- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
მაკა ელბაქიძე
პირველი ქართული ბეჭდური წიგნი 1629 წელს გამოიცა, მაგრამ არა საქართველოში, არამედ იტალიაში, კერძოდ რომში. ეს ფაქტი გარკვეული ისტორიული ვითარებით იყო გამოწვეული. XVII საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოს შაჰ-აბას I შემოესია. ქართლის მეფე თეიმურაზ I-მა დასახმარებლად მეზობელ ქრისტიანულ ქვეყანას, რუსეთს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. თეიმურაზს ერთადერთი გზა რჩებოდა – ევროპასთან პოლიტიკური კავშირის დამყარება. ამ მიზნით მეფემ ესპანეთსა და იტალიაში ელჩად გაგზავნა თავისი კარის მოძღვარი ნიკიფორე ირბახი, იგივე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი.
ამავე პერიოდში რომის კათოლიკური ეკლესია დაინტერესდა საქართველოთი, ქვეყნით, რომელიც მე-4 საუკუნიდან აღიარებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას. ვატიკანის ინტერესებში შედიოდა ამ ქვეყანაში, ისევე როგორც აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, კათოლიკური სარწმუნოების ქადაგება და გავრცელება. ამიტომ ბუნებრივია, რომ რომის პაპი, ურბან VIII, ყურადღებით მოეკიდა ქართლის მეფის ელჩს, რომელმაც თეიმურაზ I-ს წერილი მიართვა. პაპიც და ქრისტიანული სარწმუნოების გამავრცელებელი ორგანიზაციის მესვეურნიც ხვდებოდნენ, რომ ვერც ერთი მისიონერი ვერ შეძლებდა დასახული ამოცანის შესრულებას, თუ არ ეცოდინებოდა ის ენა, რომელზეც კათოლიკური სარწმუნოება უნდა ექადაგებინა.
1629 წელს დაიბეჭდა "ქართული ანბანი", რომელმაც ერთგვარი სავარჯიშო ტექსტის როლი შეასრულა. მას მალევე მოჰყვა კიდევ ორი წიგნი: ქართულ-იტალიურ ლექსიკონი და ლათინური ენიდან ქართულად თარგმნილი პოპულარული ლოცვა ლორეტოს ღვთისმშობლისადმი – "ლიტანია ლაურეტანა".
მთავარი როლი ამ საქმეში, მართალია, ნიკიფორე ირბახს განეკუთვნებოდა, თუმცა მას დიდი დახმარება გაუწიეს იტალიელმა მესტამბემ, სტეფანო პაოლინიმ და სტამბის მმართველმა აქილე ვენერიომ.
ნიკიფორე რომში ერთ წელიწადზე მეტხანს დარჩა და საქართველოში 1628 წლის ბოლოს გამოემგზავრა. მართალია, მის ევროპაში მოგზაურობას არავითარი პოლიტიკური შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ ასრულდა ქართველთა დიდი ხნის ოცნება – ჩამოისხა ქართული შრიფტი და დაიბეჭდა ქართული წიგნები. კათოლიკური ეკლესიის მესვეურებიც თანდათან დარწმუნდნენ, რომ საქართველოში ძირითადი ენა ქართული იყო და მასთან შედარებით ბერძნულს არავითარი ძალა და გავლენა არ ჰქონდა, ამიტომ ანბანისა და ლექსიკონის შემდეგ გადაწყდა ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოს შედგენა და გამოცემა.
რომის პაპმა, ურბან VIII-მ, საგანგებოდ დაავალა იმხანად სრულიად ახალგაზრდა პალერმოელ მღვდელს ფრანჩესკო მარია მაჯოს ქართული ენის საფუძვლიანად შესწავლა. ამ მიზნით მაჯო ერთ იტალიელ მისიონერთან ერთად საქართველოსკენ გამოემგზავრა. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, სამეგრელოში, დამკვიდრებულმა მისიონერმა იქაური მთავრის, ლევან დადიანის ხელშეწყობით არა მარტო შეისწავლა ქართული ენა, არამედ შექმნა იმ დროისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოკვლევა ქართული ენის გრამატიკული წყობის შესახებ. მაჯოს "ქართული გრამატიკა", რომელიც 1643 წელს დაიბეჭდა რომში, იყო ენის პირველი სახელმძღვანელო იბერიულ-კავკასიურ ენობრივ სამყაროში.
ამ ნაშრომმა, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არა მხოლოდ მომავალი მისიონერების მომზადების საქმეში, არამედ ევროპელ მკითხველს მიაწოდა ცნობები ქართული ენის აგებულებისა და თავისებურებების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ მაჯო თავის სამეცნიერო ნაშრომს დაუმთავრებლად თვლიდა, საქართველოდან იტალიაში დაბრუნებისას ის თავს ადარებდა "ახალ არგონავტს, რომელსაც თან მიჰქონდა ოქროს საწმისი".
რომში გამოცემულ პირველ ქართულ წიგნებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული კულტურის ისტორიაში. XIX საუკუნემდე ეს წიგნები იყო ერთადერთი წყარო, რომლის საშუალებითაც დასავლეთ ევროპის სამეცნიერო წრეები ეცნობოდნენ ქართულ ენას. გარდა ამისა, მათი გამოქვეყნებით ქართველებმა სცადეს გაერღვიათ მტრული მუსულმანური გარემოცვა და აღედგინათ კავშირი დასავლურ ქრისტიანულ სამყაროსთან.
პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის რომში გამოსვლიდან ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი ქართველ მეფეებს არ შეუწყვეტიათ ფიქრი ქართული სტამბის საქართველოს ტერიტორიაზე დაარსების შესახებ. ეს იყო ქართლის მეფის, არჩილის დიდი ხნის ოცნება. იგი თავად იყო პოეტი, მწიგნობარი და კარგად ესმოდა ქართული სტამბის არსებობის საჭიროება. იმ დროს შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების გამო არჩილმა თავისი განზრახვა საქართველოში ვერ განახორციელა. იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამშობლო, სამეფო ტახტი და მოსკოვში დასახლებულიყო. სწორედ აქ შეუდგა იგი ქართული შრიფტის ჩამოსხმისთვის ზრუნვას. შვედი დიპლომატის დახმარებით მან ქართული სასტამბო შრიფტი ამსტერდამში შეუკვეთა. როგორც ჩანს, მეფის შეკვეთა შეასრულეს, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ამ შრიფტებმა არჩილამდე ვერ მოაღწია. მეფის ოცნება მხოლოდ მე-18 საუკუნის 10-იან წლებში ასრულდა, როდესაც მისმა ძმისწულმა, ქართლის მეფე ვახტანგ VI-მ, თბილისში გამართა სტამბა და დაბეჭდა ჯერ სახარება და ფსალმუნები, 1712 წელს კი ქართველებისთვის სახარების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი – შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი". მთლიანობაში თბილისის სტამბიდან სულ ოცამდე სახელწოდების წიგნი გამოვიდა. მხატვრული გაფორმებით ისინი არ ჩამორჩებოდნენ ევროპაში იმ დროს დაბეჭდილ წიგნებს.
1724 წელს ოსმალების შემოსევას თბილისის აოხრება და სტამბის გაუქმება მოჰყვა, მაგრამ ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთში გადასახლებულმა მესტამბეებმა, რედაქტორებმა, მხატვრებმა საგამომცემლო საქმიანობა მოსკოვში გააგრძელეს. ვახტანგ VI ოცნებობდა ბიბლიის მთლიანი ტექსტის გამოცემაზე, მაგრამ ისე გარდაიცვალა, რომ ეს ოცნება აუხდენელი დარჩა. ბიბლიის სრული ტექსტი 1743 წელს დაიბეჭდა მოსკოვში, ვახტანგ VI-ის ვაჟის, ბაქარის, თაოსნობით, ამიტომ მას დღემდე ბაქარის ბიბლიას უწოდებენ.