატბერდისა და ოპიზის მონასტრები. ოპიზის მონასტერმა აშოტ დიდის ბარელიეფი შემოგვინახა. ეს ტაძრები და ისტორიული ტაო-კლარჯეთი ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა.

აშოტ I დიდი. ოპიზის ბარელიეფი. IX საუკუნე აშოტ I-ის სამფლობელო იმდენად გაძლიერდა, რომ საკმაოდ ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ერთეულად იქცა. კურაპალატის მიზანი დანაწევრებული საქართველოს გამთლიანება იყო. 818 წელს მან ხელახლა დაიმორჩილა ქართლი. თბილისის ამირა ქალაქში ჩაიკეტა. არაბების თარეშის ასალაგმად იგი პერიოდულად დალაშქრავდა ხოლმე მათ. ერთ-ერთი შეტაკების დროს მოკლეს აშოტ კურაპალატი. ეს მოხდა 826 წელს. დოლისყანის ეკლესიის საკურთხეველში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია, ართვინის პროვინცია) მყოფი მეფე ხმლით განგმირეს. დოლისყანელებმა რომ შეიტყვეს აშოტ დიდის მკვლელობა, დაედევნენ მტერს და ყველა ამოხოცეს. აშოტ კურპალატი დაკრძალეს არტანუჯის პეტრე-პავლეს ეკლესიაში.

ქართულმა ეკლესიამ აშოტ I დიდი, ქართლის ერისმთავარი, ტაო-კლარჯეთის სამეფოს დამაარსებელი, ბიზანტიის იმპერიის კურაპალატი, ბაგრატიონთა დინასტიის პირველი მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 29 იანვარი (ახალი სტილით 11 თებერვალი) გამოაცხადა.