- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
მაკა ელბაქიძე
საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ქრისტიანობის მიღება და მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. პირველად ახალი რელიგია საქართველოში ქრისტეს მოციქულმა, ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა. თუმცა კიდევ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ქართველები წარმართებად რჩებოდნენ. ქართლი მოაქცია (გააქრისტიანა) კაპადოკიელმა ქალმა ნინომ, რომელიც უცხო ქვეყანაში ღვთისმშობლის მოწოდებით ჩამოვიდა.
ნინო იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დისწული იყო. ბიძამ ის აღსაზრდელად სარა ბეთლემელს მიაბარა. მისგან შეიტყო ნინომ, რომ მაცხოვრის კვართი (სამოსელი, რომელიც ქრისტეს ჯვარცმისას ეცვა) წარმართთა ქალაქ მცხეთაში იყო დაფლული. თურმე იერუსალიმში მაცხოვრის ჯვარცმას მცხეთელი ებრაელები – ელიოზი და ლონგინოზი – დაესწრნენ. მოხუცებული დედა წასვლის წინ შეევედრა ელიოზს, არ მიეღო მონაწილეობა უდანაშაულო კაცის მკვლელობაში; დამ კი სთხოვა მისთვის იესოს ხელშენახები რაიმე ნივთი ჩამოეტანა.
ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ უფლის კვართი მცხეთელებს ხვდათ წილად. მცხეთაში ის ელიოზმა ჩამოიტანა. მისი და სიხარულით მიეგება, გამოართვა კვართი, გულში ჩაიკრა და გარდაიცვალა. ელიოზმა კვართიანად დამარხა იგი, რადგან ხელიდან ვერაფრით გააშვებინა. ამ ამბის მოსმენის შემდეგ ნინო ოცნებობდა იმ ადგილის ნახვას, სადაც უფლის კვართი იყო დაფლული.
ერთხელ ნინოს ლოცვისას ღვთისმშობელი გამოეცხადა. მან მოუწოდა ქალწულს, გამგზავრებულიყო შორეულ ქვეყანაში, საქართველოში, და ქრისტეს რჯული ექადაგებინა. ნინომ უპასუხა: "დედოფალო, როგორ შევძლებ ასეთი ახალგაზრდა და სუსტი ქალი ამდენი ხალხის წინამძღვრობას?". მაშინ ღვთისმშობელმა იქვე ამოსული ვაზის ტოტებისგან ჯვარი გააკეთა, ნინოს მისცა და უთხრა: "ამით დასძლევ ეშმაკს და ყველა დაბრკოლებას, მე კი განსაცდელში არ მიგატოვებო".
უფლის წინამძღვრობით ნინომ ჩააღწია მცხეთაში. არმაზის კერპის თაყვანისცემისთვის უამრავი ხალხი შეკრებილიყო. ნინო მათ შეუერთდა და მალე დაინახა შემაღლებულ ადგილას აღმართული არმაზის კერპი. მას ტანზე ოქროს ჯაჭვი ემოსა, თავზე ოქროს ჩაფხუტი ეხურა. თვალების ნაცვლად ძვირფასი თვლები ჰქონდა ჩასმული. მარჯვნივ ოქროს კერპი ედგა – გაცი, მარცხნივ კი ვერცხლისა – გაიმი. ისინი ქართველებს ღმერთებად მიაჩნდათ. ნინო უფალს შეევედრა, რომ გამოეჩინა თავისი ძალა, რათა გონებადაბნელებულ ქართველებს ჭეშმარიტი ღმერთი ეღიარებინათ.
დაასრულა თუ არა ლოცვა, ატყდა ჭექა-ქუხილი და საშინელი ქარი ამოვარდა. შეშინებული ხალხი აქეთ-იქით გაიფანტა. საშინელმა სეტყვამ დალეწა კერპები. ვერავინ
ერთხელ მეფე მხლებლებთან ერთად სანადიროდ გაეშურა. თხოთის მთაზე ასულს უცებ თვალთ დაუბნელდა. მეფემ საშველად არმაზს და ზადენს უხმო, მაგრამ ამაოდ. მირიანი იძულებული გახდა დახმარება ნინოს ღმერთისთვის ეთხოვა. წარმოთქვა თუ არა ლოცვა, მაშინვე აეხილა თვალი.
სასახლეში დაბრუნებულმა მირიანმა ირწმუნა ქრისტეს ძალა და ბრძანა მის სადიდებლად ტაძარი აეგოთ. ტაძრის სვეტებისთვის ის კვიპაროსი შეარჩიეს, რომლის ქვეშაც ქრისტეს კვართი იყო დაფლული. მოჭრილმა ხემ საოცარი სურნელი გამოსცა. როცა მისგან დამზადებული სვეტის აღმართვა დააპირეს, ის ვერაფრით დაძრეს ადგილიდან. იმ ღამით ნინოს ნათლით მოსილი ჭაბუკი გამოეცხადა. მან ხელი მოჰკიდა სვეტს და მაღლა წაიღო. სვეტი ჰაერში გაჩერდა. ის საოცარ ნათელს და სურნელებას გამოსცემდა. შემდეგ ნელ-ნელა ძირს დაეშვა და მიწას შეეზარდა. სწორედ ამ სვეტით აიგო ეკლესია, რომელსაც სვეტიცხოველი უწოდეს. სიტყვა ცხოველი ძველ ქართულში ცოცხალს ნიშნავს. ეს სვეტი და მისგან აგებული ეკლესია იყვნენ სიმბოლო ქრისტიანული რელიგიისა, რომელიც ადამიანებს მარადიულ სიცოცხლეს ანიჭებდა.
მეფე მირიანმა ქრისტიანობა ქართლში ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა. ნინომ საქართველოს ყველა კუთხის მოსახლეობა ქრისტეს რჯულზე მოაქცია, თვითონ კი უფლის მოწოდებით სოფელ ბოდბეში დასახლდა. საქართველოს განმანათლებელი წმინდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა და იქვეა დაკრძალული.
ეს ამბები მოთხრობილია ქართულ აგიოგრაფიულ თხზულებაში, რომელსაც ნინოს ცხოვრება ჰქვია. ნინო იმდენად პოპულარული წმინდანი იყო საქართველოში, რომ მისი ცხოვრება ოთხმა სხვადასხვა ავტორმა აღწერა. ოთხივე მათგანი მოგვითხრობს, რომ წმიდა ნინოს მოთხოვნით მეფე მირიანმა საბერძნეთში მოციქულთა მეშვეობით შეუთვალა იმპერატორ კონსტანტინეს, რომ ქართლში სასულიერო პირები გამოეგზავნა. ჩანს, რომ ქრისტიანობის მიღებისთანავე ქართველები ეძებდნენ მჭიდრო კონტაქტებს ბიზანტიასთან. ახალი რელიგია ქართლში საბერძნეთიდან იყო შემოსული. ამიტომ სავსებით ბუნებრივია, რომ ღვთისმსახურება ქართველებს სწორედ ბერძნებისგან უნდა ესწავლათ. ნინოს ცხოვრებაში ისიცაა ნათქვამი, რომ იმპერატორმა კონსტანტინემ დიდი პატივით მიიღო ქართლიდან წარგზავნილი მოციქულები და ქართლში ანტიოქიის პატრიარქი ევსტათი მიავლინა. იმპერატორის დედამ, ელენე დედოფალმა, კი გამოუგზავნა ნინოს და მირიანს იმ წმიდა ჯვრის ნაწილი, რომელზეც ქრისტე იყო გაკრული, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები.
ქრისტიანობის მიღების შემდეგ საქართველოში ახალი ერა დადგა. ქართველებმა თანდათან მიივიწყეს ძველი კერპები. ნინოს ცხოვრებაში აღწერილი არმაზის, გაცისა და გაიმის დამსხვრევა სიმბოლურად ახალი იდეოლოგიის ძველზე გამარჯვებას აღნიშნავს. ახალი რელიგიის შემოსვლასთან ერთად შეიცვალა ქართველების მსოფლმხედველობა და ესთეტიკური გემოვნება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ანტიკური ეპოქის ქართული ხელოვნების ნიმუშები გამოირჩევა დინამიკურობით, დეტალების მაქსიმალური დამუშავებით. ძველი ქართველები, ძველი ბერძნებისა და რომაელების მსგავსად, ხელოვნებაში აღიარებდნენ პრინციპს:
საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად განვითარდა სასულიერო მწერლობის ყველა დარგი. თავდაპირველად ეს ლიტერატურა ნათარგმნი იყო. თუმცა უკვე მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა ორიგინალური აგიოგრაფიული ძეგლი შუშანიკის წამება.
აგიოგრაფიული თხზულებები ორი სახისაა – წამებანი და ცხოვრებანი. ქართული ორიგინალური აგიოგრაფია განვითარების პირველ ეტაპზე წამებათა ჟანრის თხზულებებით იყო წარმოდგენილი. ამის მიზეზი საქართველოს მძიმე პოლიტიკური სიტუაციია იყო. მე-5 საუკუნეში ქართლი სპარსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა. მოგვიანებით სპარსელები არაბებმა შეცვალეს, არაბები – მონღოლებმა, თურქ-სელჩუკებმა, ირანელებმა... ყველა მორიგი დამპყრობელი ხედავდა, რომ ქართველებისთვის სარწმუნოების დაცვა ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნების უმთავრესი პირობა იყო. ამიტომ ისინი ქრისტიანული სარწმუნოების საკუთარი რელიგიით შეცვლას ცდილობდნენ. შუშანიკის წამებაშიც პერსონაჟთა დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე ხდება. აქაც, ისევე როგორც ამ ჟანრის ყველა სხვა ნაწარმოებში, დაცულია ტრადიციული სქემა: ქრისტიანობის დამცველი წმინდანი – შუშანიკი, ცოდვილი და მწამებელი – მისი ქმარი, ქვემო ქართლის პიტიახში (პროვინციის გამგებელი) ვარსქენი და ამბის მთხრობელი, იგივე ავტორი, იაკობ ცურტაველი.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა მე-10 საუკუნის აგიოგრაფიული თხზულება გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება. ნაწარმოებში აღწერილია ქართველი წმინდანის, გრიგოლ ხანძთელის მიერ დაწყებული სამონასტრო მშენებლობა საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში ტაო-კლარჯეთში (ამჟამად თურქეთის ტერიტორიაა).
აშოტ დიდის ამ ღვაწლის გარდა, თხზულება მის სასიყვარულო თავგადასავალსაც აღწერს.
ეს ეპიზოდი აგიოგრაფიულ თხზულებაში რომ არ იყოს ჩართული, პატარა სასიყვარულო მოთხრობად მიიღებდა მკითხველი. არადა სასულიერო მწერლობაში ამ ეპიზოდს სულ სხვა ფუნქცია აქვს: ის მოუწოდებს მკითხველს ქრისტიანული ზნეობის დაცვისკენ და უჩვენებს სასულიერო ფენის უპირატესობას საეროსთან შედარებით. ეპიზოდი შემდეგი სიტყვებით მთავრდება: "ხორციელად ძლიერ ხელმწიფეს სულიერად ძლიერმა ადამიანებმა სძლიეს". ამ სიტყვებში ჩანს ავტორის, გიორგი მერჩულის, სიამაყე სასულიერო ფენის უდიდესი ავტორიტეტის გამო. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ამ ტიპის კიდევ ორი ეპიზოდი გვხვდება. ორივე მათგანი ქრისტიანული რწმენისა და მორალის სიმტკიცეზე მიუთითებს.
იგივე ფუნქცია აქვს აგიოგრაფიულ ძეგლებში აღწერილ სასწაულებსაც. ისინი ხაზს უსვამენ წმინდანის ზებუნებრივ ძალას, რომელიც მას უფლის მიერ აქვს მინიჭებული და ყოველგვარ ბოროტებაზე ამარჯვებინებს. ამის საილუსტრაციოდ საკმარისია გველეშაპთან მებრძოლი წმინდა გიორგი გავიხსენოთ.
მოგვიანებით სწორედ აგიოგრაფიული ჟანრის თხზულებებში დაცული ბელეტრისტიკის ნიმუშები სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებენ საერო მწერლობის წარმოშობას. უწმინდურების წინააღმდეგ მებრძოლი წმინდა მხედრები კი გადაიქცევიან სიკეთის და სამართლიანობის დამცველ რაინდებად – საერო მხატვრული ლიტერატურის მთავარ პერსონაჟებად.