- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
გაგა ლომიძე
თავის დროზე, პარიზში ბოდლერის "ბოროტების ყვავილების" გამოსვლამ დიდი სკანდალი გამოიწვია. საზოგადოება აღაშფოთა სექსის, დეპრესიის და ალკოჰოლის შესახებ თემებმა. თვლიდნენ, რომ პოეტმა შეურაცხყო საზოგადოებრივი მორალი. პოეტური კრებულის ავტორს და გამომცემელს დიდხანს დევნიდნენ.
მსგავსი გამოხმაურება მოჰყვა ქუთაისში ჟურნალ "ცისფერი ყანწების" გამოსვლას. ეს იყო ქართული სიმბოლისტური დაჯგუფების, "ცისფერყანწელების" პირველი ჟურნალი. პრესაში ლანძღავდნენ ახალგაზრდა პოეტებს პესიმისტური განწყობის, თვითმკვლელობის და ეროტიკული თემების გამო. ამ დაჯგუფების ხელმძღვანელი და ჟურნალის რედაქტორი იყო პაოლო იაშვილი.
ქართული სიმბოლიზმის გამორჩეული წარმომადგენლის, გალაკტიონ ტაბიძის მოგონებიდან ვიგებთ, რომ "ცისფერყანწელები" შეკრებაზე უცნაურად გამოწყობილები მივიდნენ. მათ პიჯაკებზე მამლის დეზები დაიმაგრეს და ქუთაისის ბულვარში ასე დადიოდნენ. მამლის დეზები კი იმიტომ შეარჩიეს, რომ ფორმით ყანწს მიამსგავსეს. თვითონ "ცისფერი ყანწების" სახელშიც სიმბოლიზმი ჩანს: ცისფერი – პოეზიის ფერია, ყანწები კი – ბოჰემური ცხოვრებისა. სიმბოლისტებისთვის ფერს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ხშირად ფერებს პოეტები თითქოს უადგილოდ იყენებდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი შთაბეჭდილების მოსახდენად კეთდებოდა. პაოლო იაშვილი აცხადებდა: "მომეწყინა ყვითელი დანტე", გალაკტიონი "იისფერი თოვლის" შესახებ წერდა.
ქართველი სიმბოლისტები ბოჰემურად ცხოვრობდნენ. იმდროიდნელ ქუთაისში ხშირად ხედავდნენ უცნაურად გამოწყობილ ახალგაზრდებს. მათგან ერთს – ტიციან ტაბიძეს მკერდზე წითელი მიხაკი ქონდა დამაგრებული. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ მაიაკოვსკის ყვითელი შარფი, თეოფილ გოტიეს წითელი ჟილეტი თუ ოსკარ უაილდის – მწვანე მიხაკი.
ჟურნალი "ცისფერი ყანწების" წინასიტყვაობაში დაჯგუფების წევრების ექსცენტრულობა, წარსულის ხელოვნებისადმი დაპირისპირება, ახალი ტექნოლოგიებისადმი ინტერესი, საკუთარი თავის განდიდება გამოვლინდა. ისინი თავს ევროპული ავანგარდის მემკვიდრეებად აცხადებდნენ. დიდი პატივით მოიხსენიებდნენ ფრანგი სიმბოლისტი პოეტის, რემი დე გურმონის "ნიღბების წიგნს". ამ წიგნს ისინი უკვე კარგად იცნობდნენ. "ცისფერყანწელები" თვლიდნენ, რომ ქართველების არტისტული ბუნება, მათი გარდასახვის უნარი შეესაბამებოდა სიმბოლიზმის ამ მოთხოვნას. ასეთი გარდასახვის მაგალითია პაოლო იაშვილი. ის გამოგონილი ქალის – ელენე დარიანის ფსევდონიმით აქვეყნებდა ეროტიკული შინაარსის ლექსებს. ავტორის ვინაობას "ცისფერყანწელები" საიდუმლოდ ინახავდნენ. ასეთი თამაში მოდერნისტებისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამით პაოლო იაშვილმა თითქოს გიომ აპოლინერის შემთხვევა გაიმეორა, როდესაც ფრანგი პოეტი ერთ დროს ქალის – ლუიზ ლალანის ფსევდონიმით წერდა.
მოგვიანებით ქართული მოდერნიზმის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გრიგოლ რობაქიძე იგონებდა: "ცისფერყანწელებმა ქუთაისის ტავერნები პარიზულ კაფეებს დაამსგავსეს. აქედან ხშირად ისმოდა მათთვის საყვარელი სახელები:
ქართულმა ავანგარდმა პირველი ნაბიჯები სწორედ ქუთაისში გადადგა. კოლაუ ნადირაძე იხსენებდა შემდგომში ადამიანების აღფრთოვანებულ რეაქციას, როდესაც პირველად გაზის განათებები დააყენეს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთ საქართველოში დაიბადა რუსული ავანგარდის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ვლადიმირ მაიაკოვსკი. ის გამართულად საუბრობდა ქართულად და 12 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა. ადვილი შესაძლებელია, მომავალ "ცისფერყანწელებთან" ერთად ერთ სკოლაშიც დადიოდა. წლების შემდეგ, აშშ-ში ჩასული მაიაკოვსკი იგონებდა: "ჩიკაგოში, სადაც მოხსენებით გამოვდიოდი, ვიღაც თეთრგვარდიელმა ჩემი დაცინვა ცადა. იცოდა, რომ ინგლისური არ ვიცოდი. ჩემს გასაღიზიანებლად ინგლისურ ენაზე რაღაც თქვა. მთელი დარბაზი დაძაბული მიყურებდა. მელოდებოდნენ, რა გამოსავალს ვიპოვიდი. წამოვდექი და ჩემს ოპონენტს ვუპასუხე... ქართულ ენაზე. ყველა გაოცებული იყო. აღმოჩნდა, რომ ქანდარაზე რუსეთიდან ჯერ კიდევ რევოლუციამდე წასული ერთი ქართველი იჯდა. როცა ქართული მეტყველება გაიგო, თავი ვერ შეიკავა და დაიყვირა: "კაცო, ვინ ხარ ან საიდან ხარო?" თავი ავწიე და ვუპასუხე: "ქუთაისელი ვარ, ქუთაისელი!" საღამოს შემდეგ ამ კაცმა მნახა და დავმეგობრდით."
საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, შემოქმედი ადამიანები სამოღვაწეოდ თბილისში გადავიდნენ. თბილისი პოეტების ქალაქი ხდება. ამ დროს თბილისში უკვე იხსნება არტისტული კაფეები. კაფე "ინტერნაციონალში" აცხადებენ, რომ თბილისი პოეტების ქალაქია და პოეზია მარტო თბილისშია.
აქტრისა მარგარიტა
მე-20 საუკუნის 10-20-იან წლებში თბილისში თავი მოიყარეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ხელოვანებმა და მწერლებმა. თბილისში იკრიბებიან რუსეთის რევოლუციას გამოქცეული პოეტები და ხელოვანები. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ თბილისი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და რუსეთის ავანგარდის ერთ-ერთი ცენტრი იყო. ილია ზდანევიჩი, ალექსეი კრუჩონიხი და იგორ ტერენტიევი თბილისში ქმნიან ახალ გაერთიანებას "41 გრადუსი" თბილისის გეოგრაფიული განედის აღსანიშნავად. ტიციან ტაბიძე იგონებდა, რომ რუსეთიდან ჩამოსული ხელოვანები და პოეტები სიხარულისგან ტიროდნენ, როცა ელექტროგანათებას ხედავდნენ. აქედან გაჩნდა ლეგენდა, რომ საქართველო ოაზისი იყო.
ამ პერიოდის პროზა მცირე ფორმის ნაწარმოებების სიმრავლით გამოირჩევა. ეს ქართულ ლიტერატურაში იმპრესიონიზმის დაწყების ნიშანია. ქართულ მწერლობაში იმპრესიონიზმი ნიკო ლორთქიფანიძის სახელს უკავშირდება. იგი წერს ნოველას "უიალქნოდ", რომელშიც ასახელებს თავის შემოქმედებით პრინციპებს. მწერალი თავს არიდებს ვრცელ აღწერილობას. მის ნაწარმოებებში აბზაცები მოკლეა, ვრცელი წინადადების ნაცვლად ხშირად ერთ ფრაზას იყენებს. აქ მისი ამოცანაა მთლიანი შთაბეჭდილების განწყობილებით გადმოცემა. ამ გაგებით ნიკო ლორთქიფანიძის წერის სტილს ბევრი რამ აკავშირებს იმპრესიონისტულ ფერწერასთან. ნიკო ლორთქიფანიძე ერთგან თვითონვე წერს, რომ მისი მიზანი მკითხველში განწყობილების გამოწვევა იყო.
თბილისის კონსერვატორიის შენობაში პირველი ფუტურისტული საღამო გაიმართა. ქართველმა ფუტურისტებმა თავიანთ დაჯგუფებას "H2SO4" უწოდეს და ამავე სახელწოდების პირველი ფუტურისტული ჟურნალი დააარსეს. "H2SO4"-ს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ფუტურისტებს ამ ქიმიური მჟავით ძველი ხელოვნების განადგურება სურდათ. გამოსცეს მანიფესტი "საქართველო-ფენიქსი". ქართულ ფუტურიზმზე საუბრისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მიმდინარეობა სინთეზურ ხასიათს ატარებდა და ავანგარდული მიმდინარეობები (ფუტურიზმი, დადა) და სიმბოლიზმი საქართველოში სინთეზურად იყო წარმოდგენილი. სიმბოლისტი პოეტი ტიციან ტაბიძე თავის წერილში "ცისფერი ყანწებით"
ქართველი ფუტურისტები აცხადებენ, რომ მთვარის შესახებ დაწერილი ლექსები ელექტრონის შუქისადმი მიძღვნილმა პოეზიამ ჩაანაცვლა, სენტიმენტები წარსულს ჩაბარდა. ფუტურისტული პოეზია აგებული იყო სიტყვათა თამაშზე და თითოეული ტექსტი მრავალგვარ იმპროვიზაციას და თავისუფალ ინტერპრეტაციას ექვემდებარებოდა. თბილისში მოღვაწე ფუტურისტები ხშირად ლიტერატურულ ეპატაჟს მიმართავდნენ.
განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა ენიჭებოდა არა მხოლოდ ტექსტების შინაარსს, არამედ ვიზუალურსაც.
„ჩემი ბებია“ აფიშა
ახალ ტექნოლოგიებთან ერთად ფუტურისტები აქებდნენ კინოხელოვნებას. ამ მხრივ საგულისხმოა კოტე მიქაბერიძის მიერ გადაღებული ფილმი "ჩემი ბებია", რომელშიც მრავლადაა ფუტურისტული ესთეტიკის ელემენტები. რეჟისორმა თავის ამ ექსპერიმენტულ ფილმში საბჭოთა იმპერიაში ტოტალიტარული რეჟიმის გაბატონება იწინასწარმეტყველა. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ ფილმი "ჩემი ბებია" აკრძალეს და კოტე მიქაბერიძეს ფილმების გადაღების უფლება ჩამოართვეს.
1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის გამო, კონსტანტინე გამსახურდია და მისი მეგობრები შავი ჩოხით დადიოდნენ, ეროვნული გლოვისა და პროტესტის ნიშნად. 1920-იანი წლების ბოლოდან ვითარება იცვლება. "ცისფერყანწელების" დაჯგუფება იშლება და ყველა ცალ-ცალკე გააგრძელებს მოღვაწეობას. მაშინ დაწერს იოსებ გრიშაშვილი სევდიანი განწყობის ლექსს "გამოთხოვება ძველ თბილისთან":
ეს უკვე აღარ არის არტისტული კაფეების თბილისი, სადაც დილამდე შემოქმედებითი საღამოები იმართებოდა. თავისუფალი საქართველოს კულტურული ცხოვრება ოთხი წელი გაგრძელდა. ადამიანები, რომლებმაც ტფილისურ ავანგარდს ჩაუყარეს საფუძველი, 1930-იანი წლებისთვის გადასახლებებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში აღმოჩნდნენ. ბევრი მათგანი დახოცეს. ვინც მოხერხა, გრიგოლ რობაქიძის მსგავსად ემიგრაციაში წავიდა. პარიზში გადავიდა ლადო გუდიაშვილიც. იმ დროს მისი პერსონაჟები ჯერ კიდევ პირდაპირ იყურებოდნენ. მოგვიანებით კი, საბჭოთა საქართველოში დაბრუნებულმა, თვალებდახრილი უყურო ადამიანების დახატვა დაიწყო.