- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
VII საუკუნის დასაწყისში არაბეთის ნახევარკუნძულზე აღმოცენდა ახალი რელიგია — ისლამი. ისლამის დასაწყისად მიჩნეულია 610 წელი, როცა მის დამაარსებელს — მუჰამედს გამოეცხადა ანგელოზი ჯაბრაილი, რომელიც ღმერთმა, ალაჰმა, გამოაგზავნა მუჰამედთან. მან უშუალოდ უკარნახა მუჰამედს ისლამის წმინდა წიგნის რამდენიმე სტრიქონი. ამის შემდეგ, მუჰამედმა, ალაჰის მოციქულმა, დაიწყო ჭეშმარიტების ქადაგება. ეს მოხდა 613 წელს, როცა მუჰამედმა მექაში პირველად იქადაგა ისლამი. ისლამის გამოჩენამ და გავრცელებამ ძირეულად შეცვალა არა მარტო არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები არაბული ტომების ბედი, არამედ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიოს განვითარების ისტორიაზე. მუჰამედი გარდაიცვალა 632 წელს. ამ დროს არაბეთის მოსახლეობის დიდი უმეტესობა უკვე ისლამის მიმდევარი იყო. ისლამის დროშის ქვეშ გაერთიანებული არაბული ტომები VI-VII საუკუნეებში უკვე მძლავრ და ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ. მათ შექმნეს თეოკრატიული ფეოდალური სახელმწიფო წყობილების სისტემა — ხალიფატი. მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფოს მართავდნენ ხალიფები. არაბთა სახალიფომ ჩამოყალიბებისთანავე დაიწყო დამპყრობლური ომები. VII საუკუნის შუა პერიოდისთვის მათ დაიმორჩილეს სირია, პალესტინა, ირანის ნაწილი და სამხრეთ კავკასიაშიც გამოჩნდნენ, კერძოდ, სომხეთის ტერიტორიაზე. VII-VIII საუკუნეებში არაბთა სახალიფომ განვითარების ზენიტს მიაღწია. VIII საუკუნის მიწურულიდან კი მისი ძლიერება შესუსტდა. XI საუკუნეში თურქ-სელჩუკებმა აიღეს სატახტო ქალაქი ბაღდადი და სახალიფომ დამოუკიდებლობა დაკარგა. XIII საუკუნის შუა წლებში ჩინგის ყაენის დაპყრობითმა ომებმა საბოლოოდ დაანგრია ოდესღაც მძლავრი იმპერია.
არაბები ქართლში პირველად VII საუკუნის შუა წლებში შემოვიდნენ, მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდეს, მაგრამ ძალიან მალე, ირანისა და სომხეთის დამორჩილების შემდეგ უკან მობრუნდნენ. 654-655 წლებში საქართველოზე გამოილაშქრა არაბმა სარდალმა ჰაბიბ იბნ მასლამამ და ქართლი დაიმორჩილა. ქართლის ერისმთავრები არაბულ მხარესთან შეთანხმდნენ მეტ-ნაკლებად მისაღებ პირობებზე. ქართლისა და ხალიფატის ურთიერთობას საფუძვლად დაედო ე.წ. „დაცვის სიგელი“. ამ დოკუმენტმა განსაზღვრა ქართლის სამეფოსა და ხალიფატის ურთიერთობის პირობები. „დაცვის სიგელის“ პირობებში აღნიშნული იყო, რომ არაბები არ ჩაერეოდნენ ქართლის სამეფოს რელიგიურ საქმეებში. ვინც ისლამს ნებაყოფლობით აღიარებდა, გადასახადებისგან ათავისუფლებდნენ; ქართლის მთელ მოსახლეობას, თითოეულ ოჯახს, უნდა გადაეხადა ხარკი; ორივე მხარე იღებდა ვალდებულებას, რომ არ შეცვლიდა კომლთა (კომლს უწოდებენ საზოგადოებრივ ერთობას, რომელსაც საერთო საოჯახო მეურნეობა აქვს) რაოდენობას გადასახდელის შემცირების ან გაზრდის მიზნით. მოსახლეობა ვალდებული იყო ხალიფატის ომებში მიეღო მონაწილეობა. ეს, მეტ-ნაკლებად „მშვიდი“ მდგომარეობა ქართლში დაახლოებით ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ხალიფატში ამ დროს შიდაპოლიტიკური რყევები მიმდინარეობდა და ხალიფებს ნაკლებად ეცალათ ქართლისთვის. გარდა შინააშლილობისა, ხალიფატს ქართლის დამორჩილებაში ბიზანტიაც უშლიდა ხელს, რომელსაც, თავის მხრივ, ქართლში ბატონობის განმტკიცება სურდა. ქართლის ერისმთავრებმა ისარგებლეს ამით და ხარკის გადახდა შეწყვიტეს. 685 წელს ბიზანტიასა და ხალიფატს შორის დაიდო ზავი. მომდევნო წელს ქართლის მოსახლეობა აჯანყდა დამპყრობლების წინააღმდეგ. ერისმთავარმა ნერსემ სასტიკად დაამარცხა ბრძოლაში არაბთა სარდალი ბარაბა. ქართლის სამეფოს ერთი მხრიდან არაბები უტევდნენ, მეორე მხრიდან — ბიზანტიის იმპერია და ჩრდილოეთიდან კი ახალი დამპყრობლები — ხაზარები გამოჩნდნენ. ქართლის პოლიტიკურმა ელიტამ ვერ შეძლო სამ ფრონტზე გაჩაღებული შემოტევის მოგერიება. VII საუკუნის ბოლოდან არაბებმა უფრო მყარად მოიკიდეს ფეხი ქართლში.
რა ხდება ამ დროს დასავლეთ საქართველოში? VII საუკუნის მიწურულს, ეგრისის ერისმთავარი სერგი ბარნუკის ძე აჯანყდა ბიზანტიის კეისრის ლეონტიოსის წინააღმდეგ. მან კი დახმარებისთვის არაბებს მიმართა. არაბებმაც გამოიყენეს ეს შესაძლებლობა, საკუთარი სამხედრო ძალები ეგრისის დედაქალაქ ციხეგოჯსა და სხვა ციხესიმაგრეებშიც განალაგეს. თუმცა დიდი ხნით არ გაჩერებულან და დასავლეთ საქართველო მალე დატოვეს.
ქართველი მმართველები მუდმივად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისათვის როგორც ბიზანტიის, ასევე ხალიფატის წინააღმდეგ. ყოველ ხელსაყრელ მომენტში ცდილობდნენ თავი დაეხსნათ მათი ბატონობისა თუ გავლენისაგან. ამისათვის არაერთხელ აჯანყებულან, ასევე დიპლომატიური ხრიკებისთვის მიუმართავთ, მაგრამ ბრძოლები უმეტესად უთანასწორო იყო და დამარცხება ხშირად ძალიან ძვირი ჯდებოდა. VIII საუკუნის დასაწყისიდან არაბებმა გააძლიერეს საქართველოზე შემოტევა. რამდენჯერმე შემოიჭრნენ ქართლში. განსაკუთრებით დამანგრეველი აღმოჩნდა 735‑738 წლებში არაბთა სარდლის მურვან იბნ მუჰამედ მარვანის შემოსევა საქართველოში. იგი დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა, რის გამოც ქართველებმა მას „ყრუ“ შეარქვეს. მურვან ყრუმ მთელი ამიერკავკასია დალაშქრა. ააოხრა ქართლი, შემდეგ ეგრისის სამეფოში გადავიდა. დაანგრია ეგრისის დედაქალაქი ციხეგოჯი, მიწასთან გაასწორა აფხაზეთის დედაქალაქი ცხუმი (სოხუმი). არგვეთის მთავრებმა, ძმებმა დავით და კონსტანტინე მხეიძეებმა, მედგრად შეუტიეს მტერს. დიდი წინააღმდეგობის გაწევის გამო მურვან ყრუმ შეიპყრო ძმები მხეიძეები, ისლამის მიღება მოსთხოვა და უარის შემდეგ სასტიკად აწამა. *
* არგვეთის მთავრებს, ძმებს, დავით და კონსტანტინე მხეიძეებს მურვან ყრუმ თავისუფლების სანაცვლოდ ისლამის მიღება შესთავაზა და პატივისცემაც აღუთქვა. უარის მიღების შემდეგ, დიდხანს აწამეს მთავრები, ბოლოს ლოდები დაჰკიდეს და ხელ-ფეხშეკრულები მდინარეში გადაყარეს. მდინარემ გმირი ძმები ქუთაისსა და გელათს შორის გამორიყა. არაბების მიერ დანგრეული ძველი ხარების ეკლესიის ნანგრევებზე, X საუკუნეში მეფე ბაგრატ III‑მ ძმები მხეიძეების სახელზე მოწამეთას ტაძარი ააშენებინა. ხალხმა საგანგებო დღესასწაულიც დააწესა — დავით და კონსტანტინობა, ანუ მოწამეთობა, რომელიც მათი წამების დღეს — 2 ოქტომბერს აღინიშნება.
736 წლიდან არაბებმა ქართლში საკუთარი პოლიტიკური ერთეული — საამირო ჩამოაყალიბეს. საამიროს სამართავად ამირას ხალიფა ნიშნავდა და, შესაბამისად, მხოლოდ მას ემორჩილებოდა. ამირას რეზიდენცია თბილისში იყო. თავიდან იგი მთელ აღმოსავლეთ საქართველოს აკონტროლებდა, თუმცა ნელ-ნელა დაკარგა გავლენის ტერიტორიები. IX საუკუნეში მისი გავლენა ვრცელდებოდა მხოლოდ ქართლზე, ხოლო XI საუკუნეში თბილისსა და ქვემო ქართლში ინარჩუნებდა ძალაუფლებას. საამირომ იარსება 1122 წლამდე, ვიდრე დავით აღმაშენებელმა თბილისი არ აიღო.
VIII საუკუნის განმავლობაში არაბების ბატონობამ მძიმე ხასიათი მიიღო. ისინი სულ უფრო მწვავედ და აქტიურად ერეოდნენ დაპყრობილი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში, ავიწროვებდნენ ქრისტიან მოსახლეობას. თუმცა, VIII საუკუნის ბოლოსთვის ძლევამოსილმა ხალიფატმა თანდათან დასუსტება დაიწყო. შიდაპოლიტიკური არეულობის გარდა, დაპყრობილი ხალხებიც ყველანაირად ცდილობდნენ მოეშორებინათ არაბთა უღელი. ხალიფატის შესუსტება საქართველოს მაშინდელმა პოლიტიკურმა ელიტამაც კარგად გამოიყენა. დაიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულების — სამთავროებისა და სამეფოების ჩამოყალიბების პროცესი.