- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
ირმა რატიანი
XIII–XVI საუკუნეები საქართველომ მონგოლებისა და ირანელების უღელქვეშ გაატარა. ეს მდგომარეობა თითქმის სამ საუკუნეს გაგრძელდა. XVI საუკუნიდან საქართველოს პოლიტიკურმა და კულტურულმა ცხოვრებამ თანდათანობით დაიწყო შემობრუნება ევროპისაკენ. თუმცა პროცესი სწრაფი არ ყოფილა. ქართული კულტურა და მწერლობა დიდი ხნით მოექცა აღმოსავლურ და დასავლურ კულტურულ-ლიტერატურულ დინებებს შორის. ამან კი გამოიწვია მხატვრული ფორმების, გემოვნებისა და გავლენების სიუხვე ქართულ მწერლობაში.
ერთი მხრივ, განსაკუთრებული პოპოულარობით სარგებლობდა სპარსული ლიტერატურული სტილი. ეს გამოწვეული იყო სპარსეთის ჯერ კიდევ მძლავრი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენით საქართველოში.
მეორე მხრივ, ქართულ მწერლობაში თანდათან მკვიდრდებოდა ევროპული ლიტერატურული გემოვნება. ეს ქართველ მეფეთა მიერ ევროპულ სახელმწიფოებთან კონტაქტის განახლების შედეგი იყო. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, იოანე ბაგრატიონის და სხვათა მოღვაწეობა.
სულხან-საბა ორბელიანი XVII საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ქართველი საზოგადო მოღვაწე და მწერალია. მან ვახტანგ მეფის დავალებით იმოგზაურა ევროპაში და დიდი როლი შეასრულა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. სულხან-საბა ორბელიანის მხატვრული შემოქმედება შეესაბამება იმ ეპოქის ევროპული ლიტერატურისთვის დამახასიათებელ პრინციპებს.
ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა სულხან-საბა ორბელიანმა დაწერა იგავ-არაკების კრებული – "სიბრძნე-სიცრუისა". ნაწარმოების სახელწოდება გვიჩვენებს, რომ "სიცრუეა" იქ მოთხრობილი ამბები, ხოლო "სიბრძნე" კი მორალი, რომელიც ამ ამბებიდან გამომდინარეობს. წიგნს თავიდან ბოლომდე გასდევს ერთი სიუჟეტი – უფლისწული ჯუმბერის აღზრდის ამბავი. მოქმედება მეფე ფინეზის კარზე იშლება. ფინეზს ორი ვეზირი ჰყავს – ბრძენი, კეთილშობილი სედრაქი და ვერაგი, ავსიტყვა რუქა. მათი სახით ერთმანეთს უპირისპირდება სიკეთე და ბოროტება. ნაწარმოების კიდევ ერთი პერსონაჟია უფლისწულის აღმზრდელი ლეონი. ყველა ესენი ერთმანეთს იგავ-არაკებით ესაუბრებიან და ეკამათებიან. აი, მაგალითად, რას მოგვითხრობს არაკი "უტკბესი და უმწარესი":
ერთმა მეფემ უბრძნა თავის ვეზირს, წადი და ისეთი საჭმელი მომიტანე, რომ დედამიწაზეც და ზღვაშიც მასზე ტკბილი არაფერი იყოსო. წავიდა ვეზირი და მოუტანა ენა. მეფემ მიირთვა და მოიწონა. ისევ დაიბარა მეფემ ვეზირი და ამჯერად სთხოვა, ისეთი საჭმელი მომიტანე, რომ მთელ ქვეყანაზე მასზე მწარე არაფერი იყოსო. წავიდა ვეზირი და ისევ ენა მოუტანა. გაოცდა მეფე: ტკბილი გთხოვე – ენა მომიტანე, მწარე გთხოვე – ისევ ენა მომიტანე, ეგ როგორ იქნებაო? მაშინ ვეზირმა მიუგო: ენაზე უტკბესი და უმწარესი არაფერია ქვეყნად – მას უდიდესი სიკეთის გაკეთებაც ყველაზე მარჯვედ ეხერხება და უდიდესი ბოროტებისაცო.
"სიბრძნე-სიცრუისა" ევროპული განმანათლებლობის ფილოსოფიით შექმნილი წიგნია. მასში ჩამოყალიბებულია პიროვნების აღზრდის განმანათლებლური პრინციპები. მასში გრძელდება გენიალური ევროპელი მეიგავეების ეზოპეს, ლაფონტენის, ფონვიზინის სტილი.
სულხან-საბა ორბელიანს ეკუთვნის კიდევ ერთი საყურადღებო თხზულება – "მოგზაურობა ევროპაში". "მოგზაურობა ევროპაში" ქართული დოკუმენტური პროზის პირველი ნიმუშია. ტექსტი ასახავს ევროპაში მწერლის მოზაურობის საინტერესო დეტალებს. ამ ნაწარმოებმა უმნიშვნელოვანესი კულტურული, სამეცნიერო, გეოგრაფიული და ისტორიოგრაფიული მისია შეასრულა მაშინდელ საქართველოში.
სულხან-საბა ორბელიანმა დასავლური კულტურის სულისკვეთების მატარებელი სხვა საყურადღებო ტექსტებიც დაგვიტოვა. მის თხზულებებში "სამოთხის კარი" და "სწავლანი" ქრისტიანული სწავლების ძირითადი დოგმებია გადმოცემული.
სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებისთვის არც აღმოსავლური ლიტერატურული სტილია უცხო. ამას ადასტურებს მის მიერ რედაქტირებული "ქილილა და დამანა". "ქილილა და დამანა" უძველესი არაბულ-სპარსული იგავ-არაკების კრებულია, რომლის დედანიც სანსკრიტზეა შექმნილი. ამავე კრებულში სულხან-საბა ორბელიანმა არაერთი სპარსული ლექსი გალექსა ქართულად.
ამავე ეპოქაში მოღვაწეობდა ნიჭიერი პოეტი და დიპლომატი ბესიკ გაბაშვილი. ბესიკი დიპლომატიური მისიის შესრულების დროს რუმინეთში გარდაიცვალა. მისი პოეზია კარგად ასახავს ქართული ლიტერატურის გატაცებას როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური ლიტერატურული ფორმებით. ბესიკის პოეზიაში ქართველი მეცნიერები ბაროკოს კვალს ხედავენ. აი, ნაწყვეტი მისი ერთ-ერთი ყველაზე მეტად ცნობილი ლექსიდან:
მირგოროდი, უკრაინა
თხზულებაში "დავითიანი" მოთხრობილია დავით გურამიშვილის ცხოვრების ავტობიოგრაფიული დეტალები: გორისუბანში გატარებული ბავშვობა, ლამისყანაში გადასახლება, ლეკების მიერ გატაცება, ტყვეობა, გაქცევა, სამშობლოსაგან მოწყვეტა... მოთხრობილია, თუ როგორ მოხვდა პოეტი ტყვეობის შემდეგ რუსეთში, როგორ იბრძოდა ოსმალეთის, შვეციისა და პრუსიის წინააღმდეგ, როგორ მოხვდა მაგდერბურგის ციხეში. და ბოლოს, აღწერილია პოეტის ცხოვრება უკრაინაში... ტექსტში წარმოჩენილია პოეტის თანამედროვე ისტორიული და პოლიტიკური ამბები, ფილოსოფიური ძიებები, მისტიკური ხილვები... 1787 წელს დავით გურამიშვილმა თავისი "დავითიანის" ხელნაწერი მირიან ბატონიშვილს გადასცა და საქართველოში გამოატანა. ეს გენიალური პოეტის დაბრუნება იყო!
დავით გურამიშვილმა შეცვალა ქართული ლექსის არა მარტო თემები და კონცეფციები, არამედ – ფორმა და სტილი.
სულხან-საბა ორბელიანისა და დავით გურამიშვილის მწერლობა ევროპული განამათლებლობის უდიდესი წარმომადგენლების – ვოლტერის, დიდროს, სიდნეის, დრაიდენის, ჯონსონის, ბურკეს, ვინკელმანის, ლესინგის შეხედულებებს ენათესავება. ქართველი ავტორები წარმატებით ერთვებიან ევროპულ ლიტერატურულ პროცესში.
ქართული ლიტერატურის დასავლეთისკენ შემობრუნების საქმეში გადამწყვეტი როლი შეასრულეს აგრეთვე ანტონ I კათალიკოსმა, მამუკა ბარათაშვილმა, იოანე ბაგრატიონმა. იოანე ბაგრატიონის "კალმასობა" აშკარად მოასწავებდა ქართული ლიტერატურის გადანაცვლებას რომანტიზმის ხანაში. იწყებოდა ახალი ეპოქა.